საგანგაშო კვლევა: „დინოზავრებივით ვართ ქართველი ექთნები და ტუალეტის ქაღალდზე არ გვყოფნის ფული“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მორიგ ლოკდაუნს აანონსებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ის ისეთი მასშტაბური აღარ იქნება, როგორც წინა წლებში იყო. ამავე დროს, „სოლიდარობის ქსელის“ მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში სერიოზული ჩავარდნები გამოავლინა. განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორში. გახშირდა მედმუშაკების დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. წინა ხაზზე მყოფ მედიცინის მუშაკებს ყველაზე მეტად დააწვათ პანდემიის ტვირთი. მათ ძალიან ბევრი კოლეგა დაკარგეს.

მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასი კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ სიტუაციას. ქვეყანაში საგანგაშოდ დაბალია ექთნების რაოდენობა. მათი რიცხვი ყოველწლიურად მცირდება, რადგან ცუდი სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასების გამო ექთნები ხშირად ტოვებენ ან პროფესიას ან ქვეყანას. ახალი კადრები კი არ იქმნება. საქართველოში ერთ ექთანზე მოდის, დაახლოებით, 3-4 ექიმი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი პირიქით უნდა იყოს.

„ქრონიკა+“ ახალი პროფკავშირული გაერთიანება „სოლიდარობის ქსელის“ კვლევით დაინტერესდა და მის ხელმძღვანელ სოფო ჯაფარიძეს ესაუბრა, თუმცა მანამდე გვინდა გაგაცნოთ კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ექთანთა მცირე რეზიუმეები:

ექთანი და სანიტარი სამტრედიიდან: „ჩემმა „ძვირფასმა“ უფროსმა მაიძულა, სამსახურიდან წამოვსულიყავი, რადგან რეანიმაციაში 8 პაციენტის ადგილი იყო, მაგრამ 16 პაციენტს ვუვლიდით. 1 ლარიც არ გვერიცხებოდა, სამაგიეროდ, უფროსს 900-ს უხდიდა თვეში სახელმწიფო. აი, ასეთ პირობებში იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. სამტრედიაში ამათ კონტროლი არ აქვთ არც დოკუმენტებზე, არც ფინანსებზე, არც ეპიდემიურ რეჟიმზე და, საერთოდ, აქამდე სარეცხიც სამზარეულოში ირეცხებოდა“.

ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრის კარდიოლოგიური განყოფილების ექთანი: „ცვლაში 32 საათი ვარ და შემდეგ მივდივარ მეორე სამსახურში _ კერძო მომვლელად ვმუშაობ წყნეთში… ბაგებიდან ავდიოდი წყნეთში ხან როგორ და ხან როგორ, არ მკითხოთ… ისე, ხელფასები, სინამდვილეში, შეგვიმცირდა, 280 ლარი მქონდა ერთგან და მეორეგან 400 ლარამდე გამოდიოდა, ასე 380 ან 390 ლარი. მაგრამ ეს ხელფასი ხომ გაუფასურდა? მთავრობა ამბობს, სუბსიდიები პურსა და ზეთზეო… წამლები გაძვირდა, სხვა საჭმელი… ხილი გინდა და ბოსტნეული გაძვირდა, ხორცსა და რძის ნაწარმზე აღარ ვლაპარაკობ, გენაცვალე. მაკარონზეც აღარ მყოფნის ეს ფული. ჰიგიენის საშუალებებიც ხომ გვინდა და თან ჩვენც ქალები ვართ“.

ღამის მედდა ბათუმის „ევექსის“ კლინიკიდან: „250 ლარი გვქონდა ხელფასი კერძო კლინიკებში, შემდეგ პანდემიის დროს 350 ლარამდე გაგვიხდა, თუმცა ეს ჩემს ოთხსულიან ოჯახს არ ჰყოფნის არაფერში. ერთადერთი შემომტანი ვარ ოჯახში. არ ვიცი, როგორ ვატანთ თავს მართლა. დედაჩემის პენსია გვეხმარება კიდევ, ალბათ“.

ჰოსპიტალური ბაზრის მონოპოლისტი სააქციო საზოგადოება „ევექსი ჰოსპიტალების“ სუფთა მოგებამ პანდემიის დროს 9.3 მლნ. ლარს მიაღწია, რაც 2018 წლის მოგებაზე 11.7 მლნ. ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ ექთნების საშულო ხელფასი საქართველოში 2020 წლის მეოთხე კვარტალში მსხვილ ბიზნესში დასაქმებული დაქირავებული მშრომელების ყოველთვიურ საშუალო ხელფასზე 4.8-ჯერ, თითქმის 1140 ლარით დაბალია. აღნიშნული ციფრები ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებს.

სოფო ჯაფარიძე _ „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე:

_ ყველაზე საინტერესო აქ არის პანდემიამდე და პანდემიის პერიოდის შრომის პირობების შედარება, რაც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ჰოსპიტალური სექტორის საკადრო პოლიტიკის პრობლემას ექთნებთან მიმართებით. მიუხედავად პანდემიური ფონით დაპირებული სახელფასო მატებისა, ექთნების შემოსავლების ზოგადი ზრდა მაინც ვერ მოხერხდა. დღეს საქართველოში ექთნების თვიური საშუალო ხელფასი 300 ლარია. არის ასევე შემთხვევები, როდესაც ხელფასი უაღრესად დაბალია, თვეში 140 ლარი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დადგენილი ხელშესახები და ეფექტიანი სტანდარტი, რომელიც დააწესებდა მინიმალურ ზღვარს. პრობლემა არა ციფრებით მანიპულირებაშია, არამედ იმ მეთოდოლოგიასა და პარამეტრებში, რომლითაც დღეს საარსებო მინიმუმის დადგენისას მთავრობა ხელმძღვანელობს. ამიტომ დღევანდელი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი და მიღებული მაჩვენებელი გამოუსადეგარია, როგორც სოციალური ორიენტირი, რის მიხედვითაც იგეგმება პოლიტიკა. თვეში 195 ლარი წარმოუდენლად დაბალი თანხაა თვითგადარჩენისთვის. მოქმედი მეთოდოლოგიით, ამ თანხის 70% მოდის სურსათზე. მაშასადამე, საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი შეადგენს 136.5 ლარს, ხოლო დანარჩენი _ 58.5 ლარს. საკვების გარდა იგი საკმარისი უნდა იყოს სხვა აუცილებელი საჭირობებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა, ჰიგიენა, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, განათლება და სხვ.

_ და როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემების მოგვარება, თუ ხელისუფლების ნება არ იქნა?

_ ჩვენი ორგანიზაცია არის სოლიდარობის ქსელი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პროფკავშირი მომსახურების სფეროში. ვცდილობთ ხალხის დაორგანიზება მოვახერხოთ, რათა თავად დაიცვან მათ თავისი უფლებები და მოითხოვონ ის, რაც კონსტიტუციით ეკუთვნით. სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი ქეისი გახლდათ „იაშვილის“ კლინიკის საქმე, როდესაც 2017 წელს 89 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ერთ-ერთი გახლდათ ნონა ყანდარაშვილი, რომელიც აქტიურად ჩაება პროცესში და ვფიქრობ, შედეგიც დაიდო. კლინიკაში შრომის პირობები სრულიად გაუსაძლისი იყო, ძალიან დაბალი ხელფასებით. როგორც ექთნები გვიყვებოდნენ, უფროსს ექიმებს ისინი თავის აგარაკებზე მიჰყავდათ და სახლებს ალაგებინებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ამაზე ხმას ვერ იღებდნენ, იმდენად შეშინებულები და ფსიქოლოგიურად დათრგუნულები იყვნენ. ძირითადი აქცენტი აღებული გვქონდა სანიტრებსა და ექთნებზე. კვლევაც ჩავატარეთ, რათა ძირეულად გამოგვეკვლია ამ სეგმენტში დასაქმებული კონტინგენტის ხელფასები და შრომის პირობები.

_ ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვეპლნი არიან?

_ 500 ლარამდე ძლივს გამოსდიოდათ ანაზღაურება და მუშაობდნენ 50 საათი ერთ ლოკაციაზე. დაბალი ანაზღაურების გამო სხვა სამსახურშიც კავდებოდნენ და ერთი ადამიანი ხშირად რამდენიმე ადგილას იყო დასაქმებული. გაითვალისწინეთ, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურება არც ერთს არ უკმაყოფილდებოდა. კოვიდპანდემიის დროს კიდევ უფრო გაუარესდა მათი მდგომარეობა. დღე და ღამე გვწერდნენ ექთნები, რა ცუდ პირობებში უხდებოდათ მუშაობა. მაგალითად, უტრანსპორტობის დროს კლინიკას უნდა უზრუნველყო მათი გადაადგილება და გამოგვიგზავნეს ფოტოები, სადაც მედმუშაკებით გადაჭედილი სამარშრუტო ტაქსი იყო აღბეჭდილი _ უსაფრთხოების ზომებზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ჩავერთეთ და ტრანსპორტი დავამატებინეთ. ასე მოვდივართ დღემდე _ თან ვიკვლევთ და თავ ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ.

_ გასაგებია, მაგრამ ჩემს კითხვას დავუბრუნდები: თუ საკანონმდებლო დონეზე არ მოხდა ცვლილება, რას უპირებთ ექთნების ხელფასს, რომელიც დღესაც 300-400 ლარია?

_ ყოველ შემთხვევაში, მანამდე 20 საათით მეტს მუშაობდნენ, ვიდრე დღეს არის.

_ თქვენი პროფკავშირი რით განსხვავდება გაერთიანებული პროფკავშირისგან?

_ ჩვენ ცალკე სტრუქტურა ვართ და მათთან არაფერი გვაკავშირებს. ვცდილობთ, ჩვენი მწირი რესურსებით დავეხმაროთ ხალხს. ვცდილობთ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და მაქსიმალური ჩართულობა გვქონდეს. ექთნების თემას თუ დავუბრუნდებით, კოვიდპანდემიის დროს ექთნების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა, მაგრამ თითქმის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამ დროს მათი ოჯახის შემოსავალი დაეცა, რადგან ქმარმა ან შვილმა დაკარგა სამსახური და წნეხი ექთანზე გადავიდა. თითქმის უმეტესობას ვალები აქვს აღებული, იმიტომ რომ ხელფასი არ არის საკმარისი ელემენტარული საჭიროების დასაფარად. ექთნების 89%-ს არ აქვს სრულფასოვანი კვება _ სამსახურში გადადიან ნაყიდი ხაჭაპურებით და „ფასტფუდებით“, რაც დაცლილია ცილებისა და ვიტამინებისგან. საიდან აიღოს ამ პროფესიის ადამიანმა ენერგია საკუთარი თავისთვის და პაციენტისთვის? პლუს მუდმივი სტრესი _ ელემენტარული შრომის საათები არ აქვთ დარეგულირებული, რომ ოჯახს მაინც მიხედონ. ჩვენ ახლა რაზეც ვმუშაობთ, ოთხ კომპონენტს გამოვყოფდი: 1. 40 საათი სამუშაო დროის მიღწევა. ანუ დღეს ყველა საწარმოში არის 48-საათიანი გრაფიკი და უნდა იყოს იყოს _ 40; 2. ჩვენ დავითვალეთ ექთნების მინიმალური ხელფასი, უფრო სწორად, ადამიანური, თუ რამდენს უნდა იღებდეს, რომ მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად იარსებოს და გამოვიდა 1272 ლარი ხელზე.

_ როგორ დაითვალეთ?

_ ჯერ გამოვკითხეთ და დავითვალეთ მათი ხარჯები: ტრანსპორტი, კომუნალური გადასახადები, საკვები და ა. შ. შემდეგ ვკითხეთ, თავად როგორ მიაჩნდათ. გამოვიყენეთ, სპეციალური პროგრამა, სადაც შევიყვანეთ ყველა ხარჯი და ამ პლატფორმითაც გამოვითვალეთ. ამას გარდა, გადავხედეთ საერთაშორისო გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც, ექთნების ხელფასი საშუალო ხელფასის 110% უნდა ყოფილიყო. ანუ თუ საშუალო ხელფასად ავიღებთ 1200 ლარს, მისი 110% უნდა იყოს ექთნების ანაზღაურება. შევეკითხეთ ასევე ექსპერტებს და 1300-1400 ლარი გამოვიდა.

_ 3-4-ჯერ ნაკლებს იღებენ დღეს ექთნები?

_ ამის გამო მუშაობენ რამდენიმე ადგილას. შესაბამისად, მათი მუშაობის ხარისხი დაბლა ვარდება. ასე კი დიდხანს ვერ გაგრძელდება. პაციენტების უფლებები და ექთნების შრომის უფლებები ერთმანეთს ებმის, ამიტომ სამუშაო საათების რეგლამენტი ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული. და თუ ზეგანაკვეთურზე არის საუბარი, მაშინ საათში ექთანი იღებს, მაგალითად, ერთ ლარს, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე უნდა მიიღოს ლარნახევარი ან 2 ლარი. დეკრეტულ შვებულებას რაც შეეხება, ჩათვალეთ, რომ, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ.

_ 1000-ლარიან დახმარებას ხომ იღებენ?

_ უმეტესობა მათგანი დეკრეტის შემდეგ ვეღარ ბრუნდება სამსახურში, რადგან მათი ადგილი იქ აღარ არის. ამას დამატებული 60-70 საათი კვირაში, მინიმალური ანაზღაურება და როგორ უნდა მოუაროს ბავშვს? დღეს საქართველოში მომუშავე თითქმის ყველა ექთანს უნდა წასვლა საზღვარგარეთ. დასავლეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ პროფესიის ადამიანებზე _ იქ დღეში უხდიან 100 ევროს და აქ _ თვეში. და ბოლოს, მეოთხე კომპონენტსაც გამოვყოფდი: ეს არის განვითარებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შეუძლებლობა. რომ ამბობენ, ექთნებმა არ იციან ეს და ის… როგორ აიმაღლონ პორფეისული უნარ-ჩვევები, როდესაც არ აქვთ არც შესაძლებლობა და ელემენტარულ თვითგადარჩენაზეა სუბარი?! ამის არც მოტივაცია აქვთ და არც _ დრო.

„ქრონიკა+“ სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებულ კვლევას გაეცნო. კვლევის თანახმად, ექთნების უმრავლესობა ქალია (88.5%). პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიუხედავად, ექთნების 66.4% პასუხობს, რომ განათლება მიღებული აქვს კერძო დაწესებულებაში, ხოლო 33.6%-ს _ სახელმწიფოში. პროფესიული განვითარების მხრივ გამოკითხულთა 79.3% აცხადებს, რომ ექთნის კარიერის მანძილზე ერთხელ მაინც აქვს გავლილი პროფესიული გადამზადების კურსები. 87.9% აცხადებს, რომ აქვს პროფესიული გადამზადების სურვილი, თუმცა ამის ფინანსურ შესაძლებლობას მოკლებულია. ხაზგასასმელია ფაქტი, რომ 89.5%-ს არ აქვს პროფესიული გადამზადებისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობა.

კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, შრომის მატებასთან ერთად, ექთნების 60%-ისთვის შრომის პირობები გაუარესდა. აქედან 23.6%-ზე მეტისთვის საავადმყოფოებში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა. პანდემიისას ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11-19-დან 15-24-მდე გაიზარდა. ექთნების 88.3%-ს პანდემიისას გაეზარდა სამუშაო დატვირთვა. სამუშაო დატვირთვის გაზრდაში პაციენტების რაოდენობის მატების პრობლემას ასახელებს გამოკითხულთა 56.4%. სამუშაო საათების გაზრდას _ 38.7%, შესვენების შემცირებას _ 35.4%, ანაზღაურების დაკლებას _ 20.3%.

ექთნების 65.8% არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. პანდემიისას კვირაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 54-68 საათიდან 76-92 საათამდე, ხოლო ცვლაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 15-21 საათიდან 16-29 საათამდე. მათი 77.1% მიიჩნევს, რომ ცვლა უნდა მოიცავდეს 12 საათზე ნაკლებს. მათგან 65%-ის აზრით, ცვლაში სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს. პანდემიისას ექთნის ოჯახის თვიური შემოსავალი საშუალოდ შემცირდა 528-913 ლარიდან 444-837 ლარამდე. აქვე დავძენთ, რომ ხელფასები არ გაზრდილა კერძო საავადმყოფოებში დასაქმებული ექთნებისთვის. ექთნების 99% დაბალ ანაზღაურებასა და შემოსავლის უკმარისობას ასახელებს 1 სამუშაო ადილზე მეტ ადგილას დასაქმების მიზეზად. აქედან გამომდინარე, მათი 39.7% მუშაობს ერთზე მეტ სამუშაო ადგილას.
ექთანთა 95.1%-ს ვალი აქვს აღებული. ვალების აღებისთვის 81.4% მიზეზად ასახელებს ხელფასის უკმარისობას, ხოლო 53.4% ვალს იღებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის და 33.8% ვალს იღებს სხვა ვალების გასასტუმრებლად. მისი თავისუფლად გასტუმრება მხოლოდ 9%-მა შეძლო. ექთნებს მიაჩნიათ, რომ ღირსეული ცხოვრებისთვის მათ საშუალოდ სჭირდებათ 1438-1845 ლარი თვეში.
უცნაურია, მაგრამ ექთნების ანაზღაურება განსხვავებულია დედაქალქსა და რეგიონებში. ექთნები ამბობენ, რომ თუ ისინი დედაქალაქში თვეში, საშუალოდ, 300-დან 400 ლარამადე ხელფასს იღებენ, განყოფილების მთავრი ექთნების ყოველთვიური ხელფასი 600-დან 850 ლარამდე მერყეობს, რეგიონებში ეს რიცხვები გაცილებით ნაკლებია. პანდემიამდე იყო შემთხვევებიც, მაგალითად, პანდემიის პირობებში ქობულეთის „ევექსის“ კლინიკაში მომუშავე სამი განყოფილების მთავარ ექთანს 300 ლარი ჰქონდა ხელფასი, ხოლო ჩვეულებრივ ექთანს ხელზე _ 144 ლარი. აღსანიშნავია, რომ იგივე სხვაობები შენარჩუნდა პანდემიურ პირობებშიც _ ხელფასის ზრდა 144 ლარიდან მხოლოდ 180 ლარამდე დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლინიკა წარმოადგენდა ცხელების ცენტრს და კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს იღებდა. კარგი იქნება, ამ ციფრებს ჯანდაცვის მინისტრი თუ გაეცნობა. ანდა დაინტერესდება იმით, თუ რატომ გრძნობენ თავს ექთნები დინოზავრებად…

ნეონატოლოგიური განყოფილების ექთანი და ბებიაქალი ქუთაისის „ევექსის“ კლინიკიდან: „თუ ხელფასები არ გაგვეზრდება, აღარ გვეყოლება კადრები. არაფერში მყოფნის ხელფასი. ტუალეტის ქაღალდისთვის არ არის საკმარისი, მართლა! აბა, ვისღა უნდა ექთნობა საქართველოში? არ ჯობია, მომვლელი გავხდე ან საერთოდაც, წავიდე ქვეყნიდან, რომ ოჯახმა ამოისუნთქოს?! ეჰ, ძნელია, ჩვენ არაფრად აღარავინ გვთვლის, მხოლოდ ფული ამოიღონ პაციენტებისგან და ჩვენგან და სულ არ ვანაღვლებთ არავის. გავწყდებით. დინოზავრებივით ვართ ეს ექთნები. ხელფასი თუ არ იქნება, არც პრესტიჟი ექნება. „წითელ წიგნში“ ვართ შესატანი, გადაშენების პირას ვართ და ვირუსმა და პანდემიამ სულ გაგვწყვიტა“.

თამარ როსტიაშვილი