პარლამენტი _ მშიერი ქვეყნის მილიონერთა კლუბი
გაღატაკებული საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 90 მეოცნებე კანონმდებელია შესული. მათგან ქონებრივი დეკლარაცია ნაწილმა შეავსო, საიდანაც ირკვევა, რომ საკანონმდებლო ორგანოში 23 ოფიციალური მილიონერი გვყავს.
პარლამენტში ამდენი მილიონერის მოხვედრა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სკანდალს გამოიწვევდა. კანონმდებლებს არც იქ აქვთ გასაოცრად მაღალი ხელფასი, რომ მილიონერებმა მისი ხათრით მოისურვონ იქ შესვლა. არც ჩვენი დეპუტატების ხელფასია მაღალი. მილიონერებისთვის არაა მაღალი, თორემ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ამხელა ხელფასზე ოცნება აბსურდის თემაა.
ბუნებრივია, ქართველი მილიონერები პარლამენტში დამატებითი ქონების საშოვნელად მიდიან. საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის უკეთესს ადგილს ვერც კი იპოვიან. ამას ისე შევეჩვიეთ, რომ აღარც ვაპროტესტებთ… და მილიონერებიც მშვიდად აგროვებენ ქონებას.
პანდემიამ და პოლიტიკურმა კრიზისმა პარლამენტში მილიონერთა თავმოყრა ცუდად გამოაჩინა. ამაზრზენი სანახავი იყო, როგორ მარიაჟობდნენ დეპუტატები პარლამენტის პირველ სხდომაზე ვირის ნალისხელა ოქროს საათებით და ამაყად აცხადებდნენ, რამდენი ათეული ათასი გადაიხადეს მასში ან მანქანაში. არც ძვირადღირებული ფეხსაცმლით თავმოწონება უქმნიდათ უხერხულობას.
მშიერი ქვეყნის მილიონერი დეპუტატობის „ხამობის“ ამბავი მედიამ აქტიურად გააშუქა, რასაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა. ჟურნალისტებს უსაყვედურეს, _ სხვის ფულებს რა ნამუსით ითვლითო?! ამ მილიონერებიდან რამდენიმე დეპუტატი რომ არ გამხდარიყო, არც საათი დააინტერესებდა ვინმეს, არც „ლაკის ტუფლები“ და არც მისი არსებობა საერთოდ. ადამიანი როცა საჯარო მოხელე ხდება, მისი ცხოვრებაც საჯაროა.
მილიონერების ქონებას გადაფოფრილ საზოგადოებას იგივე პროტესტი არ გასჩენია, მაგალითად, ელისო ბოლქვაძის გამონათქვამზე. „ოცნების“ დეპუტატმა ბოლქვაძემ განაცხადა, _ სადაა გაჭირვება, მარკეტებში რიგები მინახავსო. ეტყობა, მდიდარმა ქალბატონმა არ იცის, რომ მარკეტის რიგში მდგარ ადამიანებს ხშირად ერთი პური უჭირავთ ხელში ან ფასდაკლებულ ერთჯერად პროდუქციას ყიდულობენ და იმასაც ნასესხები ფულით.
ამ ახალგამომცხვარ პოლიტიკოსს ისიც უკვირს, რვა წელიწადში ქვეყანა როგორ აშენდებოდაო? ის კი არ იცის, რომ ამ რვა წელიწადში მხოლოდ „ოცნების“ ჩინოსნები აშენდნენ, თან კარგად, ხოლო ქვეყნის ასაშენებლად ფული აღარ დარჩა. ქალბატონი ბოლქვაძე იმასაც გვაიძულებს, მადლობა თქვით, რომ ომი არ გაქვთო. ეტყობა, მისთვის არ გაუმხელიათ, რუსებს ჩვენი მიწები უომრად რომ მიაქვთ.
ვიმეორებ: ამდენი მილიონერის პარლამენტში მოხვედრა ნებისმიერ ქვეყანაში სკანდალს გამოიწვევდა! დროა, ჩვენც გავაპროტესტოთ! ჯერ ერთი, ეს საეჭვოა და მეორეც _ უხრხულია, როცა 77.000 ბავშვი შიმშილობს და არასრულფასოვანი კვების გამო ასეულობით მცირეწლოვანი გვეღუპება ყოველ წელს, ამდენი მილიონერი იჯდეს პარლამენტში. მილიონერთა კლუბის შექმნა სადმე სხვაგან შეიძლება. გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ნაგვის ურნიდან ამოღებულ საჭმელს ერთმანეთს სტაცებენ, 23 მილიონერი დეპუტატი დრამატულად ზედმეტია.
შორენა მარსაგიშვილი