საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს საქართველოს ევროპული მომავლის ქომაგი და ჩვენი ქვეყნის დარაჯი _ „ქრონიკა+“ ერგნეთში ლია ჩლაჩიძეს ესტუმრა
მიხეილ ხაჩიძე
ლია ჩლაჩიძე ცხინვალში დაიბადა. მან დაამთავრა ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი გაიარა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) კურსი. 1974-1995 წწ.-ებში მუშაობდა განათლების სფეროში; 1995 წლიდან მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში; 2004-2008 წწ.-ებში იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალისტი ეუთოს ეგიდით; 2006-2008 წწ.-ებში ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ წევრი; ასოციაცია „თანხმობის“ ერგნეთის საინტეგრაციო ცენტრის კოორდინატორი, სამოქალაქო აქტივისტი.
ლია ჩლაჩიძე ერგნეთში საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრში ცხოვრობს. მის ირგვლივ 14 სახლი დაკეტილია, მეზობელი არ ჰყავს. ამბობს, რომ სოფელში ცხოვრება დენთის კასრთან ცხოვრებას ჰგავს, რადგან არასოდეს იცი, რა მოხდება. ომგამოვლილ სოფელს, რომელიც დღეს სანიმუშოდ დაცული, უზრუნველყოფილი და გამაგრებული უნდა იყოს, უამრავი პრობლემა და სირთულე აქვს. არ არის მაღაზია, საცხობი, აფთიაქი, არც ტრანსპორტი დადის ნორმალურად.
ლია ჩლაჩიძე აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელია. სახლის (რომელიც 2008-ში ოკუპანტებმა გადაუწვეს) სარდაფში გახსნილი მუზეუმისა, რომელიც ომის ისტორიას ინახავს. მას იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც, როცა მავთულხლართები დაინგრევა, ამ სივრცეში ოსები და ქართველები მშვიდობის ენით ისაუბრებენ.
ერგნეთელებმა ომის შემდეგ დაკარგეს ყველაფერი, რაც სოფელში საქმიანობისთვის სჭირდებოდათ. აღარც საძოვრები აქვთ, აღარც ტყე, ამიტომ მიწათმოქმედებაც უჭირთ და მესაქონლეობაც. ადგილობრივებმა ისიც არ იციან, სად გადის ოკუპანტების მიერ გავლებული „საზღვარი“. შიშისა და ცუდი პირობების გამო სოფელი თანდათან იცლება.
ქალბატონი ლია საქართველოს ევროპული მომავლის ქომაგი, ჩვენი ქვეყნის იმედის დარაჯია საოკუპაციო ხაზთან. „ქრონიკა+“ ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა _ იქ, საიდანაც დროებით ოკუპირებული ცხინვალი ხელის გულივით ჩანს, ისმის ხმები და ხედავ ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში გადაადგილდებიან. ეს არის ტკივილი და ემოცია, რომლის გადმოცემაც ფურცელზე რთულია. წარმოუდგენელია ერგნეთელების ყოველდღიურობა ამ ფონზე, მათი სახლების ეზოებიდან ხომ ოკუპირებული ქალაქი ჩანს…
ლია ჩლაჩიძე ერგნეთის ურთულეს ყოფაზე გვიამბობს
„ჩემი სახლის ირგვლივ 13 სახლია დაკეტილი. ზაფხულში კიდევ არა უშავს, ზამთარია საშნელება, მკაცრი ზამთარი იცის, დიდი თოვლი მოდის. გიჟი უნდა იყო, რომ აქ არ გეშინოდეს, შეიძლება დაინახო ავტომატიანი კაცი და არ შემეშინდეს, შევებრძოლო პირდაპირ, მაგრამ საკმარისია ფოთოლი ჩამოვარდეს მოულოდნელად და გული გამისკდეს. ეს არის ადამიანური ფაქტორი. ჩემი სახლიდან 200 მეტრის დაცილებით გადის საოკუპაციო ხაზი. კი, კეთილგანწყობის იმედი მაქვს, პოლიციელები არიან, საკონტროლო გამშვებია, მაგრამ მაინც პიროვნულად ღამე ვინ გიცავს? _ არც არავინ. და არც არავინ გყავს, რომ დაუძახო. ძალიან მძიმეა. ეს არის ჩვენი 21-ე საუკუნის ტრაგედია. სავსე სოფელი იყო, როცა ბაზარი ფუნქციონირებდა. სავსე იყო ხალხით და ცხოვრება ჩქეფდა“, _ გვიყვება საზღვრის პირას მცხოვრები ლია ჩლაჩიძე.
ის დღემდე „ქართული ოცნების“ წევრი და მხარდამჭერი იყო, თუმცა ახლა პარტიის დატოვება გადაწყვიტა. ამბობს, რომ „ოცნების“ პოლიტიკა რუსულ კანონთან დაკავშირებით მისთვის კატეგორიულად მიუღებელი და დასაგმობია: „ზუსტად რუსეთმა დაგვაქცია, რუსეთმა მოგვიღო ბოლო და ახლა იქით მიგვათრევენ ესენი“, _ აცხადებს ჩლაჩიძე.
„მოხდა ისე, რომ ომამდე ცხინვალში, ეუთოს ოფისში, შეიქმნა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისია. ეს იყო ერთადერთი ოფიციალური ლეგიტიმური ორგანო, რომელიც არეგულირებდა კონფლიქტს. მე იქ დავიწყე მუშაობა. ფაქტობრივად, ჩემ თვალწინ გაიარა ყველა უბედურებამ, რომელიც 2008 წლამდე მოხდა და მერე რითიც დამთავრდა. აი, მთელი ომის ანატომიას ჩემი თვალით ვხედავდი _ როგორ ემზადებოდნენ ომისთვის, როგორ შემოდიოდა იარაღი, როგორ გაიყვანეს მოსახლეობა დაძაბულ მომენტში. ჩემი თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ იცით, რა არის, როგორ გითხრათ… „ოცნების“ წევრი ვარ და დღევანდელმა სიტუაციამ მიმიყვანა იმ მდგომარეობამდე, მომენტს ვეძებ, დამოუკიდებლად სიარული არ შემიძლია, რომ გორში წავიდე, დავწერო განცხადება და პარტიიდან გამოვიდე. არ მინდა ამ პარტიაში ყოფნა, არ მინდა! ზუსტად რუსეთმა დაგვაქცია, რუსეთმა მოგვიღო ბოლო და ახლა იქით მიგვათრევენ ესენი. არ მინდა ეს ყველაფერი. იცით, რა არის? _ კი ვზივართ ახლა წყნარად, მაგრამ აქ ცხოვრება ნიშნავს, რომ დენთის კასრზე ცხოვრობ, არ იცი, რა დროს რა მოხდება და როგორ აფეთქდება სიტუაცია“, _ გვითხრა მან.
ერგნეთის მკვიდრს უჭირს იმ მძიმე ვითარების გახსენება, რაც სოფელმა 2008 წლის ომის დროს გაიარა. რუსმა ოკუპანტებმა 12 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, 90 წლის მოხუცი კაცი, რომელიც საკუთარ სახლში საწოლში მწოლიარე გამოწვეს. ასეთი სისასტიკე დაატეხეს თავს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მხოლოდ ამ სოფელში.
„2000 წლიდან ერგნეთში დავბრუნდი… აქ საცხოვრებლად მხოლოდ ჩემი მეუღლის დედა, მოხუცი ქალი იყო დარჩენილი. იმის შემდეგ აქედან აღარ წავსულვარ… 2004 წელს მუშაობა დავიწყე ცხინვალის ეუთოს ოფისში. ეს ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო იყო, შერეული საკონტროლო კომისია, რომელიც ქართულ-ოსურ კონფლიქტს არეგულირებდა… ჩემ თვალწინ გაიარა ომის დასაწყისის პერიპეტიებმა. ომის დაწყების წინა დღეებში ცხინვალში ვიყავი. იქ ქალაქის მოედანზე ძალიან დიდი რაოდენობით სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსი, მანქანა იყო ჩამომდგარი. მოხუცები, ქალები, ბავშვები დიდი ჩანთებით მიდიოდნენ, ყველა საოცრად დაღვრემილი იყო… ერთ-ერთ რუს ჯარისკაცს რომ ვკითხე, ამდენი ხალხი სად მიგყავთ-მეთქი, მიპასუხა, დასასვენებლადო… ძალიან გამიკვირდა, დასასვენებლად მთელი ქალაქი ერთ დღეს როგორ მიგყავთ-მეთქი? რაზედაც რუსმა ჯარისკაცმა ძალიან უხეშად მომიგო, _ ეგ შენი ჭკუის საქმე არ არისო… მივხვდი, რომ უკვე მოსახლეობის ევაკუაცია ხდებოდა, რომ რაღაც დიდი და საშინელი იწყებოდა… რვა დღეში დაიწყო კიდეც ომი… ჩვენს სოფელ ერგნეთში 11 აგვისტოს შემოვიდნენ რუსი ოკუპანტები, რომლებსაც სეპარატისტები შემოჰყვნენ და მთლიანად გააპარტახეს ყველაფერი, 160 სახლი გადაწვეს, ადამიანები მოკლეს, ჩვენი მეზობელი, ავადმყოფი ადამიანი, 90 წლის გიგო პაპა საკუთარ ლოგინში გამოწვეს… იავარქმნეს, ყველაფერი გაანადგურეს“, _ იხსენებს ჩლაჩიძე.
_ ქალბატონო ლია, ზუსტად როდის დაბრუნდით ერგნეთში, ომის შემდეგ?
_ ერგნეთში 19 აგვისტოს დავბრუნდი.. ომი შეწყვეტილი იყო, მაგრამ გორამდე ისევ რუსის ჯარისკაცები პატრულირებდნენ. სამარშრუტო ტაქსით მეზობელ სოფლამდე ჩამოვედი და იქიდან შვიდი კილომეტრი ფეხით ვიარე… ენით აუწერელი საშინელება დამხვდა: მთლიანად გადამწვარი უბანი, მსუბუქი ნიავი დამწვარ თუნუქებს აჭრიალებდა, რომლებიც დამწვარი სახლის სახურავებზე ჯერ ისევ იყო შერჩნილი… ჩემი შვილები, ახლობლები გაფრთხილებული მყავდა, ტელეფონზე არ დაერეკათ, მეშინოდა, ოკუპანტებს ზარის მიხედვით ის ლოკაცია არ ამოეცნოთ, სადაც ვიმყოფებოდი… ერგნეთში, რასაკვირველია, ვერ დავრჩებოდი, ყველაფერი გადამწვარი იყო, სახლი და ყველა ნივთი ფერფლად ქცეული… აქაურობის სანახავად ჩამოვდიოდი, საცხოვრებლად კი 2009 წლის ბოლოს დავბრუნდი. დანიის ლტოლვილთა საბჭომ ეზოში ერთოთახიანი კოტეჯები აგვიშენა, სადაც ღამის გათევა შეიძლებოდა. მათი ძალიან დიდი მადლობელი ვართ. ჩვენ ვერც კოტეჯებს ავაშენებდით და ვერც სახლების რეაბილიტაციას მოვახდენდით… შვიდი წლის შემდეგ დანიის ლტოლვილთა საბჭომ ევროკავშირის დაფინანსებით ეტაპობრივად 160 სახლი მთლიანად აღადგინა… ჩვენი პოლიტიკოსები ახლა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოდიან და მაშინ საერთოდ მიგვატოვეს. უცხოური, არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად დაგვყარეს… დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ გამოვდივართ უცხოური აგენტები თუ ისინი, ეგეც ვერ გავიგე. როცა სჭირდებოდათ, კარგად გამოიყენეს ევროკავშირის, არასამთავარობო ორგანიზაციების ფინანსები და დღეს თურმე ჩვენ ვყოფილვართ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები… ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ვერ ვიტან! პარლამენტის, დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლებს შეეკითხეთ, როდის იყვნენ ჩამოსულები?
_ ცოტა რამ ოჯახის ისტორიაზეც რომ გვიამბოთ, ამ სახლის მცხოვრებლების შესახებ…
_ ამ ოჯახს ჰყავდა სამი მამაკაცი, სამივე იბრძოდა სამამულო ომში. ჩემი მამამთილი იბრძოდა, როდესაც თეირანში გაიმართა სტალინი-რუზველტი-ჩერჩილის კონფერენცია, იმ პერიდოში იქ იყო, მერე ფეხები მოეყინა, დემობილიზაცია გაუკეთეს და დაბრუნდა, როგორც ინვალიდი. მეორე ძმა კენინსბერგამდე ჩავიდა, რადისტი იყო. მესამე ძმა ბერლინში ჩავიდა და დიდების ორდენით იყო დაჯილდოებული. ბრილიანტებით მოჭედილი მედალი ჰქონდა, ძალიან ძვირფასი. სამივე დაბრუნდა ამ ოჯახიდან და ამ ოჯახის უფროსი შვილიშვილი, ჩემი მამამთილის უფროსი შვილი, უნგრეთში კონტრრევოლუციური გადატრიალება რომ მოაწყო საბჭოთა კავშირმა, იქ მოხვდა, ანუ ჩემი მაზლი. ისიც ინვალიდი ჩამოვიდა იქიდან. მისი შვილი, ერთადერთი შვილი, ავღანეთში დაიღუპა. ჩემი მეუღლე 91 წელს პიკეტირების დროს ა ერგნეთში დაიღუპა. ასეთი ისტორიის მატარებელია ეს სახლი. აქედან მოდის ეს ყველაფერი. როცა დედას უჭირს, შვილი ტოვებს დედას? არ ტოვებს, ხომ? აი, იმიტომ არ მივდივარ აქედან, რა ნამუსით უნდა წავიდე? ეს მინდა, რომ მქონდეს, ესაა ჩემი.
_ რას შეეწირა თქვენი მეუღლე, უფრო დეტალურად რომ გვითხრათ?
_ 1991 წლის 23 ნოემბერს ერგნეთის ტერიტორიაზე დაიღუპა, როდესაც სეპარატისტები რუსების ხელშეწყობით გიორგობის ღამეს ცხინვალს ბომბავდნენ… ჩემი მეუღლე 45 წლის იყო. 38 წლის ასაკში სამი მცირეწლოვანი შვილი დამრჩა, რომლებსაც გაზრდა და ფეხზე დაყენება სჭირდებოდათ. ერთი შვილი მეათე კლასში იყო, მეორე მერვეში, მესამე მეორეში. ხომ ვიცით, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო და მეც სხვა გზა არ მქონდა, რომ არ გავძლიერებულიყავი. ჩემი სამი შვილი და ჩემი მეუღლის მოხუცი მშობლები მე შემომყურებდნენ… ყველაფერი გავაკეთე, მდგომარეობიდან გამოვსულიყავით. თან, მოგეხსენებათ, რა ურთულესი წლები, საშინელი გაჭირვება იყო… ჩემი შვილებიდან ერთი ჟურნალისტია, მეორე ექიმი, მესამე ინჟინერი…
_ ტრანსპორტის პრობლემებზეც რომ გვესაუბროთ. ვიცი, რომ დღეს ეს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა სოფლის მცხოვრებლებისთვის…
_ არაჩვეულებრივი სიტუაცია იყო, როდესაც ერგნეთის ბაზრობა ფუნქციონირებდა. ტრანსპორტი ყოველ 5 წუთში გადიოდა თბილისის, რუსთავისა თუ გორის მიმართულებით. ყველაფერი მოიშალა. ახლა შაბათ-კვირას საერთოდ არ არის ტრანსპორტი, ძირითადად ხარ ვინმეს იმედზე, ვისაც მანქანა ჰყავს. თუ ვინმე მადლიანი გაივლის და წაგიყვანს, თორემ არანაირი სხვა საშუალება არ არის. რა არ გავაკეთეთ, ადვოკატირება ტრანსპორტის მოგვარების, არაფერმა უშველა. ვისაც როგორ უნდა, ისე დადის, კვირის განმავლობაში რამდენიმე სამარშრუტო მოძრაობს და ისინიც მორგებულები არიან სიტუაციაზე. აი, დილით მაგალითად, 10-ის ნახევარზე მასწავლებლები მოჰყავს გორიდან სკოლაში, მაგ დროს უნდა გახვიდე, რომ გაჰყვე, თუ დაგაგვიანდა, 5 წუთიც არ გელოდება. სულ 3 ან 4 სამარშრუტო დადის გორის მიმართულებით და ისინიც თავის ნებაზე. ტრანსპორტი არის ჩვენი ტანჯვა, სასჯელი 21-ე საუკუნეში. ვინ გაჩერდება აქ, როცა ტრანსპორტი არ არის? დიდი მიგრაციაა სოფლებიდან, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ბავშვები აღარ იბადებიან, შვილო, მიდის ყველა. რამდენი ხანია, ჩვენს უბანში ბავშვი არ დაბადებულა. დემოგრაფიული კატასტროფაა. სკოლაში მხოლოდ 42 ბავშვი სწავლობს.
_ რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გზებს?
_ შიდა გზები მოუწესრიგებელია, სოფელში ზოგჯერ ვერ გაივლი, ტალახი და ლაფია წვიმისა და თოვლის დროს. შიდა გზები არ არის. მინდორში მისასვლელი გზებიც არ არის მოწესრიგებული, ბევრჯერ დავაყენეთ საკითხი საკრებულოში, რეაქცია არ აქვთ. გარე განათებაც არ იყო წლების განმავლობაში და ღამე გავლაც კი არ შეგეძლო ტრასაზე. ტატუნაშვილი რომ მოკლეს ცხინვალში, მის გამოსვენებას ველოდებოდით, პოსტთან ვიყავით, ოპერატორების კამერების განათება რომ არ ყოფილიყო, ვერაფერს დავინახავდით იმ წუთში. იქვე ვთქვი, _ რა გაგიხდა, ხელისუფლება, რომ ეს 500 მეტრი გააკეთო და გაანათო, მით უმეტეს, საზღვარზე-მეთქი. სად არ მათრიეს მაგის გულისთვის, როგორ, შენს პარტიას დაარტყი, პარტიას უღალატეო. დედა.. მოიმიზეზეს მერე, რომ იქ საკონტროლო-გამშვები პუნქტია და ჩანსო. არადა, უზარმაზარი პროჟექტორი ედგათ და ანათებდა პუნქტს. 1 წლის მერე გააკეთეს გარეგანათება. ახლა გვაქვს გარეგანათება.
_ სავაჭრო ობიექტებიც არ გაქვთ სოფელში, რომელიც ერთ დროს თავისი ბაზრით თბილისსაც კი ამარაგებდა…
_ არანაირი ობიექტი არ გვაქვს. არ არის მაღაზია, არ არის აფთიაქი, არ არის თონე, პურის საცხობი. პურის ყიდვა რომ გინდოდეს, უნდა წახვიდე 7 კილომეტრზე ტირძნისში. ამიტომ ცდილობენ, დააგროვონ ერთად საყიდელი პროდუქტი და ისე წავიდეს გორში და ერთბაშად აკიდებული მოვიდეს. ძალიან საცოდავები ვიყავით კოვიდის დროს. ტრანსპორტი საერთოდ არ იყო. მე მაგალითად 2 მოხუც ქალს ვპატრონობდი, ჩემი ბიუჯეტით ვყიდულობდი ყველაფერს და ვეხმარებოდი. მადლობა უფალს, ორივე გადარჩა, 80-ს გადაცილებულები არიან. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მადლობა უფალს, გამოჩნდა კაცი, ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც მოდიოდა ყოველ მეორე დღეს და მანქანით მოჰქონდა ბოსტნეული, კატროფილი, სტაფილო, ხახვი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, რაც შეიძლებოდა. ჩვენთვის მოდიოდა ის კაცი. შიმშილით მოვკვდებოდით, რომ არა ის. მადლობა უფალს, გამოვძვერით რაღაცნაირად, სასწაულებრივად გადავრჩით. ჯოჯოხეთია კოვიდის პერიოდში გამოვლილი ვითარება.
_ გამოსავალს სად ხედავთ, როგორ წარმოგიდგენიათ, თუნდაც, გზების კუთხით?
_ ვაიმე, ეს არის ისეთი მძიმე საკითხი, რომ აქ მუნიციპალიტეტი ვერაფერს გააკეთებს მარტო, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური საკითხი. და რატომ? მტერი აგერ დგას შენ გვერდით, შენ თუ აქ ხალხი აღარ გეყოლება, აქ თუ ხალხი აღარ დარჩება, დედები აქ აღარ ცხოვრობენ, ემიგრაციაში არიან წასულები, მოხუცებისა და ასაკიანი ხალხის იმედზეა დარჩენილი მთელი სოფელი, ახალგაზრდები აქ აღარ ჩერდებიან და მაშინ უბრძოლველად ჩაგიბარებია ისედაც თავისთავად ეს სოფლეი რუსეთისთვის. ისე შემოვლენ, თვალს არ დაახამხამებენ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები ამ სოფლების განვითარების, მაგრამ სად სცალიათ, ერთმანეთს ჭამენ. ადამიანებზე და მით უმეტეს ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებზე არავინ ფიქრობს. თეონა აქუბარდიამ შარშან პარლამენტის სხდომაზე, ამ კანონის შემოტანის შესახებ რომ იყო საუბარი, მაშინ თქვა, _ რა პასუხს აძლევთ ლია ჩლაჩიძეს, რომელსაც მუზეუმი აქვს თავის დამწვარ სახლში, რომელიც აღადგინა უცხოელების დაფინანსებითო?! რას ეუბნებით ამ ქალსო?
_ მიმართეთ მთავრობას დახმარებისთვის?
_ არაერთგზის. მახსოვს, უჩა ნანუაშვილი იყო ჩამოსული აქ, მოვუყევი ყველაფერი ვითარების შესახებ. უჩას აინტერესებდა მუზეუმის ნახვა და მესტურმა. დაწვრლებით ვუამბე ყველა დეტალი. მან მერე წერილი დაწერა და მერიაში გააგზავნა. ვერ წარმოიდგენთ, რა ცინიკური და სამარცხვინო პასუხი მოვიდა მერიიდან, _ რომ აქ სახელმწიფო ვერ გახსნის მაღაზიას… თუ ვინმეს სურს, თავად გახსნასო. სურვილი რომ ჰქოდნეს აქ ვინმეს რამის გახსნის და ფული, რაში მჭირდება სახელმწიფო, გეკითხებით? აქ სახელმწიფო არ მოქმედებს. როგორ შეიძლება, ამ სოფლების მოსახლეობა მიატოვო ასე უპატრონოდ?! არ შეიძლება!
_ სკოლა როგორ მდგომარეობაშია?
_ ამჟამად გასუფთავებული და კარგ მდგომარეობაშია, ძალიან უფრთხილდებიან. ომის შემდეგ დაარბიეს, გააპარტახეს, მაგრამ არ დაუწვავთ. შემდეგ ერთ-ერთმა ბანკმა ითავა და აღადგინა. საბავშვო ბაღი არ არის. როგორც იქნა, მეზობელ სოფელში ორი სოფლის ერთობლივი საბავშვო ბაღი აშენდა, მაგრამ არ ვიცი, იქაც რამდენად დადიან ბავშვები…
_ როგორც ვიცი, თქვენ ერგნეთიდან წასვლას არასოდეს აპირებთ?
_ არსად წავალ, ეს არის ჩემი საბოლოო წერტილი. აქ უნდა მოვკვდე, ამ სოფლის სასაფლაოზეა ჩემი მეუღლე დაკრძალული.
ზემოთ უკვე დავწერეთ, რომ ერგნეთელმა ლია ჩლაჩიძემ საკუთარ სახლში ომის მუზეუმი გახსნა. ჩვენ მუზეუმსაც ვესტუმრეთ და ის ტკივილი, რასაც ეს ადგილი გადმოსცემს, კიდევ ერთხელ ვიგრძენით. მისსავე სახლში გახსნილ მუზეუში გამოფენილია ომის შედეგად დარჩენილი ნივთები: ტყვიები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, დამწვარი თოჯინები და ფოტოები. ომის შემდეგ ეს ნივთები სხვადასხვა სახლში მოაგროვეს. მუზეუმის დამაარსებლის თქმით, ეს ადგილი ემსახურება მშვიდობას, და არა კონფლიქტის გაღვივებას. ომის მუზეუმი 2008 წლის აგვისტოს ისტორიას ინახავს. ის, სიმბოლურად, 2017 წლის 8 აგვისტოს გაიხსნა ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებულ ერგნეთში, სახლში, რომელიც ომის დროს დაბომბვის გამო დაიწვა და დაინგრა. მუზეუმის ექსპონატები ის ნივთებია, რასაც აფეთქებებმა და ცეცხლმა თავისი კვალი დაამჩნია – ფორმა და დანიშნულება შეუცვალა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მრავალ სოფელში დაინგრა სახლები, დაიღუპა 400-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი.
_ ქალბატონო ლია, მუზეუმზეც რომ გვითხრათ, როდის გახსენით იგი, იდეა როგორ გაგიჩნდათ?
_ 2017 წელს… ჩემი იდეა იყო, იდეის განხორციელების ინსპირაცია კი კასპის ოკუპაციის მუზეუმმა მომცა… ამ სარდაფში რვა ქვევრია და ჯერ მინდოდა, მარანი გამეკეთებინა, მაგრამ ომის შემდეგ ჩვენი სარწყავი და სასმელი წყლის რეზერვუარები ოკუპირებულ ტერიტორაზე დარჩა და მოურწყველობის შედეგად ხეხილი, ვაზი გამიხმა… ამიტომაც ისევ მუზეუმზე შევჩერდი, რომლის მოწყობასაც ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდებოდა. როგორც კი ჩემი სურვილი გამოვთქვი, მეგობრები ძალიან დამეხმარნენ და ბევრი ადამიანის ძალისხმევით საერთო-სახალხო მუზეუმი გამოვიდა. ეს არის მუზეუმი მშვიდობისთვის, არ არის აგრესიის მუზეუმი. ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს, განსაკუთრებით უცხოელები. ქართველი მაღალჩინოსნებიდან აქ არავინ ყოფილა, უცხოელი ელჩებიდან კი ძალიან ბევრი… მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს ელჩი იყო, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მეტად თავმდაბალი პიროვნებაა. ჩამოვიდა და მუზეუმში ძალიან დიდხანს დაჰყო, ყველაფერი დაათვალიერა, ძალიან ყურადღებით გვისმენდა. შემდეგ თქვა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა და თუ შეიძლება, კიდევ ჩამოვალო. სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები ხშირად მოდიან. ამერიკის სამივე ელჩი იყო, ჯერჯერობით ახალი ელჩი არ ყოფილა. ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი იყო, ძალიან სერიოზული, ღირსეული ადამიანი. იმყოფებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უკრაინელი ქალების დელეგაცია.
მუზეუმში არტეფაქტებია, სურათები თუ სხვა რამ, ყველაფერი რეალურია… მაგალითად, ბავშვის ფოტოა, რომელიც შვიდ აგვისტოს დაიბადა. როდესაც ჰოსპიტალი დაბომბეს, დედამ ჩვილი ბავშვი ხალათში გაახვია, ხელში დაიკავა და მეორე სართულიდან გადმოხტა… გვაქვს გამურული აკვანი, რომელიც ვარიანიდან ჩემმა მეგობარმა გამომიტანა. როდესაც იქ ერთ-ერთი სახლი დაწვეს, აკვანი გადაურჩენიათ და შეუნახავთ. შემდეგ იფიქრეს, რომ ამ აკვნის ადგილი ამ მუზეუმში იყო.