რამ აიძულა ადვოკატი გოგა ონიანი, აღიარებითი ჩვენება მიეცა?
„ქრონიკა+“-ს ხელთ ჩაუვარდა ადვოკატ გიორგი ონიანის საქმე, რომლითაც სასამართლო განხილვისას მოსამართლემ (მანუჩარ კაპანაძე) იხელმძღვანელა. საქმის 63-65 გვერდზე არის ნოტარიულად დამტკიცებული ჩვენება, რომელიც ეკუთვნის ბრალდების მთავარ მოწმე გიორგი შარიფაშვილს. ამ ჩვენების შესახებ ინფორმაცია საქმის სასამართლოს განხილვის დასრულებამდე არ ჰქონდა დაცვის მხარესა და ბრალდებულს. არადა, ეს ჩვენება სრულად ცვლიდა საქმის არსსა და მოვლენების განვითარების პერსპექტივას.
რა დოკუმენტია ეს? _ ეს არის ბრალდების მთავარი მოწმის, გიორგი შარიფაშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის შესახებ, რომ მან გიორგი ონიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ზეწოლის შედეგად.
„არ მსურს, ჩემს კისერზე იყოს უდანაშაულო ადამიანის, გიორგი ონიანის ციხეში გამოკეტვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა, დავადასტურო შემდეგი: გიორგი ონიანს არ ჩაუდენია დანაშაული, რომელსაც მას მოცემულ მომენტში ედავებიან. ვერსია, თითქოს პოლიტიკური ნიშნით მან დავით შათირიშვილსა და ლევან მდინარაძეს ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება, არის ტყუილი და აბსურდი. ის, რომ ეს ვერსია არის აბსურდული, ყველაზე კარგად იცის პროკურატურამ, თუმცა მათ ინტერესს არასოდეს წარმოადგენდა ამ საქმეზე სიმართლის გარკვევა. ერთადერთი ვერსია, რაც პროკურატურას ამოძრავებს, ეს არის გიორგი ონიანის სამაგალითოდ დასჯა“, _ წერს შარიფაშვილი.
მისივე მტკიცებით, პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მისი და საქმეში მოწმის სახით მყოფი პოლიციის სხვა თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა შანტაჟს, მუქარას, იძულებას, არაადამიანურ მოპყრობას, სხვადასხვა დაპირების მიცემას გიორგი ონიანის მამხილებელი ცრუ ჩვენების სანაცვლოდ.
როგორც ცნობილია, გამოძიება გიორგი ონიანს ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან მდინარაძის (DJ რემბო) უკანონოდ დაკავებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას ედავებოდა. ბრალდების მტკიცებით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისაგან ამოღების ფაქტი, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. ბრალდების ვერსიით, გიორგი ონიანმა იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი.
აღნიშნულ სს საქმეში შვიდი პირი ფიგურირებს, თუმცა სხვა თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა გიორგი ონიანზე მამხილებელი ჩვენებების სანაცვლოდ. ისინი კვლავ აგრძელებდნენ მუშაობას პოლიციის ორგანოებში. ბრალდების მთავარი მოწმე კი გიორგი შარიფაშვილი გახლდათ.
დაცვის მხარემ წარადგინა ვიდეომასალა, სადაც ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი შარიფაშვილი საუბრობს, რომ პროკურატურაში მას თანამდებობის სანაცვლოდ ტელევიზიაში მისვლასა და გიორგი ონიანის დადანაშაულებას სთავაზობდნენ. ეს ვიდეო სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო, თუმცა შემდეგ ამ ვიდეოს საფუძველზე ონიანი მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
ბრალდების მხარის მოწმე გიორგი შარიფაშვილი იმყოფებოდა სახალხო დამცველთან, რომელსაც განუცხადა იგივე, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად აქვს მიცემული. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა სასამართლოს წინაშე, თუმცა სასამართლომ მისი ჩვენება არ გაიზიარა.
რამდენიმე წლის წინანდელი საქმის დეტალების გახსენება ყოფილ სახალხო დამცველს ვთხოვეთ.
აი, რა განუცხადა უჩა ნანუაშვილმა „ქრონიკა+“-ს:
_ გიორგი შარიფაშვილი, რომელიც იყო გიორგი ონიანის საქმეში მთვარი მოწმე, ნამდვილად იყო ჩემთან და ისაუბრა, რომ ჩვენება, რომლის საფუძველზეც გიორგი ონიანი დააკავეს, მიაცემინეს ზეწოლით. სასამართლოს ამის შესახებ ჩვენება მივეცი _ დეტალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, სასამართლომ საბოლოდ ეს არ გაიზიარა.
_ რამდენად სარწმუნოდ მოგეჩვენათ გიორგი შარიფაშვილის მონათხრობი?
_ იმდენად დეტალურად და დამაჯერებლად ახსნა შარიფაშვილმა ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ის სიმართლეს ამბობდა. თან საქმეში იყო სხვა ბევრი საეჭვო გარემოება. მთლიანობაში, ეს ჩემთვის საკმარისი გახლდათ, დამენახა, რომ ამ საქმეში მართლაც იყო დარღვევები. 7 ადამიანი დააკავეს და ყველა გაათავისუფლეს, გარდა ონიანისა.
იგივე კითხვა უჩა ნანუაშვილს სასამართლოზე პროკურორმაც დაუსვა, რაზედაც სახალხო დამცველმა დაუდასტურა, _ დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო ამ ადამიანის გულწრფელობაში, მაშინ ამის სათქმელად სასამართლოში არ მივიდოდა.
ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი პრეცედენტი სასამართლოში სახალხო დამცველის დაკითხვისა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ასეთი მაღალი ფიგურის ჩვენება არ გაითვალისწინა. ეს ფაქტი კი შემდეგი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიშში მოხვდა.
ლომჯარიას 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში მითითებულია, რომ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის ჩვენების მიუღებლობა სასამართლომ კანონშეუსაბამო არგუმენტით დაასაბუთა.
რატომ ამ მიიღეს სახალხო დამცველის ჩვენება?
ბრალდების მხარის განცხადებით, სახალხო დამცველს მის ხელთ არსებული ინფორმაციით პროკურატურისთვის უნდა მიემართა და არა _ სასამართლოსთვის.
თუ რით იხელმძღვენელა უჩა ნანუაშვილმა, როდესაც მან ჩვენებისთვის სასამართლოს მიმართა, ამის შესახებ ყოფილ სახალხო დამცველს ვკითხეთ:
„როდესაც ასეთ ფაქტზე მიმართავენ, სახალხო დამცველი, პირველ რიგში, დაზარალებულთან და მსხვერპლთან ერთად განიხილავს საქმეს და იღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველს ვალდებულება არ აქვს, პროკურატურას მიმართოს. პირიქით, იმიტომაც მივმართეთ სასამართლოს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი იყო სწორედ ონიანის საქმე და მისი ინტერესების დაცვა. გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტულად იმ ადამიანებთან შეთანხმებით, ვისი საკითხიც განიხილება“, _ განგვიცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ონიანის საქმეში სხვა დარღვევებიც იყო, მაგალითად, დაუშვებელი მტკიცებულების გამოყენება. საუბარია იმ ვიდეოზე, რომელშიც აღბეჭდილი გახლდათ გიორგი შარიფაშვილის მონათხრობი.
სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ: „გ.ო-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ბრალდებულის ქმედების შესახებ გამოთქმული ვარაუდი გადაწყდა ბრალდებულის საზიანოდ“. ანუ სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც შარიფაშვილი ონიანის საქმის შესახებ საუბრობდა, გამოყენებულ იქნა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
„დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულება, რომელიც განაჩენის თანახმად, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თვითონ არ დაუშვა, შემდეგ კი გამოიყენა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახალხო დამცველის ამავე ანგარიშის თანახმად, მორიგი დარღვევა ამ საქმეში არის ნარკოტიკ მარიხუანას საკითხში ექსპერტის ჩვენების გაუთვალისწინებლობა: „სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ექსპერტის ჩვენებაზე და გაიზიარა მხოლოდ პოლიციელების ჩვენება“.
შედეგად, გოგა ონიანმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო გარიგება, შედეგად კი მან სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 7 ნოემბერს გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
განაჩენი სააპელაციოში გასაჩივრდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლოზე არ გამოჩნდა გიორგი შარიფაშვილის ნოტარიულად დამტკიცებული ჩვენება, გიორგი ონიანი დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას, რომლის გაფორმების მიზნით მან ბრალი სრულად აღიარა.
რის საფუძველზეც, 2018 წლის აპრილში გაფორმებული საპროცესო პირობების თანახმად, 4 წლისა და 6 თვის ნაცვლად, ონიანს საპატიმრო დაწესებულებაში 2 წლის მოხდა დაეკისრა, ხოლო 2 წელი და 6 თვე განესაზღვრება პირობითი მსჯავრი.
ირინა მაკარიძე