რომელ მედიკამენტებზე და რამდენით მოიმატებს ფასები 2021 წელს?
2021 წლიდან ექსპერტები მედიკამენტებსა და წამლებზე ფასების მომატების ახალ ტალღას ელოდებიან. ერთი თვის წინ, დეკემბერში, რიგ პრეპარატებზე ფასები 15-20%-ით გაიზარდა. სახელმწიფოს მხრიდან გადმოგდებული სოციალური პაკეტების მიუხედავად, ე.წ. ჯიბიდან გადახდებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
მთლიანობაში, წინა წელთან შედარებით, მედიკამენტები, საშუალოდ, 7,9%-ით არის გაძვირებული, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში ფასების ზრდამ მედიკამენტებზე კრიტიკულ ზღვარს – 24%-ს – მიაღწია.
რა განაპირობებს პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების მომატებას?! ამის გასარკვევად „ქრონიკა+“-მა „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნანა სანაიას მიმართა:
_ რომელ პრეპარატებზეა ყველაზე მეტად მომატებული ფასები?
_ 2.4%-ით გაიზარდა ფასი ანტირესპირატორულ პრეპარატებზე; 9.5%-ით არის გაძვირებული ანტიბიოტიკები; 6.8%-ით – ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 9,2%-ით არის გაზრდილი და 4%-ით – ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ფასი. ეს გახლავთ ჩვენი ასოციაციის კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.
_ მიზეზი რა არის?
_ გასაგებია, რომ საქართველო, ძირითადად, იმპორტირებულ მედიკამენტებს მოიხმარს, რომელსაც შემომტანები ქართულ ლარზე არ ყიდულობენ, მაგრამ ფასის ზრდა არაადეკვატურია იმასთან შედარებით, რომ იგი ვალუტის კურსის ცვლილებას დავაბრალოთ. თავისთავად კურსის თამაში მოქმედებს მედიკამენტებზე, მაგრამ არა ამ ხარისხით. დოლარის მომატების არსებულ ვითარებაში მედიკამენტები უნდა გაძვირებულიყო 1-4%-ით, მაქსიმუმ – 7%-ით.
_ სხვათა შორის, ჯანდაცვის სამინისტრო სისტემატურად აკეთებს განცხადებებს, რომ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების შენარჩუნებას ვცდილობთო…
_ რომელ მათგანზე?! ეს სრულებით არ შეეფერება სიმართლეს, რადგან სწორედ პირველადი მოხმარების მედიკამენტები აღმოჩნდნენ ფასნამატის ფორმატში.
_ არც ისე დიდი ხნის წინათ ერთი აჟიოტაჟი ატყდა 31-ლარიან წნევის დამწევ „ედარბი კლოზე“, რომელიც 31 ლარიდან ერთ კვირაში 100 ლარი გახდა.
_ ჩვენ სტატისტიკას ვადგენთ და სეგმენტურად ვყოფთ სფეროებს. „ედარბი კლოს“ რაც შეეხება, მანდ, მგონი, სხვადასხვა ფასზე იყო საუბარი. „ავერსში“ ღირდა 74 ლარი, „ჯი-პი-სიში“ – 100 ლარი, თუმცა ფასდაკლებით 82 ლარი გამოდიოდა. ჩემი ოჯახის წევრი მოიხმარს და იქიდან ვიცი. სხვათა შორის, „პე-ეს-პეში“ ყველაზე იაფი, 33 ლარი ღირდა. თუმცა იმ ფასებით, რომელიც თამაშობს, რთულია სტატისტიკის შედგენა. იცით, რა მიკვირის კიდევ? – რატომღაც, არავინ საუბრობს გაძვირებულ ბავშვთა კვებაზე
როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ფასები ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე 32,15%-ით გაიზარდა. გაძვირდა ასევე გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო პრეპარატები, თერმომეტრები, ტონომეტრები და ა.შ. გაძვირდა ვიტამინებიც, რომლებზედაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა.
ოდნავ განსხვავებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სისხლის მიმოქცევის მედიკამენტები 12,26%-ით არის გაძვირებული, ტკივილგამაყუჩებლები – 32,15%-ით, ანტიბიოტიკები – 6,66%-ით, ვიტამინები – 9,59%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები – 10,63%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – 9,91%-ით.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ის გაძვირებულია:
კბილის ამოღება – 32,35% -ით, სისხლის ანალიზი – 9,54% -ით, თერაპევტის კონსულტაცია – 5,48% -ით, სტომატოლოგის მომსახურება (დაბჟენა) – 17,24% -ით, ულტრაბგერითი გამოკვლევა – 6,43% -ით, სტაციონარული მომსახურება – 3,94% -ით, ქირურგიული მომსახურება – 0,14%.
ერთადერთი – გაიაფდა მშობიარობა 1,74%-ით.
თამარ როსტიაშვილი