საპატრიარქოს მიერ მითვისებული კარის საყდრები და ციხე-სიმაგრეები

ისტორიულად, კარის ეკლესიები გვარის პირადი სივრცე იყო და საერო კომპლექსში შედიოდა, რომელსაც სრულიად კონკრეტული პატრონი ჰყავდა. მაგალითად, როგორიც იყო კახეთში ავალიშვილების, ჩოლოყაშვილების ან ვახვახიშვილების კარის ეკლესიები.

კარის ეკლესიები, იგივე საყდრები, საჯარო ტაძრებისგან სწორედ იმით განსხვავდებოდა, რომ მისი ნაგებობები ჩაშენებული ან ჩადგმული იყო სხვადასხვა ციხე-სიმაგრეში, სასახელეების მახლობლად. ეკლესიებს ჰაყვდა კარის მოძღვარიც, რომელიც ოჯახის აღმშენებელი საყდრის მღვდლადაც მიიჩნეოდა.
ალაბათ, ყველას აქვს წაკითხული ლიტერატურაში, თუ როგორ მართავდნენ ჩვენი წინაპრები უქმეებზე შაბათსა და კვირა დღეს ვახშამს, იგივე ტრაპეზს, მას მერე, რაც მათი მოძღვარი წირვა-ლოცვას აღავლენდა, აზიარებდა ან ზეთს აცხებდა ოჯახსა და სოფლის მრევლს.
ხშირად კარის ეკლესიის სასულიერო პირები თავის ოჯახითვე ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა სახლებში ცხოვრობდნენ.
კარის ეკლესიებს ასევე ჰყავდა მსახურები, ე. წ. მონა ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრება საყდარში ატარებდნენ დროს, თუმცა მოგზაურობდნენ კიდეც სხვადასხვა საყდარში.
ასეთმა პატარა ეკლესიებმა დიდი როლი შეასრულა შუა საუკუნეების პერიოდის განათლებაშიც. კარის ეკლესიების მშენებლობის, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, დამფინანსებლები, მოწვეულ სასულიერო პირს ჯამაგირსაც თავად უხდიდნენ, რათა ოჯახით იქ ეცხოვრათ. ასევე გარდა საეკლესიო ვალდებულებებისა, სასულიერო პირები, მოძღვრები თუ დიაკვნები, სასწავლო მიმართულებითაც იყვნენ დასაქმებულები, როგორც თავადის, ისევე მიმდებარე სოფლის ბავშვებს განათლებას აძლევდნენ: ასწავლიდნენ წერას, უკითხავდნენ საღვთო წიგნებს, ამეცადინებდნენ არითმეტიკაში, ბიოლოგიასა და ასტროლოგიაშიც კი.
მე-20 საუკუნის საბჭოთა რეჟიმმა კარის ეკლესიების როლი და ტრადიციები სრულად გაანადგურა, შეცვალა და გააუქმა ეკლესიის ინსტიტუტი. საყდრები კი დარჩა უპატრონოდ. საჯარო ტაძრებისგან განსხვავებით, მხოლოდ კედლებიღა ინახავდა მათ ისტორიას, ამოსულმა ბალახმა კი ბევრი კვალიც წაშალა, შენობა ნგრევაში გადაიყვანა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ობლად აქცია. მოკლედ, უპატრონო ეკლესიას ტურა-მელა შეესია.
ბოლო 20-წლეულის მანძილზე საპატრიარქომ კარის ეკლესიების დარეგისტრირებაც ისევე მოითხოვა, როგორც საჯარო ტაძრები ჰქონდა საკუთრებაში. ამის საფუძველს კი საეკლესიო კონკორდატი აძლევდა.
დღევანდელი სურათით, შესაძლებელია, პრაქტიკულად, ნებისმიერი კომპლექსის მოთხოვნა საპატრიარქოს მიერ კონკორდატზე დაყრდნობით და მითითებით.
ასეთი ფაქტები უკვე მოხდა და კიდევ განმეორდება. მაგალითად, ასე იყო მახვილაძეების ციხის შეთხვევაში სოფელ აბისში, ასევე მზოვრეთში. ორივეგან ახლა მონასტერია. არადა, თავის დროზე, ორივეს ჰყავდა პატრონი, ფეოდალი, რომელთაც ააშენეს საერო კომპლექსი თავისი არსით, სადაც შედიოდა: ციხეები, კარის ეკლესია, სხვადასხვა ნაგებობა.
ეს კომპლექსები უმტკივნეულოდ ვერ გაიყოფა, რადგან იგი ერთიანი ორგანიზმია და თუ კარის ეკლესია მიეკუთვნება საპატრიარქოს, რაც გულისხმობს პერიმეტრზე ერთი ან ორ მეტრის მოზომვას, ეს საქმეს ვერ უშველის.
მაგალითად: შესაძლოა იმ მოტივით, რომ ეკლესია ფუნქციონირებდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოდესმე, კონკორდატის მოშველიებით, საპატრიარქომ ზუსტად იგივე ლოგიკით მოითხოვოს უნივერსიტეტის ამ კორპუსის საკუთრებაში გადაცემა.
ხომ თითქოს დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ პრინციპი და ლოგიკა ამ მოთხვნისა იგივეა, რაც ციხე-სიმაგრის გადაცემის დროს, რადგან იქ კარის ეკლესიაა.

ურბანოლოგ ქეთი დიღმელაშვილის შეშფოთებას იწვევს კიდევ ერთი ცნობილი ციხის კონკორდატის წესით საპატრიარქოსთვის გადაცემა.
საქმე ეხება მანავის ციხეს. მანავის ციხე _ ციხე-სიმაგრე გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე მდებარეობს. აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი. ვახუშტის განმარტებით: ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაცა არს ძველადი ციხე და აწ შემუსვრილი. ციხის ციტადელის შუაში ჯგუფად დგას მცირე ზომის სამი ეკლესია. მათგან ყველაზე ადრეულია ჩრდილოეთით მდგარი. მის შიდა კედლებს მოხატვის კვალი არ ეტყობა, ფასადები კი კარგად თლილი შირიმის ქვითაა შემოსილი.
მანავის ციხე 2018 წლიდან საპატრირქოს საკუთრებაშია.
ქეთი დიღმელაშვილი ციხის დიდი ნაწილის გადაცემას ასე გამოეხმაურა:
„აი, იტყვი და ისევ შენ გამოდიხარ ცუდი და ეკლესიის მტერი, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. როდის აქეთ გახდა მანავის ციხე სამონასტრო კომპლექსი ანდა საეკლესიო ცენტრი, რომ დღეს მანავის ციხე საპატრიარქოს საკუთრებაა? რა ხდება, სადაც ერთი ნაეკლესიარი და სამლოცველო იდგა, ყველგან მონასტერი უნდა გავხსნათ?! არ არსებობს საქართველოში ციხე, რომელსაც თავისი სამლოცველო არ ჰქონოდა. რა გამოდის, რომ მთელი საქართველო ერთი დიდი მონასტერი იყო?! ამას რომ თავი დავანებოთ, რომელმა იდიოტმა მოიფიქრა, რომ ციხე შუაზე გაეყო და ნახევარი დაერეგისტრირებინა საპატრიარქოსთვის, ხოლო მეორე ნახევარი _ არა?! რა, სხვადასხვა ციხეა ზედა და ქვედა ციხეები?! უკვე მარაზმში გადავდივართ. სახელმწიფოდ კი არა, მგონი ერთ დიდ შუა საუკუნეების საეკლესიო საფეოდალოდ ვიქეცით!“

ფაქტია, რომ საპატრიარქოს მიერ მოშველიებული კონკორდატი საერო წესებს არღვევს. ხვალ მე რომ ჩემს ეზოში საყდარი ავაშენო ჩემი ოჯახის გვარისა და მეზობლებისთვის, საპატრიარქოს შეუძლია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი სახლიც, ეზოც და საყდარიც თავის ბალანსზე დაარეგისტრირებინოს.
და შეიძლება მკითხველმა იკითხოს: ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს კონკორდატი?
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი _ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების მთავარ ღირსებად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მასში თანაბრადაა განმტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, ამავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ.

და მაინც ამ კონკორდატის მე-11 მუხლში გვიწერია, რომ:

  1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90-იან წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება 183; 12.04.90);
  2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

და კონკორდატის არსებობამ და მისმა კონსტიტუციასთან გათანაბრებამ დღეს იქამდე მიგვიყვანა, რომ საყდარი, კარის ეკლესია თუ ნიში სამლოცველო ყველა ერთბაშად შეიძლება უცებ საპატრიარქოსი აღმოჩნდეს და თუ რომელმე საყდრის გვერდით ჩვენი სახლია, უცებ შეიძლება ისიც საპატრიქროს საკუთრებაში გადავიდეს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ბევრს ავიწყდება, რომ დედამიწა ღმერთის სახლია.

მაკა მოსიაშვილი