საპატრიარქოს მორიგი ინტრიგები
რა სიჩუმეა, ქალბატონო (შორენა), რა სიჩუმეა?! შემეძლო, ამ სიტყვების მეტი არაფერი დამეწერა მთელ ერთ გვერდზე მატრიარქ შორენა თეთრუაშვილის გზავნილად, მაგრამ პატივს დავდებ და უფრო ვრცლად ვიტყვი. თუმცა არც იმდენად, რომ უამრავ საკითხზე მოფიქრალი ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გადავღალო.
მაგრამ ქალბატონ მატრიარქს ამ წერილის შემდეგ ისევ მოუწევს საკუთარი გეგმების კორექტირება. რა ვქნა, თქვენო ყოვლადმაღალუმავნებულესობავ _ აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალიმძს!
სიჩუმე საპატრიარქოში სულაც არ ნიშნავს, რომ ამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის ადმინისტრაციაში კათარზისის პროცესი მიმდინარეობს. პირიქით _ ვიცით, რომ ეს არის: затишье перед бурей. მათ ეს ენა უფრო ესმით.
მაგრამ ახლა საპატრიარქოს затишье-ს დავუბრუნდეთ. ხელისუფლება საპატრიარქოსგან ითხოვს, დროულად დააყენონ საკითხი დეკანოზ მამალაძის შეწყალების შესახებ. დიახ, ნუ გაგვიკვირდება ხელისუფლების ეს მოთხოვნა, რადგანაც საქმის სკრუპულოზური განხილვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაზუსტდა, რა მძიმე და უაღრესად ცუდ თამაშში ჩაითრია ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციამ. ისიც გაირკვა, რომ ამ თამაშში ცალკეულ პოლიტიკოსებს თუ მაღალი თანამდებობის პირებს პირადი ინტერესები ჰქონდათ. პირველ რიგში, ვსაუბრობ ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე, სხვა პერსონებამდე ძაფების გაბმა გონიერ ადამიანებს არ გაუჭირდებათ. მით უფრო თუ გასული წლის მაისის მოვლენებს გავიხსენებთ და საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რაც ირიბად კვირიკაშვილის სასარგებლოდ გაისმა.
იკითხავთ, _ თუ ასეა საქმე, მაშინ თავად ხელისუფლება რატომ არ დგამს ამ ნაბიჯს და რატომ ელოდება საპატრიარქოს? კითხვა, ერთი მხრივ, რელევანტურია, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლების აქტიურობა ამ მიმართულებით, ერთი შეხედვით, სასურველი არ არის. რატომ? ერთი იმიტომ, რომ საპატრიარქოს იმისი ბერკეტები აქვს, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად და მრევლში მისი დისკრედიტებისთვის გამოიყენოს, მეორე _ დეკანოზთან დაკავშირებულ საქმეს ხელისუფლებას შეაწმენდენ და იტყვიან, რომ შეგნებულად და მიზანმიმართულად მოხდა საპატრიარქოს დისკრედიტაცია, თორემ ჩვენ არასოდეს გვჯეროდა, რომ დეკანოზი დამნაშავე იყოო. არის სხვა უამრავი დეტალი და გარემოებაც. ესეც არ იყოს, ხელისუფლება საპატრიარქოს სახის შენარჩუნების შანსს უტოვებს და მეტიც, ხომ ლოგიკურია: Кто заварил кашу, пусть и расхлёбывает.
ხელისუფლების მოთხოვნა საპატრიარქოს მიმართ არის ერთმნიშვნელოვანი და ახლა მატრიარქი და მისი „ოქროს თევზები“, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ხელისუფლების მოთხოვნის, მაგრამ იძულებულნი არიან, იმოქმედონ, იმაზე ბჭობენ როგორ გამოძვრნენ ამ ვითარებიდან ისე, რომ სახე შეინარჩუნონ.
ნუ დაგვავიწყდება ის გარემოებაც, რომ საავადმყოფოში ყოფნისას დეკანოზს პირდაპირ მოსთხოვეს ჩაუდენელი დანაშაულის „მონანიება“ და მეტიც _ ულტიმატუმი წაუყენეს, რომ მოკავშირეებად და ინსპირატორებად რამდენიმე მეუფე დაესახელებინა. ამის შემდეგ საპატრიარქო გულმშვიდად გამოაცხობდა შუამდგომლობას დეკანოზის შეწყალების თაობაზე. ერთი _ მას ეყოლებოდა „დამნაშავე“, რომელმაც ბრალი აღიარა და მეორე _ დანაშაულის თანამონაწილეები, რომელთათვისაც ბრალი ჯერ არ იყო წაყენებული. შესაბამისად, ეს გახდებოდა კონკრეტული მეუფეებისთვის, მინიმუმ, ყურის აწევის, მაქსიმუმ, განკვეთის საფუძველი, რის შემდეგაც _ დეკანოზის მიერ ბრალის აღიარებისა და „თანამონაწილეების“, „თანამზრახველების“ დასახელების საფუძველზე, გაჟღერდებოდა მოთხოვნა მეუფეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობის შესახებ. რადგან დეკანოზი ამ შეთავაზებას არ დასთანხმდა და თან ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს პატრიარქის მიერ შუამდგომლობის დაყენებას, საპატრიარქო ცუდ დღეში აღმოჩნდა.
სწორედ ამით არის განპირობებული ეს Затишье და ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა. საპატრიარქო ახლა ხელისუფლებაზე პროვოცირებს. არადა, იმას ვერ ხვდება, დეკანოზ მამალაძის შეწყალების ხელისუფლების მიერ ინიცირებისა და მის მიერ ამ აქტის განხორციელების შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილი _ ხელისუფლების წინააღმდეგ მოფიქრებული ქმედებები, შესაძლოა (და, ალბათ, ასეც იქნება), მათვე შემოუბრუნდებათ.
ხელისუფლებაში, როგორც იქნა, გაიგეს, თუ რა დამაზიანებელია ეს საქმე მათი იმიჯისთვის და ამ იმიჯის აღსადგენად ნამდვილად არ იქნება დიდი მსხვერპლშეწირვა პროკურორ ჯარჯის სისტემიდან განთავისუფლება და თუნდაც დეკანოზის წინააღმდეგ დაგეგმილ სპეცოპერაციაში მონაწილე ერთი ან ორი პერსონის დაკავებაც კი. ამის შემდეგ ხელისუფლებას არც იმის ვალდებულება ექნება, ჩუმად შეინახოს და არ გაამჟღავნოს საპატრიარქოს ცალკეული პერსონები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი „ციანიდის საქმეში“ და, რომლებმაც მთელი ეს სქემა მოიფიქრეს, _ სქემა, რითაც უდიდესი ზიანი მიადგა არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს. ამიტომ რაც უფრო მეტად გაწელავს საპატრიარქო მისაღები გადაწყვეტილების დროს და, საერთოდაც, შეეცდება, საკითხს არ დაუბრუნდეს, მით უფრო დააზიანებს ინსტიტუციას. თუმცა ეს თვითდაზიანება ახლა მატრიარქ შორენა I-ისა და მისი დამქაშების ინტერესებშია. თუ რატომ, ამაზე ადრეც არაერთხელ მისაუბრია.
პარალელურად ხდება შემდეგი რამ: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, არ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ იმთავითვე ვერ მიმხვდარიყო, რა რეაქცია მოჰყვებოდა მის ინიციატივას სამხედრო სავალდებულო სამსახურში სასულიერო პირების გაწვევის შესახებ. ინიცირებიდან რამდენიმე დღეში კანონში ცვლილებების განხილვაზე უარის თქმა, დამატებითი კონსულტაციების მოტივით, ახალი პოლიტიკური ნაბიჯისა და ინიციატივის გაჟღერებისთვის არის საჭირო. საპატრიარქო დიდი ხანია, ითხოვს კანონს რელიგიის შესახებ. ზოგად დებულებებს რელიგიის შესახებ გვაძლევს კონსტიტუცია. სხვა საკანონმდებლო აქტები კი არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხი, რელიგიური გაერთიანებებისა და რელიგიური საქმიანობის ცნება, საგადასახადო საკითხები, რელიგიური მსახურება პენიტენციურ სისტემაში, რელიგია და მედიცინა და ა. შ., მაგრამ სახელმწიფოს გათანაბრებულ ინსტიტუციას დაბეჯითებით სურს რელიგიის შესახებ კანონის მიღება.
საკმარისია ამ კანონპროექტის ინიცირება, რომ პროცესებში არათუ მთავარი ვიოლინოს, დირიჟორის ფუნქციასაც სწორედ საპატრიარქო იტვირთავს. არ არის საჭირო ზედმეტი განმარტებები, თუ რა შანტაჟისა და წნეხის ქვეშ აღმოჩნდება ხელისუფლება იმ პირობებში, როდესაც საპატრიარქო ყოველმხრივ შეეცდება პროცესიდან მისთვის სასარგებლო _ ნაციონალურ-პატრიოტული იმიჯი, ასევე მატერიალური და ქონებრივი _ შედეგი დააყენოს. ნებისმიერი ერთი სიტყვაც კი შესაძლოა, ვითარების დაძაბვისა და დაპირისპირების ხელოვნურად ინსპირირების საფუძველი გახდეს.
ამიტომ, ვიმეორებ: არ ვიცი, რა რეალური მოტივები ამოძრავებდა ბატონ სესიაშვილს საკუთარი ინიციატივის ჯერ ინიცირების ან მერე უკან გახმობის დროს, მაგრამ თუ საკითხის ამ პრიზმაში გადაყვანას მოისურვებს ის ან რომელიმე პოლიტიკოსი, მერწმუნეთ, საკმაოდ მძიმე პროცესებს დაუდებს სათავეს. მინიმუმ, ელემენტარული გონიერებაა იმისთვის საჭირო, ამას რომ მიხვდეს პოლიტიკოსი და მით უფრო იმას, თუ როგორ გამოიყენებს ამ პროცესს საპატრიარქო საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და სახელმწიფოსთვის საზიანოდ.
და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რაც ამ Зàòèøüå-ს პირობებში ხდება, _ ადრეც დამიწერია და ახლაც გავიმეორებ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იმ სახით, რა სახითაც ამჟამად არსებობს, ერთი ერთში იმეორებს საბჭოთა კავშირში ანალოგიური სტრუქტურის საქმიანობის წესსა და მეთოდებს. შესაძლოა, ხელისუფლებაში (ამჟამინდელშიც და ყველა წარსულში) ფიქრობენ, რომ ამ სამსახურის მეშვეობით ისინი რელიგიურ კონფესიებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობენ, თუმცა ურთიერთობის ის ფორმა, რაც ამ სააგენტოშია დამკვიდრებული, არის დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და რეალურად არ ემსახურება არც ქვეყნის, არც კონფესიების ინტერესებს. დავიჯერო, ხელისუფლებაში არავინ იცის იმის შესახებ, რომ სააგენტო რეალურად ორმაგ დაქვემდებარებაში იმყოფება და საქართველოს მთავრობის გარდა ის უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად ასრულებს საქართველოს საპატრიარქოსა და მატრიარქის ბრძანებებს? თუ არც ის იციან, რომ კონფესიების წარმომადგენლები საკუთარ გარემოცვაში არც კი მალავენ სააგენტოში კორუფციის არსებობის ფაქტებს და დადგენილი ოდენობის „ატკატებზეც“ საუბრობენ მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან.
ახლა ისევ გაიხსენეთ საპატრიარქოს სურვილი რელიგიის შესახებ კანონის მიღებაზე და ამას დაუკავშირეთ სააგენტოს ახალი ინიციატივა. სააგენტომ რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სააგენტოს წარმომადგენლები დანიშნა. წარმომადგენლები, ჯერჯერობით, ქვემო ქართლსა და აჭარაში არიან დანიშნულნი და იგეგმება წარდგენა სამცხე-ჯავახეთში.
სააგენტოს ოფიციალური განცხადებით, ადგილობრივი წარმომადგენლების დანიშვნამ უნდა გააადვილოს ადგილობრივი უმცირესობისთვის სახელმწიფოსთან (ანუ სააგენტოსთან, _ რა მკრეხელობაა!) კომუნიკაცია.
ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი: ეს არის სისულელე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს საკუთარი პოლიტიკა აქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, ადგილებზე კი არსებობენ თვითმმართველობებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. მაშინ რა საჭიროა დუბლირება რელიგიურ კონტექსტში? მაგალითისთვის, ქვემო ქართლში სააგენტოს წარმომადგენლად დაინიშნა ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები პედაგოგოი აბი ფაშაევი. იმედია, აბი ფაშაევი თავადაც აღიარებს, რომ მას არანაირი სპეციალური ცოდნა და განათლება რელიგიის სფეროში არ გააჩნია. კომუნიკაციისა და რეაგირების თვალსაზრისით კი ქვემო ფონიჭალიდან თბილისამდე, კონკრეტულად მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე, რა ასეთი დიდი მანძილია, რომ მან უფრო ოპერატიულად შეძლოს რეაგირება, ვიდრე თბილისის სტაფმა. მაშინ რისთვის არსებობს სააგენტო თავისი აპარატით? ან ინტერნეტის ეპოქაში რა პრობლემაა ინფორმაციაზე წვდომა ან რეაგირება რატომ არის რთული? აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლად აბესალომ ასლანიძე დაინიშნა, რომელიც აფილირებულია „პატრიოტთა ალიანსთან“ და რთული დაპირისპირება აქვს ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფთან. ანუ ის რაიმე სახის პრობლემის მომგვარებლად არ გამოდგება და მით უფრო, შუამავლად. მისმა შუამავლობამ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, რეგიონში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს. მაგრამ ესეც არ არის მთავარი _ რა ხდება, სააგენტო ბათუმში განთავსებულ აჭარის ხელისუფლებას არ ენდობა და რეგიონში რელიგიურ საკითხებში „ნამესტნიკს“ ნიშნავს?
ამას დავამატოთ ისიც, რომ ამ წარმომადგენლებს შრომის ანაზღაურება სჭირდებათ.
წარმომადგენლების დანიშვნის ოფიციალურ მოტივს გაგახსენებთ: ადგილობრივმა წარმომადგენლების დანიშვნამ უნდა გააადვილოს ადგილობრივი უმცირესობისთვის სახელმწიფოსთან კომუნიკაცია. რეალობა კი საერთოდ სხვაა, ეს პროცესის საპატრიარქოს მიერ არის ინიცირებული და მისი არსი შემდეგი გახლავთ _ აუცილებელია, სააგენტოს როლისა და ფუნქციის გაძლიერება, შტატებისა და ბიუჯეტის ზრდა და თუ ცალკე არ იარსებებს რელიგიისა და ეთნიკურ უმცირესობათა სამინისტრო, შესაძლებელი უნდა გახდეს, რომ ზაზა ვაშაყმაძე უპორტფელო მინისტრის _ სახელმწიფო მინისტრის რანგში აღზევდეს. პორტფელი კი რელიგიის შესახებ კანონის მიღების კვალობაზე ან ამ, ან სხვა ხელისუფლებისგან იქნება გამოთხოვილი.
სწორედ მატრიარქის ეს გეგმა გახდა ზაზა ვაშაყმაძისთვის ინსპირაციის საფუძველი და გეგმის ნაწილის რეალიზებაც დაიწყო _ სამართავი პერსონებისა და არეალის გაფართოების გზით.
მოკლედ, ჩვენ კი გვგონია, რომ საპატრიარქოში ამ მარხვაში მუხლებზე დაჩოქილნი ევედრებიან უფალს სულის გადარჩენას და დღეში შვიდგზის ლოცულობენ ჩვენი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ასე არ არის და თავს ნუ მოიტყუებთ, მათ ინტრიგების გარეშე არსებობა, უბრალოდ, არ შეუძლიათ.
რა სიჩუმეა, მატრიარქო, რა სიჩუმეა?!
გოჩა მირცხულავა