რა ფსიქიკურ დაზიანებებს იწვევს ნარკოტიკი და მასზე დამოკიდებულება?
გიორგი საკარული
როგორ ვებრძოლოთ ნარკომანიას? როგორ ხდებიან ადამიანები ნარკოდამოკიდებულები? იკურნება თუ არა ნარკომანია და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები? რა ფსიქიკურ დაზიანებებს იწვევს ნარკოტიკი და მასზე დამოკიდებულება? სად არის სახელმწიფოს როლი?
ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ფსიქოლოგი, ქეთევან ჭელიძე:
_ ნარკოტიკზე დამოკიდებულება უკვე დაავადებაა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება თავიდანვე დაავადება არ არის, თუმცა გააჩნია ნარკოტიკს, _ ზოგიერთმა, შესაძლოა, ერთ და ორ მოხმარებაშიც კი დამოკიდებული გახადოს ადამიანი. ზოგადად, ადამიანი ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ეს იქნება სიგარეტი, ყავა, ვარჯიში, მუშაობა თუ სხვა რამ, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რაზედაც დამოკიდებული ხარ და რაც შენს ცხოვრებასა თუ ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს. ნარკომანია, ანუ ფსიქოაქტიურ ნივთირებაზე დამოკიდებულება, ადიქციის ერთ-ერთი სახეა. ადიქციის (დამოკიდებულების) აღსაწერად იყენებენ ბიო-ფსიქოსოციალურ მოდელს.
_ უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ…
_ არსებობს ბიოლოგიური განმაპირობელი ფაქტორები: ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად არის განწყობილი, ბიოლოგიურად რომ გახდეს დამოკიდებული, ასევე არსებობს ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები. ნარკომანიასთან ბრძოლის დროს სამი ფაქტორია მნიშვნელოვანი: ნარკოტიკების შემოდინების კონტროლო ქვეყანაში, პრევენცია და მკურნალობა. ეს უკანასკნელი თავისთავად მოიცავს ორ მიმართულებას, ეს არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნა. ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა უფრო ადვილია, ვიდრე ფსიქოლოგიურის, რადგან მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, სარეაბილიტაციო ცენტრში დიდი დროის გატარება. მაგალითად, ისრაელში ზოგიერთი სარეაბილიტაციო ცენტრიდან (ეს მოიცავს დაახლოებით ორ წელს) პაციენტი რომ გარეთ გამოვა, მას გარკვეული სერვისები კვლავ მიეწოდება სიფხიზლის შესანარჩუნებლად. ზოგადად, ეს დაავადება მიიჩნევა ქრონიკულ დაავადებად.
_ არ იკურნება?
_ განიკურნება, ხანგრძლივ რემისიას მიაღწევს და შეიძლება ეს მთელი სიცოცხლეც გაგრძლდეს, მაგრამ მის ორგანიზმს დამახსოვრებული აქვს, რომ შეიძლება სიამოვნების მიღწევა ისე, რომ ძალისხმევა არ გაიღო. ერთი მოხმარებაც კი მისთვის შეიძლება პრობლემური იყოს და უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს დახმარებისათვის სცპეციალისტებს, გააკეთოს რაღაცები, რომ ისევ არ დაუბრუნდეს მოხმარებას. ბიოლოგიური ფაქტორების მიხედვით დამოკიდებულებისადმი მიდრეკილებას ვერაფერს უზამ, მაგრამ შესაძლებელია სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების განეიტრალება. არსებობს ბედნიერების ჰორმონები და ისინი გამოიყოფა გარკვეული პირობის შესრულების დროს. მაგალითად, როდესაც ვასრულებთ სამუშაოს, ვვარჯიშობთ, მივირთმევთ ტკბილეულს ან მეგობრებთან ერთად ვატარებთ დროს, ვიცინით და სხვა.
ანუ ამ ჯილდოებს ორგანიზმი გაძლევს რაღაცის საპასუხოდ. როდესაც ამ რაღაცის გარეშე გინდა ჯილდოს მიღება, მერე ეს ყველაფერი პრობლემაში გადაიზრდება, რადგან მერე სულ უფრო და უფრო მეტი ნივთიერება გჭირდება სიამოვნების მისაღებად. მოგვიანებით ეტაპზე კი სიამოვნებას ვეღარ იღებ, ტკივილსა და ტანჯვას უნდა გაუმკლავდე, რისთვისაც გჭირდება ნარკოტიკი. არსებობს ნარკოტიკი, რომელიც ფიზიკურ დამოკიდებულებას იწვევს და გარკვეულ ეტაპზე მისი მიღების გარეშე ადამიანი განიცდის ტანჯვას, რასაც აღკვეთის სინდრომი ეწოდება (ჟარგონულად „ლომკა“). სამედიცინო ჩარევის შედეგად შესაძლებელია აღვეთის სინდრომის მოხსნა, მაგრამ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნა ბევრად რთული ამოცანაა.
_ რა ფსიქიკურ დაზიანებებს იწვევს ნარკოტიკი და მასზე დამოკიდებულება?
_ გააჩნია ნარკოტიკს. ეს ახალი და ზოგადად არასუფთა ნარკოტიკები უფრო დიდი პრობლემაა, რადგან მან შეიძლება ტვინის დაზიანება გამოიწვიოს, მაგალითად, ის იწვევს შეუქცევად პრობლემებს ტვინში, რომელიც ადამიანის ღრმა ინვალიდიზაციას იწვევს. ახლა ისეთ ნარკოტიკებს ქმნიან, რომ დამოკიდებულება კი არა, ერთი მოხმარებაც კი სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს, იმდენად დიდი რაოდენობით აქტიურ ნივთიერებას შეიცავს იგი. ახალგაზრდების უმეტესობა ამ ყველაფერს როგორ ფუთავს, იცით? _ კლუბში თუ წახვალ და მიიღებ ერთხელ ნარკოტიკს, არაუშავს, ის ნარკომანი არ არის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სულერთია, ეს იქნება სააფთიაქო, კლუბური თუ ჩვეულებრივი წამალი, ნარკოტიკი არის ნარკოტიკი. ეს არის უბრალოდ ის გზავნილები, რომელიც ამ ინდუსტრიამ შეიმუშავა და შეფუთა ისე, რომ ადამიანები ადვილად ჩაითრიონ მოხმარებაში. ვინც იტყვის, რა მოხდა მერე, ხანდახან რომ მოვიხმაროო, ისიც დამნაშავეა ან უბრალოდ სულელი, გაუნათლებელი და უცოდინარი ადამიანია.
_ რატომ ხდებიან ადამიანები ნარკოდამოკიდებულები?
_ არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. მაგალითისთვის, თუ ადამიანი მორცხვია და უფრო აქტიურობა უნდა, დაბალი ენერგეტიკა აქვს და უფრო მხიარულდება, თუ ფსიქოლოგიურად მძიმე გარემო აქვს, ის ამის გასამკლავებლად ნარკოტიკს იყენებს. ერთხელ მაინც რომ გამოიყენო, მერე ტვინი სულ უფრო და უფრო მოგთხოვს. ამასთან, ვისაც უჭირს ურთიერთობები სხვებთან, დათრგუნულია ან დეპრესია აქვს, ნარკოტიკით ერთგვარ კომპლექსებს იხსნის. დეპრესია კიდევ სხვა დაავადებაა, ამ დროს ნარკოტიკი უფრო უადვილებს თითქოს ცხოვრებას და სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები ხდებიან ნარკოდამოკიდებულები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ადამიანებს ბავშვობიდან არ ასწავლიან ჯანსაღი გზებით სიამოვნების მიღებას და გართობას, ტრავმასთან გამკლავებას. ისიც უნდა ასწავლო ბავშვს, საიდან მიიღოს სიამოვნება. ზოგ შემთხვევაში ბავშვს სურვილებს უსრულებენ, არც სწავლას სთხოვენ და გამზადებულს აწვდიან ყველოაფერს. იმ ბავშვმა უკვე სიამოვნება საიდან მიიღოს, აღარ იცის, რადგან არანაირი წინააღმდეგობა და ძალისხმევა მას აღარ სჭირდება. არიან ისეთებიც, რომლებსაც უნდათ, რომ კლუბურ გარემოში თავი დაიმკვიდრონ და იქ რომ მიაწვდიან ნარკოტიკს, არ იციან უარი როგორ თქვან, _ მორჩილი ტიპი ვარ, არ ვიცი უარის თქმა. ამიტომ ჰქვია ბიო-ფსიქოსოციალური მოდელი, რომ ამ დაავადების განმაპირობებელი არის მოწყვლადობა. არ ვიცი, როგორ ვთქვა უარი _ ესეც ძალიან სერიოზული პრობლემაა.
_ რატომ არის მკურნალობის პროცესი ასეთი ხანგრძლივი?
_ იმიტომ, რომ რეაბილიტაციის პროცესში უნდა გამოვლინდეს ის ფაქტორები, რაც განაპირობებს მის ბიო-ფსიქოსოციალურ მოწყვლადობას. პირადი ფსიქოლოგიური პრობლემები, გარემო, ოჯახი და მერე ყველაფერი ეს უნდა ამოხსნა და გადაჭრა. ოჯახთან ცალკე მუშაობ, პაციენტთან ცალკე და ეს ხანგრძლივი პროცესია. ადამიანს ზოგადად უჭირს ცვლილებები. რატომ ამბობენ, _ აი, ვარჯიშს ორშაბათიდან დავიწყებ, დიეტას ორშაბათიდან დავიწყებ და ეს ორშაბათი არასოდეს დგება. ცვლილება რთულია. შენ ტრიალებ კონკრეტულ წრეში, როდესაც ნარკომანი ხარ გაღიარებენ, იქ მიღებული ხარ და როცა ამას გამოაცლი ყველაფერს, იმ ჯანსაღ წრეში უკვე ეჭვით გიყურებენ და ხშირად დაკარგულად ითვლები. იქ, სადაც შენ მომხმარებელი ხარ, იმ წრეში დიდად არ უნდათ, რომ დაანებო მოხმარებას თავი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა თვითშეფასება დაგიგდონ. ადამიანმა არ იცის, რა გააკეთოს, ძალიან ხშირად დაკარგული აქვთ პროფესიული უნარ-ჩვევები, შრომისუნარიანობა, ნორმალური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გვერდით მდგომი არავინ ჰყავთ.
_ სარეაბილიტაციო ცენტრებში მკურნალობა ძალიან დიდი ფუფუნებაა. აქ აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. მეტადონის პროგრამა არ არის გამოსავალი და გამოსასწორებელი გზა. სად იკვეთება სახელმწიფოს როლი ამ დროს? რას აკეთებს იმისთვის, რომ მომავალი თაობა გადაარჩინოს და სიკვდილისგან იხსნას?
_ მეტადონის პროგრამაზე ყოფნა არის ჩანაცვლებითი თერაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად საზიანო პრაქტიკით და ნარკოტიკით ვანაცვლებ, რადგან მეტადონი სუფთაა და ა. შ. რაც შეეხება სახელმწიფოს ხელშეწყობას და როლს, იყო ამაზე ლაპარაკი, რომ უნდა გახსნილიყო სარეაბილიტაციო ცენტრი, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი ისმის. მინდა აღვნიშნო, რომ კახეთში, კერძოდ კი გრემში გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი „თანადგომა“, სადაც უფასო მიღებებიც გვქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ოჯახს თუ არ აქვს ფული და უნდა მკურნალობა, აქ რაღაც მოდელი უნდა შევიმუშავოთ, თუ როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს.
_ რა სახის მკურნალობა შედის სარეაბილიტაციო ცენტრში?
_ სარეაბილიტაციო ცენტრში შედის ფსიქოლოგიური მუშაობა, შრომა-თერაპია, ჯგუფური მუშაობა, 12 ნაბიჯი, იქ დაკავებულები არიან სხვადასხვა აქტივობით და ა. შ. ისრაელში სარეაბილიტაციო ცენტრი ვნახე, სადაც დილის 6 საათზე დგებოდნენ და სხვადასხვა აქტივობას მიმართავდნენ. დასვენების დრო ძალიან ცოტა ჰქონდთ, დაახლოებით ნახევარი საათი, რადგან ისინი მთელი დღის მანძილზე უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები რაღაცებში, იმის გამო, რომ მათი გონება არ წასულიყო სხვა მიმართულებით. ისინი გარესამყაროს სრულიად წყდებიან, სწავლობენ და უყალიბდებათ ახალი ქცევები და ამ 2 წლის მანძილზე ნელ-ნელა გამოდიან მდგომარეობიდან. ეს ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ის უფრო ძვირია, რასაც ნარკოტიკზე დამოკიდებული ხალხი აზიანებს საზოგადოებას.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არის ძალიან მწყობრი და აწყობილი პრევენციის სისტემა _ ჩვენ ასი ათასობით დამოკიდებული თუ გვეყოლება, ამას ბიუჯეტით ფიზიკურად ვერ გავწვდებით.
_ ამიტომ არის სახელმწიფოს ჩართულობა სასწრაფო და აუცილებელი, რომ დაფინანსება გამოყოს, შექმნას სარეაბილიტაციო ცენტრები და უმკურნალოს ნარკოდამოკიდებულ პაციენტებს.
_ სახელმწიფოს აქვს პრევენციაში მნიშვნელობა, თორემ ერთი ორგანიზაცია რას გააკეთებს, რომელი რესურსით? იწყება ბაღიდან მუშაობა, ბაღში ნარკოტიკზე კი არ ელაპარაკებიან, იქ ისეთ უნარ-ჩვევებს უმუშავებენ, რაც დაეხმარება ადამიანს ამ პრობლემის თავიდან აცილებაში. ასწავლიან უარის თქმას, ასწავლიან კარგის და ცუდის გარჩევას, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ასწავლიან სტრესის მართვას ბაღიდან სკოლის მე-12 კლასამდე. შენ რომ გაქვს სტრესის მართვის უნარი, ჯანსაღი გზით გართობის უნარი, იცი, ვის მიმართო, როცა პრობლემა გექმნება, გაქვს ინტერესები და საშუალება, დაიკმაყოფილო ისინი, ნარკოტიკი აღარ იქნება შენთვის ერთადერთი გამოსავალი. თუ გაქვს ფსიქოლოგიურად მოწყვლადობა, რაც არ უნდა გიძახონ ნარკოტიკი ცუდია, შენ თუ ნარკოტიკის გარდა სხვა გამოსავალი არ გექნება, აუცილებლად იმ ნარკოტიკში წახვალ. ამიტომ არის ეს მწყობრი, თანამიმდევრული, უწყვეტი მუშაობა აუცილებელი.
არსებობს პირველადი და მეორადი პრევენცია. პირველად პრევენციას მივმართავთ სკოლებში, მოსახლეობასთან, ხოლო მეორადი მაღალი რისკის ჯგუფებთან მუშაობაა. პრევენცია არ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარების უარყოფით მხარეზე საუბრით, არამედ ადამიანებმა უნდა იცოდნენ საკუთარი ემოციების მართვა, ჯანსაღი გზით გართობა, ურთიერთობების დამყარება, მიზნების დასახვა, საქმიანობა მათი მიღწევის მიზნით, კონფლიქტის მართვა. უნდა იყოს საშუალება, ახალგაზრდები დაკავდნენ სპორტით, ჩაერთონ სხვადასხვა შემოქმედებით საქმიანობაში. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კუნთები რომ იკუმშება, გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები, ამიტომ თუ ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოს, რომ არაფერი ხელმისაწვდომი არ არის ახალგაზრდისთვის, რა თქმა უნდა, დარჩება მხოლოდ ნარკოტიკი და მოზარდი დაიწყებს მის მოხმარებას. ვასწავლით სტრესთან გამკლავებას, ვის მიმართონ გაჭირვების დროს, ძალადობისგან ვიცავთ სხვადასხვა გზით, აუცილებლად ბავშვობიდან ვუყალიბებთ უარყოფით დამოკიდებულებას ნარკოტიკების მიმართ, ვუხსნით, რა შედეგს მოიტანს იგი. ამ ყველაფერს აკეთებდა სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, „თანადგომა“. სკოლებში ძალიან კარგი შედეგები გვქონდა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ლაპარაკი, ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ამ ყველაფერში ჩართული.
_ რატომ შეჩერდა ეს პროცესი სკოლებში?
_ სახელმწიფოს მხრიდან არ იყო დიდი ჩართულობა. პრევენცია უნდა იყოს უწყვეტი, თანმიმდევრული, სისტემური და დანერგილი განათლების სისტემაში. ჩვენ ძალიან გვინდა ვითანამშრომლოთ სკოლებთან და ველოდებით შემოთავაზებას. მნშვნელოვანია მრავალფეროვანი, თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენება. უნდა უპასუხო სხვადასხვა პრობლემას. ახლა ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ კლუბში თუ მიდიხარ, ნარკოტიკიც აუცილებლად უნდა მოიხმარო. კლუბში მიდიხარ იმიტომ, რომ იცეკვო და შენთვის სასურველ მუსიკას მოუსმინო, რისგანაც შესაბამისად იღებ სიამოვნებას და თავისთავად გამოიყოფა სიამოვნების ჰორმონები. მაშინ რაღა საჭიროა დამატებით ნარკოტიკის მიღება? ამიტომ ეს ბევრმა უნდა გააანალიზოს, რომ თუ კლუბში მიდიხარ, რა შუაშია აქ ნარკოტიკის მოხმარება? ძალიან ბევრი ადამიანი დადის კლუბში, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკს და კარგად გრძნობს თავს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არის მარკეტინგული გზავნილი ამ ინდუსტრიის.
ისრაელში არსებობს ანტინარკოტიკული ბიურო, რომელიც ნარკოპოლიტიკას შეიმუშავებს, პრევენციაზე მუშაობს და ასეთი ორგანო უნდა გვქონდეს ჩვენც, სადაც ჩაბმული უნდა იყოს როგორც არასამათავრობო ორგანიზციები, ისე სახელმწიფო უწყება. კომპლექსური მუშაობაა საჭირო. არცერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება უსაფრთხო არ არის, თანამედროვე მარიხუანაც კანაბისს შეიცავს გაცილებით დიდი რაოდენობით, ვიდრე ბუნებრივი. თუ ადამიანს მოწყვლადობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, გარკვეული რაოდენობის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მანიფესტაცია. ადამიანს, რომელსაც არანაირი შანსები არ აქვს არც გართობის, არც თვითრეალიზაციის, ყველა არის „კაიფის“ ქვეშ. ძალიან უყურადღებობაა ზოგადად ამ საკითხის მიმართ და მომწონს, რომ მედიამ წამოწია ეს თემა.
_ კომპლექსური მუშაობა კი არა, რამდენიმე კვირაა, რაც ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაიწყო ნარკორეალიზატორების მხილება, გაშუქება და უამრავი ადამიანის ინფორმირება შეძლო, თუმცა ხელისუფლება დუმს, დუმს ოპოზიციაც…
_ სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალები საერთოდ არ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნებს, არანაირი ხედვა არ გააჩნიათ და თუ აქვთ, მხოლოდ პოპულისტური. კარგია, რომ ეს დისკუსია მედიამ დაიწყო და დაინტერესდა ამ თემით.