რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. 

დიდმა პალატამ გადაწყვეტილება ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა. 

“სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.

გიორგი საკარული