რუსი ტურისტები და საქართველო
საქართველოში ზომაზე მეტად უფრთხილდებიან რუს ტურისტებს.
მათი რაოდენობის შესაძლებელი შემცირება საერთო ეროვნულ კატასტროფად და წარღვნად მიიჩნევა.
არ უფრთხილდებიან რუსებზე არანაკლებად შეძლებულ და მხარჯველ ირანელებს _ მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან ღია დისკრიმინაციული ნაბიჯები არავის აღელვებს; არც ინდოელი მოქალაქეების მიმართ აშკარა ქედმაღლური დამოკიდებულება, რომელიც ქვეყანას სწრაფად ზრდად 1 მლრდ.-იან ბაზარს აკარგვინებს და არც ჩინეთთან გაუგებარი და სრულიად არარაციონალური სავიზო რეჟიმი.
ირანი, ინდოეთი და ჩინეთი _ ეს ტურისტული ბაზრებია, რომლებსაც არა ათწლეულებში, არამედ უკვე დღეს რუსული ბაზის ჩანაცვლება ადვილად შეუძლიათ. ქვეყანა ამ უზარმაზარ პოტენციალს შეგნებულად არ იყენებს, სამაგიეროდ, საკმარისია რუსულ ტურისტულ ნაკადებს რამე, თუნდაც თეორიული საფრთხე დაემუქროს, მთელი ქვეყანა პანიკაში ვარდება, _ არიქა რუს ტურისტებს ვკარგავთ!
ისე არ გამიგოთ, რომ რუსი ტურისტების წინაამღდეგი ვარ _ არავითარ შემთხვევაში. თუმცა ყველასთვის ცნობილი პოლიტიკური თავისებურებების გამო, ეს ბაზარი პრიორიტეტული არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. რუსი ტურისტი კარგია, ოღონდ მას შემდეგ, რაც სრულად იქნება ამოწურული სხვა დიდი ბაზრების პოტენციალი. მათ შორის იმ ქვეყნების, რომლებსაც ქართველი მათხოვრები, რატომღაც, საკუთარ თავზე ნაკლებად მიიჩნევენ _ მაგალითად, ირანს, ინდოეთს, ჩინეთს, არაბულ ქვეყნებს.
თავისთავად იმ ფაქტში, რომ ქართველი ობივატელი მაინცდამაინც რუს ტურისტებს მისტირის, არის რაღაც კოლონიალური _ ისევე როგორც კაბო-ვერდელი სეზარია ევორა აფრიკული ნოსტალგიის პორტუგალიურ სიმღერებს ასრულებს.
თუმცა სხვაობა _ კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ გნებავთ, ადამიანური რუსეთსა და საქართველოს შორის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პორტუგალიასა და კაბო-ვერდეს შორის.
კარგით, ამას თავი დავანებოთ _ ქვეყანას, რომლის მთავარი ფასეულობაც ელარჯია, ძნელია მაღალ მატერიებზე ესაუბრო.
თუმცა ამ საკითხს პრაქტიკული კუთხით შევხედოთ _ საკმარისია თუ არა მართლაც, მაგალითად, პოზნერის გაგდება იმისთვის, რომ პოტენციურმა რუსმა ტურისტმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვას?
ასეთი ინციდენტი ხომ ბევრი იყო და კიდევ მრავალი იქნება _ რამდენად საშიშია მსგავსი ფაქტები საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის?
საშუალოსტატისტიკური ქართველი ამ დროს ასეთ აზრობრივ კონსტრუქციას აგებს: რუსეთის მოსახლეობის 85% პუტინის მხარდამჭერია, პოზნერი პუტინის პროპაგანდისტია, შესაბამისად, მის წინააღმდეგ ქმედებები პუტინის წინააღმდეგ ქმედებებია. დასკვნა: რუსების 85% საქართველოში ჩამოსვლაზე უარს იტყვის.
პრიმიტიული ლოგიკაა, რომელიც მარტივ დასკვნებს მიჩვეული მამაპაპური „გრუზინებისთვის“ სრულიად ბუნებრივია.
სინამდვილეში, ასე შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომელიც რუს ხალხს საერთოდ არ იცნობს _ ან მხოლოდ რესტორნის, ხინკლისა და მწვადის დონეზე იცნობს.
რეალურად კი რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას მხოლოდ ერთი ფაქტორი უშლის ხელს (რასაკვირველია, პანდემიის გარდა) _ ეს არის საავიაციო მიმოსვლის აკრძალვა, ანუ ფიზიკური დისკომფორტი და ფინანსური დანახარჯები.
არავითარი პროპაგანდა „საშიშ საქართველოზე“, არავითარი გაბუნიას მხრიდან პუტინის დედის გინება და სხვა მორალურ-პოლიტიკური ფაქტორები ამ შემთხვევაში არ მუშაობს.
ეს გაუგებარი იქნებოდა, საუბარი რომ იყოს, მაგალითად, გერმანელებზე ან ინგლისელებზე. მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივია რუსებისთვის.
საქმე ის გახლავთ, რომ, რეალურად, 2 რუსეთი არსებობს _ ოღონდ არა შევარდნაძისეული გაგებით, არამედ სულ სხვა კუთხით. 2 რუსეთი: ერთი არის კოლექტიური, მეორე _ ინდივიდუალური.
კოლექტიური რუსეთი ევროპას მტრად მიიჩნევს, როგორც შეუძლია ისე ებრძვის, აგინებს, და მასთან გამიჯვნას ცდილობს. ამავე დროს, ინდივიდუალური რუსი დასასვენებლად ევროპა-ამერიკაში დადის, მისი შვილები იქ სწავლობენ და ცხოვრობენ. როდესაც ინდივიდუალური რუსი თავისი სახელმწიფოთი უკმაყოფილებას გამოხატავს, ის მას „ნორმალურ ქვეყნებს“ ადარებს. და ეს „ნორმალური ქვეყნები“ არც ირანია და არც ჩრდილოეთ კორეა.
კოლექტიური რუსეთი საკუთარ თავს აზიურ ცივილიზაციად მიიჩნევს და ჩინეთთან მეგობრობაზე ოცნებობს. ინდივიდუალური რუსი ყოველდღიურ ცხოვრებაში ევროპელია (გაცილებით მეტად, ვიდრე _ ქართველი), საკუთარ თავს ევროპულ ცივილიზაციასთან აიგივებს და ჩინეთს ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს.
კოლექტიური რუსი პუტინზე ლოცულობს, ინდივიდუალური რუსი მთავრობას არ ენდობა და მის პროპაგანდას, ძირითადად, ტყუილად მიიჩნევს.
კოლექტიური რუსი დასავლეთის კულტურას ანტირუსულად მიიჩნევს, ინდივიდუალური რუსი კი დასავლურ მუსიკას უსმენს, ამერიკულ ფილმებს უყურებს და ჰოლივუდის სიახლეებზე საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული.
ინდივიდუალური რუსი მზადაა, საკუთარი თავის ნაწილი კოლექტიურ რუსს დაუთმოს, თუმცა მანამ, სანამ ეს პირად სივრცეს არ შეეხება.
კოლექტიური რუსისთვის საქართველო მტერი და ამერიკის აგენტია, ქვეყანა, სადაც რუს ჟურნალისტებს დევნიან და მიტინგებზე რუსეთს აგინებენ. ინდივიდუალური რუსისთვის საქართველო არის საინტერესო და რაც მთავარია, იაფი ქვეყანა, სადაც კარგად შეიძლება დროის გატარება.
ვერავითარი პოზნერი და გავრილოვი ამ რუსულ თავისებურებას ვერ შეცვლიან _ კოლექტიური რუსი ქართველების ქცევას გააკრიტიკებს, ინდივიდუალური კი _ როგორც ჩამოდიოდა თბილის-ბათუმში, ისევე ჩამოვა.
თუ, რა თქმა უნდა, რუსეთმა საავიაციო მიმოსვლის გარდა სახმელეთოც არ აკრძალა… მაგრამ ეს უკვე სულ სხვა საქმე იქნება.
თენგიზ აბლოთია