რა ხდება აჭარის სკოლებში?
რა მდგომარეობაა აჭარის რეგიონში სკოლებში? არის თუ არა რეგულაციები დაცული? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ბათუმის #9 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თემურ თურმანიძეს ესაუბრა:
_ ბატონო თემურ, რა პრობლემები გააჩინა პანდემიამ და ონლაინსწავლებამ? როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს? მოსწავლეების ზოგადი განწყობა როგორია სასწავლო პროცესის მიმართ?
_ გაზეთს არ კითხულობენ, ინფორმაციებს არ ისმენენ, უზნეობის, უპატივცემულობისა და უსწავლელობის დრო დადგა.
ონლაინსწავლება ისეა _ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო. ფეხმოტეხილი კაცი ყავარჯნით რომ დადის, იმას ჰგავს _ წაიკითხა-არ წაიკითხა _ კაცმა არ იცის! ამის პრაქტიკაც არ არსებობს, მაგრამ კომპიუტერის გამოყენებით კონტროლი შეიძლება, თუმცა 100%-ით ბოლომდე მაინც ვერ გააკონტროლებ. შეიძლება, ბავშვი კითხულობდეს და კომპიუტერში გაჩვენებდეს, რომ გაკვეთილს გიყვება, _ ამას ახერხებენ. მომავალი თაობის აღზრდა არის ერის პირველი რიგის ამოცანა! შვილი ოჯახის სარკეა. მომავალი თაობა არის ჩვენი ერის საყრდენი. ისტორიისადმი ინტერესი არ არის, არც ტრადიციისადმი. ეს ყველაფერი სატკივარია.
სკოლაში შემოსული ბავშვი უვიცი არ უნდა გადიოდეს. მკაცრი მოთხოვნები უნდა იყოს.
_ პანდემიის გარეშე, რა ზოგადი პრობლემებია სკოლაში?
_ 1700-მა მოსწავლემ ნახევარსაათიან ცვლებს შორის სკოლა უნდა დაცალოს. ამ ნახევარ საათში დამლაგებლები როგორ ახერხებენ დალაგებას, არ ვიცი. ფაქტობრივად, ბავშვები მტვრიან ოთახებში სხედან.
სკოლა უნდა იყოს 1-ცვლიანი და თუ მაინცდამაინც, ცვლებს შორის უნდა იყოს არა 5-წუთიანი დასვენება, არამედ 10-წუთიანი და 20-წუთიანი დიდი დასვენება, რომ ბავშვებმა ჭამა მოასწრონ და სრულფასოვნად იკვებონ.
ნორმალურად ხელის დაბანასაც ვერ ახერხებენ.
_ სამომავლოდ რას გეგმავთ?
_ სკოლა რემონტზე უნდა გავიდეს და ოთხივე სართულზე გვინდა გავაკეთოთ საპირფარეშოები, სადაც ჰიგიენის ყველა ნორმის დაცვა იქნება შესაძლებელი. პირველ სართულზე მდებარე საპირფარეშოებით 800 ბავშვი სარგებლობს _ 400 ერთ მხარეს და 400 მეორე მხარეს. ეს არასაკმარისია. სასადილო დროებით დაკეტილია და იგი ისე უნდა გაკეთდეს, რომ დისტანციის დაცვა მოხერხდეს.
ფხიზლად უნდა ვიყოთ მკაცრ რეჟიმში, რომ რამე არ გამოგვეპაროს.
როგორც ზემოთ ვთქვი, სკოლა უნდა იყოს 1-ცვლიანი და 30 მოსწავლეზე მეტი კლასში არ უნდა ისხდეს.
უფროსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებს იდეალური პირობები შევუქმნათ.
ბავშვს თუ მასწავლებელმა ერთხელ აჩვენა სიძულვილი, მას აღარ შეიყვარებს. ყველას უნდა მოეფერო და შენი გულწრფელი სიყვარული აჩვენო.
აჭარის რეგიონში, ბოლო მონაცემებით, რამდენიმე სკოლამ დროებით შეაჩერა სწავლა და ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, აჭარის რეგიონში სულ რამდენი სკოლა გადავიდა ონლაინსწავლებაზე და აჭარის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ონლაინ სწავლებაზე აჭარის რეგიონში სულ 12 სკოლა და 25 კლასია გადასული
ხვიჩა მამულაძე