პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება თუ გაუპატიურების მცდელობა?!

2018 წელს „ქრონიკა+“-მა სკანდალური საქმე გააშუქა და საქმის მასალებიც გამოაქვეყნა, რომელიც ჯარისკაც ხვიჩა შარაშენიძეს ეხებოდა. მას ბრალი წაყენებული აქვს გაუპატიურების მცდელობისთვის და საქმის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მის მიმართ საქმე შეკერეს. საქმის ირგვლივ ბევრი უპასუხო კითხვა და საეჭვო გარემოებაა.

ამჯერად „ქრონიკა+“ ბრალდებულის დას, ნათია შარაშენიძეს ესაუბრა. ის თავისი ძმის დაკავებას მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და იმ ფაქტებზე ყვება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლინდა:
_ნათია, როგორ გაიტაცეს თქვენი ძმა?
_ გამთენიისას სახლში სამოქალქო ფორმაში ჩაცმული ორი პირი მოვიდა. ჩემს ძმას უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ და მათ უნდა გაჰყოლოდა. ჩემმა ძმამ, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, საბუთები აიღო და გაჰყვა. ამის შემდეგ ჩემი ძმის კვალი ქრება. როგორც შემდეგ უბნელებმა გვითხრეს, სადარბაზოსთან ჯიპი იდგა, სადაც ჩემი ძმა ჩატენეს და წაიყვანეს. მეუღლემ მალევე დაურეკა, თუმცა მობილური ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. ვინაიდან სამხედრო იყო, ხმაურისგან თავი შევიკავეთ, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ძებნა დავიწყეთ. სუსის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, ინტერნეტში სამმართველოებისა და განყოფილებების ნომრები მოვძებნეთ და ყველგან დავრეკეთ, მათ შორის, გორშიც. გვეუბნებოდნენ, რომ ჩემი ძმა მათთან არ იყო. ერთი საგულისხმო გარემოება იკვეთება: დაახლოებით 10:30-ზე ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში დავრეკეთ, სწორედ იქ, სადაც, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, იმ მომენტში ჩემი ძმა ჰყავდათ, თუმცა დაგვიმალეს და გვითხრეს, რომ იქ არ იყო. მოწმის გამოძახების უწყებაზე კი 11:50 წუთი აქვთ მითითებული, თითქოს სახლში ვიღაც მოვიდა, უწყება ჩააბარა და პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარა. ამ პერიოდში კი ჩემი ძმა იქ ჰყავდათ! ეს თვალებში ნაცრის შეყრაა და დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ამჟამად თბილისის პროკურატურაში საჩივარი გვაქვს შეტანილი ადამიანის გატაცებასა და უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით. ჩემი ძმის საცხოვრებელი ბინის ტელეფონის ამონაწერი გვაქვს თარიღით, ნომრებითა და საათებით, რითაც დასტურდება, რომ ამ პერიოდში ჩემს ძმას ვეძებდით, რომელიც გატაცებული ჰყავდათ.
_ თქვენს ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ?
_ მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და ადვოკატი (თავიდან სხვა ადვოკატი ჰყავდა, რომელსაც აცილება მივეცით) გარეთ გამოვიდა, პირველი რაც თქვა, _ რამე უბრალო მაისური უყიდეთ და შეუგზავნეთო. დავეჭვდი… ადვოკატს ვკითხე, _ ნაცემია-მეთქი? რაზედაც მან არ მიპასუხა. ადვოკატმა სიმართლე არ თქვა. როდესაც ჩემი ძმის პერანგი ჩვენამდე მოვიდა (დალუქული არ იყო), დავათვალიერე და მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა, _ არც ერთი ღილი არ ჰქონდა, დაზიანებული იყო, აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის ნიშნები.
_ ამ ფაქტზე თქვენი ძმა რას ამბობს?
_ ჩემი ძმის გამოკითხვას მისი ადვოკატი ესწრებოდა. ჩემი ძმის თქმით, სახლიდან აეროპორტის მიმდებარე ტყეში წაიყვანეს, სადაც, დაახლოებით, 3-4 საათი გააჩერეს. პარალელურად ეუბნებოდნენ, სიმართლე თქვი, ე. წ. დაზარალებულის ტელეფონი შენ გაქვსო. შემდეგ ისანი-სამგორის მე-11 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც პირველ სართულზე ჩაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შემოახიეს პერანგი.
_ საქმის მასალების მიხედვით რა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები იკვეთება?
_ თათია ცაგურიშვილის შეყვარებული ნიკა კალმახელიძე ჩვენების მიხედვით ამბობს, რომ როცა ცაგურიშვილმა დაურეკა, ის შარდენზე ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა. ცაგურიშვილმა უთხრა, რომ მასზე იძალადეს. ის გამოვიდა, ტაქსი გააჩერა და ცაგურიშვილს ვაზისუბანში ეკლესიასთან შეხვდა, ამბავი მოისმინა და ამის შემდეგ 112-ში დარეკა. დოკუმენტების მიხედვით, 112-ში ზარის შესვლის დროდ 02:47 წუთი ფიქსირდება. როგორც ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რამდენიმე წუთით ადრე, 02:44-ზე, ავტომანქანა „ფიატმა“, რომელშიც თ. ცაგურიშვილი ჩაჯდა, „სოკარის“ მიმდებარე ტერიტორია დატოვა. მაშინ ისმის კითხვა და ჩნდება ეჭვები, _ როგორ მოახერხა ნიკა კალმახელიძემ 2-3 წუთში შარდენიდან ვაზისუბანში მისვლა?!. ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე დოკუმენტში ვკითხულობთ: „ნიკა კალმახელიძემ სასწრაფო დახმარებაზე უარი განაცხადა“. თუ თათია ცაგურიშვილის გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი, მისმა შეყვარებულმა სასწრაფო დახმარებაზე უარი რატომ განაცხადა? თუმცა რადგან ასეთი ტიპის შეტყობინება იყო, 112-მა ავტომატურად სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სასწრაფო დახმარების დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ასევე საქმეში დევს, ირკვევა, რომ როდესაც თათია ცაგურიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გასინჯა, მას ცხვირიდან სისხლის მცირე გამონადენი აღენიშნებოდა. ცაგურიშვილმა სასწრაფოს ექიმი მოატყუა და უთხრა, რომ ჩემმა ძმამ მისი გაუპატიურება სცადა, მასზე იძალადა და მანქანიდან გადმოხტომის დროს თითქოს ჩემი ძმის ხელი ცხვირზე მოხვდა და ამიტომ მოსდის ცხვირიდან სისხლი. აი, სწორედ აქედან დაიწყო თათია ცაგურიშვილმა ტყუილების თქმა. ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერში გარკვევით და ნათლად ჩანს, რომ ჩემს ძმას მანქანა გაუფუჭდა, ის გაფუჭებულ მანქანას აწვება და ცდილობს, დაღმართისკენ მიაგოროს, ამ დროს ცაგურიშვილი მანქანიდან საპირისპირო მხრიდან გადმოდის, შესაბამისად, შეუძლებელი იყო, ჩემი ძმის ხელი მოხვედროდა.
_ კიდევ რა გარემოება გამოვლინდა?
_ ჩემი ძმის დაკითხვის დაწყების დროდ მითითებულია 12:20 წუთი, დასრულების დროდ კი _ 12:30 წუთი, 10 წუთში გამოკითხეს და დაადგინეს, რომ დამნაშავეა? ეს ხომ აბსურდია! დაკითხვის ოქმზე ჩემს ძმას ხელი არ მოუწერია, მხოლოდ პოლიციელი აწერს ხელს.
_ რა დარღვევები გამოვლინდა სასამართლო პროცესებზე?
_ ჩვენ განგვიმარტეს, რომ ვინაიდან საქმე ეხება პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციას, სასამართლო პროცესები დახურული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ვერ ვესწრებით სასამართლო პროცესებს. ყველაზე გასაკვირი და საგულისხმო კი ის არის, რომ ე. წ. დაზარალებული არც ერთ პროცესზე არ მოსულა. რამდენადაც ტელევიზიით ვნახე, დაიმალა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
_ პროკურატურა რა ფორმითაა ჩართული და კონკრეტული ეჭვები თუ გაქვთ მის მიმართ?
_ ვეჭვობთ, პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სასამართლო პროცესები გაწელოს. სასამართლო ვერ ესწრება და თვეში ერთხელ ან, მაქსსიმუმ, ორჯერ ტარდება. წინა სხდომა ერთი თვის შემდეგ მოუწია, საახალწლო პერიოდი დაემთხვა და ვერ ჩაინიშნა. მთელი თვის წყვეტის შემდეგ პროკურატურამ მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა. იმის ნაცვლად, რომ სასამართლო სხდომა ჩვეულებრივ 1 საათი გაგრძელებულიყო, 15 წუთში დამთავრდა, რადგან ერთი მოწმე იყო წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, გონივრული ეჭვი გვიჩნდება, რომ მიზანმიმართულად აჭიანურებენ დროში. ეს ეჭვი თავიდანვე იყო: წინასწარი პატიმრობის შემდეგ, 50 დღის ვადაში, სასამართლო სხდომა ინიშნება, მაქსიმალური 50 დღე აიღეს და თარიღი გადაწიეს. დროს იგებენ და საქმეს არ ამთავრებენ.
_ რას უკავშირებთ საქმის შეკერვას თქვენი ძმის წინააღმდეგ?
_ მე გამისწორდნენ პოლიტიკურად. ამის გონივრული ეჭვიც მიჩნდება: 2014 წლიდან 2017 წლამდე ლეიბორსტული პარტიიდან ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი ვიყავი, საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი და კანდიდატი გახლდით ქ. თბილისის სამგორის რაიონში. საკრებულოს დეპუტატად ყოფნის დროს მუდმივად ვამხელდი ადგილობრივ და ამა თუ იმ ცენტრალური ხელისუფლების კორუმპირებულ წარმომადგენლებს. ის, რომ 4 წლის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სხვა მერი ჰყავს, ეს ნამდვილად ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის იმდროინდელი თავგანწირული ბრძოლის შედეგია, რადგან ხალხმა სიმართლე დაინახა, იბრძოლა და სხვა კანდიდატს დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ პარტიულ საქმიანობას, გარკვეული მიზეზით, ჩამოვშორდი, თუმცა პოლიტიკური საქმიანობა არ შემიწყვეტია. ვფიქრობ, რომ ეს ანგარიშსწორება შეგნებულად მოხდა. პარტიაში ჩემი ყოფნის დროს რომ მომხდარიყო, აუცილებლად პარტიულ-პოლიტიკური სარჩული დაედებოდა და ვიღაცას ეს არ აწყობდა.
_ თქვენი საქმიანობის პარალელურად იყო თუ არა მუქარა ან ანგარიშსწორების კონკრეტული შემთხვევა?
_ მას შემდეგ, რაც 2014 წლიდან პოლიტიკურ საქმიანობაში გავაქტიურდი, ჩემი ბინა ძალიან საეჭვო ვითარებაში დაიწვა, სადაც მე ვარ რეგისტრირებული. დღემდე პასუხი არ მიმიღია, ვინ და რატომ დაწვა ბინა. მიზეზად დამისახელეს, რომ აბაზანის ჰაერგამწოვში ცეცხლი გაჩნდა და იქიდან აალდა, შემდეგ კი ბინას მოედო. პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება და მერია ყოველთვის მემუქრებოდა. ასევე ცდილობდნენ ჩემი მეუღლის პროვოკაციაზე წამოგებას. ხშირად კეთილისმსურველ ადამიანებს დაშინების მიზნით ამბავი მოჰქონდათ, რომ გვიან ღამით ქალაქის მერი კრიმინალურ ავტორიტეტებთან იმყოფებოდა, რომლებსაც ჩემი მოშორება დაავალა. 2018 წლის ივლისში ჩემი მეუღლის მანქანის მინები ჩაამსხვრიეს, აგვისტოში კი ჩემი ძმის ამბავი მოხდა. ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდათ, პარტიაშიც აღარ ვარ და იფიქრეს, რომ საქმეს პოლიტიკურ იარლიყს ვერ მიაკერებდნენ, თუმცა ეს ყველაზე ბინძური, მდაბიო ადამიანების ტვინში მოხარშული საქმეა. თუ ვინმეს რამე უნდა, ჩემთან მოვიდეს და ავუხსნი, რატომ ვამხელდი ამა თუ იმ პირს კონკრეტული ბრალდებით. ადრე რასაც ვამბობდი, იმაზე აუდიტის სამსახური ახლა წერს. რომ იცოდნენ ვის უსწორდებოდნენ: ჩემმა ძმამ სამი ომი გამოიარა, 15 წელი შეალია ჩვენი ქვეყნის სამსახურს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული უმწიკვლო სამსახურისთვის, მხედრული მამაცობისთვის. ხომ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არასდროს უნდა გადაკვეთო. სამი ომის გმირს ასე ბინძურად გაუსწორდნენ.
_ რას გეგმავთ და გაქვთ თუ არა სამართლიანობის აღდგენის იმედი?
_ ბრძოლას ვაპირებ! თუ ფიქრობენ, რომ მე ეს შემაშინებს, არა, არ შემაშინებს! პატარა ბინძური კაცუნების უსუსური ნაფიქრი და სურვილია ყველაფერი! სახალხო დამცველს მივმართე და განცხადება შევიტანე. ვთხოვ, აქტიურად ჩაერთოს საქმეში. იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს წაიკითხავს და საქმის დეტალებს გაეცნობა. ასევე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა ვთხოვ, ჩაერთოს საქმეში. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში არსებობდნენ ზონდერები, რომლებიც სამი ომის მონაწილე სამხედროს სახლიდან მოიტაცებენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან და საქმეს შეუკერავენ, ასეთი ზონდერები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ამისთვის ვიბრძოლებ, რადგან არ მინდა, სხვასაც ასე გაუსწორდნენ. ჯერ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ მოსამართლე გაუძლებს წნეხს და ღირსეულ განაჩენს გამოიტანს, რადგან ჩემი ძმა უდანაშაულოა. ბოლომდე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას! მადლობა ღმერთს, გარეთ 21-ე საუკუნეა, არც რკინის ფარდაა და სტრასბურგამდეც მივალ.

ნენე ინჯგია