სალომე სამადაშვილი: „ქართული ოცნება“ იტყუება! მას არ აქვს მზაობა მოლაპარაკებაზე“
ქვეყანაში ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისია _ 21 ნოემბერს საბჭოთა რეალობაში აღმოვჩნდით, როცა არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ მმართველმა გუნდმა მიიღო. „ქართული ოცნება“ ვს „ქართული ოცნება“, _ ეს მოცემულობა კარგად გამოხატავს იმ ჩიხს, რომელშიც მთელი სახელმწიფო აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, მე-10 მოწვევის პარლამენტშიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს შესვლა.
ამ კრიზისის პარალელურად, მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელდება, თუმცა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ხელახალი არჩევნები არც განიხილება, ოპოზიცია კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს დიდი აჟიოტაჟი მოყვა. სამადაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:
„დღეს მოლაპარაკებები განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა: შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ისე, რომ ამ გადაწყეტილების კონტექსტი გვავიწყდება _ ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ. რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რამე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ. „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ, დიდი ალბათობით, არცთუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს. არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპტიციზმს ვიზიარებ „ქართული ოცნების“ მიერ დანაპირების შესრულებაზე, ასევე უპერსპექტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების ავკარგიანობას ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ეს პრინციპული განსხვავებაა ჩემსა და მათ შორის, ვინც მოუთმენლად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას, რათა დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები რამე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას“.
რა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს ოპოზიციურმა სპექტრმა და დასავლელმა პარტნიორებმა? რა შემთხვევაში შეიძლება განიხილოს ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის საკითხი? რა პოლიტიკური სვლები აქვს გასათამაშებელი ოპოზიციურ სპექტრს?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:
_ ქალბატონო სალომე, რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში თქვენ მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტს ეხებოდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რეალურად, რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი?
_ ჩემი მთავარი გზავნილი იყო შეკითხვა, თუ რას ნიშნავს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა? ჩემი მთავარი გზავნილია, რომ პარლამენტში შესვლა ან არშესვლა არავისთვის არაფრის თავისთავად მომცემი არ არის, _ მგონი, ეს ყველასთვის ნათელია, რომ ერთპარტიული პარლამენტით არც ოპოზიცია მოიგებს, არც მთავრობა და არც _ ჩვენი ქვეყანა. გარდა ამისა, აქ ჩნდება შეკითხვა, _ რას ველოდებით სამომავლოდ? ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, _ რა იქნება მერე?! დავუშვათ, მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი… რა მოჰყვება ამას? _ მე სწორედ ეს შეკითხვა დავსვი, _ რას ნიშნავს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა? ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ჩვენ არჩევნებზე აღარ გავალთ?! რადგან ასეთ არჩევნებს აზრი არ აქვს. ე. ი. ჩვენ ან ვამბობთ, რომ თუ არაფერი შეიცვლება, მომავალშიც არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ ან ვამბობთ იმას, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რათა შეიცვალოს არჩევნების ჩატარების წესი და არჩევნებზე სხვა რეალობა მივიღოთ, ანუ არჩევნებს შინაარსი დაუბრუნდეს. ჩემი განაცხადი ის იყო, რომ თუ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ვიბრძვით, მაშინ ყველა სხვა გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს ამ მთავარ ამოცანას, როგორ მივაღწიოთ საარჩევნო გარემოს ცვლილებას. მათ შორის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს, _ რას გაძლევს ამ კუთხით კონკრეტული გადაწყვეტილება? შეიძლება, ეს ზედმეტად რთული აზრთა სვლაა ან ბევრი სხვადასხვა პოსტულატია და ზოგმა ისე გაიგო, რომ თითქოს მე ვინმეს პარლამენტში შესვლისკენ მოვუწოდებ. ცხადია, არავის მოვუწოდებ პარლამენტში შესვლისკენ, მხოლოდ ვამბობ, რომ ერთპარტიული პარლამენტი თავისთავად არავითარი გამოსავალი არ არის, პირიქით _ კრიზისის გაღრმავებაა და მგონი, ეს ყველას ესმის.
_ ამ გადმოსახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ მთავარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვით, როცა არჩევნებიდან მეორე დღესვე ბოიკოტი გამოაცხადეთ?
_ დიახ, ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევნების ღამესვე გამოაცხადა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ სცნობდა და ხელახალ არჩევნებს ითხოვდა. ამან დააბნია ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო თანამეგობრობა, რადგან მათ ვერ დაინახეს, რა საფუძველი ჰქონდა ოპოზიციას ამის სათქმელად. ეს შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რომ ჩვენ არ გვესმოდა, თავიდანვე ბოიკოტი რატომ გამოაცხადა ოპოზიციამ, რადგან ვერ ვხედავდით ასეთი გაყალბების მასშტაბსო. ოპოზიციის ბოიკოტმა დააფრთხო ის ხალხი, ვინც აფასებს არჩევნებს და ვის სიტყვაზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ ეს იყო, ჩემი აზრით, სტრატეგიული შეცდომა. ვფიქრობ, ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ოპოზიციას ეთქვა, რომ დღემდე არნახული დარღვევების მომსწრე გავხდით და ამიტომ არჩევნების პირველ ტურის შედეგებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. ოპოზიციას საერთაშორისო ჩართულობით ამ არჩევნების შედეგების გამოძიება და არჩევნების მეორე ტურის შეჩერება უნდა მოეთხოვა, მანამ სანამ არ მოიძებნებოდა გამოსავალი ამ ვითარებიდან. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯები იქნებოდა სტრატეგიულად სწორი. არ ვიცი, საზოგადოების რეაქცია როგორი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ის, რაც მესმის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არჩევნების ღამეს ოპოზიციის ბოიკოტმა ჩვენი ინტერესები დააზიანა, ასევე გამოიწვია გაუგებრობა და დაბნეულობა.
_ დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი მათ ეუბნებიან, რომ სამართლებრივი მექანიზმებით ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან სასამართლო მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება და ბოიკოტი ამიტომ აირჩიეს. ეს არგუმენტები რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის?
_ სამართლებრივი გზით ბრძოლას რომ აზრი არ ჰქონდა, ეს არგუმენტები გასაგებია, მაგრამ როდესაც შეცდომაზე ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, თუ როგორ მიეწოდა არჩევნების პრობლემა იმთავითვე საერთაშორისო საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, სასამართლოები დამოუკიდებლად გადაწყვეტდა თუ არა რამეს, ჩვენ პირველი ნოემბრის ღამეს რომ გვეთქვა, _ ვითხოვთ, საერთაშორისო ჩართულობით დაიწყოს ამ არჩევნების გამოძიება და იმის დადგენა, თუ რა მოხდა რეალურად არჩევნებზეო, ასევე წინსწრებით არ გვეთქვა, რომ ჩვენ ახალ არჩევნებს ვითხოვთ და პირველივე ღამეს არ გამოგვეცხადებინა ბოიკოტი, ამით შევქმნიდით სივრცეს, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩართულიყვნენ პროცესში. რეალურად, უამრავი დარღვევა სწორედ არჩევნების შემდეგ გამოვლინდა _ ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც ეუთომ და ოპოზიციამ თავიანთი განცხადებები გააკეთეს, ხელისუფლებამ კი გამარჯვება გამოაცხადა. უპრიანი იქნებოდა, ჩვენ რომ გვეთქვა, ბოიკოტს არ ვაცხადებთ, მაგრამ ვითხოვთ მეორე ტურების შეჩერებას, სანამ არ შევისწავლით ამ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა იქნება გამოსავალი. აქვე ვიტყვი: მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც შეცდომები დაუშვეს.
_ რას გულისხმობთ, როდესაც დასავლელი პარტნიორების შეცდომებზე საუბრობთ?
_ ვფიქრობ, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ვერ გააანალიზეს, თუ რა მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი ელოდებოდა ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით იქნებოდა ასეთი უნდობლობა ოპოზიციის მხრიდან. მაქვს შთაბეჭდილება, რომ მათ ჩათვალეს (ასეც იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი), _ ჩვენ ადრეც გვახსოვს ბოიკოტის მოწოდებები, ეს ფილმი გვინახავსო, 2016 წელსაც იყო მოწოდებები პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ ვერ გააანალიზეს, რომ 2016 წლის ვითარება არ იყო 2020 წლის იდენტური და იფიქრეს, რომ ესენი იყვირებენ, იყვირებენ და ბოლოს მაინც დათმობენ საკუთარ პოზიციებსო. ეს იყო უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეცდომა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ ავუხსენით, ოპოზიცია ამ არჩევნების შედეგებით პარლამენტში არ შევა, თუ ხელისუფლება თანამშრომლობაზე არ წამოვა და რაღაც გზას არ ნახავს, ჩვენი ეს მიმართვა ცოტა იგნორირებული იქნა იმ თვალსაზრისით, რომ მგონი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ილუზია ჰქონდათ 2016 წლის მსგავსი ვითარებისა და არა რეალობისა.
_ დასავლელ პარტნიორებთან არასწორმა კომუნიკაციამ გამოიწვია ის, რომ მათ 2016 წლის მსგავსი სურათი ეგონათ წელსაც?
_ არ მგონია, რომ კომუნიკაციის პრობლემაა, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ კარგად ვერ გაერკვნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. რადგან უპრეცედენტოდ ბევრი პარტია შევიდა პარლამენტში, შეიძლება იფიქრეს, რომ ბოიკოტი მხოლოდ ერთი პარტიის პოზიციაა და სხვა პარტიები ამ პოზიციას გადახედავენ. უფრო ვფიქრობ, ამიტომ არ გააკეთეს სწორი ანალიზი. მგონია, რომ ეს იყო ჩვენი პარტნიორების სტრატეგიული შეცდომა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს კომუნიკაციის ბრალი იყო, ეს უფრო იმის ბრალია, რომ ამ არჩევნების შედეგად სრულიად სხვანაირი პოლიტიკური ლანდშაფტი მივიღეთ. როგორც ჩანს, ამ ახალ რეალობაში ორიენტაცია, გარკვეულწილად, გაუჭირდათ.
_ არჩევნების მეორე დღესვე ბოიკოტის გამოცხადებით, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იყო. როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი? განიხილავთ თუ არა ერთ-ერთ გამოსავლად პარლამენტში შესვლას და შემდეგ უკვე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ჩაატარებს გამოძიებას?
_ შემიძლია გითხრათ, რა შემთხვევაში არის გამორიცხული პარლამენტში შესვლა. ეს გამორიცხულია იმ შემთხვევაში, თუ არ გადაწყდება პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური დევნის პრობლემა; ასევე გამორიცხულია, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, სავარაუდოდ, შემდგომ ვადამდელ არჩევნებზე; პარლამენტში შესვლა, აგრეთვე, გამორიცხულია იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ არ განვახორციელებთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საერთოდ შეცვლისა და რეფორმირების შესახებ. ამ სამი მოცემულობიდან რომელიმე თუ არ შესრულდა, ვერავინ შევა პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ისედაც ძალიან პრობლემურია 21 ნოემბერს არჩევნების ერთპარტიული მეორე ტურის შემდეგ, რადგან ამ პარლამენტის დემოკრატიული ლეგიტიმურობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მე მიმაჩნია, თითქოს ამ პარლამენტში შესვლა არის ან კარგი ან სასურველი ან მარტივი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ცხადია, არც ერთი მათგანი არ არის, მაგრამ თუ ხელისუფლება იმ მთავარ საკითხებს დათმობს, რომელსაც მოვითხოვთ, ანუ შევთანხმდებით ვადამდელ არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმებზე, პოლიტპატიმრების განთავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, შესაძლოა, განიხილოს ვინმემ პარლამენტში შესვლის საკითხი. ასევე არსებობს სხვა მოსაზრებები, რომ ამ პარლამენტს გაუგრძელდეს მოსამზადებელი ვადა შემდეგი არჩევნებისთვის _ მე არც აქ ვხედავ პრობლემას. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ შეთანხმება არის უკეთესი, ვიდრე ალტერნატივა. არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერზე უნდა შეუთანხმდე „ქართულ ოცნებას“, რომ ყოველთვის გადაგაგდებს და მოგატყუებს. ამ ხალხს უნდა ვკითხოთ: როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან?! ასეთ ვითარებაში გვექნება, ფაქტორბივად, ლეგიტიმაციის არმქონე ერთპარტიული პარლამენტი და ვინ უნდა განახორციელოს ის რეფორმები ცესკოსთან, საარჩევნო კანონდმებლობასთან დაკავშირებით? ვინ იქნება ამის ავტორი და შემოქმედი? თუ არ გვექნება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა, ამ რეფორმების განხორციელების საერთოდ რა შანი იქნება, არ ვიცი. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ამ ქვეყანაში მივაღწიოთ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს; პოლიტპატიმრების განთავისუფლებას; პოლიტიკური დევნის შეწყვიტას; შესაბამისად, სრულიად სხვა პოლიტიკური გარემოს შექმნას. პირადად მიმაჩნია, რომ ყველა საკითხს, რომელიც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, განვიხილავ, როგორც საშუალებას ამ მიზნების მისაღწევად. ამ ნაწილში ოპოზიცია არ უნდა ჩავიკეტოთ ერთ პოსტულატში, რომ მხოლოდ ასე და სხვანაირად _ არა. უნდა განვიხილოთ სხვადასხვა შესაძლებლობა, თუ, რა თქმა უნდა, ამის მზაობა იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ საერთოდ რამე დათმობებზე და მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, რისი დიდი იმედიც, სიმართლე, გითხრათ, არ მაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი, რომ არ ვართ ვიღაც გაჯიუტებული, პირად პოლიტიკურ დღის წესრიგს გამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ ქვეყნის ჩიხში შეყვანა. ჩვენ კიდევ ერთხელ დემონსტირებას ვუკეთებთ იმას, რომ მზად ვართ მაქსიმალური დათმობებისთვის და თუ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ დააფასებს და არ გამოიყენებს, მაშინ დაე, აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ამის შედეგად შეიძლება მოხდეს.
_ ბოლო დღეებში განსაკუთრებით შეიცვალა ხელისუფლების წარმომადგენლების გზავნილები. მაგალითად, კახა კალაძე ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ამასთან, მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამორიცხავენ ხელახალ არჩევნებს. არგუმენტად ისინი იშველიებენ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას, რომელიც ასევე პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს ოპოზიციას. ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ შესაძლო სცენარი და რა იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა?
_ ბატონი კალაძის განცხადებებს რა მნიშვნელობა აქვს, თუ „ქართული ოცნება“ არაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაიმე შეთანხმება შედგეს? შეთანხმება ვერ შედგება იმაზე, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, _ ეს ხომ აბსურდია და ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს. ოპოზიციური ფლანგიდან ვერავინ, ვერასდროს დათანხმდება ცარიელ შემოთავაზებას. შემოთავაზებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი შინაარსი. თუ ასეთი შეთავაზების მოძებნა მოხერხდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიციამ არაერთხელ თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, მას არ აქვს არანაირი მზაობა მოლაპარაკებებზე, _ ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა და თუნდაც ერთ პოლიტპატიმარს გაათავისუფლებდნენ ციხიდან და ამით აჩვენებდნენ, რომ რაღაცისთვის მზად არიან. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას არ აკეთებს. ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ საუბარი გვესმის და ვერ ვხედავთ რაიმე სახის ქმედებებს მათი მხრიდან. „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება ყველა ვერ ხვდება, რა კატასტროფას ნიშნავს მათთვის ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ კატასტროფას ნამდვილად ნიშნავს. არ ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვინც ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტის შეკრიბიდან მეორე დღესვე ჩამოიშლება ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ სრულიად შეუქცევადი პროცესი იქნება. ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლამ შეიძლება გასტანოს რამდენიმე თვე, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდეც მიატანოს ხელისუფლებამ ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ხელისუფლების არსებობის მაქსიმალური ვადა არის ადგილობრივ არჩევნებამდე, შესაბამისად, ჩემი წინადადება სწორედ ამით არის საინტერესო, რომ „ქართული ოცნება“ ამ წინადადებით იღებს შანსს, _ კონსტიტუციური, სისტემური, ხელისუფლებიდან მშვიდი გასვლის გეგმა დასახოს, მათ შორის, საკუთარი თავისთვის იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გააჩნია. „ქართული ოცნება“ ერთპარტიული პარლამენტით, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ყველაზე გვიან, 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. მე რასაც ვთავაზობ, ფაქტობრივად, მათთვის შანსია, რომ სახე შეინარჩუნონ და შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ძლიერი პოლიტიკური ძალა იყვნენ და სრულად არ ჩამოიშალონ ან საერთოდ არ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. მათ კიდევ თუ დააპირეს არჩევნების გაყალბება, თავიანთი მეთოდების გამოყენება, ძალიან ცუდად დაამთავრებენ, რადგან ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება არც ერთპარტიულ მმართველობას და არც თავისუფლების წართმევას, გამორიცხულია ამას შეეგუონ იმიტომ, რომ საზოგადოებამ მიაღწია განვითარების რაღაც ეტაპს. ახლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩვენს ერთპარტიულ სისტემაში შეთრევას, საიდანც 30 წელია, გამოვდივართ და ეს მას არ გამოუვა.
კიდევ ბოლომდე არ გვესმის, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა დღეს ჩვენი სახელმწიფო და შეიძლება, ამიტომაც რეაგირებენ მწვავედ ყველანაირ მცდელობაზე, რომ მოიძებნოს გამოსავალი. მესმის ამ ადამიანების განწყობა, მაგრამ, ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რამხელა კატასტროფას უქადის ქვეყანას ეს ვითარება, რომელსაც მივიღებთ ერთპარტიულობის სახით, მინიმუმ, ძალიან გაუგებარი ხდება ყველაფერი. შესაბამისად, ამას ბევრად სჯობს შეთანხმებული სამოქმედო გეგმა, სწორედ ეს განსაზღვარავს ჩემს პოზიციას, რომ ყველა მხარემ მაქსიმალურად უნდა დათმოს, რაც შესაძლებელია ამ ვითარებიდან შეთანხმებული გამოსავლის მოსაძებნად.
ნენე ინჯგია