საქართველოს ახალი „მის და მისტერ თბილისი 2021“ ჰყავს

წითელი ხალიჩა, ლამაზად ჩაცმული სტუმრები, ბევრი ღიმილიანი სახე და რამდენიმე საათით მივიწყებული პანდემია, _ ასეთი სიტუაცია სუფევდა „თეთრ ტბაზე“, სადაც სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ თბილისი 2021“ ჩატარდა.

წითელი ხალიჩის ფონზე ფოტოგრაფების წინაშე პოზიორობდნენ ცნობილი ადამიანები და იქ დამსწრე სტუმრები. ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა, თუ ვინ გახდებოდა „მის და მისტერ თბილისი 2021-ის“ გამარჯვებული. ეს დღე კონკურსის ორგანიზატორმა გიორგი მასხულიამ სპეციალურად საკუთარი დედის დაბადების დღეს დაამთხვია, რომელსაც 67 წელი შეუსრულდა.
მოწვეულებს შორის იმყოფებოდა პოლიტიკოსი ეკა ბესელია, რომელიც გიორგი მასხულიას თითქმის ყველა ღონისძიებაზე დადის ხოლმე. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ მომღერლები: გიორგი წერეთელი, სოფო ბედია, აჩი ფურცელაძე, ლუდა დუნდუა, თორნიკე ტატიშვილი და ბევრი სხვა. ყველა მათგანმა დამსწრე საზოგადოებას სიმღერა შეუსრულა და უფრო მეტი მხიარულება შესძინა სილამაზის დღესასწაულს.

წლევანდელი კონკურსი იმით იყო გამორჩეული, რომ მონაწილეებს არ ირჩევდა ჟიური, თუ რატომ, ამაზე „ქრონიკა+“-ს გიორგი მასხულია ესაუბრა:

_ ეს საზოგადოება ისევ შევახვედრე ერთმანეთს. გაერთნენ, კარგი დრო ატარეს და განსხვავებული იყო იმით, რომ პოდიუმი ჩაშენებული იყო აუზზე, ღია ცის ქვეშ, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მე, როგორც ორგანიზატორი, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, რადგან უფრო მეტი და მეტი მინდა. შესაბამისად, მომავალ წელს უფრო საინტერესო და ფართომასშტაბიანი იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „თეთრი ტბის“ დირექციას და ქალბატონ ნატალია კვანტალიანს, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას და მხარდაჭერას მიცხადებს.

_ ამჟამად ჟიურის წევრები არ იყვნენ. რატომ?

_ ჟიური არ მყავდა, იქიდან გამომდინარე, რომ დამიგროვდა ძალიან ბევრი პრესტიჟული კონკურსი და სპეციალურად პირდაპირ დავასახელეთ გამარჯვებულები. დღევანდელ დღეს ასევე იყვნენ წარმოდგენილები ბავშვებიც, სადაც პატარა პრინცესებმა მოირგეს ლუქები, გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

_ რის მიხედვით დაასახელეთ გამარჯვებულები?

_ ყველა კონკურსს აქვს თავისი სტანდარტი. პირველ რიგში, აუცილებელი მოთხოვნაა სილამაზე და ყველა შეირჩა ამ პროტოკოლით. წელსაც გვყავდა საუკეთესო გამარჯვებულები. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, ესაა სილამაზის კონკურსი, შესაბამისად, მეტრი 65-იდან უკვე დაშვებულია გოგონები და უნდა იყვნენ ლამაზები.

_ კარგია, ამდენი კონკურსი და ფესტივალი რომ ტარდება, მაგრამ რა პერსპექტივა აქვთ ამ გამარჯვებულებს მომავალში?

_ პერსპექტივა, პირველ რიგში, ის არის, რომ ეს ადამიანები ხდებიან ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულები და შემდეგ ხდებიან სხვადასხვა კომპანიების სახეები, იღებენ რეკლამებში, აქვთ შემოთავაზებები და ა. შ. აქვთ გადაღებები, ჩვენებები. ნორმალური კონკურსის ორგანიზატორები ვცდილობთ, ეს სფერო უფრო პრესტიჟული გავხადოთ, მეტად დაფასდნენ მონაწილეები. რაც შეგვიძლია კონკურსის ორგანიზატორებს, ყოველთვის მაქსიმუმს ვდებთ იმისთვის, რომ პროექტის გამარჯვებულები წარმატებულები იყვნენ.

_ ეკა ბესელიაც ესწრებოდა კონკურსს. რა სტატუსით იყო, უბრალოდ, სტუმრის რანგში მოვიდა თუ?

_ მე და ქალბატონი ეკა დიდი ხანია, ვმეგობრობთ. ის ყოველთვის ესწრება ხოლმე ჩემ მიერ გაკეთებულ ღონისძიებებს და გარდა ამისა, ერთი ქალაქიდან _ სენაკიდან ვართ.

_ ბოლო ორი წელია, რაც არაფერი ხდება შოუბიზნესში, ისევე როგორც სამოდელო სფეროში. პანდემიის მიუხედავად, თქვენ უკვე ჩაატარეთ რამდენიმე ღონისძიება. როგორ ახერხებთ ამას?

_ როგორც თქვენ გიყვართ ჟურნალისტიკა და არასდროს ჩერდებით და ცდილობთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ექსკლუზიური მასალა გააკეთოთ, ასევე მიყვარს მე ჩემი საქმე. ეს არის ჩემი ოჯახი და ყოველთვის მინდა, რომ საუკეთესო შედეგი დავდო. არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, პანდემიაა თუ სხვა რამ. როცა ადამიანს უყვარს თავისი საქმე, მას ვერანაირი პანდემია ვერ შეაჩერებს.

_ როგორც ვიცი, საზღვარგარეთ მიდიხართ. მოგვიყევით ამის შესახებ…

_ დიახ, უკვე რამდენიმე დღეში მივფრინავ გერმანიაში, კერძოდ კი ქალაქ ბერლინში 6 თვით, სადაც მოლაპარაკება მიდის სხვადასხვა ქვეყანასთან. 20 ქვეყნის „მისი“ და „მისტერი“ ჩამოვა შუაგულ ევროპაში და ჩემს დაბადების დღეზე, 10 აგვისტოს, „მის და მისტერ გოლდენ ბრენდი“ ჩატარდება. საქართველოს წარადგენს გიორგი ფოლადაშვილი და მელისა სანი.
კონკურსში გამარჯვებულები კი ასე გამოიყურებიან:
„მის თბილისი“ _ მარიამ წიკლაური, „მისტერ თბილისი“ _ საიმონ იორდანიშვილი, „ვიცე მის თბილისი“ _ ემილია ყურბანოვი, „ვიცე მის თბილისი“ _ ლიკა ცერცვაძე და „ვიცე მისტერ თბილისი“ _ მიხეილ გელიტაშვილი.
ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ფესტივალში გამარჯვებული პატარა პრინცესები: მარიამ ქორთუშვილი, ლიზა გვალია, ნუკი არვოლიშვილი, დიანა ჯანაშია, ადელინა მუტიან და ნინი ნოზაძე.

გიორგი საკარული