რუსეთის პირველი დიპლომატები და საქართველო _ „шенгенацвале“ დიპლომატია
ევგენი პრიმაკოვი, იგორ ივანოვი და სერგეი ლავროვი _ ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ თბილისსაც და თბილისელებსაც; ქართველებსაც, მათ ტრადიციებსაც და ეროვნულ-ტრადიციულ თვისებებსაც.
„თუ საქართველოში გიცხოვრიათ, მიღებული ხართ“, _ როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნისას გასაუბრებაზე მხოლოდ ამ კითხვას უსვამენ. აბა, რა ვიფიქროთ, თუ ოთხიდან სამი მინისტრი საქართველოში ცხოვრობდა?
ევგენი პრიმაკოვი _ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი. რიგით მეორე მინისტრი ამ პოსტზე 1996-1998 წლებში. დაიბადა კიევში. ამას სრულიადაც არ შეუშლია ხელი ბავშვობა თბილისში გაეტარებინა. დედამისი _ ანა პრიმაკოვა, როგორც კი კიევში ბავშვი გააჩინა, თბილისში მშობლების სახლში დაბრუნდა და თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში გინეკოლოგად განაგრძო მუშაობა.
მოგვიანებით კი თბილისის ტრიკოტაჟის კომბინატის ქალთა კონსულტაციის ექიმობას მიჰყო ხელი. ეს „ჩვენი“ ევგენი კი ამ დროს „პლეხანოვზე“ იზრდებოდა. ქართველები, ქურთები, სომხები, ებრაელები, პოლონელები, გერმანელები, რუსები და, უბრალოდ, „პლეხანოველი კაი ბიჭები“ იყვნენ მისი ბავშვობის მეგზურები.
ამბობენ, სომხურადაც და ქართულადაც მშვენივრად ლაპარაკობდაო. ვის რა აწყენინა ოჯახში, უცნობია, მაგრამ სკოლისთვის რომ მარნეულელ „ბაჯებს“ გადაულოცეს, ფაქტია. 7 კლასი იბაჯბაჯა მარნეულში და, როგორც ჩანს, აზერბაიჯანულიც კარგად შეისწავლა.
ისევ ვიღაცის მონდომებითა და ძალისხმევით, 1944 წელს, ბაქოს სამხედრო-საზღვაო სკოლის კურსანტების მოსამზადებელ სასწავლებელში ამოჰყო თავი. პრაქტიკას სასწავლო ხომალდ „პრავდაზე“ გადიოდა. ორი წელი გავიდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მომავალი კომისარი გააკომისიეს და უთხრეს, _ წადი, ტუბერკულოზს მიხედეო.
დაუბრუნდა თბილისს. 1948-ში მე-14 ვაჟთა საშუალო სკოლაც დაამთავრა. პედაგოგები ამბობდნენ, მათემატიკა და ენები უყვარდაო. როგორც ჩანს, ამ ენებში განსაკუთრებით _ რუსული. ამიტომაც დაამთავრა თუ არა სკოლა, სასწრაფოდ რუსეთში გადავიდა და იქ გააგრძელა სწავლა. მანამდე კი მოასწრო და თბილისში, პოლიტექნიკურის სტუდენტ, ვინმე საბჭოთა გენერალ მიხაილ გვიშიანის შვილზე _ ლაურა ხარაძეზე იქორწინა.
იგორ ივანოვი _ რუსეთის ამ მინისტრმა საქართველოში არა მარტო ბავშვობა გაატარა, არამედ ნახევრად ქართველიცაა. ელენა (ელიკო) საღირაშვილი _ საქართველოს მკვიდრი, „გაის“ თანამშრომელი, შვა ივანოვი 1945 წლის 23 ნოემბრის თვეს.
ექვს წლამდე დედის მშობლებთან, საქართველოში ცხოვრობდა. კახეთში, ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობაში გაატარა ბავშვობა. იმედია, აქ ბევრი კარგიც ისწავლა, რადგან მინისტრობისას ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ისიც კი თქვა, _ საქართველო მიყვარს, რადგან ნახევრად ქართველი ვარო. გარდა იმისა, რომ ბათუმიდან ასლან აბაშიძე წაიყოლია, ბევრით არაფრით დაუმახსოვრებია ჩვენთვის თავი;
სერგეი ლავროვი _ იმაზე, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაური სერგეი ლავროვი თბილისური წარმოშობისაა, თითქმის ყოველი მეორე თბილისელი ჭორაობს. სერგოს ოფიციალურ ბიოგრაფიაში კი წერია, რომ ისაა რუსეთში დაბადებული და არის რუსი. შეხედავ სახეზე და, ალბათ, „დაუჯერებ“, მაგრამ… არ სჯერა ამ ქართველ კაცს არაფერი ლავროვის ნალაპარაკები და, მით უმეტეს, ქაღალდზე ნაწერი.
რუსის ნაწერია და იმიტომაც არ იჯერებს, თორემ ქართველი ჟურნალისტები ისეთივე ქაღალდზე წერენ: აქ, ავლაბარში, არარატის ქუჩაზე ცხოვრობდაო. არა მარტო ცხოვრობდა, 93-ე სკოლაში, ახლანდელ 84-შიც სწავლობდაო.
თბილისელი სომხების დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი ვან ბაიბურთიც იგივეს გვიმტკიცებს, _ კი, ერევნის ქუჩაზე ცხოვრობდაო. აქვე სწავლობდაო, არ უთქვამს, ალბათ, იმიტომ, რომ სკოლამდელ ასაკშივე გადავიდნენ მისი მშობლები „სანუკვარ“ რუსეთში. ჩემი მხრიდან იმასაც დავამატებ, რომ მეც მსმენია მისი ტბილისელობის შესახებ _ ეგო ჰავლაბრელი კალანტაროვიაო. ჯვრის მამასთან, ერთი ავლაბრელი სომეხი „საპოჟნიკი“ ჟორა „საპოჟნიკობს“, ეგ მიმტკიცებდა, _ ასეაო.
თუმცა თავისი პირით აქვს ლავროვს ნათქვამი 2005 წლის თებერვალში ერევნის სლავურ უნივერსიტეტში სტუმრობისას, როცა სტუდენტებმა ჰკითხეს, _ მინისტრობაში სომხური წარმომავლობა ხელს ხომ არ გიშლითო? სერიოგამ უპასუხა: მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ რომ მამაჩემი იქიდან იყო, ჩემში მხოლოდ სომხური სისხლი ჩქეფს და სხვა არანაირიო და ეს სისხლი მე არაფერში ხელს არ მიშლისო. „მე არ მიშლისო“, _ თქვა კაცმა. არც პუტინს უშლის, როგორც ჩანს და არც რუსეთის მოსახლეობას და ჩვენ რაღად ვიდარდოთ? თუ ვიდარდოთ? იქნებ, ქართულსისხლმჩქეფარეთა უსისხლობა უფრო გვედარდა?
„шенгенацвале“ დიპლომატია
სრულიადაც არ გამიკვირდება, თუ რუსეთის ფედერაციის მომავალი რომელიმე მინისტრი, ვინმე ისევ საქართველოში ნაცხოვრები, ან, სულაც, ქართველი იქნება. აბა, ქართულ მამაპაპურ ტრადიციას ხომ არ დავარღვევთ? და, კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც არც რუსულ ტრადიციას აკლია ქართველების მეთაურობა რუსეთში, ასე რომ…
თეიმურაზ ხუნდაძე