პოლიტიკური პანდემია
COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. სწორედ ამ დღიდან საქართველომ უცნაური გზებით დაიწყო მოძრაობა, _ ხან ვაკეზე ვიყავით, ხან მათაში, ხანაც აღმართში და არც ჯომოლუნგმისთვის ჩაგვივლია გულგრილად.
გასაკვირი შეიძლება არც არაფერი ყოფილიყო, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ჯომოლუნგმაზე მხოლოდ მაშინ ავდიოდით, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ხდებოდა. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, გეტყვით _ რაც უფრო ხმამაღლა იყვირებდა ოპოზიცია რუსთაველზე, მით უფრო სწრაფი ნაბიჯებით ავდიოდით ევერესტზე.
2020 წლის 21 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც თავისი არსით შემდეგს გულისხმობდა _ იმოძრავე შენს კვადრატში.
ჩვენც დავემორჩილეთ და მანამ ვიყავით გამოკეტილები, სანამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ მოახლოვდა და ხელისუფლებამ არ იგრძნო, შეზღუდვები არჩევნების შედეგთან პირდაპირპროპორციულ ბმაში იყო, ამიტომაც საზაფხულოდ საკნები გაგვიხსნეს და გამოგვიშვეს იმ პირობით, რომ კარგად მოვიქცეოდით. ცხოვრება თითქმის ჩვეულ რიტმში ჩადგა, ეკონომიკაც ოდნავ ამოძრავდა. „სამ მუშკეტერად“ წოდებული ქვეყნის ცნობილი იმუნოლოგები ბევრად უფრო ლმობიერები გახდნენ, საარჩევნო შეკრებებზე არც მოსახლეობას უშლიდნენ მისვლას და მეტი სტიმულის მისაცემად თავადაც დადიოდნენ, სხვათა შორის, უპირბადოდ, მაგალითად ამირან გამყრელიძე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე.
ზაფხულზე გააქტიურებულმა ტურისტულმა სეზონმა, ხალხმრავალმა ქორწილებმა, შეკრებებმა და ქელეხებმა თავისი შედეგი გამოიღო. Stopcov -ის მონაცემებით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი დღითი დღე იზრდებოდა, ინფიცირებულების ზრდასთან ერთად კი „მუშკეტერები“ საოცრად მშვიდები ხდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თუ რეგულაციებს დავიცავდით, საშიში არაფერი იყო. მეტიც: სრული დამაჯერებლობით გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავით არჩევნებზე და დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი საარჩევნო უბანზე. მოწოდება და „ქართული ოცნების“ აგიტაცია იმდენად სინთეზურად შეურწყეს ერთმანეთს, რომ თავიანთი რეალური ფუნქცია გადაავიწყდათ.
„დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. იქ ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია ადამიანების დაინფიცირების რისკი. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ. აუცილებელია, არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, _ გვარწმუნებდნენ საგანგებო ბრიფინგებიდან იმუნოლოგები.
მოკლედ, იმუნოლოგების აქტიურობით საარჩევნო აგიტაციაში ჩართული „კაი ბიჭებისა“ და „ქართული ოცნების“ ავტობუსებით ხალხი არჩევნებზე მიიყვანეს, ზოგმა ნებით, ზოგმაც უბნის ბიჭების ნებით და ზოგმაც ისე, რომ არც გაუგია _ კიდევ ერთხელ, მესამე ვადით ხელისუფლებაში დატოვა ძალა, რომელიც აგერ უკვე მე-10 წელია, შეუსვენებლად გვაოცნებებს.
ხუმრობა იქით იყოს და ახალა სრული სერიოზულობით გავყვეთ მოვლენებს:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ „დონას“ კლასტერისა და ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებულის ფონზე, ცხოვრება ისევ ჩვეულ პოლიტიკურ რეჟიმში ჩადგა, რაც უალხეს ისტორიას თუ გადავხედავთ, დაუსრულებელ საპროტესტო აქციებში გამოიხატება. 2020 წლის 8 ნომბერს გაერთიანებული ოპოზიცია კვლავ ჩვეულ ადგილზე, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა, ხმაწართმეული და გაბრაზებული მოქალაქეები ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოწოდებით, აქციის მონაწილეებმა, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით, ცესკოს შენობასთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან მისულებს ჟვანია არა, მაგრამ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმელთა უპრეცედენტო რაოდენობა ნამდვილად დახვდა და ღამის 00:55 წუთზე დარბევაც დაიწყო.
მეორე დღეს პირველი და, ალბათ, ყველაზე ლოგიკური შეკითხვა, რაც იმუნოლოგებს მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს, ასე ჟღერა: _ მაშინ, როდესაც ყოველდღიურად კოვიდის ათასობით ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რამდენად გამართლებული იყო ნოემბერში ცივი წყლით მომიტინგეების დაშლა?! ადამიანები, რომლებიც თვეების მანძილზე დადიოდნენ მმართველი პარტიის პოლიტიკურ შეკრებებზე და მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, გვპასუხობდნენ, რომ პოლიტიკური განცხადებების კეთება მათი მოვალეობა არ იყო: „ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე. სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს, ეს არის ჩემი პასუხი…“(?!!)
გაყალბებული არჩევნების გამო პოლიტიკური პროცესები თანდათან უფრო გამწვავდა. სწორედ ამ დროს იმუნოლოგებმა დაარქივებული ტექსტები კიდევ ერთხელ გადაიმეორეს და ბრიფინგიდან კვლავ მოგვესმა ნაცნობი ხმები: „ჩვენს ვებგვერდზე ყოველდღიურად იდება კოვიდინფიცირების სტატისტიკა და დინამიკა. მე რომ გაზაფხულზე ჯომოლუნგმაზე ასვლას ვადარებდი ხოლმე, ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ“.
პოზიციების უფრო გასამყარებლად ბრიფინგს ბრიფინგი მოსდევდა, კოვიდდადებითობის მაჩვენებელი კი ყოველ წუთს იცვლებოდა. უწყებათაშორის საბჭოსაც ხელ-ფეხი გაეხსნა და 2020 წლის 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა იმავე დღეს, რუსთაველის გამზირზე, ღამისთევით გააპროტესტეს. ხელისუფლების რეაქციამაც არ დააყოვნა: „ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც დიდი ალბათობით ქვეყანაში არის, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კიდევ უფრო შეიძლება გაფართოვდეს“, _ თქვა ამირან გამყრელიძემ და რამდენიმე თვის წინ „გისოსებიდან“ გამოსული მოსახლეობა ისევ უკან შეაბრუნა.
2021 წლის მარტიდან შეზღუდვები ისევ შემსუბუქდა, გაიხსნა ღია ტიპის ბარ-რესტორნები, ამუშავდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, გაიხსნა ფიტნესდარბაზები თუმცა, ამავდროულად, კვლავ გააქტიურდა ოპოზიის პროტესტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებამ კიდევ უფრო გაამწვავა.
ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური ვითარება საკამოდ დიდი თავსატეხი აღმოჩნდა ჩვენი ევროპელი და დასავლელი მეგობრებისთვის, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ და ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი ჩაინიშნა, რომელსაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლი დაეკისრა. შარლ მიშელი ქვეყანაში შეთანხმების დოკუმენტით ხელდამშვენებული ჩამოვიდა, თუმცა უკომპრომისო „ქართული ოცნების“ გამო უკან შედეგის გარეშე დაბრუნდა.
მოლაპარაკებების მეორე ეტაპი უკვე შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით წარიმართა, თუმცა შედეგი ვერც ამან გამოიღო, _ ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას არ აღიარებდა. თავის მხრივ, უკან არც ოპოზიცია იხევდა და პოლიტიკური პროცესები კვლავ ჩიხში მოექცა. დანიელსონი წავიდა და მალევე ისევ დაგვიბრუნდა, თუმცა მოლაპარაკებებიდან გამოსულს კვლავ მოუწია იმ ტექსტის განმეორება, რომელიც პირველი ჩამოსვლის ბოლოს წარმოთქვა და გვაუწყა, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა. ხელისუფლება კვლავ თავის პოზიციაზე, ოპოზიცია კი პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში დაჩა. წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ აუციელებელია ძალის დემონსტრირება, რადგანაც ხალხის ძალა, ეს არის ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ბრძოლის უალტერნატივო საშუალებად შეიძლება განვიხილოთ. სწორედ ამიტომ 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია დაანონსა, მანამდე კი რეგიონებში გავიდა, რათა მოსახლეობა თავიანთ სიმართლეში დაერწმუნებინათ.
ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, პოლიტოლოგები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად უკვე კარგად ნაცად ხერს მიმართავდა და წინა ხაზზე პანდემიას და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს გამოიტანდა.
„თუ ამ მოძრაობამ მასშტაბები აკრიფა და ხელისუფლებამ დაინახა, რომ ეს არის ეფექტიანი პროცესი ხალხის გამოფხიზლებისა და ქუჩაში გამოსვლის, ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ხელისუფლება კოვიდ პანდემიის მესამე ტალღას დააანონსებს და კიდევ უფრო გაამკაცრებს კანონებს, რეგულაციებს. მით უფრო იმის ფონზე, რომ ხელისუფლება პანდემიის პოლიტიკური მიზნების გამოყენებაში უკვე შემჩნეულია“, _ ეს კოემენტრი პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ საინფორმაციო სააგენტო CNews -თან 2021 წლის 20 მარტს გააკეთა.
2021 წლის 12 აპრილს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში კოვიდ პანდემიის მესამე ტალღაა და ასევე გაიზარდა კოვიდ 19-ის ბრიტანული შტამის შემთხვევებიც.
„ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთან თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო“.
„ქრონიკა+“ შეეცადა გაეგო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოზიცია საკითხის შესახებ:
_ არის თუ არა კავშირი მესამე ტალღასა და თქვენ მიერ დაანონსებულ 15 მაისის აქციასთან?
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ იმუნოლოგების მოწოდებები რეგულაციებთან დაკაშირებით და ის გამოცდილება, რაც პირველი და მეორე ტალღიდან გამომდინარე გქონდათ, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქტივობებზე?
ირაკლი კუპრაძე _ „ლელო“:
_ ფაქტობრივი მოცემულება სახეზეა, რომ მესამე ტალღა იწყება. პასუხიმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მათ ვერ შეძლეს იმ პრევენციული ზომების განხორციელება, როგორიცაა ვაქცინაცია, სწორი რეგულირება, რაც არ გამოიხატება კომენდანტის საათში. უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და კონტროლი, მაგალითად, მრავალრიცხოვანი ღონისძიებისადმი. ამ ყველაფერს ვერ შეძლებდნენ, იმიტომ რომ იმდენად შერჩევითი იყო ეს რეგულირება, საზოგადოებას რწმენა აქვს დაკარგული ამ აკრძალვების მიმართ. არავის ჰქონდა უფლება რაღაც ტიპის ღონისძიებების ჩატარების, გრადა „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ჩინოვნიკებისა და მერიის თანამშრომლებისა, რაც აისახა შესაბამისად ამ რეგულირების მრავალრიცხოვან დარღვევებში. რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ პროცესებთან დაკვშირებას, ცხადია, „ქართული ოცნება“ მესამე ტალღის ფაქტორებს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად იყენებს, მათ შორის, საზოგადოების დასაშინებლად. ისინი ამბობენ იმას, რომ პანდემია უფრო და უფრო ძლიერდება, მაშინ როცა ოპოზიცია ემზადება მასშტაბური აქციისთვის. ეს არის პოლიტკური სპეკულაცია, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ნაცნობი და ჩვეული ფორმაა“
მირდატ ქამადაძე _ „ნაციონალური მოძრაობა“:
_ ბუნებრივია, მესამე ტალღაც და ის განცხადებებიც, რასაც აქამდე აკეთებდა საკოორდინაციო საბჭო და იმუნოლოგები, პირდაპირ კავვშირშია პოლიტიკურ პროცესებთან. ხელისუფლება ყველა შეზღუდვას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის.
ირმა ინაშვილი _ „პატრიოტთა ალიანსი“:
_ ხელისუფლებამ იმთავითვე ბოროტად გამოიყენა კოვიდი. ამ თემით ისარგებლა არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ არჩევნებისას და შემდგომ. ხელისუფლება ცდილობს, არ დაუშვას ხალხმრავალი აქციები და ამიტომაც გააგრძელა ყოვლად უაზრო კომენდანტის საათი. ამავდროულად, ხელისუფლებამ არაეფექტიანად, არაკომპეტენტურად იმუშავა ვაქცინაციის კუთხით. ვერ უზრუნველყო მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. ვერც ვაქცინა შეიძინა და არც საინფორმაციო კამპანია წარმართა.
დღესაც ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებს. საზოგადოებამ არ იცის რეალური მაჩვენებელი. ამ დროს ისევ დაიწყეს კამპანია მესამე ტალღის შესახებ და აქაც ხელისუფლება ბოროტად სარგებლობს. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ყველა აცრილი ვიყოთ, ზღაპრებს გვიყვებიან. კოვიდეპიდემიისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგ.: აცრის წინ ანალიზი ალერგიაზე, ზოგადად, სისხლის ანალიზი, ფილტვების კომპიუტერული გაშუქება. უსახსრობის გამო ხალხი ვერ იკეთებს ანალიზს და სახელმწიფოს ერთი მუნიციპალური დაწესებულებაც არ გააჩნია, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს უფასოდ მოემსახურებიან. ბევრი პრობლემაა და სახელმწიფო კი არ წყვეტს ამ პრობლემებს, გვაშინებს და გვაშინებს.
შეგახსენებთ: ოპოზიციური სპექტრი, ამ ეტაპზე, რეგიონებშია გასული და მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავს, რათა, როგორც თავად ამბობენ, ნათლად დაანახონ ის პრობლემები, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში კიდევ უფრო ამწვავებს და ჩიხში შეჰყავს.
გიგა გელხვიიძე