რატომ გარიცხა „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან?

სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად. ასევე უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

პარლამენტის რამდენიმე წევრი რეგისტრირებულია დირექტორად _ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. მათ შორის, იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“).
დავით ჭიჭინაძე, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გახლდათ შპს „მზა სახლის“ დირექტორი. პარტნიორი შემდეგ კომპანიებში: შპს „დის-კო“, „დვზ-ენერჯი“, „ნავთლუღი ჯგუფი“, „დმპ“, „გრაკო“, „ლიბო ჯგუფი“. თუმცა ჭიჭინაძეს დეპუტატობის პერიოდში არ ჰქონდა მითითებული დეკლარაციაში, რომ იყო შპს „მზა სახლის“ დირექტორი.
მისი მეუღლე, ნინო კუჭავა, გახლავთ შპს „სბ დეკორში“ პარტნიორი, შპს „ეიფელში“ პარტნიორი, შპს „ნითაში“ გენდირექტორი.
საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას წააწყდა „ქრონიკა+“ Forbc-ში, კერძოდ: დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს არსად მითითებული არ აქვს, რომ იგი „ბათუმტრანსგაზის“ 20%-ის მეწილეა.
დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ჯანსაღი კრიტიკისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ და ილანძღებოდნენ. ასე რომ, იმედია, „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ ფაქტებს (რომელიც ჯანსაღი კი არა, საერთოდ კრიტიკა არ არის _ ფაქტებია) თავადაც ჯანსაღად მოეკიდება.
„ქართულმა ოცნებამ“ მას ე. წ. წითელი ხაზების გადაკვეთაში დასდო ბრალი და პარტიიდან გარიცხა. ამის შემდეგ მას ავტომატურად მიენიჭა ოპოზიციონერის სახელი. თუმცა დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის პერიოდში მთლად თამამად ვერ გამოდიოდა, ვინაიდან მას გარკვეული მორალური ვალდებულებები ჰქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტ გიორგი კვირიკაშვილთან.
კვირიკაშვილის უშუალო ხელდასხმით დავით ჭიჭინაძეს წყალტუბოს პარკში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. მიწის გადაცემის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
განკარგულება 2016 წლის 23 ივნისით არის დათარიღებული (#1195). ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ წყალტუბოს პარკში მდებარე 13 165 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 150 000 ლარად პირდაპირი მიყიდვის წესით იყიდა შპს „ნითამ“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი არის დავით ჭიჭინაძის მეუღლე ნინო კუჭავა.
ამ განკარგულების მიხედვით, ჭიჭინაძის კომპანიას წყალტუბოში 36 თვის განმავლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ამ ადგილზე 50-ნომრიანი სასტუმრო აეშენებინა. როდესაც დავით ჭიჭინაძეს ამ ვალდებულებების შესახებ შეახსენეს და ჰკითხეს, თუ რატომ ვერ ასრულებდა მას, პასუხი იყო ასეთი: მირჩევნია, ის ჯარიმა გადავიხადო, ვიდრე ის ვალდებულებები შევასრულო, რაც მასში არის ჩადებულიო. „თუ ვინმეს გული წყდება და ჰგონია, რომ ის ღირებული ქონებაა, დღესვე ვამბობ, _ 150 000 ლარსაც დავკარგავ და ვაჩუქებ იმ ქონებას და იმან შეასრულოს ვალდებულებები“, _ ეს განაცხადა ჭიჭინაძემ პირდაპირი ეთერით.
წყალტუბოს პარკზე ვინმე თუ იტყვის, რომ არანაირი ღირებულება არ აქვს და ჩალის ფასად ნაყიდ უზარმაზარ ტერიტორიას ვერ მოუნახა ინვესტორი, მაშინ რაღას აწერდა ხელს ვალდებულებას?
თუმცა ბ-ნ დავითს ვერც გავამტყუნებთ, ვინაიდან აქ მის ბიზნესპარტნიორზე შევჩერდებით. მართალია, არა „ნითაში“, რომლის 100%-ს მისი ცოლი ფლობს, მაგრამ სხვა ბიზნესში. ასეთი პარტნიორის იმიჯის ფონზე ინვესტორის მონახვა, ალბათ, გაუჭირდებოდა ყოფილ დეპუტატს.


ილია ჯიშკარიანი 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2001 წლიდან 2014 წლამდე კერძო სექტორში საქმიანობდა. 2001 წლიდან არის შპს „ოპიზარის“ წილის მფლობელი და დირექტორი. ასევე არის შპს „ნავთლუღის ჯგუფის“ წილის მფლობელი და მასთან ერთად წილს ფლობს დავით ჭიჭინაძე. იგი ილია ჯიშკარიანის მსგავსად კომპანიის 28%-ს ფლობს. ამავე კომპანიაში 28%-იან წილს ფლობს ლევან გვენცაძე. ის 2012 წლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2014 წელს დარეგისტრირდა.
ჯიშკარიანის განმარტებით, „ოპიზარი“ დიდი ხნის წინათ დაარსდა და ახლა აღარ ფუნქციონირებს. რაც შეეხება კომპანია „ნავთლუღი“ ჯგუფს, ილია ჯიშკარიანის თქმით, 2011 წელს მან ხელშეკრულება გააფორმა დავით ჭიჭინაძესთან, რომელმაც აუშენა ბინა.
აღსანიშნავია, რომ ილია ჯიშკარიანის მიერ სხვადასხვა დროს პარტიებისთვის შეწირული თანხის ჯამი 76, 328 ლარია. ბოლოს ჯიშკარიანმა 50 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ შესწირა.
2018 წელს საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მძიმე სკანდალში გაეხვია. მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მსხვერპლი მისი თანაშემწე თამთა თოდაძე იყო. დეპუტატის მიმართ გამოძიება სამი მუხლით წარიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდა. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: 1. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს; 2. 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს; 3. 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ექსპერტიზამ ქალზე ძალადობა დაადასტურა.
ილია ჯიშკარიანის ცოლი, ნანა გვენცაძე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ რომან გვენცაძის შვილი გახლავთ. ამ ფაქტზე ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც იურისტს, უბრალოდ, არ შეეფერება:
„პირველად ჩემთან მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მოვიდა. ეს ადამიანები ვიღაცები არ არიან. ბატონი ილია ჯიშკარიანის მეუღლე გახლავთ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ რომან გვენცაძის შვილი. ეს ოჯახი მოდის ტრადიციებით. სამართალიც კარგად იციან, აზროვნებაც კარგი აქვთ და ანალიზის უნარიც“.
რა შუაშია ეს ყველაფერი ქალზე სექსუალურ ძალადობასთან?! რას ნიშნავს, „ვიღაცები არ არიან“? ანუ ჯიშკარიანის ცოლი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კი არა, ტრაქტორისტის შვილი რომ ყოფილიყო, მაშინ „ვიღაცა“ იქნებოდა?! სამართალი ყველასთვის ერთია _ ეს იურისტს არ უნდა ეშლებოდეს!
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დავით ჭიჭინაძის ბიზნესპარტნიორ ილია ჯიშკარიანთან დაკავშირებული სკანდალი სერიოზული ლახვარი აღმოჩნდა ექსდეპუტატის ზურგში, ისევე როგორც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადაყენება. უცნაურია, მაგრამ სამდივნოს განცხადებას მასზე ასეთი გავლენა არ მოუხდენია.
ახლავე მოგახსენებთ, რა სამდივნოზეა საუბარი:
2018 წელს „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა:
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, რითაც ზიანი მიადგა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“.
არ დაგვავიწყდეს იმის თქმა, რომ დავით ჭიჭინაძე მაშინვე ოპოზიციონერი არ გამხდარა. მან ჯერ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში, თუმცა უშედეგოდ.
აქვე გთავაზობთ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ განკარგულებას:
„საქართველოს მთავრობის განკარგულება

1195, 2016 წლის 23 ივნისი, ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნითასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ:

  1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #8-ში მდებარე 13 165,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: #01 _ განაშენიანების ფართით _ 995,82 კვ.მ. (ნახევრად დანგრეული) და #2 _ განაშენიანების ფართით _ 79,06 კვ.მ. (დანგრეული) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 29.08.34.054), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ნითას“ (ს/კ: 206037803);
  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
    ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში;
    ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 50-ნომრიანი (ორმოცდაათნომრიანი) სასტუმროს მშენებლობა/რეკონსტრუქცია, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ფუნქციონირების დაწყება და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) გადაცემული უძრავი ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას, არანაკლებ 20 (ოცი) ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს);
    გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  3. შპს „ნითა“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით;
  4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობთ გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“.

აღნიშნული ქონების შესახებ მოკვლევას „ქრონიკა+“ ცალკე პუბლიკაციას მიუძღვნის.

თამარ როსტიაშვილი