კავკასიურ ფანჯრებში დანახული ევროპა

რუსეთი „სამ დურაკის“ პრინციპით ცხელსისხლიანი კავკასიელების ერთმანეთის წინააღმდეგ მიქსევაზე მუშაობს

 

დღევანდელი კავკასიური რეალობა კრილოვის ცნობილი იგავის სიუჟეტს უფრო ჰგავს. თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტ აფგან მუხთარლის თავხედურმა გატაცებამ და სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემამ ჩვენი ხელისუფლების ევროპულობაზეც დიდი ეჭვები წარმოშვა. მაინც, საით მიექანება სამხრეთ კავკასიის ფეთქებადსაშიში რეგიონი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თბილისისა და ბაქოს (სტრატეგიული პარტნიორების) ერთგვარ შედარებით ანალიზს მივმართოთ და ეს ყველაფერი, შეძლებისდაგვარად, ევროპულ შუქზე განვიხილოთ.

 

თბილისი-ზაქათლის (აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი) დილის სამარშრუტოზე ვაგვიანებ და ლაგოდეხს მივყვები. მანქანის სალონი რვეულებითა და სხვადასხვა სასკოლო ნივთითაა სავსეა. პროფესიით მასწავლებელს რაიონში გასაყიდად მიაქვს, _ ამით ვშოულობ საარსებო ერთ-ორ ლარს, აბა, მიზერული ხელფასი როგორ ვიმყოფინოო? _ შემოგვჩივის.

შუა გზაზე, ბარჯისხევის გაჩერებაზე, ერთ ლარად ფქვილისგან, შაქრისგან და წყლისგან გაკეთებულ „ჩურჩხელას“ ვყიდულობ. არა უშავს, გემო ხომ მაინც ნამდვილი ჩურჩხელის აქვს. აქ ასეთი მშიერი და მუცელჩავარდნილი ადამიანის ოთხფეხა მეგობრები მე ჯერ არ მინახავს. იქვე გაბრაზებული მეხაჭაპურე ათი წუთით ჩამომხტარ მგზავრებს წინამდებარე სკამებიდან დევნის, _ პროდუქტს სხვაგან ყიდულობთ და ჩემს სკამზე კი დაბრძანდებით, ნურას უკაცრავადო.

_ საკუთარ თავს მაინც პატივი ეცით და იქნებ, ცოტა ტონი შეარჩიოთ-მეთქი, _ აი, შენ ვინღა გეკითხება, როცა სხვებს ვეჩხუბებიო. _ ესენიც ჩემთან არიან, _ არ შევეპუე. _ ჰოდა, მაშინ შენც ამათთან ერთად გაიარეო, _ მომიგო და მგზავრებისგან გამოთავისუფლებულ გრძელ სკამზე მიინაბა.

მძღოლმა საზღვრამდე (სულ 3-4 წუთის სავალია) 5 ლარი დამიმატე და მიგიყვანო, _ არადა, თბილისში ამაზე კრინტიც არ დაუძრავს. ქართული მხარის ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სტანდარტებით არის მოწყობილი, მაგრამ აქაური პატრულ-მესაზღვრეების მოუმზადებლობა თვალში საცემია. 17 წლის მოზარდს ერთ-ერთი მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა აქვს უცხოეთში გამგზავრებაზე, მაგრამ ადგილზე ვერ ერკვევიან. არასრულწლოვნის თანმხლები ეუბნება, რომ დილიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამაზე კონსულტაცია გაიარა და თუ რამეში დარწმუნება სჭირდებათ, თავადაც შუძლიათ იქ გადარეკონ და ორ წუთში აუხსნიან, როგორ უნდა მოიქცნენ. _ არაო, საბუთები ჯერ უფროსს უნდა ვანახოთო, _ ბეჭედჩარტყმულ პასპორტს მხოლოდ 20-25 წუთის შემდეგ აბრუნებენ.

ამას წინათ აქ რუსეთის მოქალაქე ქართველს წვერი გააპარსვინეს და ისე გადმოუშვეს საქართველოში, აქაოდა, „ბოევიკს“ ჰგავხარო.

მეორე: ზაქათლის რაიონის მკვიდრს მესამე წელია, საზღვარზე არ ატარებენ და მას თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ვერ დაუმთავრებია. მოტივი, _ რაღაც წამს მისი ქცევა არ მოეწონათ.

აზერბაიჯანულ მხარეს გაშენებული ინფრასტრუქტურის ერთადერთი დანიშნულება მგზავრების გაწვალებაა. ჩანთებით იძულებითი ვარჯიში აქ გარანტირებული გაქვს, რადგან თითქმის კილომეტრიანი გზა ფეხით უნდა გაიარო. ყოველი ასეთი გადასვლა საბჭოურ „მარშ-ბრასოკს“ გახსენებს გამომდინარე შედგებით, _ ჭიროფლით, დაღლით, აქლემისებრი ამტანობის გამოჩენით. აქედანაც კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ადამიანისთვის არ უქნიათ. მთელი სასაზღვრო ქალაქი ისეა მოწყობილი, რომ ყველას აქვს ღირსეული ადგილი (მესაზღვრე-ბებაჟე-სანიტრებს, მსუბუქ მანქანებს, ტრაილერებს და მისთ.), რიგითი მგზავრის გარდა. კუთხეში ისეთი ვიწრო გადასავლელია დატოვებული, რომ ხელჩანთებით ორი ადამიანი ერთად ვერ ეტევა. გვერდზე სხვა დანარჩენისთვის უზარმაზარი სივრცე არის გამოყოფილი.

მეორე მხარეს ტაქსის ზაქათლამდე ვქირაობ. გზად მეუბნება, რომ აქ ნორმალურად ცხოვრება შუძლებელია, _ ვინმე თუ რამე თვალში საცემს აკეთებს, ისიც საზღვარგარეთიდან, ძირითადად, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოტანილი ფულით, ჩვენი ხალხი ევროპასა და ამერიკაში წასვლასაც ძნელად თუ ახერხებსო. წუთს არ აცდენს, რომ პერმანენტულ უფულობასა და მძიმე ყოფაზე მესაუბროს. წინასწარი მოლაპარაკება თექვსმეტ მანათზეა და გადახდისას ოცს მთხოვს, _ რატომ, წინასწარ ხომ შევთანხმდით, მთელი ცხოვრება აქ დადიხარ და გზაც არ გესწავლება-მეთქი. _ არა, შემეშალა და 4 მანათი დამიმატეო. აქ კი მივხვდი, მთელი გზა თავის შეცოდებას რატომ ცდილობდა. დათქმული 16 მანათით გავისტუმრე და უკანა გზაზე ერთი-ორი „ტკბილი სიტყვაც“ „საგზლად“ გავატანე.

იქითა მხარეს ფართო გზების დაგება მიმდინარეობს. ამბობენ, რომ ამით „დიდ აბრეშუმის გზაზე“ მანძილს ამოკლებენ, მაგრამ რეალური მიზანი უცნობია. საგულისხმოა, რომ ქართულ მხარეს მსგავსი ნაბიჯები არ შეინიშნება. მეორე მხარეს კი აქტივობა დედოფლისწაროს მიმართულებითაა, რომელიც დღემდე სათანადოდ არ გამოიყენებოდა. გზა უხარისხოდ კეთდება (როგორც ჩვენში), ჯერ ასფალტი არც დაგებულა და დიდმა ნალექმა გზა რამდენიმე ადგილას ჩაანგრია, რადგან გრუნტი სათანდოდ მომზადებული არ ყოფილა. ცხადია, ამაზე დიდძალი კორუფციული ფული კეთდება, ისევე როგორც ეს დღევანდელი სამწუხარო ქართული რეალობაა.

წელს ზაფხულში აქაც გვალვა იყო. რეგიონის სავიზიტო ბარათის, თხილის საშუალო მოსავალი მოვიდა, ფასი წინა წელთან შედარებით ნაკლებია _ 2.70 მანათი. შარშან ამ დროს 5.50-მდე ავიდა. ამას წინათ რეგიონში პრეზიდენტი ალიევი ვიზიტით ყოფილა და გზად გლეხისთვის უკითხავს, _ თხილი 10 მანათი ხომ ღირსო? დიახ, ბატონოო, _ უპასუხა, თურმე, შეცბუნებულმა ადგილობრივმა, _ ძალიან კარგია, ძალიან კარგი, _ იყო პრეზიდენტის პასუხი. ამ დროს წელვანდელი მაქსიმუმი 2.70 მანათს არ გასცდენია.

თხილი ამ რეგიონში, დაახლოებით, იგივეა, რაც კახელი გლეხისთვის ყურძენი, რომელსაც ეს უკანასკნელი დღეს ლარადაც კი ვერ ყიდის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გლეხებს ხუთი წლის წინათ ჰპირდებოდა, რომ მინიმალური ფასი ლარი იქნებოდა და ის მუდმივად გაიზრდებოდა. მეხუთე „ბრწყინვალე წელიწადს“ კი რქაწითელის საფასური, სახელმწიფო დანამატთან ერთად, 70 თეთრს ვერ გასცდენია.

ნავთობის ფასის შემცირების ფონზე, აზერბაიჯანის მთავრობა სპეციალური სახელმწიფო პროგრამით ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას ცდილობს. მაგალითად, მეაბრეშუმეობის აღდგენას, _ 5 მანათს ადგილობრივი ჩამბარებელი პუნქტი მოგცემთ და დანარჩენ ხუთ მანათს სახელმწიფო გადაგიხდითო. პუნქტისგან მიიღეს, ხოლო შეპირებული მეორე ნახევარი თვალით არავის უნახავს. შესაბამისად, მთავრობის ოპერაცია „აბრეშუმის ჭია“ ჩანასახშივე მკვდარი აღმოჩნდა.

ეს, დაახლოებით, იმ ოპერიდანაა, საქართველოში სამამულო ბაყაყების ექსპორტით „დიდი ფული“ რომ უნდა შემოსულიყო, სხვა ეგზოტიკური დარგების განვითარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აღმოჩნდა, რომ ეროვნული წარმოშობის ბაყაყები კი არა, ყურძენი და ციტრუსი ვერ გაგვიყიდია წესიერად.

ჩვენ მეზობლად ასევეა საბჭოეთის შემდეგ მივიწყებული მეთამბაქოება. გზის პირას ჩანს ზაფხულის ხვატისგან გადამწვარი თუთუნი, რომლის ფოთლისგანაც სიგარეტი ვერაფრით გამოცხვება.

რესპუბლიკაში ხელფასი-პენსიები პერიოდულად რადენიმე მანათით იზრდება და იმასაც განგრძობადი ინფლაცია ჭამს. აქაც პარალელი ხომ გეცნობათ? ბოლო წლებია, საქართველოში პენსია შესამჩნევად აღარ გაზრდილა და „ოცნების“ მამების განცხადებით, ეს არც მომავალ წელს იგეგმება. ხოლო ლარი როგორ დაეცა ბოლო წლებში, ამაზე საუბარი აქ არ გვჭირდება.

აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები ამაყად აცხადებენ, რომ მათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, სხვადასხვა დარგში (მათ შორის, სოფლის მეურნეობაში) ევროკავშირის დონორობა არ სჭირდებათ. სიტყვა-სიტყვით მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლის მსგავსი განცხადება იმ ფონზე, როცა ადგილობრივი გლეხი სულს ღაფავს და ხმა კი ვერ ამოუღია.

რიგითი მოქალაქეები სავსებით ეთანხმებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ ევროპული დახმარება, ევროპული ფასეულობები არაფერში სჭირდებათ, რადგან ამის გარეშეც კარგად არიან. მთავრობაში უმეტესობა, ჯერ კიდევ, მამა ალიევის დროინდელი მინისტრები მუშაობენ, რომლებიც წასვლას არსად ჩქარობენ. ქვეყნის პირველი ვიცე-პეზიდენტი ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევაა. ხალხში მოლა ნასრედინისებურად ოხუნჯობენ, _ აქამდე პრეზიდენტს მეჰრიბანი ცოლი ეგონა და თურმე გვერდით ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰყოლიაო.

იშვიათი, საჩვენებელი დაკავებებისას ჩინოვნიკების ფულსა და სხვა სიმდიდრეს წონით ანგარიშობენ. ერთჯერადი აქციების შედეგი ნულოვანია, რადგან სახელისუფლებო ვერტიკალი თავიდან ბოლომდე კორუფციაში იხრჩობა და ხსნა არსაიდან ჩანს. ოპოზიციის აქტივობა ფრაგმენტულია და მუდმივი დაკავებებით, შიდაპატიმრობებით სრულდება; ხოლო რაიონებში ოპოზიციის აქტივისტებს იჭერენ, კარგად „ამუშავებენ“ (თუ ისევ იაქტიურებ, ციხეში გაგიშვებთ და ცხოვრებას საბოლოოდ გაგიფუჭებთო) და უშვებენ, რის შემდეგაც ისინი შიშით ხმას ვეღარ იღებენ.

დღევანდელ თბილისში ის განსხვავებაა, რომ ოპოზიცია თამამად გამოდის საპროტესტო აქციებზე, მაგრამ შედეგი აქაც მინიმალურია. მართალია, სისხლიანი დარბევები აღარ არის, დაკავებული აქტივისტების ცემა-ტყეპით შემოიფარგლება, მაგრამ ხელისუფლებისთვის ოპოზიციის პროტესტი კედელზე ნაცრის შეყრაა. ერთ ლარად არაფორმალურ მმართველს დედაქალაქის ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორიას ისე გადასცემენ, რომ ხელიც არ უკანკალდებათ. ხომ გეცნობათ აქაც პარალელი? მთელი ოპოზიცია, წამყვანი არასამთავრობო სექტორი ამის წინააღმდეგია, მარამ ივანიშვილის ქარავანი გზას აგრძელებს. რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ალიევისმაგვარი „პრეზიდენტის“ პოსტი, ან მეუღლე პირველ ვიცე-პრეზიდენტად, როდესაც ამ ქვეყანაში ისედაც მთელი მთავრობა, ჩინოვნიკური აპარატი და კლასიკად ქცეულ ყვარყვარე თუთაბერს თუ დავესესხებით, „ყველა პარტია“ მასვე ეკუთვნის?

ერთადერთი აზერბაიჯანული ოპოზიციური არხი „აენეს-ი“ გაამერიკელებულ თურქთან, ფეთულა გიულენთან „კავშირების“ გამო დახურეს. ეს მხოლოდ ერთი სატელევიზიო ინტერვიუს გამო მოხდა. ოპოზიციური არხი არ არსებობს, ხოლო პრესის რაიმე გავლენაზე საუბარიც არ ღირს.

ესეც არ გახსენებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეპოპეას, როდესაც „ანაკონდასებური მოხრჩობის“ ერთადერთი რეალური მოტივი ექსპრეზიდენტთან კავშირები იყო და არის? აი, აქ კი გაიჭედნენ და იმედია, სამუდამოდ. და ამ ბრძოლაში ვინ უშველა ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ არხს, ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას? ისევ ევროპამ, მისმა ძლიერმა ინსტიტუტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახით. აი, სად მოიჭრა თავისივე ტოტი არაფორმალურმა მმართველობამ, როცა, თავის დროზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა და ამით ინტეგრაციის შუქცევადი პროცესი დაიწყო. აზერბაიჯანის საზოგადოება კი, ამ მხრივ, ცოტა უკან დარჩა და იმედია, ეს ჩამორჩენა დიდხანს არ გაგრძელდება.

ერთადერთი, იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღება სურთ და ამისთვის „სერიოზული მოლაპარაკებისთვის“ ემზადებიან. თუმცა ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ამაზე ვერაფერს აზუსტებენ.

აზერბაიჯანული საზოგადოება კი ძალიან კარგად ხვდება, რას ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოება, უვიზო რეჟიმი და ა. შ. იცით, რას ამბობენ რიგითი მოქალაქეები? _ ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი, საერთო ევროპული სპორტული თამაშები და არაერთი დიდი მასშტაბის ღონისძიება ჩვენ ჩავატარეთ რესპუბლიკაში და ევროპაში უვიზოდ მაინც ქართველები და უკრაინელები დადიანო. სოციალური ქსელები ფოტოებითაც ააჭრელეს, სადაც ჩანს, რომ პუტინის ორმოდან ქართველი რის-ვაივაგლახით თავის დაღწევას ახერხებს, ხოლო სომეხი და აზერბაიჯანელი ორმოს ფსკერზე ისევ პუტინის ცალ-ცალ ჩექმას ეჯაჯგურება.

ამის სიმბოლო კი მთიანი ყარაბაღის დაუსრულებელი კონფლიქტია. პუტინის ხელისუფლება ორივე მხარეს აქტიურად აფინანსებს და თან ეუბნება, დასავლეთისკენ გაიხედებით და ბოლომდე დედა გეტირებათო. ამიტომ დღეს ორივე რუსეთის „სტრატეგიული პარტნიორია“. კავკასიაში „მართვადი ქაოსის“ პოლიტიკა გრძელდება და საქართველოს გამოცდილებით, აქაც რაც უფრო მეტი კავკასიელი დაიღუპება და ერთმანეთს გაამწარებს, აბა, გამოიცანით, მოგებული ვინ დარჩება?

ბოლო შეტაკებები ყარაბაღის ფრონტზე სისხლიანი გამოდგა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. სომხეთის პრეზიდენტმა ამაზე განაცხადა, რომ ბაქოს ყოველი დაბრუნებული მეტრი ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე დაუჯდაო. მანამდე, ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მზარდი შიდაპრობლემებისგან ყურადღების გადასატანად პრეზიდენტი ალიევი იძულებით სომხურ საოკუპაციო ძალებს „დაარტყამდა“, ისე აგიხდათ ყველაფერი. რიგით მოქალაქეს კარგად ესმის, რომ კორუმპირებული მთავრობა ყარაბაღის პრობლემას ღირსეულად ვერ გადაჭრის, მხოლოდ „განტევების ვაცად“ სჭირდება შიდა სირთულეების მუდმივად ფრონტის ხაზზე გადასაბრალებლად.

ჩვენ აქაც ევროკავშირი გვიდგას მხარში, რომლის წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ. საქართველოს ხელისუფლებას კი ისიც ვერ მოუხერხებია, რომ წლების განმავლობაში დამპყრობლები კიდევ უფრო აქეთ, ქვეყნის სიღრმეში არ გადმოუშვას. მაგრამ კონფლიქტის ხაზზე ადამიანები ყოველდღე რომ არ იჭრებიან და იღუპებიან (როგორც ეს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ხაზზე ხდება), ესეც ჩვენი ევროპელი, დასავლელი მეგობრების დამსახურებაა.

წითელი ხაზი მაინც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე გადის. აზერბაიჯანის მთავრობა ევროკავშირის, დასავლური სტრუქტურების  მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. შედეგად, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის მუშობაში ხელს შეშლა, დაკავებები გრძელდება. ის კი არა, ალიევის მთავრობა ცალკე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს და ერთგულ ჟურნალისტებს გადასცემს; ხოლო განსხვავებულად მოაზროვნეებს, მაგალითად, თბილისიდან გატაცებულ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის თითიდან გამოწოვილი ბრალდებით ბაქოს დილეგში ამწყვდევს.

ამიტომ ამ საკითხში „თანამშრომლობა“ ქართული მხარისთვის სამარცხვინო ლაქად რჩება. მუდმივმა თვალთვალმა, თავშესაფრის არმინიჭებამ ის შედეგი მოიტანა, რომ მუხთარლის მეუღლემ, ლეილე მუსტაფაევამ, შვილთან ერთად საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა. აქაც ბებერი კონტინენტი იტვირთავს საკუთარ თავზე დევნილი ჟურნალისტის ოჯახის ფიზიკურ გადარჩენას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელები კი, მშრომელი, მადლიერი ხალხია და აღნიშნავენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მუხთარლის „თხასავით გაყიდვაზე“ ხმა აღიმაღლა და საკუთარი მთავრობა დამსახურებული კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ისინი იმაზეც ძალიან წუხან, რომ ამ თალსაზრისით თანამედროვე აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ხმა თითქმის ბოლომდე ჩაწყვეტილია.

მოსაზღვრე რეგიონების მოქალაქეები უმაღლესებში სასწავლებლად და სამედიცინო დახმარების მისაღებად ასევე საქართველოში, ძირითადად, თბილისში ჩამოდიან. ესეც იმიტომ, რომ აღნიშნულ სფეროებშიც იქ კორუფცია ყვავის და პროფესიონალიზმის მაჩვენებელი დაბალია. ის მაინც იციან, რომ საქართველოში კონკრეტული, დაწესებული გადასახადებია და ამაზე მეტს მათ „ლევად“ არავინ მოსთხოვს, როგორც ეს სამშობლოში ხდება. ამ რეალობის გამო, პროფესიონალები არ რჩებიან ადგილზე და უცხოეთში გარბიან პროფესიული რეალიზებისთვის.

სწავლას რაც შეეხება, აზერბაიჯანში ლექტორებს მხოლოდ ფული აინტერესებთ და სტუდენტის განათლების მაჩვენებელი ეშმაკსაც წაუღია. კონკრეტულ ჩათვლასა თუ გამოცდაზე წინასწარ დაწესებული ზორბა ნიხრებია და კაი დედმამიშვილი ხარ, პატიოსნად თუ არ გადაიხდი. დღესაც ლეგენდები დადის ბაქოურ ინსტიტუტ-უნივერსიტეტებში გამეფებულ აღებ-მიცემობასა და კორუფციაზე. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ნეპოტიზმის ივანიშვილისებური „ქართული ფესვების“ არ იყოს, აზერბაიჯანშიც ეს სიმახინჯე „ღრმად ნაციონალურ“ ნიშან-თვისებად მიაჩნიათ, რომლის ამოძირკვაზეც ფიქრიც კი ზედმეტია, არათუ საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა.

ეს დაახლოებით იმ „ოპერიდანაა“, რუსეთში რიგით „მუჟიკს“ სისხლხორცეულად რომ სჯერა, _ რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა და აქ გამეფებული კორუფციის აღმოფხვრა ყოვლად შეუძლებელი რამ არისო. ასეთმა განწყობამ ნოყიერი ნიადაგი შუქმნა იმას, რომ, თავის დროზე, ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი დღისით-მზისით მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს, ხოლო კორუფციის წინააღმდეგ კიდევ ერთ მებრძოლს, ალექსეი ნავალნის, დღე და მოსწრება შინაპატიმრობაში ამყოფებენ.

ყველა დონეზე კორუფცია და მექრთამეობა არც ქართველებს ესწავლებოდათ სხვებისგან, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მთავრობის მიერ ზემოდან გამოჩენილმა რადიკალურმა ნებამ სასწაულები მოახდინა. დღესაც საქართველოში მხოლოდ ელიტურ კორუფციაზე ვსაუბრობთ, როდესაც სახელმწიფო ტენდერების გადანაწილება, ძირითადად, პირდაპირი მიყიდვის გზით, უკონკურსოდ, ისევ მთავრობის პოლიტიკურ მომხრეებსა და თანამებრძოლებზე ხდება. თორემ უმაღლეს სასწავლებლებში, პოლიციაში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვაგან კორუფცია რომ წელში მყარად გადატეხილია, ამაზე ახლაც არავინ დაობს.

ამ მხრივ, აზერბაიჯანში ისეთი უიმედობა არის გამეფებული, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ, სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში იქაურები მოთქვამდნენ, _ ჩვენ ისეთი რალობა გვაქვს, რომ სააკაშვილი მარტო ბაქოში ვერ გვიშველის, თითო რაიონში თითო სააკაშვილი გვჭირდება, ამ ჭაობს რომ თავი რამენაირად დავაღწიოთო.

ნებისმიერ შემთხვევაში, კარის მეზობლები ერთმანეთზე გავლენას ახდენენ და კარგი იქნება, თუ ამს დადებითი ცვლილებებისკენ მიმართავენ. არადა, აზერბაიჯანშიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლისთავზეც უმრავლესობის მთავარი კითხვა ასეთია, _ ოჯახი თვიდან თვემდე სამშვიდობოს როგორ, რა გზით გავიყვანო, ხელფასი როგორ ვიმყოფინოო? ხომ კარგად გეცნობათ ეს წუხილი, მეგობრებო?

აქ იმასაც ამბობენ, როცა მთავრობას ნავთობდოლარებიდან ასტრონომიული თანხები შემოსდიოდა, მაშინ არ მოგცეს, რაც გვერგებოდა და ახლა, როდესაც ნავთობის ფასი დაცემულია, ვინ რაღას გვარგუნებსო? „ქართული ოცნების“ მმართველობის არ იყოს, აქაც ყოველწლიურად უკეთეს დროებას ელოდებოდნენ, მაგრამ კორუფციამ ყველაფერი შეჭამა და მოსახლეობის უმეტესობა ჯიბეგაღლეტილი დატოვა.

ეს ძალიან კარგი მაგალითია საქართველოსთვის, რომელსაც ნავთობის მსგავსი ბუნებრივი რესურსი არც კი გააჩნია. ახლა წარმოიდგინეთ, აქ ჯერ არსებული ელიტური კორუფცია და პერსპექტივაში ყველა რგოლის ჩართვა ამ მახინჯ ვერტიკალში, ისედაც გაღატაკებულ ქვეყანას სადამდე მიიყვანს? ამიტომ შორს წასვლა არც გვჭირდება, მეზობლების მაგალითზეც აქ მრავალთავიან კორუფციას თავის წამოყოფის შანსიც კი არ უნდა დავუტოვოთ, რათა თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ და ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ უცხოეთში გაქცევაზე თვალი არ ეჭიროთ.

ამ დროს, რეალურად, რას ვხედავთ? მთავრობის ერთი მინისტრი მეორეს მილიონებიან ტენდერს აგებინებს ისე, რომ კონკურენტი „არ არსებობს“, სახელმწიფო ტენდერების აბსოლუტურ უმრავლესობაში მმართველ გუნდთან დაახლოებული ხალხი იმარჯვებს, ხშირად მოლაპარაკება მხოლოდ ერთ პირთან წარმოებს, არაფორმალურ მმართველს დედაქალაქის ცენტრში ლარად ქონება ისე გადაეცემა, რომ პოლიტიკური სპექტრიდან ყველა წინააღმდეგია „ოცნების“ გარდა. რომელი ერთი ჩამოვთალოთ, სადაც დამპალი კორუფციის სუნი დგას? ჩვენ რა, კორუფცია უკვე დავამარცხეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 10-15% კარგად ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 85-90% თვიდან თვემდე ოჯახის სამშვიდობოდ გაყვანაზე ოცნებობს?

ბევრი პარალელია აზერბაიჯანელ მეგობრებთან, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? რომ არ დამავიწყდეს, ბაქოს კორუმპირებული ხელისუფლება რესპუბლიკაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებსაც ავიწროებს. სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ადამიანებს საკუთარი შვილისთვის ქართული სახელის დარქმევასაც კი უკრძალავენ? XXI საუკუნეში აქვე, ყურის ძირში, ასეთი რამეც შეიძლება ხდებოდეს. ბაქოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ეს საკითხი მათ არ ეხებათ“. აბა, ვის ეხება, ბატონებო?

ასევე საზღვარზე მოქალაქე შეიძლება ისე დააკავონ და საათობით აყურყუტონ, რომ მიზეზი არც აუხსნან. ცოტა ხნის წინათ ეროვნებით ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს და 7 საათი სასაზღვრო პუნქტის დილეგში ამყოფეს. მიზეზი ის იყო, რომ პასპორტში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში მოგზაურობის სასაზღვრო ბეჭდები ჰქონდა. მოქალაქემ უპასუხა, რომ ერევნის გარდა მას, როგორც მუსიკოსს, ლამის, მთელი ევროპა შემოვლილი ჰქონდა და, მაინცდამაინც, ამაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებასო. მოკლედ, შვიდსაათიანი ლოდინისა და კახიდან, თბილისიდან ჩარევის, ხვეწნა-მუდარის შემდეგ მოქალაქე გაუშვეს ისე, რომ აშკარა უკანონობისთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ.

საბედნიეროდ, საქართველოში (მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში) ასეთი უმსგავსობა აღარ ხდება და არც შეიძლება მოხდეს. ევროპული ღირებულებების ერთგულება ამ ყველაფერშიც დაგვეხმარება. ჩვენ დღესვე მაგრად გვშველის, აზერბაიჯანს იმედია, ხვალ დაეხმარება და, ადრე თუ გვიან, სამშვიდობოს გავალთ, იმედი ხომ ბოლოს კვდება.

ვბრუნდები. გზად საზღვრამდე ცენტრალური მაგისტრალი, ქალაქის ცენტრები გალამაზებულია. იქაურები მეუბნებიან, რომ ამ გარეგნულმა ბრწყინვალებამ არ უნდა მომატყუოს, რადგან აქედან 50 მეტრით შიგნით განსხვავებული რეალობაა. მათივე შეფასებით, დღევანდელი აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრალური უბნებიც ბრწყინავს, მაგრამ ამ ფასადის უკან უმეტესი მოსახლეობის სიღარიბე იმალება. „აქ საშუალო ფენა დიდი ხანია, აღარ არსებობს, არის მცირე პროცენტი მდიდარი, უმდიდრესი ადამიანებისა და ღარიბ-ღატაკების უმრავლესობა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის“, _ მეუბნებიან.

სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარება არც ქართულ მხარესაა. ლაგოდეხის რაიონის სოფლები ნაომარს ჰგავს, რადგან 90-იანების საწყისიდან მოყოლებული აქ სასიკეთოდ თითქმის არაფერი შეცვლილა. სიღნაღის გადასასვლელზე კი სამანქანე ხიდი იმდენი ხანია კეთდება, რომ კახეთში მორიგი „არაშენდა“ სახეზეა. „ღმერთს არ უქნია ესენი, ბატონო! წლებია, ამ ცენტრალურ გზაზე მცირე გაბარიტების ხიდი ვერ დაამთავრეს, ესენი მთელი ქვეყნის ამშენებლები არიან?“ _ მეკითხება კახელი მგზავრი. ასევე იყო ლაგოდეხის იუსტიციის სახლიც, _ ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლებისას დაწყებული მშენებლობა მთავრობამ შარშან არჩევნებამდე რის ვაი-ვაგლახით დაასრულა.

თბილისში მორიგი საპროტესტო აქციები მხვდება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის წინ ატარებს აქციას, „ევროპული საქართველო“ _ საკრებულოსთან, „პატრიოტები“ _ პარლამენტის წინ, „ლეიბორისტები“ _ „სემეკში“, ხოლო პარტია „უფლის გზა“ _ სულაც, რუსთაველის მეტროსთან აგროვებს ხელმოწერებს. აი, რომელი გზისკენ? _ ვერაფრით დავადგინე, მოწოდების ტექსტით ვერც მიხვდები, ამისთვის აქტივისტებს თვალებში უნდა ჩახედო.

საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ფესვგამდგარი კორუფციის ამოძირკვა, სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი, სამოქალაქო განვითარება. ე. წ. ელიტური მექრთამეობა თუ საბოლოოდ წელში არ გადავტეხეთ, კიდევ 25 წელი გავა და ჩვენი საშველი არ იქნება. განუვითარებლები და აგრესიულები ჩვენ თანამოძმე აფხაზებსა და ოსებსაც არ დავჭირდებით. მეზობლები განწირული ვართ, რომ იმ ევროპული ცივილიზაციისკენ მივისწაფოდეთ, სადაც უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია. განვითარებული ევროპის სახით სინათლემ ჩვენს კავკასიურ ფანჯრებში ბოლომდე უნდა შემოაღწიოს, თორემ ჩრდილოელ მეზობელს არ სძინავს და „სამ დურაკის“ პრინციპით, დღე და ღამე ცხელსისხლიანი კავკასიელების ერთმანეთის წინააღმდეგ მიქსევაზე მუშაობს.

გიორგი მეფარიძე