როგორ მოკლეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი 2012 წელს და რა კავშირი აქვს მკვლელობასთან ენზელ მკოიანს?
ლევან ვარდანიანი „ქართული ოცნების“ წევრი 2011 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე, გახდა და არც იმდროინდელ ხელისუფლებას შეპუებია და არც სკანდალურად ცნობილ ენზელ მკოიანს, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების სახე იყო სამცხე-ჯავახეთში და აქტიურად იბრძოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია „ოცნებისთვის“, მკოიანი საკუთარ რიგებში მიეღოთ და მის წარსულზე თვალი დაეხუჭათ.
რა ვითარებაში გარდაიცვალა ლევან ვარდანიანი და რა კავშირი აქვს მის მკვლელობასთან ენზელ მკოიანს? რვა წლის მერე „ქრონიკა+“-სთან დუმილს არღვევს გარდაცვლილის და _ დიანა არუთუნიანი:
_ დიანა, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით და საჯაროდ გადაწყვიტეთ, თქვენი ოჯახის ტრაგედიაზე „ქრონიკა+“-ის მეშვეობით ისაუბროთ.
_ მე ვარ დიანა არუთუნიანი, ლევან ვარდანიანის და. 2012 წელს ჩემი ძმა იყო ოპოზიციაში, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ აქტივისტი გახლდათ. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც „ოცნებას“ შეუერთდა. არჩევნებამდე და არჩევნების დროს მასთან ხშირად იყო შემოთავაზებები და მუქარები „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ ან გაჩერებულიყო, ან მათ მხარეს გადასულიყო. ამ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენს რეგიონში ენზელ მკოიანი წარმოადგენდა. ლევანი სახლში სულ ამბობდა, რომ მუდმივად უთვალთვალებდნენ, ყოველი მისი წასვლა ნინოწმინდიდან თბილისისკენ სახიფათო იყო.
იმ დღეს, როცა ის სცემეს, სახლში მარტო ვიყავი ბავშვებთან ერთად. ჩემთან მოვიდა ძალიან შეშინებული ერთი მისი მეგობარი და მეკითხებოდა, _ სადაა ლევანი? ვურეკავ და ვერ ვუკავშირდებიო. ჩემს ძმას სამი ტელეფონი და სხვადასხვა ნომერი ჰქონდა. მე მოვახერხე მის ერთ-ერთ ნომერზე დარეკვა და ვუთხარი, რომ ვიღაც რომა მას სახლში ელოდებოდა. ჩემმა ძმამ მითხრა, რომა სახლში არ შემეშვა, ეზოში დალოდებოდა და 15 წუთში მოვიდოდა. ასეც მოხდა. მოვიდა ჩემი ძმა. მათ ტაქსიში დაძაბული საუბარი ჰქონდათ. რომა აშკარად შეშინებული იყო, ეს უკანასკნელი მხოლოდ რამდენჯერმე მყავდა ნანახი, როცა საარჩევნოდ ლევანს ეხმარებოდა. ამის შემდეგ ჩემი ძმა სახლში შემოვიდა და მითხრა, რომ ის სადღაც გამოიძახეს, თან გამაფრთხილა, სახლში რომ დავბრუნდები და კარზე დავაკაკუნებ, მაშინვე არ გამიღოთ, მხოლოდ მეორე დაკაკუნებისა და დაძახების შემდეგ გააღეთო. ტელეფონზეც როცა დაგირეკავთ, თუ ჩავახველებ, ე. ი. საფრთხეში ვარ და ეს ნიშანი იქნებაო. ჩემს სიტყვებს აღარ დაუჯეროთ, რასაც გეტყვითო.
დედაჩემი მეზობელთან იყო. დაბინდდა, ჩემთან მოვიდა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ძმის უცხოური პასპორტი უნდა, მაგრამ მე უარი ვუთხარი, _ სანამ ჩემი ძმა არ დამირეკავს, პასპორტს არ მოგცემთ-მეთქი. პოლიციელი გაბრაზდა, _ მე თქვენი ნათესავი ვარ, დახმარება მინდა, არ მენდობი და რა ხდებაო?! მე ისევ უარი ვუთხარი, _ ძმას ვერ ვუკავშირდები, 9 საათზე გავიდა და 11 საათია, ჯერ ისევ არ ჩანს, სანამ თავად არ დამირეკავს, პასპორტს არ გაგატანთ-მეთქი. _ კარგი. წავალ და ვეცდები, შენს ძმას დაგალაპარაკოო, _ მითხრა პოლიციელმა.
ცოტა ხანში მირეკავს უცნობი ნომერი, ჩემი ძმის ხმა კი გავიგონე, მაგრამ ვერ ვიცანი. რამდენჯერმე ჩავეკითხე, _ ნამდვილად შენ ხარ-მეთქი? რაზედაც გაბრაზებულმა მიპასუხა, _ რასაც გეუბნებიან, ის გააკეთეო და თან ჩაახველა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ის საფრთხეში იმყოფებოდა.
მე ვიფიქრე, რადგან პოლიციელი ჩვენი ნათესავია, ჩემს ძმას ეხმარება-მეთქი. ისიც კი მითხრეს, რომ ჩემს ძმას „ოცნება“ ემუქრებოდა, მისი მოკვლა უნდოდათ და პოლიცია ეხმარებაო. დედაჩემის დაბრუნების შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ვრეკავდით ჩემი ძმის ნომრებზე, მაგრამ მას ყველა ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დილით მეზობლები შემოვიდნენ, კითხვებს გვისვამდნენ, _ ლევანი სადააო? მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცოდით. ამასობაში გაირკვა, რომ გოგა ჟვანია და ბეჟან გუნავა ჩამოვიდნენ ნინოწმინდაში, ჩემს ძმას ეძებდნენ, მიტინგიც კი მოაწყვეს.
იმავე ღამეს ჩვენთან მოვიდნენ, კარის შემომტვრევაც უნდოდათ, პოლიციაც მოვიდა, _ სადაა თქვენი შვილიო? მაგრამ ეს იყო სპექტაკლი. როცა ჩემს ძმას სცემდნენ, მთელი პოლიცია იქ იყო. მოგვიანებით, ჩემი ძმა ამბობდა, რომ პოლიციის უფროსი არსენ პეტროსიანი ადგილზე იმყოფებოდა, მართალია, ის პირადად არ სცემდა, მაგრამ იქვე იდგა და ყველაფერს უყურებდა.
დედაჩემმა პოლიციას ჰკითხა, _ სადაა ჩემი შვილი, რა დააშავა, მითხარითო? მაგრამ არავინ არაფერი გვითხრა. უბრალოდ, აგვიხსნეს, რომ ჩემმა ძმამ რაღაც დააშავა და აინტერესებდათ, სახლში იყო თუ არა. ჩვენი პროტესტის მერე, რომ ქალებსა და ბავშვებს გვაშინებდნენ, პოლიციელები წავიდნენ. მათ აინტერესებდათ, ვიცოდით თუ არა მომხდარზე.
_ როდის გაიგეთ სიმართლე?
_ სიმართლე გავიგეთ მეორე დილით, როცა სახლში მეზობლები მოვიდნენ. ერთმა ნათესავმა, რომელმაც მთხოვა, მისი ვინაობა არ დამესახელებინა, მითხრა, რომ ჩემი ძმა სომხეთის მიმართულებით წაიყვანეს. მეორე დილით ისევ მოვიდნენ პოლიციელები და რაღაც დოკუმენტები მოიტანეს. რადგან ქართული არ ვიცით, მათ გვითხრეს, რომ ხელი უნდა მოგვეწერა დოკუმენტებზე, თითქოს ჩემი ძმა ნებაყოფლობით წავიდა სომხეთში. სინამდვილეში, სულ სხვა რამეს გვეუბნებოდნენ. ჩვენმა ნათესავმა გაგვაფრთხილა, რომ ხელი არაფერზე მოგვეწერა.
ამის მერე ჩემმა ძმამ თავად დაგვირეკა სომხური ნომრით. როდესაც ის სომხეთში გადაიყვანეს, პასპორტი წაართვეს, რომ უკან ვეღარ დაბრუნებულიყო. ჩემმა ძმამ მითხრა, რომ არავის ნდობა არ შეიძლებოდა, რადგან მას და მთელ ჩვენს ოჯახს უთვალთვალებდნენ. ამ ზარის მერე ჩვენთან ისევ ის ნათესავი პოლიციელი მოვიდა, _ დიანა, ლევანს სხვა ნომერი ხომ არ აქვს, საიდანაც გირეკავს, იქნებ, ეს ნომერი მე მომცე, რომ მას დაბრუნებაში დავეხმაროო. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩემს ძმას უკვე გაფრთხილებული ვყავდი და მას ნომერი დავუმალე.
სომხეთიდან ლევანმა ფოტოები გამოაგზავნა, ჩემი ძმა სასტიკად იყო ნაცემი. ფოტოები მიტანილი გვაქვს პროკურატურაში, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ენზელ მკოიანი დეპუტატია და მისი დაკითხვის უფლება არ აქვთ. როცა ჩემი ძმა გაიტაცეს და შენობაში შეიყვანეს, მას ზურგიდან თავში შამპანურის ბოთლი ჩაარტყეს და იგი წაიქცა. ეს იყო ჰამლეტ ნანაიანი. შემდეგ ოცდაათი კაცი წიხლებით შედგა და სცემა. ერთადერთი, რაც მოასწრო, ხელებით თავი დაიფარა, რომ თავში წიხლები არ მოხვედროდა, გული მისდიოდა, წყლით ასულიერებდნენ და ხელახლა სცემდნენ, როცა გონს მოდიოდა.
_ საიდან იცით, რომ თქვენი ძმის ცემაში ენზელ მკოიანი მონაწილეობდა?
_ ჩემმა ძმამ თავად მოყვა, რომ იმ მომენტში, როცა მას სასტიკად სცემდნენ, ენზელ მკოიანი იქვე იყო და წიხლებით სცემდა მას თავის თანამზრახველებთან ერთად. ენზელ მკოიანთან იყვნენ სამველ ირიტიანი, პოლიციის უფროსი არსენ პეტროსიანი, რომელიც ახლა კანდიდატია, კოსტია ვართანიანი _ ენზელის დაცვის თანამშრომელი. ბოლო მომენტში, როცა ენზელ მკოიანმა იარაღი ამოიღო, რომ ჩემი ძმა მოეკლა, პოლიციის უფროსმა არსენ პეტროსიანმა შეაჩერა, _ ცემა საკმარისია, არ მოკლაო. არ მისცა მოკვლის უფლება, მაგრამ როგორც მერე გავიგე, მას გადასცეს, რომ „ოცნების“ წევრები ახალციხეში იყვნენ ჩამოსულები და ამიტომაც ვერ გაბედეს ჩემი ძმის მოკვლა. ამ მომენტში ჩამოაცვეს თავზე ტომარა და სომხეთის საბაჟოს მიმართულებით წაიყვანეს, რომ სასტიკად ნაცემი არავის ენახა.
ყველა ფოტო არა მხოლოდ პროკურატურაში მივიტანეთ, არამედ ე. წ. ფლეშკაზეა ჩაწერილი. გოგა ჟვანიასაც მივეცი, მაგრამ როგორც მითხრა, ის „ფლეშკა“ დაიკარგა.
_ როდის დაბრუნდა თქვენი ძმა საქართველოში?
_ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, ჩემი ძმა საქართველოში დაბრუნდა, ახალციხეში ჩამოვიდა და ყველაფერი მომიყვა, _ რაც გავიარე და ვნახე, აქამდე მეგონა, მხოლოდ კინოებში თუ ხდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად ცხოვრებაა კინოო. ვკითხე, _ ლევან, რა მოხდა ასეთი-მეთქი? მიპასუხა, _ ხშირად თუ ხედავ ერთსა და იმავე სახეებს, რომლებიც გზაზე გხვდებიან? როგორც მივხვდი, მას ჩვენით ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ მკაცრად გამაფრთხილა, _ დიანა, ყოველ 15 წუთში დამირეკე, რომ მითხრა, კარგად ხარო. მისი ცემიდან ერთი თვე იყო გასული, მაგრამ სახესა და ხელებზე იარები ისევ ეტყობოდა, ჩაქცევები ჰქონდა თირკმლის არეში. ჩემი ძმის დაბრუნების შემდეგ ენზელ მკოიანი და მისი ბანდა ძალიან შეშინებული იყო. ჩემმა ძმამ მათ გამოუცხადა, რაც დამმართეთ, არასოდეს გაპატიებთო. ერთი მათგანი სახლიდან გვიან ღამით გამოიყვანა, _ 30-მა კაცმა რომ მცემეთ, იცოდეთ, არავის არაფერს გაპატიებთო!
ამის მერე ჩემს ძმას ავტოავარია შეემთხვა, _ თბილისიდან ნინოწმინდაში ბრუნდებოდა. მას მუდმივად უთვალთვალებდნენ, ავტომანქანა დააჯახეს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ავარიის მერე კი მითხრა, რომ ის მოწამლეს და კიდეც განმიმარტა, რომ ეს ენზელ მკოიანმა მოაწყო. ჩემი ძმის ენზელს ძალიან ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ ის პირადად იცნობდა ბიძინა ივანიშვილს, რამდენჯერმე შეხვდა მას და შეეძლო. სიმართლე ეთქვა მისთვის, რაც ჩვენთან ხდებოდა, ამიტომაც ენზელმა ის თავიდან მოიშორა. ჩვენი ამ საუბრის მერე ჩემი ძმა ორ დღეში მოკვდა. ექსპერტიზამ პირველად დასკვნაში ჩაწერა, რომ ჩემი ძმა იყო მოწამლული. სანამ ვგლოვობდით, მეორე ექსპერტიზა ჩაატარეს და გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელეს. „არამიანცში“ ანალიზების პასუხები მოვითხოვე, მაგრამ არავინ არაფერია გვაჩვენა. იურისტს დაუძახეს, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი პრობლემა ანალიზებში არ იყო, მაგრამ, აბა, როგორ, როცა ჩემი ძმა 90 კგ.-ს იწონიდა და ოც დღეში 40 კგ. დარჩა? მას მერე ვცხოვრობთ შიშში, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ბოლომდე ვიბრძოლო. ჩემი ძმის მკვლელების დასასჯელად მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივაწვდინო ხმა და შევახსენო მისი ერთგული თანამებრძოლის, ლევან ვარდანიანის შესახებ, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოიშორა თავიდან ენზელ მკოიანმა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის იბრძოდა. ჩემი ძმის მკვლელობის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და მკვლელები თავისუფლად დადიან.
ელისო კილაძე