როდის ყალბდება არჩევნები და რა მეთოდებით?
ლეიბორისტთა ოფისში იმ დროს მივედი, როცა ინგა გრიგოლია და შალვა ნათელაშვილი წაიკიდნენ. საუბარი პირდაპირ ეთერში ტელეფონით მიმდინარეობდა. მშრომელთა ლიდერი „ტვ-1“-ს სარედაქციო პოლიტიკას უწუნებდა და კალაძის ტელევიზიას ეძახდა. ინგა გრიგოლია და გიორგი ისაკაძე (რომელიც ერთხელ შალვამ შემწვარ გოჭს შეადარა) საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. ბოლოს კი ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გუგავა მოვიდა (საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად).
ჯავახიშვილის ქუჩა, რუსული ეკლესიის შესახვევიდან ლეიბორისტების ოფისამდე და მერეც, ისეთ მდგომარეობაშია, მშრალ ამინდში მტვერი გახრჩობს და სველში _ ტალახი. _ როგორც კი არჩევნების თარიღი გამოცხადდა, იმ დღესვე გადათხარეს, რათა მომსვლელებისთვის დისკომფორტი შეექმნათო, _ მითხრა, მოგვიანებით, მოსულმა ზურა ლომიამ _ პარტიის რეგიონულმა მდივანმა. ლიდერთა შეხვედრაზე მიმავალი გრიგოლია-ისაკაძესთან ნაომარი ნათელაშვილი ცოტა ხნით შევაჩერე და ვკითხე:
_ გუგავა რომ მოვიდეს, რას გააკეთებთ?
_ ყველაფერს, რაც ბუკლეტში გვიწერია.
_ და რომ არ მოვიდეს?
_ მაშინ თბილისელებმა იტეხონ თავი…
ვიდრე შენობაში სხვა ჟურნალისტის ჭაჭანება არ იყო, ახალგაზრდა ლეიბორისტების ლიდერი მიშა ქუმსიშვილი და ზემოთ ნახსენები ზურა ლომია (პარტიული ფსევდონიმი „ილიჩი“) „დავითრიე“…
_ მოლოდინია, რომ გაყალბებას შეეცდებიან, მაგრამ თუ არჩევნებზე ადამიანთა დიდი რაოდენობა მოვა, მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ, _ ამბობს მიშა.
_ და თუ მაინც გააყალბეს?
_ ბოლომდე ვიბრძოლებთ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც.
_ ვთქვათ, მოხდა სასწაული და მხოლოდ ერთი, ან ორი კაცი შეხვედით საკრებულოში, მეტი არა, მაშინ რას იზამთ?
_ ორი ლეიბორისტი იმაზე მეტ საქმეს გავაკეთებთ, ვიდრე „ოცნების“ 50 წევრი.
საუბარში ზურა ლომია ჩაერთო:
_ ამ არჩევნებში ახალგაზრდული შემადგენლობით გამოსვლა გადავწყვიტეთ, მიშა თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერია, ახალგაზრდები საარჩევნო ბრძოლებში გამოიწრთობიან. მთავარი აქცენტი მაინც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გვაქვს გადატანილი. ჩვენ ვიქნებით სწორედ „ქოცების“ მესაფლავეები.
_ ასე ამბობთ ყველა არჩევნებამდე.
_ სად არის მერე არჩევნები? საქართველოში გინახავთ არჩევნები ოდესმე? ვიდრე გაყალბებას არ მოვსპობთ, არც იქნება.
_ გამყალბებლები „ბოინგებით“ და „იროკეზებით“ დაფრინავენ, თქვენ კი ჩოჩიალა ურმით გინდათ დაეწიოთ?
_ მაგათ გაყალბების მთავარ არტერიას გადავუჭრით და დღევანდელივით ვეღარ იბაირამებენ, არჩევნების წინა დღეს ყალბდება ყველაფერი.
_ აბა, განმანათლე…
_ ყველამ იცის, რომ ხმის მიმცემთა სია არჩევნებამდე 45 დღით ადრე იკრება კედელზე საარჩევნო კომისიაში, ყველა უბანზე ასეა, მაგრამ სამაგიდო სია, ანუ რომ მიდიხარ და ბიულეტენის აღების დროს აწერ ხელს, არჩევნების წინა დღეს შედის კომისიებში.
_ მერე რა?
_ ის, რომ ცდომილება სამაგიდო სიასა და კედელზე გაკრულ სიას შორის დიდ უბნებზე 150-200 კაცია. ეს არის დღეს „ქოცების“ „ზალატოი ზაპასი“. გადაამრავლე ეს ახლა დიდ და საშუალო უბნების რაოდენობაზე და ნახავ რამდენია.
_ რამდენია და ნებისმიერ პარტიას გამართავს წელში.
_ აგაშენა ღმერთმა! ერთი კაცი ექვს-შვიდჯერ არის ჩაწერილი სამაგიდო სიაში სხვადასხვა ადგილას და ამდენჯერვე შეუძლია ხმის მიცემა. დაწანწალებს მთელი დღე და აძლევს, არც გზის ფული უჭირს და არც კვების.
_ მარკირების სითხე?
_ დიდი ამბავია მარკირების სითხე, როგორც კი ეგ გამოიგონეს, მაშინვე „პროტივოგაზი“ მიაყოლეს. ახლა არ ვიცი, დღეს რით შლიან და რეცხავენ მარკირების სითხეს, მაგრამ 2014-ში სარეცხი საპნით კოხტად და ლამაზად შორდებოდა ფრჩხილს.
_ აბა, საარჩევნო კომისია რაღას აკეთებს, ან ამდენი დამკვირვებელი?
_ ვინ ჰკითხავს მაგათ, ბალი ათი შაურია თუ ათი აბაზი? ვიღაც ტიპი შსს-დან ან უშიშროებიდან აკონტროლებს ყველაფერს, კომისიის თავმჯდომარეც მის ბრძანებებს ემორჩილება, ეს უნდა მოვსპოთ, ამას ვამბობთ ჩვენ და თუ ოპოზიციური სპექტრის დარწმუნება შევძელით, მერე როგორ გააყალბებენ „ქოცები“, მაგასაც ვნახავ.
_ ამ არჩევნებზე რამ შეგიშალათ ხელი?
_ ის, რაც არ გამოვიდა დღეს, გამოვა ხვალ!
ამ დროს „ილიჩს“ სამგორის საოლქოდან დაურეკეს, მეექვსედან. ლეიბორისტ ეკა ზოიძეს თურმე კომისიის თავმჯდომარე საჩივრის ბლანკს არ აძლევდა. იქვე სამგორის 64-ე უბნიდან შემოვიდა ზარი, თურმე, ლეიბორისტ ნუცა ჭუმბურიძეს „ოცნების“ ქალები თმებით თრევას ემუქრებოდნენ. ზურა ლომია ამ საკითხებში გასარკვევად და მოსაგვარებლად გავიდა, მე კი ზემო სართულზე ავინაცვლე და გუგავას სამუშაო ოთახში ჩართულ ტელევიზორს მივუჯექი. ათიოდე წუთში ერთის მაგივრად ოთხი გუგავა მოვიდა: გიორგი გუგავას ძმა და ქალ-ვაჟი ახლდნენ.
_ ყოჩაღ თქვენ, ოთხი მოხვედით ერთად.
_ აბა, რა, მე თუ არა, ესენი ხომ მოვლენ და ერთი გუგავა ახლო მომავალში კიდევ მოვა, _ თქვა გიორგიმ, რომელიც მესამე შვილს _ ვაჟს ელოდება.
ამ დროს მის ტელეფონზე დარეკეს და ახალი ოინის შესახებ აცნობეს: თემქის #83-ე უბანში, რომელიც 142-ე საჯარო სკოლაშია განთავსებული, საარჩევნო სიაში გიორგი გუგავა, თურმე, 9 ნომრად შეიტანეს, ნაცვლად #10-ისა.
_ რას ამბობ?! _ გადაგვერია გიორგი და კაი ხნის წვალების შემდეგ დამკვირვებელ ეთერ ბაქრაძეს დაურეკა:
_ თურმე, ჩემ გასწვრივ ნომერი საერთოდ არ წერია, 8-ის მერე ჩემი გვარი კი წერია, მაგრამ უნომროდ, _ თქვა გაკვირვებულმა და გაიცინა, _ აბა, ვინ უნდა შემომხაზოს და სად
ამ დროს ბატონი შალვა შემოგვიერთდა. ამ საარჩევნო ოინზე მასაც გაეცინა და მერე პარტიის შესაბამის სამსახურს ვითარებაში გარკვევა დაავალა. ლეიბორისტთა ლიდერი მართლა საკვირველი კაცია, 50 წელს კარგა ხანია, გასცდა, მაგრამ დურბინდითაც რომ დააკვირდე, ჰა-ჰა, 45 წელი მისცე, ენერგია კიდევ ახალგაზრდობაში შესული ადამიანის აქვს, დრო ყველაზე სამართლიანია, _ ვერაფერს აკლებს. მხოლოდ ვერაგი და ქვეყნის უკუღმა წამყვანნი უშლიან ნერვებს და მათთან ბრძოლა ამ რამდენიმე წლის წინათ, ლამის, ტრაგიკულად დასრულდა. დღევანდელი არჩევნების მოგების დიდი იმედი არ აქვს. უკვე ორის ნახევარზე დაახლოებით იცის, რა შედეგები დადგება.
_ მომავალ საპარლამენტოზე ავიღებთ რევანშს. ახალგაზრდების დიდი იმედი მაქვს, პარტიაში უკვე მყავს რამდენიმე მომავალი პოლიტიკური ვარსკვლავი. გამარჯვებებიც მოვა, _ ამბობს პირველი ლეიბორისტი და განსაკუთრებით მიშა ქუმსიშვილი ეიმედება… ცნობისთვის: უმცროსი ნათელაშვილი _ ბექა შალვას ძე _ მშობლიური დუშეთის საკრებულოში იყრის კენჭს. სხვათა შორის, თავისი პოლიტიკური კარიერა შალვა ნათელაშვილმა დუშეთიდან დაიწყო, როცა 1992 წელს პარლამენტის წევრი გახდა…
შალვა ნათელაშვილი რომ მოწინააღმდეგეთ უბრძოლველად არაფერს დაუთმობს, არჩევნების დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა. ეგზიტპოლების გამოცხადებიდან პირველივე საათში ლიდერთა საბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა: „მოვუწოდებ ჩვენს აქტივს საარჩევნო უბნებზე, ბოლომდე დაიცავით თითოეული ხმა, თითოეული ოქმი, თითოეული ამომრჩეველი და დაიცავით ჩვენი სამშობლო! ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, ხელისუფლებას უნდა, ახლა გააფორმოს მოგება, არ მივცეთ ამის გაფორმების და დაკანონების საშუალება. ვერავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში არსებობს იმდენი სადომაზოხისტი, რომ შეიძლება ხმები მიიღოს ივანიშვილის ცრუპენტელა პარტიამ და ქართველი ერის ჯალათების _ ბოკერია-უგულავას პარტიამ!“
ვიდრე მამა განცხადებას აკეთებდა, შვილი _ ნათელაშვილი ბექა შალვას ძე _ დუშეთის საკრებულოს წევრი გახდა. პირველადი მონაცემებით, არ არის გამორიცხული დუშეთში ლეიბორისტებს საკრებულოში ფრაქციაც ჰყავდეთ. ისე, ამ ხელისუფლების ნამდვილად არ მშურს _ ორი ნათელაშვილის გაძლებას ეხუმრებით?!.
ზაალ ნემსაძე