პეტრე კოლხი: „გარყვნილება რომ მიუღებელია, ამას ვასაძე კი არა, ქრისტე გვასწავლის“
ყველაფერი დაიწყო ასე… თბილისი პრაიდი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, ლგბტქ თემის ნაწილმა და აქტივისტებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს სახელწოდებით: „სახელმწიფო, სად ხარ?“
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გასულ კვირას ხელისუფლებას მოუწოდა, თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილი პრაიდი ქვიარ თემს არ ჩაატარებინოს. საპატრიარქო მაშინ ამბობდა, რომ „როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს, თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა“.
ლევან ვასაძემ კი 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას „ნამდვილი კაცების აქცია“ უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.
მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც „გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ“. მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მისი ჯგუფები მზადყოფნაშია.
მოგვიანებით, საპატრიარქომ კვლავ გააკეთა განცხადება, სადაც დააფიქსირა „მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულება“ ღონისძიების მიმართ, თუმცა აგრესიის შემცველ განცხადებებს გაემიჯნა.
„ბოლო დროს ე. წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.
ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისგან. პირველ რიგში, მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, _ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA-Europe-მ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და რუსეთმა ბოლო ოთხი ადგილი დაიკავეს ევროპისა და ცენტრალური აზიის 49 ქვეყანას შორის სექსუალური უმცირესობებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების რეიტინგში, უკრაინა 35-ე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.
უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში LGBTQ თემის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები? როგორია ეკლესიის პოზიცია? რატომ და რა მიზნით გააქტიურდა ლევან ვასაძე დღეს და რატომ საუბრობს ის სიძულვილის ენით? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი:
_ მამაო, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში „თბილისი პრაიდი“ და ზოგადად LGBTQთემის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები?
_ ასეთი ღონისძიებები საქართველოში არ უნდა ჩატარდეს და გეტყვით, რატომ: ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მოქმედების თავისუფლებაზე, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მორწმუნე მართლმადიდებელი და ამით ირღვევა უმრავლესობის უფლებები. გარდა იმისა, რომ ირღვევა უმრავლესობის უფლებები, ჩვენ ღონისძიების ჩატარებით ხელს ვუწყობთ პროვოცირებას, ძალადობის დანერგვას და ორგანიზატორებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან, რომ შემდგომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს და ფატალურად არ დამთავრდეს პროცესი . ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოება ძალიან აგრესიულია და ამ მდგომარეობას ისინი არასდროს მიიღებენ. მათ ოჯახებსა და თავიანთ პირად სივრცეში არავინ უვარდება და არავინ აკონტროლებს, ვინ ვისთან ცხოვრობს. მაგრამ როდესაც ისინი მოითხოვენ, რომ ქუჩაში შიშვლები გამოვიდნენ და საზოგადოებას დაანახონ, თუ როგორ იჩაგრებიან, ბუნებრივია, ეს წარმოშობს ძალიან დიდ ცოდვას, ძალადობასა და დაპირისპირებას. ვფიქრობ, მათ მეტი დაფიქრება მართებთ. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უზნეობა, გახრწნილება ან ამორალიზმი. ქუჩაში არ უნდა ხდებოდეს ცოდვის დემონსტრირება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პირად სივრცეში იცხოვროს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა და გარყვნილების ქადაგება კატეგორიულად მიუღებელია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ქუჩაში გამოსვლით ირღვევა უმრავლესობის უფლებები. აქვე გეტყვით: „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები არ ამბობდნენ, რომ ისინი ქუჩაში შიშვლები გამოვიდოდნენ. ამ შემთხვევაში რამდენად ირღვევა უმცირესობის უფლებები, როდესაც მათ უკრძალავენ ქუჩაში გამოსვლასა და თავისუფალი სიტყვის გამოხატვის უფლებას?
_ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ისინი უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და მოახდინონ თავისუფალი ნების დემონსტრირება, აქ ვგულისხმობთ იმას, რომ უცხოელები ჩამოდიან და მონაწილეობას მიიღებენ ამ ღონისძიებაში. ეს ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ სერიოზული დაპირისპირება მოხდეს ჩვენს საზოგადოებაში. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, უფრო თანამედროვეც და მანდ რატომ არ მისცეს თავიანთ ხალხს უფლება, რომ მიეღოთ ეს კანონი და თავისუფლად გაევლოთ დემონსტრანტებს ქუჩაში ყოველგვარი შეხლა-შემოხლისა და წინააღმდეგობების გარეშე? ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთს თავისი კულტურული ღირებულებები აქვს, რასთანაც წინააღმდეგობაში მოდის მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება, მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და უარი უთხრა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, ჯერ კიდევ დიდი ყურადღება ექცევა მართლმადიდებლურ ღირებულებებსა და ოჯახის სიწმინდეს. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, LGBTQ ხალხი დღეს ისე გაივლის ქუჩაში, რომ ხალხს რეაქცია არ ექნება? მარტო მამაკაცები კი არ არიან ამ კუთხით გაღიზიანებულები, არამედ უფრო მეტად ქალბატონები. მართლა ძალიან დიდი უბედურება არ დატრიალდეს ჩვენს ქვეყანაში მომდევნო წლებში იქნება ეს თუ ნებისმიერ მომენტში. ორივე მხარემ უნდა დათმოს პირადი ამბიციები და ჩირქი არ მოსცხოს ჩვენს ღირებულებებს, თორემ ვისაც როგორც სურს, ისე იცხოვროს. უბრალოდ, არ არის აუცილებელი, რომ იდგნენ შუაგულ რუსთველზე და „იზასაონ“. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და ლიბერალი, ეს ჩემთვისაც კი მიუღებელია.
_ მიუღებელია რელიგიური თვალსაზრისით, თუ თქვენც ეთანხმებით გამოთქმას, რომ „ქართველობას გვართმევენ“?
_ რა სისულელეა. ასეთებად ადამიანები იბადებიან. ვის რატომ აქვს იმის შიში, რომ ორიენტაციას ვინმე წაართმევს? ეს ხომ დამპალი ვაშლის პრინციპი არაა. ადამიანი ვინც ასეთად არ იბადება, შეუძლებელია, რომ ასეთი გახდეს. ეს იგივეა, რომ ადამიანს ვუთხრათ, რატომ არ გაქვს ცისფერი ან თაფლისფერი თვალები. ვიღაცას არ გააჩნია ნებისყოფა და საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც არის, მაგრამ ამის გამო ეს ადამიანები არ უნდა ჩავქოლოთ, თორემ შენც იმავე ცოდვაში ვარდები და ამას მართლმადიდებლობა არ გვასწავლის.
_ მამაო, თქვენ ლევან ვასაძეზე გეწერათ პოსტი, _ რატომ არ იდგა ვასაძე საოკუპაციო ხაზზე? რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას? რატომ არ იცავდა რუსული აგრესიას შეწირულ ქართველ ახალგაზრდებს? რატომ არ გამოხატა მკვეთრი პოზიცია დავითგარეჯასთან დაკავშირებით? რატომ არ ცდილობს, თავისი მილიონებით უკიდურესად გაღატაკებული ოჯახები გადაარჩინოს? რატომ არ დაუთმო მის მიერ დაარსებული სკოლა ობლებს, რომ საფასურის გარეშე სწავლა-განათლება მიეღოთ? რატომ იყენებს ნაწილებად დაშლილი ერის მძიმე მდგომარეობას და ა. შ. თქვენი აზრით, რა ამოძრავებს ლევან ვასაძეს და რა ინტერესები აქვს მას?
_ ლევან ვასაძე არის კომიკური პიროვნება. მას რომ გაეპროტესტებინა მცოცავი უკოპუაცია, მას რომ გაეპროტესტებინა 2008 წლის ომი, დავითგარეჯის მითვისების ადგილი, რაზედაც გვედავებიან აზერბაიჯანელები, მაშინ უფრო გულწრფელად დავუჯერებდი. ვეჭვობ, ის რუსეთის პოლიტიკას ახორციელებს საქართველოში და ამისთვის ადამიანების სენსიტიურობას არასწორად იყენებს. სწორედ ამიტომაც გამოვიდა ის ქუჩაში და ვითომ იცავს ჩვენს ქვეყანას მსგავსი ტიპის წამოწყებებისგან, მაშინ როდესაც მას შეეძლო, ბევრად ხმამაღალი განცხადებები გაეკეთებინა რუსეთთან მიმართებით. ეს იმდენად ლამაზად და „სწორად“ შეფუთა, რომ რაღაც მასებზე იმოქმედა და ძალიან გულწრფელი ადამიანები აიყოლია. ჭკუათმყოფელი ადამიანი უზნეობასა და ამორალობას არ შეეგუება, მაგრამ ლევან ვასაძემ თავისი პირადი ამბიციებისთვის და მიზნებისთვის ხალხი არ უნდა გამოიყენოს. ბუნებრივია, უზნეობის წინააღმდეგ ვიბრძვი, მაგრამ ისიც უზნეობაა, რასაც ეს ადამიანი სჩადის და გარყვნილება რომ მიუღებელია, ამას ვასაძე კი არა, ქრისტე გვასწავლის და ყველამ საკუთარი სიწმინდის დაცვით უნდა დავიცვათ ზნეობაც, მორალიც და ღირსებაც.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ლევან ვასაძე იმართება კონკრეტული პიროვნებებისგან, კერძოდ, კი რუსეთისგან?
_ რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი ეჭვი.
_ როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში საპატრიარქოს სწორი პოზიცია? საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რასაც ხალხის ქუჩაში გამოსვლა მოყვა.
_ ვფიქრობ, რომ რა განცხადებაც საპატრიარქომ გააკეთა, ეს იყო საკმაოდ სწორი, გააზრებული და მისაღები საზოგადოების ყველა ფენისთვის. საპატრიარქოსთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება და თუ ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს უწმინდესს. საპატრიარქოს ინტერესებში საერთოდ არ შედის უზნეობის დემონსტრირება და, ამავე დროს, იგი ემიჯნება ძალადობას, ხელკეტებსა და კომბლებით გამოსვლებს.
_ ლევან ვასაძეს სოციალური ქსელის საშუალებით ლოცვისკენ მოუწოდეთ, ციტირებას ვაკეთებ: „ილოცეთ, ვასაძე, ილოცეთ… აქამდე რომ გაგეკეთებინათ ეს განცხადება, მეც მხარში დაგიდგებოდით… მაგრამ ქამარი და კომბალი ქრისტიანობასთან ვერ მოვათავსე… ოღონდ სამწუხარო ის არის, თქვენი ნებით კი არ გააუქმეთ თქვენივე იდეა პატრულირების შესახებ, ეტყობა, დათმობაზე წახვედით… ახლა სად არის თქვენი რაინდული სული, პატრიოტული შემართება, ეროვნული თვითშეგნება, სარწმუნოებრივი სიმტკიცე, ქართველი კაცის სიტყვის ფასი!.. ჯანდაბას ყველა მუქარა, ყველა ქამარი და კომბალი… ისევ ლოცვა, სინანული, სიყვარული და თავმდაბლობა სჯობს… ასე საკუთარ თავსაც გადავარჩენთ და ქვეყანასაც უფრო გამოვადგებით…“ როგორ ფიქრობთ, რა დათმობაზე წავიდა ამ შემთხვევაში ვასაძე, შეეშინდა?
_ ეჭვი მაქვს, რომ მას შეეშინდა და მეტიც, მისი ეს ქმედება არც ერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ მოეწონებოდა და დარწმუნებული ვარ, არც საპატრიარქოში მოეწონებოდათ. იმ ნაწილში, რომ უზნეობას უნდა ვებრძოლოთ, მეც მხარში ვუდგავარ, მაგრამ ქამრებით და კომბლებით რომ უნდა ვებრძოლოთ უზნეობას, ეს ცოტა სასაცილოა. მერწმუნეთ, ლოცვას მეტი ძალა აქვს, ვიდრე კომბალს, რაც არ უნდა მყარი ხისგან იყოს იგი გამოთლილი. უფალი ამბობს, რწმენით თუ მთას ეტყვით გადადექი, მთა ადგილს შეიცვლისო. ჰოდა, რწმენა გაიძლიერეთ და ჩვენს ქვეყანას მარტო უზნეობისგან და გახრწნილებისგან კი არა, რუსეთისგანაც დაიცავთ! დიახ, ბატონო ლევან, ლოცვაში აუცილებლად შემოგიერთებით!
_ თუმცა, როგორ ფიქრობთ, ვასაძეს საპატრიარქოს მხარდაჭერა არ ჰქონდა? ყველამ კარგად დავინახეთ, რომ მის გვერდით იყო რამდენიმე სასულიერო პირიც.
_ რამდენიმე სასულიერო პირი თუ იდგა ვასაძის გვერდით, ეს არ ნიშნავს, რომ მას საპატრიარქოს მხარდაჭერა ჰქონდა. მეც საპატრიარქოს ვეკუთვნი, მაგრამ არ ვმდგარვარ ვასაძის გვერდით და მსგავსი ტიპის კომიკური განცხადებების შემთხვევაში არც არასდროს დავდგები.
გიორგი საკარული