რატომ ფლობს კახეთის ფერმერული კომპანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ნაწილს?
„ქრონიკა+“ იწყებს ციკლს საქართველოს უნივერსიტეტებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. თავიდან დავიწყებთ და მივყვებით ყველა იმ დეტალს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები დგანან.
თავის დროზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლების სამინისტროს კონტროლირებად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძირითადი და არამწარმოებლური აქტივების მართვის შესაბამისობის აუდიტი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ვილა ძარას“ შორის გაფორმებული 11 ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეზე (შპს „ვილა ძარა“) სარგებლობაში იჯარის ფორმით გადაცემული იყო სასწავლო კორპუსებში არსებული არასაცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან ექვსი გაფორმდა შესამოწმებელ პერიოდში, ხოლო დანარჩენი ხუთი გაფორმებული იყო წინა პერიოდში. ამასთანავე, ცხრა შემთხვევაში იჯარის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე III-IV სასწავლო კორპუსების, ცოკოლის სართულზე არსებულ ფართი და მის მიმდებარედ არსებული არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო ორ შემთხვევაში _ კოსტავას ქ. N71-ში უნივერსიტეტის მე-7 სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. მოცემულ ფართებში შპს „ვილა-ძარასთან“ გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა რამდენიმე იურიდიული პირი.
ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შპს „ვილა ძარას“ ფაქტობრივ სარგებლობაში იყო სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის III და IV სასწავლო კორპუსებს შორის საიჯარო ფართის თავზე მოწყობილი 96.12 კვ.მ ე. წ. ანტრესოლი, რომელიც უნივერსიტეტსა და შპს „ვილა ძარას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, არ წარმოადგენდა იჯარის ობიექტს. ასევე უნივერსიტეტსა და შპს „ვილა ძარას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით იჯარის ობიექტი იყო კოსტავას ქ. N71-ში, სტუ-ს VII სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე მდებარე 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. აზომვითი ნახაზის მიხედვით კი მოცემულ მისამართზე მოიჯარის ფაქტობრივ სარგებლობაში იყო 135.17 კვ.მ. ფართი. სულ შპს „ვილა ძარა“ არამართლზომიერად ფლობდა და ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდა სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ 131.29 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს. შედეგად, სავარაუდოდ, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 71.8 ათასი ლარი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე III-IV კორპუსების, ცოკოლის სართულზე არსებული ფართების იჯარის ფორმის გასაცემად კვების ობიექტის მოწყობის პირობით გამოცხადდა 10-პირობიანი აუქციონი. აუქციონის პირობები შეიცავდა აუქციონში მონაწილეობის პოტენციური მსურველებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებებს. კერძოდ: აუქციონზე გატანილი ფართები იმდაგვარად დანაწევრდა, რომ შეუძლებელი იყო მომავალში მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, რაც დასტურდება აუდიტის მიმდინარეობის პროცესში სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული უზრუნველყოფის დეპარტამეტის მიერ მომზადებული იჯარით გაცემული ფართის აზომვითი ნახაზებით. კერძოდ: საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად, 475 კვ.მ. ფართობის ნაწილში მოწყობილი სასადილო დარბაზი რეალურად მიკუთვნებულია სხვა საიჯარო ხელშეკრულების 251.8 კვ.მ.-ში განთავსებულ სამზარეულოს, საკუჭნაოსა და სველ წერტილებს. ასევე კომერციული სუბიექტი, რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად ფლობს 141 კვ.მ. საოფისე ფართს, განუყოფლად დაკავშირებულია 251.8 კვ.მ. საიჯარო ფართობთან. ხოლო საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, 251.8 კვ.მ. ფართობში ფუნქციონირებს ორი დამოუკიდებელი კვების ობიექტი, რომელთაც აქვთ საერთო სამზარეულო. იჯარით გასაცემ ფართებს ჰქონდათ საერთო მისასვლელი, საერთო მოხმარების სანიტარიული კვანძი, ხანძარსაწინააღმდეგო და სავენტილაციო სისტემები. ზოგიერთ ფართს სხვა საიჯარო ფართზე გავლის გარეშე არ ჰქონდა დამოუკიდებელი მისასვლელი. თითოეულ ფართზე ცალ-ცალკე მისასვლელის მოწყობა დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებთან და კომერციულ მიმზიდველობას უკარგავდა მას. შედეგად _ იჯარით გასაცემი ფართები ისე გავიდა აუქციონზე, რომ ერთიანობაში განხილვისას, ზოგიერთი ფართის ნაწილის ერთმანეთთან ზედდება (გადაფარვა) იყო. სწორედ ამ გარემოებების გამო დაიკარგა კვების ობიექტად ფუნქციონირების მიზნით ცალკე აღებული თითოეული ფართის მიმართ კომერციული ინტერესი და შეიზღუდა კონკურენტული გარემო.
ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ყველა აუქციონზე მონაწილეობდა ერთადერთი კომპანია _ შპს „ვილა ძარა“, ამიტომ ეს უკანასკნელი გამარჯვებულად გამოცხადდა. ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე გამოცხადებულ აუქციონზე ცალკე საიჯარო ობიექტად გავიდა 1051 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს არასაცხოვრებელი ფართების გასწვრივ, მთელ მონაკვეთზე და ფუნქციურად ერთიანი, განუყოფელი უძრავი ქონების ერთეულს წარმოადგენს. მისი ცალკე, როგორც დამოუკიდებელ აქტივად გამოყენება, გარკვეულ განუსაზღვრელობებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული: პირველი _ სამშენებლო თვალსაზრისით მისი ფუნქციოური დანიშნულება შეზღუდულია; მეორე _ არასაცხოვრებელ ფართებთან მისასვლელი მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთზე გადის, სერვიტუტით დატვირთვა კი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულმა განაპირობა, რომ მოცემულ ლოტში უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა მიმდებარე სასწავლო კორპუსების ცოკოლის სართულზე განთავსებული ფართების ერთადერთმა მოიჯარემ, შპს „ვილა ძარამ“.
მოსალოდნელ ამ კონკრეტულ შედეგზე მიუთითებდა 2016 წლის 13 მაისს აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ-რეფორმტორის“ მიერ მიწის ნაკვეთის სააუქციონო საბაზრო ღირებულების შეფასების მიზნით შესრულებული აუდიტორული დასკვნაც, სადაც აღნიშნულია, რომ „მე-4 და მე-3 სასწავლო კორპუსების შენობის ცოკოლის სართულზე არსებული შენობის ფართი, რომლის გასწვრივ განთავსებულია გასაქირავებელი მიწის ფართი, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის წესით გადაცემულია იურიდიულ პირებზე, სადაც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი კვების ობიექტები და, სავარაუდოდ, აღნიშნული იურიდიული პირები იქნებიან მიწის ფართის მოიჯარეები“.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საიჯარო ქირამ შეადგინა 1726 აშშ დოლარი თვეში, ანუ 1 (ერთი) კვ.მ.-ზე 1.64 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2015 წლის 31 დეკემბერს, მოცემული მიწის ნაკვეთებით სარგებლობდა და მას ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდა შპს „ვილა ძარა“. სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოიჯარეს ხელშეკრულების ვადაგასულ სრულ პერიოდზე დაარიცხა საიჯარო ქირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 2016 წლის ივლისში გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი საწყისი საიჯარო ქირით 10 510 ლარი/თვეში, ანუ 10 ლარი 1 კვ.მ.-ზე, სადაც არავინ მიიღო მონაწილეობა. ამის შემდგომ, 2017 წლის მაისში გამოცხადებულ აუქციონში, რომლის მიხედვით, საწყისი საიჯარო ქირა იყო მკვეთრად შემცირებული _ 3 816 ლარი თვეში, ანუ 1კვ.მ.-ზე 3.63 ლარი თვეში. ამ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა ერთადერთი მონაწილე _ შპს „ვილა ძარა“ და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით საიჯარო ქირამ შეადგინა 4 198 ლარი თვეში, რაც 1 კვ.მ.-ზე 3.99 ლარს შეადგენდა. შპს „ვილა ძარა“ და ქვემოიჯარეები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს და აფილირებული არიან სსიპ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ვინაიდან პირები, რომლებიც შრომით ურთიერთობაში არიან ან იყვნენ უნივერსიტეტთან, ამავდროულად, წარმოადგენენ მოცემული კომპანიების პარტნიორების ახლო ნათესავებს. შპს „ვილა ძარას“ 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ახლო ნათესავები დასაქმებული არიან სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შედეგად გაიზარდა შეთანხმებული ქმედების შესაძლებლობა და ჩამოყალიბდა კონკურენცია შემზღუდველი სააუქციონო პირობებით. აუქციონის პირობის შესრულებაზე კონტროლის არარსებობა შპს „ვილა ძარასთან“ მოქმედი ყველა ხელშეკრულების სავალდებულო პირობას წარმოადგენდა _ იჯარით აღებულ ფართებში კვების ობიექტების მოწყობა. ფართის ფუნქციური დანიშნულება ასევე მითითებული იყო სამინისტროს მიერ თანხმობის გაცემის ეტაპზე. აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ იჯარით გაცემული ფართის ნაწილი ქვემოიჯარეების (შპს „ბილდია“ და შპს „ჯეოპროგრესგრუპი“) მიერ გამოიყენება საოფისე საქმიანობისთვის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემადგენელია და ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას წლიური საიჯარო ქირის ოდენობით, რაც უნივერსიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა.
ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარის მხრიდან არ ჩატარებულა სააუქციონო პირობის შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი.
2016 წლის 31 დეკემბრისთვის შპს „ვილა-ძარას“ მიმართ ვადაგადაცილებული მოთხოვნებია საიჯარო ქირაზე 233,41 ათას ლარის ოდენობით. 2015-2016 წლებში მოიჯარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის საფასურს იხდიდა სისტემატურად დაგვიანებით. მეიჯარეს საიჯარო საფასურის გადახდის ვადაგადაცილებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოუყენებია და შესაბამისად, შპს „ვილა-ძარას“ პირგასამტეხლო 2015-2016 წლების განმავლობაში არ გადაუხდია. უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურის მიერ მოწოდებული ცნობით, შპს „ვილა-ძარაზე“ საიჯარო ქირის გადახდის ვადის დარღვევაზე დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს 2015 წელს 32,16 ათას ლარს, ხოლო 2016 წელს _ 6,2 ათას ლარს. სულ ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში _ 38,36 ათას ლარს. სულ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის შპს „ვილა-ძარას“ გადასახდელი ჰქონდა ვადაგადაცილებული დავალიანება საიჯარო ქირის მიხედვით _ 233,41 ათასი ლარი და პირგასამტეხლო საიჯარო ქირის გადახდის ვადის დარღვევაზე _ 38,36 ათასი ლარი.
ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია უნივერსიტეტების უფლებაუნარიანობის მოცულობის ზრდის რისკის მატარებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ შეზღუდული საქმიანობის უფლება და ამავდროულად სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც მათ გადაეცა, შეუზღუდავი, თავისუფალი განკარგვის უფლება. აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქონების მოძრაობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს კონტროლი სუსტია, ანუ თავის დინებაზეა მიშვებული. რა გმოდის, რომ სანივთე უფლების რეგისტრაციის გარეშე ქონების ფლობა ზრდის ქონების უნივერსიტეტებთან შეუთახმებლად განკარგვის რისკს.
უნივერსიტეტებს ბალანსზე ერიცხებათ 81 ერთეული, 1934 ათასი ლარის ღირებულების ფიზიკურად ამორტიზებული, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი
შენობა-ნაგებობები, რომელიც აღდგენას და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება და ქონება, რომელსაც ნივთობრივ-მატერიალური ფორმა აღარ გააჩნია. ფიზიკურად ამორტიზებულ, ადმინისტრაციული და საოპერაცო მიზნებისთვის გამოუყენებელ ქონებას არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი და შედეგად, სახელმწიფო ქონება არაეფექტიანად არის გამოყენებული. უნივერსიტეტების ბალანსზე ირიცხება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული 9 ერთეული შენობა-ნაგებობა, ხოლო ბალანსზე რიცხული 8 ერთეული შენობა დაკავებულია დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ. მესამე პირების მიერ დაკავებული ფართები არ არის ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში და მათ მიერ ფართების არამართლზომიერ მფლობელობაში არსებობა აფერხებს ქონების ეფექტიანად გამოყენებისა და მის შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას.
ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას.
„ვილა-ძარას“ მესაკუთრე არის შპს ვ.დ. კაპიტალი, როემლიც, თავის მხრივ, მოიცავს „თაღლაურასა“ და „კახეთის ფერმერულ კომპანიას“.
სწორედ იმის გამო, რომ ეს პასუხისმგებლობა უნივერსტიტეტის ხელმძღვცანელობამ ვერ იტვირთა საკუთარ თავზე, იმ რეალობის დავდექით წინაშე, რომლის შესახებაც „ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთავზებთ.
თამარ როსტიაშვილი