როგორ დაფინანსდა „ქართული ოცნება“ 813 ათასი ლარით რუსული „სბერბანკის“ პარტნიორი პირებისგან?

ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა კითხვები ოქროს მომპოვებელი კომპანიების რეალური მფლობელების შესახებ. თავის დროზე, human right Georgia-მ სცადა გაერკვია, თუ ვინ იდგნენ ამ სფეროში მოქმედი კომპანიების უკან, თუმცა ძალიან გაუჭირდა, ვინაიდან ოფშორული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების დადგენა გამხელილი წყაროების მიხედვით შეუძლებელია.

2014 წელს RMG Gold -ის აქციონერები იყვნენ ტროიცკი და მისი პარტნიორი დიმიტრი კორჟევი. რაც შეეხება მესამე მეწილეს, პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას, რომელიც 22%-ს ფლობდა კომპანიაში, მან თავისი მინორიტარული წილი 2013 წლის 4 ივლისს დანარჩენ მფლობელებზე გაასხვისა. ცნობისთვის: ნაყოფიას განცხადებით, არ შესრულდა წილის მიყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც დეპუტატმა დავა წამოიწყო. არადა, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, 2013 წლის 4 ივლისს მონაცემებით, საჯარო რეესტრში კომპანიაში წილების ცვლილებაზე მონაცემები არ იძებნება. არც არის გასაკვირი _ როგორც ჩანს, გარიგება კომპანიის მფლობელ ოფშორულ სუბიექტებს შორის მოხდა და ეს ქართულ დოკუმენტებში არ აისახა.
ამჟამინდელი მონაცემებით, RMG Gold -ის 96.21%-ის მფლობელი შპს „მაინინგ ინვესთმენთია“, დარჩენილ წილებს კი სს RMG Copper -ი ფლობს. RMG Gold -ის გენერალური დირექტორი მანამდე რუსეთის მოქალაქე სერგეი ეგანოვი იყო, დღეს კი თორნიკე ლიპარტია გახლავთ. სამეთვალყურეო საბჭომაც ცვლილება განიცადა. სერგეი ეგანოვის, ალვიდას ბრუსოკასისა და ვახტანგ ფარესიშვილის მაგივრად დღეს არიან _ დიმიტრი ტროიცკი, დიმიტრი კორჟევი და ირინა ნიკიფოროვა. სამივე რუსეთის მოქალაქეა.
ნიდერლანდების სავაჭრო პალატის 2014 წლის ივნისის ამონაწერის მიხედვით, Rich Metals Group -ს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია Minings Developments Georgia ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, კვიპროსულ Pamtilon Holdings Limited -ს ეკუთვნის. ამ კომპანიის 87.5% ისევ კვირპოსული Specimax Co -ს საკუთრება იყო. ამ უკანასკნელის მფლობელი კი ასევე ორი კვიპროსული კომპანიაა: Scoremax Holdings Limited -ი და Mountaindrop co. Ltd . როგორც ხედავთ, აქ ოფშორების ტანდემია, რაც ართულებს RMG Gold -ის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების დადგენას.
2012 წელს Human Right – Georgia დაუკავშირდა Human Right – Russia -ს და მიიღო ინფორმაცია, რომ კომპანიები „მადნეული“ და „კვარციტი“ (იგივე RMG Copper და RMG Gold ) რუსულმა „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა, რომელიც დიმიტრი კორჟევსა და დიმიტრი ტროიცკის ეკუთვნის. კორჟევი და ტროიცკი რუსეთში ფლობენ მაღაზიათა ქსელ O’KEY-ს, ხოლო სერგეი ეგანოვთან ერთად ისინი ბანკ „სანკტ-პეტერბურგის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ეგანოვი, ამავდროულად, ZAO Capital Group -ის (ყოფილი Neva-Russia ) დირექტორი გახლდათ. ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ცნობილი რუსი მილიარდერი ვლადისლავ დორონინი.
მაშასადამე, 2012 წლის 7 ივნისს კომპანია გაიყიდა და RMG Gold -ის დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა, მალევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდნენ დიმიტრი ტროიცკი, დიმიტრი კორჟევი, ზურაბ ქუთელია და ლაშა ახალაძე. ზურაბ ქუთელია არ გვახსოვდა, ამიტომ დეკლარაციებს გადავხედეთ და გავარკვიეთ, რომ 2003-2004 წლებში იგი გარემოს დაცვის სამინისტროში წიაღის დაცვისა და სამთო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ქუთელია გახლდათ ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე მაშინაც, როდესაც სახელმწიფო უწყების, გეოლოგიის დეპარტმანეტის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ტრანს ჯორჯიან რესორსზე“ გაიცა ოქროს მოპოვების ლიცენზია. ასე რომ, როდესაც დღემდე გაჰყვირიან კაზრეთზე, უმჯობესია იქიდან დაიწყონ, ვინ გასცა ლიცენზია წიაღისეულის მოპოვებაზე. იმ დროს კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ ჭოხონელიძე თავადაც იმავე საბჭოს წევრი იყო და როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ შპს „კვარციტი“ (ახლანდელი RMG Gold ) დანარჩენ ორ კომპანიას შეერწყა, მისი ლიცენზიაც „კვარციტზე“ გადავიდა.
რა შერწყმაზეა საუბარი?! 2012 წლამდე კომპანიის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ჯი-პი-ემ ჯორჯია“ იყო, რომელმაც „კვარციტი“ 2011 წელს შეიძინა. კომპანიის მფლობელმა შპს „გეოპრომაინინგმა“ საკუთარი აქციები სს „მადნეულში“ და წილები შპს „კვარციტში“ „ჯი-პი-ემ ჯორჯიას“ კაპიტალში შეიტანა. „გეოპრომაინინგი“ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. იგი ფლობდა 99%-ს სს „მადნეულში“ და 85.47%-ს – შპს „კვარციტში“, ხოლო დანარჩენ წილებს „კვარციტში“ მეორე კომპანია _ „მადნეული“ ფლობდა.
ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი იყო ვიტალი იაბლოკოვი. 2012 წელს მან განაცხადა კომპანიების გაყიდვის შესახებ და ეს იმით ახსნა, რომ „ჯი-პი-ემ ჯორჯიამ“ „მადნეულის“ ლიცენზია დაკარგვა. ის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სხვა კომპანიამ მოიპოვა.
ლიცენზიებიდან ერთ-ერთი 93 მილიონ ლარად „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეიძინა, მეორე ლიცენზია კი 110 მილიონ ლარად _ Mining Investment -მა. ეს ორი კომპანიაც, რა თქმა უნდა, კვიპროსშია რეგისტრირებული დ მას „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითედი“ ფლობს. ორივეს სამეთვალყურეო საბჭოში ვახტანგ ფარესიშვილი, ალვიდას ბრუსოკასი და სერგეი ეგანოვი იყვნენ გამწესებული.
ხელისუფლების ცვლისა და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ზურაბ ქუთელია არც ერთ მათგანში აღარ ფიგურირებს _ უბრალოდ, ქრება. მასთან ერთად ქრება კობა ნაყოფიაც თავისი „მადნეულითა“ და „კვარციტით“. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, იგი პარლამენტის წევრი იყო, არც ერთ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული RMG Gold -ის წილის მესაკუთრეობაზე. ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Bioneli limited და Dream Vision Capital Inc. -ის მფლობელობაში მისი შვილი ნიკოლოზ ნაყოფია ფიგურირებს მხოლოდ, მაგრამ არც ერთ ამ კომპანიას RMG Gold -თან კავშირი თითქოს არ აქვს.
ახლა ნახტომი გავაკეთოთ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადავინაცვლოთ! ამ არჩევნებზე, 3 ივნისის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 4,5 მლნ. ლარი შემოწირულობა მიიღო მაშინ, როცა 2019 წელს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე თითქმის ორჯერ მეტი _ 8 მილიონ ლარამდე. ყველამ ვიცით, რომ ფიზიკური პირისგან შემოწირულობის თანხა 60000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, კომპანიისგან კი _ 120000 ლარს.
3 ივნისის არჩევნებში 204 შემოწირულობა შემოვიდა მხოლოდ ფიზიკური პირებისგან. ცოტა სასაცილოა, მაგრამ ერთი კომპანიის თანამფლობელები და დირექტორები ლამის ერთდროულად სწირავდნენ თანხებს.
რომელი შემომწირველები იყვნენ კავშირში RMG Gold -თან? ამასთან დაკავშირებით მნიშვნელვანია IDFI-ს ანგარიში.
„ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირეს RMG Gold -ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა, კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა, ვლადიმერ კახეთელიძემ, რომელიც 2018 წლის ინფორმაციით RMG Gold -ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონდო შუბითიძემ, რომელიც RMG-სთან დაკავშირებული სხვა კომპანიის მფლობელია, ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ, გარემოს დაცვის საკითხებში დირექტორმა, მიხეილ კვარაცხელიამ, RMG-ის რესურსების გეოლოგმა (2017 წლის მონაცემებით) მალხაზ ნაცვლიშვილმა.
ახლა გადავთვალოთ _ 480 000 ლარი, თითქმის ნახევარი მილიონი.
55 000 ლარი შესწირა კახაბერ კეკელიძემ, რომელიც 2014 წელს RMG-ის გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი იყო, 50 000 ლარი ადამიანური რესურსების მიმართულებით დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ, 40 000 ლარი კორპორაციული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილმა, 15 000 ლარი ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი შატაკიშვილმა, 30 000 ლარი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა კესო ჩიღუნაძემ, 45 000 ლარი ზაზა ავალიშვილმა, რომელიც 2014 წელს RMG-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი იყო, 7000 ლარი _ RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატო ნოზაძემ, 7000 ლარი RMG Copper -ის შესყიდვების მენეჯერმა იროდი (ირაკლი) ჭეჟიამ, 7000 ლარი სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა დავით მენაბდიშვილმა, 7000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ ჟიული ბერიძემაც, რომელიც 2014 წელს RMG-ის გამამდიდრებელი ფაბრიკის სარემონტო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, 10 000 ლარი შესწირა გია მუშკუდიანმა, რომელიც 2015 წელს RMG-ის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ასევე RMG-ის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული 2015 წელს ჯემალ გიორგაძე, რომელმაც მმართველ პარტიას 10 000 ლარი შესწირა.
ახლა დავთვალოთ: 283 000 ლარი.
მაია ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას 50 000 ლარი რომ შესწირა, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ნაცვლიშვილის მისამართზეა რეგისტრირებული ალექსანდრე ქუთათელაძე, რომელიც 2010-2012 წლებში RMG-ის ფინანსური დირექტორი იყო. თავად მაია ნაცვლიშვილის სახელზე კი იძებნება უძრავი ქონების რეესტრში შპს „კვარციტის“ (RMG-ის ძველი დასახელება) კაზრეთში მდებარე უძრავ ქონებაზე ამონაწერის მოთხოვნა.
აი, ასე!
თუ დავიანგარიშებთ, გამოდის, რომ RMG-სთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ შესწირეს 813 ათასი ლარი. ანუ 204 შემომწირველმა შემოიტანა 4,5 მილიონი ლარი და აქედან თითქმის ერთი მილიონი ლარი მოდის რუსულ კომპანიაზე და ამ კომპანიასთან დაკავშირებულ 15-იოდე ადამიანზე.
IDFI-ს მონაცემებით, შემომწირველთა სიაში ფიგურირებს ათობით სხვა ადამიანი, რომლებიც ბოლნისში, დაბა კაზრეთში ან მიმდებარე სოფლებში არიან რეგისტრირებულნი, ძირითად შემთხვევაში არ აქვთ წილები ბიზნესში ან საერთოდ არ ფლობენ უძრავ ქონებას, ან მხოლოდ იმ სახლს, რომელშიც რეგისტრირებულნი არიან. ამასთან, მათი ნაწილის სახელები და გვარები იძებნება RMG-ის სხვადასხვა წლის ონლაინ გამოცემაში.

ახლა კი ყველაზე მთავარი! _ როგორ დაფინანსდა „ქართული ოცნება“ რუსული „სბერბანკიდან“?
2020 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯარო მადლობა გადაუხადა და შეაქო „სბერბანკის“ თავმჯდომარე გერმან გრეფი, ვინაიდან ბანკის საკრედიტო მონაცემებმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიო აქციონერთა (BCG) ბაზაში.
მანამდე, 2020 წლის მარტში, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მთავრობის მიერ „სბერბანკის“ საკონტროლო პაკეტის (52,3%) აქციების შესყიდვის შესახებ. საკონტროლო პაკეტის მფლობელობა ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს გადამწყვეტი სიტყვა ბანკის პოლიტიკის გატარებაში და გადაწყვეტილების მიღებაში. ბანკიდან ერთი კუპიურა არ გავა მისი რატიფიცირების გარეშე. ცნობისთვის: რეალური გადაცემა განხორციელდა 2019 წლის დასაწყისში, უფრო თანხის გადარიცხვა მოხდა 2020 წლის თებერვალში. ზუსტად ამ პერიოდში „OK“-ის აქციონერებმა, რომლებიც პარალელურად ავითარებენ ჰიპერმარკეტებისა და მაღაზიათა ქსელ „Äà!“-ს, 1 ტრიოლიონი რუსული რუბლის კრედიტს იღებენ „სბერბანკისგან“.
„OK“-ის ჯგუფში შედის 78 საერთო დასახელების ჰიპერმარკეტი და 84 დისკაუნთერი. „Äà!“ კომპანიის დაახლოებით 44,79% შპს Nisemax Co -თში ეკუთვნის დიმიტრი ტროიცკის და დიმიტრი კორჟევს, 29,52% ეკუთვნის ბორის ვოლჩეკსა და Free-float -ს _ 25,69%.
საინვესტიციო კომპანია „ლმს“ გენერალურ დირექტორ დიმიტრი კუმანოვსკის განცხადებით, სესხის თანხა, ერთი ტრიოლიონი რუსული რუბლი, ძალიან დიდია და ვინაიდან „სბერბანკი“ დასთანხმდა, ეს ნიშნავს, რომ… ყურადღებით! ვციტირებთ: „ფორმალურად „ OK“-ს გამოუჩნდა პარტნიორი და 1 ტრიოლიონი რუბლის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან კომპანიას ჰყავს ძირითადი პარტნიორი“.
ციტატის დასასრული.
დიმიტრი ტროიცკისა და დიმიტრი კორჟევის კომპანიას რუსეთში ფორმალურად „ფლობს“, ანუ ძირითადი პარტნიორია „სბერბანკი“, რომლის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. დიმიტრი კორჟევისა და დიმიტრი ტროიცკის კომპანია საქართველოში არჩევნების ძირითადი დამფინანსებელია. 4,5 მილიონი ლარიდან თითქმის მილიონი ლარი რომ შენ შეგაქვს, რა გამოდიხარ?! 813 ათასი ლარი ეს არის სავარაუდოდ ყველაზე დიდი შენატანი შემომწირველებს შორის.

თამარ როსტიაშვილი