როინ აბუსელიძე: „რადგან წავიდა ჟინი და მოვიდა ანალიტიკა…“

„წინანდლის პრემიის გამარჯვებულს“ მხატვრულ ლიტერატურაში, როინ აბუსელიძეს, ბათუმელი ახალგაზრდა პოეტის წოდება მიენიჭა.

ვინ არის როინ აბუსელიძე? რას გეგმავს სამომავლოდ პოეტი?
„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, ბათუმელი ახალგაზრდა პოეტი, როინ აბუსელიძე, თავის მკითხველს ახლოდან გააცნოს

_ გამარჯობა, როინ, შეგიძლიათ გვითხრათ, რას ნიშნავს იყო პოეტი?
_ მოგესალმებით. პირველ რიგში, დიდი მადლობა, ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი რომ გამოთქვით… რაც პოეზიას შეეხება, ყოველთვის მეცვლებოდა დამოკიდებულება მის მიმართ, შესაბამისად, ცნება პოეტი და მე _ პოეტი, ყოველთვის სხვადასხვანაირად მესმის. ამ შემთხვევაში, ალბათ, პოეტი არის სარკე, იმ ერის, ხალხის, ტრადიციებისა და მიმდინარე მოვლენების, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. შინაგანად ვგრძნობ, რომ ძალიან მაღალია და ფასეულია, გერქვას პოეტი, მაგრამ…
„პოეზია იმაზე გაცილებით მეტია, რაც აქამდე უთქვამთ.
_ როდის დაიწყეთ წერა?
_ ვწერდი ბავშვობიდან, ძალიან მიყვარდა ლექსები, მარტივად ვითვისებდი სასკოლო პროგრამაში შეტანილ პოეზიასაც. ერთ დღესაც ვცადე დამეწერა. ცხადია, თავიდან ეს ყველაფერი ბავშვური გატაცება იყო, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უფრო ყურადღებით მოვეკიდე. იყო მცირე და ხანგრძლივი პაუზები, მაგრამ პოეზია ჩემშია და ეს ცეცხლი ხან ღვივის, ხანაც, უბრალოდ, მინავლულია.
_ ვინ იყო თქვენი მეგზური ლიტერატურაში?
_ გზამკვლევს რაც შეეხება, ალბათ, ისევ ის პოეტები, რომელთა ფესვებზეც აღმოვცენდით, რომელთა ნაყოფსაც ვაგემოვნებთ და რომელთა მხრებზეც ვდგავართ, რათა უფრო წინ გავიხედოთ. გალაკტიონ ტაბიძესა და ზურაბ გორგილაძეს გამოვარჩევდი ჩემი საყვარელი ავტორებიდან, მაგრამ ეს სია, რაღა თქმა უნდა, ვრცელია. გავლენა იქონია ოთარ ჭილაძემ, ტერენტი გრანელმა, მირზა გელოვანმა, შოთა ნიშნიანიძემ და სხვებმა.
_ რატომ გადაწყვიტეთ, ეს საქმე გეკეთებინათ?
_ არ ვფიქრობ, რომ ეს მე გადავწყვიტე ან ასე ერთი გადაწყვეტილებით ვიქეცი პოეტად, ეს უფრო სხვაგან წყდება, უფრო მაღლა, ეს თავისთავად მოხდა, თავისით მოვიდა და ყველა ნერვი დაიკავა. საქმეს ვერ დავარქმევ, ეს გატაცებაა, სიცოცხლეა, სიკვდილია, ომია, სიყვარულია, ყოვლისმომცველია.
_ ინსპირაციის წყარო რა არის?
_ შთაგონების წყაროს სხვანაირად ვხედავ: არის მოვლენების გრძელი ასხმა, გრძნობების ერთიანობა, განცდები, ტკივილები, რაც, უბრალოდ, გროვდება და სადღაც უნდა გადავიდეს. ჩემს შემთხვევაში ეს ფურცელზე გადადის. როგორც ასეთი მუზა, თილისმა და შთაგონების კონკრეტული წყარო არ არსებობს, ჩემთვის წერის პროცესი წყვდიადის განთავისუფლებაა, რომელიც გროვდება და აუცილებელია, ის გარეთ გამოვუშვა.
_ არაერთი პრემიის ლაურეატი ხართ …
_ ტყუილად არ გავრჯილვარ… მაგრამ საერთოდ არ ნიშნავს პრემია ან ჯილდოთა ნაკლებობა იქცეს ფარ-ხმლის დაყრის საბაბად, ეს უბრალოდ მინიმალური წამახალისებელი ჯილდოა, რასაც კონკრეტული ადამიანები წყვეტენ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა და საამაყოა. უბრალოდ, პოეზია ყველაფერზე მაღლა დგას, ყველა პრემიაზე.
_ რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი ?
_ გულის გულთან კავშირია ბათუმი… უფრო ვრცლად ლექსით გიპასუხებ:

ბათუმს

ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი
და მხიარული ულტიმატუმი,
შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი
შესწყვიტოს… ისე მიყვარს ბათუმი _

თვით ბათუმია ამის მიზეზი,
ბათუმი ჩვენი ქვეყნის კელია
და ამ ქალაქში ხშირად ისე წვიმს
რწმუნდები წვიმაც ბათუმელია.

ლამპიონებზე ღრუბლებს აბამენ
ქუჩები, დღეა შარმის მორგება
როცა ამინდი რძისფერ საღამოს
მოიქარგავს და მოიქოლგება.

და ერთ ქოლგაში მყოფი წყვილები,
მრავლდება თითო-თითო ტირაჟით,
ერთმანეთი რომ უყვართ, წვიმაში _
მიხვდები კაცი დანამდვილებით.

სხედან ჩიტებიც სარეცხ თოკებზე,
სხედან და კენკენ ქალაქს ვნებიანს,
ჩერდება წვიმა ხოლო ქოლგები
სოკოებივით იკრიფებიან.

ლექსი კი რჩება როგორც ბარაქა,
მთვარეს რომ ეტრფის, ღამის _ ბაირაღს
და მთელს ქალაქში მთელი ქალაქი
ბედნიერია რაღაცნაირად!..

_ შეგიძლიათ გვითხრათ რომელია თქვენი საყვარელი ლექსი?
_ გამორჩეულად მიყვარს გალაკტიონის „ეფემერა“.
_ როდის ველოდოთ ახალ წიგნს ?
_ ძალიან მალე გამოვა ჩემი, ნიაზ ზოსიძისა და სულხან წულუკიძის საერთო კრებული „სულერთია ოცდაათის მერე?!“ სადაც შესულია ლექსები და ნოველები. ვნახოთ, როგორ შეხვდება ახალ წიგნს მკითხველი…
_ რას ეტყოდით მკითხველს?
_ ზოგადად მკითხველს ვერაფერს ვეტყოდი. იყო მკითხველი, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. პირიქით, მათგან მივიღებდი რჩევებს, ხოლო ჩემს მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ნუ გამიბრაზდება, თუ ჩემი ახალი ლექსები ისეთ ენთუზიაზმსა და ახალგაზრდულ ელფერს აღარ ატარებს, როგორც უწინ, რადგან წავიდა ჟინი და მოვიდა ანალიტიკა… თუმც მაინც _ „პოეზია უპირველეს ყოვლისა“…

ხვიჩა მამულაძე