რა კავშირი აქვს ასმათ დვალიშვილს სოსო გოგაშვილთან?!
„ქრონიკა+“ აგრძელებს საგამოძიებო მასალების მომზადებას პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმის შესახებ, რომელიც 2021 წლის 17 მარტს ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა პოლიტიკოსის ცნობილი პერფორმანსი _ ამით მან ბერა ივანიშვილის მიერ იმ ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორი გააპროტესტა, რომლებიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილსა და თავად ოლიგარქის ოჯახზე კრიტიკული ფეისბუქპოსტებით გამოხატავდნენ საკუთარ აზრს.
წულაიას საქმეში მთავარი მოქმედი პირი ასმათ დვალიშვილია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტიკოსს მასთან მიმართებით სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დვალიშვილისთვის გოგი წულაიას საქმე არ არის პირველი, სადაც ის სამართლებრივ დავაში იმყოფება.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა გოგიტა გოგელაშვილს, რომლის ცხოვრების გარკვეული ეპიზოდის უსიამოვნო მოგონება ასმათ დვალიშვილს ეხება. სწორედ მასთან ჩავწერეთ ინტერვიუ და გაზეთის ამ ნომერში ექსკლუზიურად გთავაზობთ. დასკვნების გამოტანა კი თქვენთვის მოგვინდვია.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გოგიტა გოგელაშვილის აზრით, გოგი წულაიას საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. სწორედ ამიტომ მან, სანამ ჩვენთან უშუალოდ თემაზე საუბარს დაიწყებდა, გვთხოვა, მკითხველისთვის განგვემარტა, რომ ის არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი და არ სურს მისი ეს ინტერვიუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ:
გოგიტა გოგელაშვილი:
_ რა ურთიერთობა გქონდათ ასმათ დვალიშვილთან და როგორ გაიცანთ ის?
_ ასმათ დვალიშვილი გავიცანი 2012 წელს. მას საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობა“ ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულება აქვს სამხედრო კუთხით. 2016 წელს გაჩნდა იდეა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალპროფილიანი გამხდარიყო. თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ, თუ ვინ იყვნენ მისი გამგეობის წევრები იმ დროს ორგანიზაციაში. პირადად ჩემი ინტერესი მაშინ იყო საარჩევნო სისტემაზე მუშაობა, რომელიც დღემდე სავალალო მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და ამის დამადასტურებლად მას ტრენინგის სერტიფიკატიც კი აქვს, სადაც მე გავუშვი.
_ შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?
_ არ გამოვიდა ის პროექტი, რომელიც ერთად დავიწყეთ და წამიყენა პრეტენზია, რომ მან ვერ ნახა ფინანსური სარგებელი და მომთხოვა დიდი თანხა, _ 2150 ლარი. არ ვიცი, საიდან დაითვალა და გადაწყვიტა, რომ ამხელა თანხა უნდა გადამეხადა მისთვის, რომელიც მე იმ მომენტში არ მქონდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, მას ნოტარიუსთან გავყოლოდი და მისი დახმარებით წერილობითი სახე მიგვეცა დოკუმენტისთვის, რომლითაც მე ჩემს ბრალს ვაღიარებდი აღნიშნულ საქმეში, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ასე არ არის.
ამის შემდეგ ყველაფერი განვითარდა კატასტროფულად: 2018 წლის 5 ნოემბერს მირეკავს დვალიშვილი და ვთანხმდებით, რომ უნდა შევხვდეთ პარლამენტის შენობასთან (იგულისხმება ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა). როგორც კი პარლამენტთან მივედი და მანქანიდან გადმოვედი, ასმათ დვალიშვილი ფიზიკურდ გამისწორდა, _ სახეზე დღემდე მეტყობა იარა.
იმ დღეს ასმათ დვალიშილი არ იმყოფებოდა მარტო, მას თან ახლდა ადამიანი, რომელთანაც გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდა. მათ უნდოდათ, რომ მე ფიზიკურად გავსწორებოდი ასმათს, თუმცა ვერ მოახერხეს ჩემი ამ პროვოკაციაზე წამოგება. მაშინვე დავურეკე სასწრაფოსაც და სამართალდამცველ ორგანოებსაც, რის შემდეგაც ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი განაცხადი უკან გამოვიტანე, ვინაიდან არ მინდოდა, რომ მარტოხელა დედა უფრო მეტად დამეზარალებინა.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ დვალიშვილს სხვასთანაც ჰქონდა ურთიერთობა და პროვოკაციით უცდია შემდეგ მისი „გაშავება“?
_ თუკი დაინტერესდებიან, ნახონ, საიდან და როგორ ირიცხება მის პირად ანგარიშებზე თანხები და ძალიან ადვილად გაარკვევენ ყველაფერს.
_ როგორ აღმოჩნდა ასმათ დვალიშვილი ოპოზიციურ სპექტრში? აქვს თუ არა მას რამე სახის კავშირი სუს-თან?
_ კავშირები რომ აქვს, ამას გიდასტურებთ. არაერთი გვარი უხსენებია ჩემთან საუბრისას. მაგალითად, დამამახსოვრდა გენშტაბიდან ჩაჩიბაია. ამ ინციდენტამდე სამი თვით ადრე მან ასეთი რამ მითხრა: „დამიბრუნე ჩემი თანხა, თორემ ხომ იცი, სოსო სხვანაირი ადამიანიაო“. ჩვენ გვყავდა საერთო მეგობარი სოსო და არც კი მიფიქრია, რომ ის სხვა ვინმეს გულისმობდა, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ დვალიშვილს მხედველობაში ჰყავდა მაშინდელი სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი. დვალიშვილმა და მისმა დამხმარეებმა გამიტეხეს ჩემი პირადი სოციალური ქსელი. როდეც მას ვუთხარი, რომ ჩემი ფეისბუკი იყო გატეხილი, მირჩია, მეჩივლა. შემდგომში გავარკვიე, რომ ეს ყველაფერი მოხდა სხვა ადამიანის დახმარებით და თუ მე ვიჩივლებდი, ამით ზარალდებოდა არა რეალური დამნაშავე, არამედ ის, ვინც დვალიშვილმა დაიხმარა. მე ერთგვარი ტესტიც კი გავაკეთე: როდესაც ასმათმა მკითხა, ვიჩივლე თუ არა, ვუთხარი, რომ მივწერე მას, ვინც გამიტეხა გვერდი. დვალიშვლმა კი მიპასუხა, რომ „არ წაუკითხავს“. ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო იმის დასამტკიცებლად, რომ მან ყველაფერი იცოდა.
_ ქუთაისის პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს დავუბრუნდეთ.
_ როდესაც პარლამენტთან ის ინციდენტი მოხდა, რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, ასმათის თანმხლებმა პირმა მითხრა: „ასმათი უშიშროება კი არ არის, ის სამხედრო უშიშროებაა“.
„ქრონიკა+“ აგრძელებს პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმეზე დამატებითი მასალებისა და ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც თანმიმდევრულად შემოგთავაზებთ.