სამართალდამცველებმა დაკავების დროს მამა-შვილი სასტიკად სცემეს
გიგა გელხვიიძე
სამართალდამცველების მიერ ამა თუ იმ პირის დაკავების დროს ძალის გადამეტების ფაქტები საქართველოში უფრო და უფრო გახშირდა. ამაზე მეტყველებს შსს-ს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ აღძრული არაერთი საქმე და გამოვლენილი დანაშაულები.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2024 წლის აპრილში მოხდა, _ პატრულ-ინსპექტორებმა დაკავების დროს მამა-შვილზე ფიზიკურად იძალადეს.
აღნიშნული საქმის შესახებ „ქრონიკა+“-ს დაზარალებული პირების ოჯახის წევრმა, ადვოკატმა ნათელა სივსივაძემ მომართა.
სივსივაძის თქმით, მისი მამამთილისა და მეუღლის მისამართით დაკავების დროს სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს, საქმის გადაფარვის მიზნით კი სულ სხვა მუხლით წაუყენეს ბრალი მათ.
გარდა ამისა, ჩვენთან საუბრისას სივსივაძე ყვება, რომ მისმა მეუღლე მალხაზ გიორგაძემ მოახერხა, პატრულ-ინსპექტორების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის გადაღება მობილური ტელეფონით, თუმცა დაკავების დღეს აღნიშნული ტელეფონი გაქრა.
„ქრონიკა+“ ნათელა სივსივაძეს ესაუბრება:
_ ქალბატონო ნათელა, თავდაპირველად საიდან დაიწყო ყველაფერი…
_ დეტალურად მოგიყვებით ყველაფერს: ჩემი მეუღლე და მამამთილი, მალხაზ გიორგაძე და გიორგი გიორგაძე, მუშაობენ საგურამოში მშენებლობაზე. ცუდი ამინდის გამო საგურამოში წასულები უკან დაბრუნდნენ. წასვლის წინ მათ წაიღეს ქვაბით სადილი, ამ დეტალებში იმიტომ შევდივარ, რომ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და საიდან დაიწყო, უფრო ნათელი რომ გახდეს. ამის შემდეგ მოტრიალდნენ სახლიდან სადღაც 500-700 მეტრში, გააჩერეს სასურსათო მაღაზიასთან, ლუდი უნდა ეყიდათ და დაძვრისას მანქანაში წაიქცა ქვაბი, რომელშიც საჭმელი იყო და დაიქცა. ამაზე გადაიტანა ყურადღება ჩემმა მეუღლემ და მოულოდნელად ბორდიურს (ხიდის რიკულებს) გადო მანქანა, მანქანაზე ეტყობოდა შეჭეჭყილი და ლურჯი საღებავი. გარკვეულ მანძილზე მოძრაობდა საპატრულო პოლიციის მანქანა. როგორც ჩანს, პატრულმა შეამჩნია, რომ ახალი დარტყმული იყო და მანქანას ჰქონდა ლურჯი საღებავი. ადგილზე რომ მივიდა, იფიქრა, სწორედ ეს მანქანა იყო, რომელიც ბორდიურს დაეჯახა. ამის შემდგომ ატრიალებს მანქანას, ამავდროულად ჩემი მეუღლე აგრძელებს გზას და მიდის სახლამდე. წარმოიდგინეთ, რა დროში მივიდა, სანამ პატრულმა ეს ადგილი ნახა, შენიშნა და უკან გამობრუნდა. ჩემი მეუღლე გადმოვიდა მანქანიდან, გარეცხა საფენი, ჩემი მამამთილი შეშას ჩეხავდა, რომ ცეცხლი აენთო, ჩემი მეუღლე კი ამ დროს სამზარეულოში კიტრს და პომიდორს ჭრიდა.
_ რა ხდება შემდეგ?
_ მოდის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანა ორი თანამშრომლით, ისინი შედიან ეზოში, კერძო საკუთრებაში, ეზოში მყოფი ჩემი მამამთილი ხვდება მათ და ეკითხება, თუ რა უნდათ ჩვენს ეზოში და ჰქონდათ თუ არა უფლება იქ შესვლის? ყოველგვარი განმარტების გარეშე, ამ ხნის ადამიანს, პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი სამჯერ ურტყამს სახეში და იარაღს უბჯენს. ეს ყველაფერი ხდება წინა ეზოში. ზოგადად, ჩემი მეუღლე გაფრთხილებული მყავს, რომ თუკი რაიმე ინციდენტი მოგიხდეს, მოახერხე, რომ ჩაიწერო-მეთქი, ამას მაშინვე ამოუღია მობილური და დაუწყია გადაღება და დაუყვირია, როგორ სცემთ მაგ ხნის კაცს, ვიღებ ყველაფერსო, საპასუხოდ კი დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა გადაღება, თორემ ჩემი მამამთილის მისამართით გაისროდნენ (შეწყვიტე გადაღება, თორემ მუხლებს დავუხვრეტთო).
_ ამ ყველაფერს, ალბათ, პოლიციელების სამხრე კამერებიც აფიქსირებდა ხომ?
_ არანაირი სამხრე კამერის ჩანაწერი, არაფერი აქვთ, შეიძლება ეს?! მოთხოვნაა, აუცილებელია. ეს ხომ ხდება? გარდა იმისა, რომ დარტყმის მომენტი გადაიღო ჩემმა მეუღლემ, მოდის მეორე ეკიპაჟიც, შევიდნენ სამზარეულოში, დაადეს ხელბორკილები და გამოიყვანეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩემმა მეუღლემ მოახერხა ტელეფონის გადაგდება, რომლითაც ის იღებდა ამ ყველაფერს. ამის შემდეგ საპატრულო პოლიცია ითხოვს მისგან, რომ მან გადასცეს ტელეფონი, რომლითაც გადაიღო ვიდეომასალა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ტელეფონი ჯიბეში ჰქონდა. ჯიბეში მას რეალურად ჰქონდა ის ტელეფონი, რომელსაც იყენებს ხოლმე, როდესაც ტაქსაობს, რადგანაც კონკრეტული ტელეფონი სჭირდება. როგორც კი ნახეს, რომ იმ ტელეფონში არაფერი იყო, მაშინვე დაადეს ბლოკი.
ამის შემდეგ შედიან სახლში (სამზარეულოში), ყრიან ყველაფერს ისე, რომ ჩხრეკის ორდერი არ აქვთ, ეს ტელეფონი კი იპოვეს, თუმცა არსად ჩანს.
_ გამოჩნდა საქმეში ტელეფონი, თუ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ იპოვეს?
_ გეტყვით, საიდან ვიცი, რომ იპოვეს. ჩემი მეუღლის ტელეფონში მქონდა გუგლმეფი, ჯიმეილის მეშვეობით, რომ გადაადგილდებოდა იწერებოდა ეს გადაადგილების მარშრუტი. როდესაც გადავამოწმე გუგლით, ყველაფერი არის მითითებული და ემთხვევა სრულად იმ დროს, რა დროშიც განხორციელდა მათი დაკავების „სპეცოპერაცია“. ამის შემდგომ დაკავებული გადაჰყავთ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ განყოფილებაში, თუმცა შიგნით არ შეჰყავთ და ბაღში ჰყავთ გაჩერებული და ტელეფონის ლოკაციაც მიდის იქამდე. ხუთ საათამდე ლოკაცია იქ ჩერდება, ამის შემდეგ ითიშება ლოკაცია და ტელეფონს დღემდე ვერ ვპოულობ. ფაქტია, რომ ეს ტელეფონი გააქრეს, რადგანაც კოდი ვერ მოხსნეს, ოფიციალურად ამოღებული არ იყო და ვინმესთან მოსახსნელად ვერ მიიტანდნენ, ვიდეო ვერ წაშალეს და, შესაბამისად, გააქრეს.
დავავალე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ ანძებით ამოიღოს.
_ რა მუხლით არის დაკავებული თქვენი მეუღლე?
_ გადაყვანის დროს ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთ პოლიციელს უთხრა, რომ მისი მეუღლე ადვოკატი იყო, თუმცა, სავარაუდოდ, მას არ დაუჯერეს. გარკვეული დროის შემდგომ ჩემი მეუღლე შეჰყავთ შსს-ს შენობაში. მე რომ მივედი, ის ჯერ კიდევ ხიზანიშვილზე ჰყავდათ, როდესაც დამინახეს, დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ჩემი მეუღლე იყო. ამ დროს ჩემი მამამთილი დაჟინებით ამბობს, რომ ის სცემეს, ყველაფერმა ამან გამოიწვია ქაოსი. ამის შემდეგ როგორღაც ჩამოყალიბდნენ და შეთხზეს, რომ ვითომდა ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ, რა დროსაც მან გაუწია წინააღმდეგობა და ამავდროულად ემუქრებოდა პოლიციელებს, ამის შემდეგ კი ბრალი წაუყენეს სისხლისსამართლებრივად, თუმცა სანამ ბრალს წაუყენებდნენ და ერთგვარ ქაოსში იყვნენ, ადმინისტრაციული წესით დავაკავეთო, განუმარტავთ თავიდან, მაგრამ შემდეგი რამ მომხდარა.
ჩემი მეუღლის ტელეფონი, როდესაც ის ხიზანიშვილზე მიიყვანეს, იმ შენობაში დაიტოვეს, ხოლო ჩემი მეუღლე შსს-ს შენობაში უკვე სხვა ეკიპაჟს გამოაყოლეს, ანუ შეიცვალა გადამყვანი. ვფიქრობ, ერთ-ერთმა პოლიციელმა ის ტელეფონი გადააგდო, ვინაიდან ჩემი მეუღლის მანქანაში, რომელიც ევაკუატორმა წაიყვანა, ფიზიკურად ვერ ჩააგდებდა ტელეფონს, ვინაიდან ევაკუატორი ვერ მივიდოდა ხიზანიშვილზე და ეს ჩანს იქიდანაც, რომ ტელეფონი იყო 5 საათამდე ლოკაციის ჩანაწერების მიხედვით ხიზანიშვილზე. ამის შემდეგ ეს პოლიციელიც მიდის განყოფილებაში და ეუბნება ჩემს მეუღლეს: _ შენს მეუღლეს მოველაპარაკე და ასე მითხრა, ვინ მალხაზზე მესაუბრებით, აზრზე ვერ მოვდივარო, რაზედაცც ჩემმა მეუღლემ უპასუხა, _ რატომ კადრულობ ამ ყველაფერს, ჯერ ის იკადრე, რომ ამ ხნის ადამიანი (მამამისი) სცემე და ახლა ამას ამბობო? ასევე ჩემმა მეუღლემ მოითხოვა, რომ ეს პოლიციელი მისგან განერიდებინათ. ამის თქმის დროს ყველას თვალწინ სცემა ჩემი მეუღლე, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა.
მომხდარის გამო რთული სიტუაცია შეიქმნა განყოფილებში, ვინაიდან ჩემს მეუღლეს ნაღრძობი ჰქონდა ხელი და ასევე აღენიშნებოდა სხვა დაზიანებები. შემდეგ იფიქრეს, რით გადაეფარათ ეს ყველაფერი და საქმე აღუძრეს 353-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს. მანამდე ჩემს მეგობარს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ის ჩემს მეუღლესთან წასულიყო, რადგანაც მე მინდოდა დავსწრებოდი ადგილის დათვალიერებას.
_ როდესაც ნახეთ თქვენი მეუღლე, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის?
_ როცა მოვიკითხე, რომელ განყოფილებაში იყო ჩემი მეუღლე და გაიგეს, რომ მე მასთან ადვოკატს ვაგზავნიდი, მირეკავს პიროვნება და მაფრთხილებს, რომ დავაკავეთ მალხაზ გიორგაძეო. ვეუბნები, რომ მე ვარ ადვოკატი და უნდა დავიცვა მისი ინტერესები, ვიკითხე, სად იმყოფება, სად მივაკითხო-მეთქი. მეუბნებიან, რომ ქალბატონო ნათელა. 15-20 წუთში გადაგვყავს შუშებიანი შენობიდან, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ხიზანიშვილზე ჰყავთ, გადაგვყავს კაპეზეზეო. ამის მერე ვურეკავ გამომძიებელს და კიდევ ერთხელ ვკითხულობ, თუ სად იმყოფება ჩემი მეუღლე. გამომძიებელი მეუბნება, რომ ის საქმეზეა და ჩემი მეუღლე უნდა იყოს კაპეზეზე უკვე. მივდივარ კაპეზეზე და არ არის, უკვე მალავენ, სად წაიყვანონ, არ იციან, რადგანაც ხელი აქვს ნაღრძობი და გულ-მკერდში აქვს დაზიანება, უჭირს სუნთქვა. ავტეხე ერთი ამბავი, გამაგებინეთ, ვისი ზედამხედველობის ქვეშ არის დაკავებული-მეთქი და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მაჩვენოთ, ამის კონსტიტუციური უფლება მაქვს და გარდა ამისა, ხელი მეშლება საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში-მეთქი. გარდა ამ ყველაფრისა ავუხსენი, რომ ირღვეოდა დაკავებულის უფლებები. ამის შემდეგ როგორღაც მითხრეს, რომ 15-20 წუთში იქნებოდა კაპეზეზე და მივდივარ ისევ უკან. მივედი კაპეზეზე, ვრეკავ და, როგორც წესი, ვეუბნები, რომ შემოვდივარ ადვოკატი ამა და ამ ადამიანთან და იქვე ვაყოლებ, რომ მეუღლეა ჩემი. ეს რომ ვუთხარი, შეყოვნდა და მითხრა, რომ ქალბატონო ნათელა, არ მიმიღია ჯერ გიორგაძე, მოყვანილია, მაგრამ ექიმის ოთახში არის და სასწრაფოს ველოდებით, „ვივამედში“ გადაგვყავს, დაზიანებები აქვსო. არ მიიღეს, რადგანაც პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ. ჯანმრთელი, საღსალამათი ადამიანი გაიყვანეს სახლიდან და ნაცემია, ძლივს დადის, ფეხები სტკივა, არ მიიღეს.
_ რა დასკვნა დადო „ვივამედმა“?
_ გადაიყვანეს ვივამედში, იქიდან უკვე გადავრეკე გენერალურ ინსპექციაში და შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, გამოკითხა მოწმეები. დაკავება და სახლში შევარდნა იყო უკანონო, მაგრამ შეთითხნეს ისე მასალები, თითქოს ქუჩამდე მივიდნენ, ჩემი მეუღლე გამოვარდა სამზარეულოდან, თუმცა ის გარეთ არ გამოსულა, მე ამის თვითმხილველები მყავს, ის სამზარეულოდან გამოიყვანეს ბორკილებით და მაინც წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის განხრით. რასაც ამბობენ, არ შეესაბამება სიმართლეს.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მე ვუთხარი პროკურორს, რომ „ვივამედის“ დოკუმენტი არ იყო საქმეში, რომელიც ჰქონდათ მათ, ახლა უკვე მაქვს ეს ისტორია და დეტალურად არის გაწერილი, თუ რა დაზიანებები აღენიშნებოდა ჩემს მეუღლეს. არ არის ჩამტვრეული ნეკნები, თუმცა არის საკმაოდ მძიმე დაზიანებები, არის დაზიანება ხელის მტევნის, არის დაზიანება გულ-მკერდის მარჯვენა არეში, რაც ართულებს სუნთქვის პროცესს და ყოველივე აქედან გამომდინარე ვასაჩივრებ ამ ყველაფერს აპელაციაში.
_ რა მოლოდინი გაქვთ?
_ დაიწყეს მოკვლევა ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ველოდები, რომ უახლოეს დღეებში დამიბარებენ გასაუბრებაზე. ჩემი პოზიცია ძალიან ბევრს აინტერესებს ამ საქმეში. თუკი ჩემმა მეუღლემ დააშავა რაიმე, ის უნდა დაისაჯოს შესაბამისად და პოლიციის თანამშრომელმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. ვაპირებ ბრძოლას, არსებითად ამ საქმის განხილვას და სასამართლომ შეაფასოს მომხდარი და მან მიიღოს გადაწყვეტილება. მყავს მოწმეები, რომლებიც არიან თვითმხილველები და მათ კი აქვთ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები.
_ ზოგადად ასეთი შემთხვევის დროს რა ღონისძიებები ტარდება სამართალდამცველების მხრიდან?
_ ამ დარღვევაზე გატარდა სანქცია, რასაც ვეთანხმები. მოხდა ყურადღების გადატანა, რაზედაც უნდა გაეტარებინათ სანქცია. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ ამაზე რეაგირების უფლება, მისულიყვნენ ადგილზე, შეემოწმებინათ ავტომობილი, რომელზედაც ეჭვი ჰქონდათ, რომ შეეჯახა. გამოეძახათ ევაკუატორი და გადაეყვანათ საჯარიმოზე ავტომობილი და გამოეწერათ ჯარიმა 2000 ლარი, სამი წელი მართვის უფლების ჩამორთმევა, რაც გამოწერეს კიდევაც. სხვა რაიმეს უფლება მათ არ ჰქონდათ. არ ჰქონდათ უფლება, შესულიყვნენ კერძო საკუთრებაში, ეძალადათ ვინმეზე და სახლი დაეყენებინათ ამ დღეში. ჩხრეკა არ ჩატარებულა, დათვალიერება ჩატარდა მხოლოდ.
_ რა ტიპის სამართალდარღვევაა, რომ არ იყო საქმეში სამხრე კამერების ჩანაწერები?
_ როდესაც საპატრულო პოლიცია სამართლებრივად რაიმე სახის მოქმედებას ახორციელებს, ასეთ შემთხვევაში ვალდებულები არიან, ჩართონ სამხრე კამერები, პირდაპირ აქვთ მითითება ამაზე. საქმეში ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სამხრე კამერების ჩანაწერები და არც იმ კამერების, რომლებიც ავტომობილზე აქვთ დამაგრებული, შესაბამისად, არც დადევნების ჩანაწერები აქვთ. ხომ არის ეს ყველაფერი ეჭვის საფუძველი? მათ რომ კანონიერი მოქმედება ჩაეტარებინათ, ეს აუცილებლად ექნებოდათ სამხრე კამერებზე დაფიქსირებული. მათ კი არ აქვთ გადაღებული, არც ეზოში შესვლა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე დაკავების მტკიცებულებები, ჩემი მამამთილისა და მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფები, არაფრის ჩანაწერი არ არსებობს. არის მხოლოდ გამომძიებლების ჩვენებები.
_ თქვენს საადვოკატო პრაქტიკაში ყოფილა მსგავსი შემთხვევა?
_ პროფესიულ ნაწილში მქონია მსგავსი სახის პრაქტიკა და ხშირ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება არის ხოლმე გირაო, თუმცა ამ შემთხვევაში ეჭვის საფუძველი ნამდვილად მაქვს, რომ სასამართლომ ხელი შეუწყო პროკურატურას, ვინაიდან ჩვენც გამოძიება დავაწყებინეთ. იყო იმის მცდელობაც, რომ პატრულ-ინსპექტორების თანამშრომლების მიმართ მე ჩვენება და აზრი შემეცვალა და შეიძლებოდა შეღავათები ყოფილიყო, თუმცა სამართალი ვაჭრობის თემა არ არის. სამართალი არის სამართალი და ჩვენ თუ მართლები ვართ, მოპოვებული მტკიცებულებებით იმსჯელოს სასამართლომ და პატრულ-ინსპექტორი თუ მართალია, ასევე იხელმძღვანელოს ამის თაობაზე მტკიცებულებებით. პატრულ-ინსპექტორები მიჩვეულები არიან ამას, დააკავებენ 173-ით, 353-ით აშანტაჟებენ შემდეგ ნაცემებს და ამის მერე იწყებენ მოლაპარაკებას, რომ 173-თი შემოვიფარგლებით და არ იჩივლოთო. ამიტომ არის ყოველ მეორე დღეს პატრულის თანამშრომლების მხრიდან ცემის ფაქტი.
მომხდართან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უწყებამ თავად გაავრცელა:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.
„ქრონიკა+“ ასევე გთავაზობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიშს, სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა სტატისტიკის შესახებ.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშში მათ შორის ასახულია სამართალდამცველების, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენისა და გახსნის მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს როგორც პროკურატურის მიერ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე განრიდებას და საქმის შეწყვეტას.
კერძო: „2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზემოხსენებული კატეგორიის დანაშაულზე გამოძიება დაიწყო სულ 291 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო გაიხსნა 81 სისხლის სამართლის საქმე _ გახსნის პროცენტული მაჩვენებელი _ 28%. 2023 წელს გამოძიება დაიწყო სულ 336 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო გაიხსნა 118 სისხლის სამართლის საქმე _ გახსნის პროცენტული მაჩვენებელი _ 35%“, _ ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.