პაატა მანჯგალაძე: „კარგია საერთაშორისო მხარდაჭერა, მაგრამ რეჟიმს ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას „არა“
ირინა მაკარიძე
პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ შეასრულებენ პარტნიორების რეკომენდაციებს და გახსნიან ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან „ქარტიის“ ხელმომწერები თანხმდებიან, რომ შექმნიან პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულ მთავრობას, ხოლო რეფორმების გატარების შემდეგ რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებენ.
რამდენად აქვთ მზადყოფნა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კვლავ არჩევნების ჩატარების? ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოსალოდნელ შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა _ სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
_ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ _ კოალიცია „ერთიანობა“, რასაც ხელს ვაწერთ, ყველაფერზე პასუხისმგებლები ვართ და არა ისე, რომ დოკუმენტს ვაწერთ ხელს და მერე ის შეიძლება დაირღვეს. მე მახსოვს, კონსულტაციების დროს გამოითქმებოდა ვარაუდები, ჩავეტევით თუ არა იმ მასშტაბური რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ერთ წელში, თუ 6 თვეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამისთვის 6 თვეც საკმარისია. როგორც კი გაიხსნება მოლაპარაკებები და ევროკავშირის ცნობილი 9 პირობა იქნება შესრულებული, თუ პოლიტიკურ ძალებს შორის იქნება შეთანხება… მარტო ჩვენ ხომ არ ვართ? შეიძლება, კოალიციაში მოუწიოს გახარიას პარტიას ყოფნა, რომელიც არ არის ქარტიის ხელმომწერი, კიდევ სხვა პარტიებს, იმათი პოზიციაც მნიშვნელოვანია. როგორც გადაწყდება, საქართველოს საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ისე უნდა გავაკეთოთ, 6 თვეში იქნება თუ ერთ წელიწადში იქნება ეს. წესით, რასაც ვაწერთ ხელს, ის უნდა შესრულდეს, ნდობა სხვანაირად არ ექნება მოქალაქეს, სიტუაციის მიხედვით, ივანიშვილივით ხან ასე ილაპარაკო და ხან ისე, ასე არ არის _ რასაც აწერ ხელს, ის უნდა შეასრულო!.
_ რაც შეეხება ტექნიკური მთავრობისა და პრემიერის საკითხს, პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპოზიური პარტიები მაინც ვერ შეთანხმდებიან და მოუწევთ ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმება, რას იტყვით?
_ ვერიდები ამ თემაზე ლაპარაკს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ვინ მინისტრი, ახლა ამის დრო არ არის. ახლა ამ საკითხზე საუბარი, ვინ რა პოსტზე იქნება, არასერიოზულად გამოიყურება ამორჩევლისთვის. მეც, როგორც ამომრჩეველს, ყოველთვის მაღიზიანებდა, როდესაც ჩემს, როგორც მოქალაქის პრობლემას, გვერდზე წევდენ და რაღც თანამდებობებზე მიდიოდა პარტიებს შორის ბრძოლა, ასეთი რამე არ უნდა დავუშვათ. ვიცით, რომ საპარლამენტო ქვეყნებს შორის ასეთი წესია, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას და მგონია, რომ ესეც ნორმალურია, ამის წინააღმდეგ ვერავინ წავა, მაგრამ ახლა ეს ვაქციოთ კამპანიის მთავარ საკითად, რომ ვინ იქნება მინისტრი და ვინ _ პრემიერ-მინისტრი, ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად. საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ შეიძლება, ეს მიზანშეწონილიც გახდეს, მაგრამ დღეს როდესაც უამრავი პრობლემა აქვს მოქალაქეს, ამაზე არ ისაუბრო და ისაუბრო იმაზე, ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნება, უბრალოდ, სწორი არ მგონია.
_ ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა აქვს იცოდეს, ვის ანდობს ამ პრობლემების გადაწყვეტას, ასე არ არის?
_ 3 თვით ადრე ამაზე საუბარი არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. საჭირო დროს, როცა მოხდება პროგრამის პრეზენტაცია, შემდეგ შეიძლება ამაზეც იყოს საუბარი, თუ შევთანხმდებით, იქნება კიდეც.
_ მოსახლეობასთან შეხვედრისას რაზე კეთდება აქცენტი, მათი მხრიდან რა საკითხების მიმართ არის ინტერსესი?
_ ერთიანობა, ეს არის ჩვენთვის იმ კარის გასაღები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა. ჩვენი ისტორია, საქართველოს ისტორიაც ამას გვეუბნება, _ როდესაც ვერთიანდებოდით, კონკრეტული იდეების გარშემო, ყოველთვის ვაღწევდით მიზანს, როცა ამას ვერ ვახერხებდით, ხდებოდა ის, რაც მტერს უნდოდა. აი, ამაზე ვესაუბრებით, ერთიანობის მნიშვნელობაზე ველაპარაკებით ამომრჩეველს. ორი მთავარი პრობლემაა, რომელზედაც მე ვსაუბრობ ხოლმე. ეს არის მასობრივი ემიგრაცია, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ არის ქვეყანაში სამუშაო ადგილები, არის მაღალი ფასები და სიღარიბე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც რეგიონში განსაკუთრებით იგრძნობა. ასევე საყურადღებოა შობადობის შემცირება. დაიცალა სოფლები, დაიცალა დასახლებები, ამაზე წუხს ყველა. რა პარტია ხარ და რა კამპანიას ატარებ, თუ არ ამბობ პირდაპირ, რომ გინდა საქართველო გაძლიერდეს და საქართველოში იბადებოდეს ბევრი ქართველი. მე ეს მინდა ყველაზე მეტად. ამაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ დავაბრუნოთ ქართველები უკან და შევძლოთ ის, რომ გარდაცვალება კი არ იყოს მეტი, არამედ ახალი სიცოცხლის დაბადება და სიცოცხლემ გაიმარჯვოს სიკვდილზე.
_ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, წერილი მისწერა სალომე ზურაბიშვილს, სადაც ხაზგასმულია, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს წერილი ამტკიცებს საწინააღმდეგოს იმისას, რასაც ამბობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს ცუდი უნდა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის. ამ დაძაბულ ვითარებაში აშშ-ს პრეზიდენტმა მოიცალა და გამოაგზავნა საქართველოში წერილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, არა პრეზიდენტი ან რომელიმე პირი, არამედ აშშ, ზესახელმწიფო, მხარს უჭერს საერთაშორისო საზღვრებში აღიარებულ საქართველოს! ამაზე მეტი მხარდაჭერა რა უნდა იყოს? მოგვისმენია ასეთი განცხადება რუსეთისგან? რა თქმა უნდა, არა, თუ უფრო მეტი დაქუცმაცება და განადგურება უნდა ჩვენი ქვეყნის? ჩინეთისგან? _ არა! ირანისგან? _ არა! ჰესბოლასა და ჰამასისგან? _ არა! ისინი საერთოდ აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მიიჩნევენ. ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც საქართველოს ერთიანობის გაძლიერების მომხრეა თუ ვინც საქართველოს განადგურების მომხრეა? ამ განადგურების მომხრეთა ბანაკში არის „ქართული ოცნება“. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს მეგობრების ბანაკში.
_ უკვე ცნობილია „ქართული ოცნების“ საარჩევნო გზავნილები, ბანერებზეც გამოსახულია ევროკავშირის დროშა და აღნიშნულია: „ევროკავშირისკენ, ღირსებით, კეთილდღეობით“ და ა. შ. ანუ ისინი აცხადებენ, რომ მიდიან ევროკავშირისკენ და მათი გზავნილიც ეს არის, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს იგივეა, მგელმა ბანერი გამოაქვეყნოს, რომ ვეგეტარიანელია. როგორ შეიძლება, „ქართული ოცნება“, რომელმაც „რუსული კანონით“ დაბლოკა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი, ამბობდეს, რომ საქართველოს წაიყვანს ევროპაში?“ მე ვეკითხები „ქართული ოცნებას“ _ ევროპაში ხელს რომ არავინ გართმევს, არავინ გესაუბრება, როგორ მიგყავს ქვეყანა ევროპაში? ეს არის ამათი პროპაგანდა, რომ ხალხი მოატყუონ, ვითომ ისინიც ევროპისკენ მიდიან. ეს რატომ სჭირდებათ? _ იციან, რომ მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტს უნდა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამიტომ იძულებული არიან, თავი მოიკატუნონ და მოატყუონ ადამიანები, ვითომ მათაც ევროპისკენ მიჰყავთ ქვეყანა.
_ ჩვენ არ მოგვისმენია „ქართული ოცნებისგან“ საარჩევნო დაპირებები, როგორც ადრე ხდებოდა, ხან ვალებს ჩამოაწერდა ბიძინა ივანიშვილი, ხან 5 მილიონს დაჰპირდებოდა, ამ მხრივ სრული სიჩუმეა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ „ქართული ოცნების“ დაპირებებს ვინ დაიჯერებს? გვახსოვს, ბოლოს იქამდეც კი მივიდნენ, რომ ხალხს ატყუებდნენ, _ დაწერეთ, რაც გინდათ და ბიძინა ივანიშვილი, ვითომ თოვლის ბაბუა იყო, აგისრულებთო… „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე სიღარიბეა, ადამიანების მანიპულაცია იწყება სწორედ ამ სიღარიბის გამოყენებით, იმიტომ, რომ ხალხს შემოსავალი არ გააჩნია. გვახსოვს ცნობილი დაპირებები? _ ხუთი მილიონი ყველა სოფელს, კომუნალურები განახევრდება, ბენზინი გაიაფდება, 100 ქარხანა აშენდება! რომელი შეასრულეს?
_ თქვენ რა დაპირებას აძლევთ ამომრჩეველს?
_ რეალურ 5 მილიონს მოვიტანთ ჩვენ. ევროპაში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელი მოეწყობა ევროპული სტანდარტით. ჩვენ გავაკეთებთ ამას და არა „ქართული ოცნება“. ევროპული პასპორტი ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეს არის მნიშვნელოვანი, ევროპული პასპორტი ავტომატურად ნიშნავს ცხოვრების უკეთეს პირობებს, უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს ხელფასს, უკეთეს პენსიას, სოციალური დაცვის უკეთეს პირობებს, რაც მთავარია, ჩვენი შვილებისთვის ხარისხიან განათლების სისტემას. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებასა და მშვიდობას. ჩვენ შევძლებთ ამას, იმიტომ, რომ შევასრულებთ 9 პირობას და საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, დაიწყოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს ნიშნავს ასევე ევროკავშირში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას. ევროკავშირის წევრი რომ ხარ, შემდეგ აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობაც შეგიძლია, სხვა უამრავი სიკეთეა, რაც ახლავს ამ პროცესს, წარმოდგენაც კი ძნელია, რა დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოსთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროპა თავისთავად არ მოიტანს ამას, თუ ჩვენ არ მოვინდომეთ ყველამ.
_ რას იტყვით წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ელოდებით თუ არა თავდასხმებს, ძალადობას, რაც არაერთხელ გვინახავს უკვე?
_ თუ უბნებზე არ ვიქნებით, თუ აქტიურები არ ვიქნებით, ყველა მოქალაქესთან არ მივალთ, თუ არ ვიაქტიურებთ, „ქართული ოცნება“ რას იზამს? „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, რომ გამოგვკეტოს ყველა სახლში, ხმა არ ამოვიღოთ არავინ, მერე სხვები, მასზე დაქვემდებარებული ადამიანები გარეკოს საარჩევნო უბნებზე და დარჩეს ბიძინა ივანიშვილი აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე ხელისუფლებაში. ეს არის „ქართული ოცნების“ ამოცანა. მას არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქე. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმით, რომ არცერთი ხმა რეჟიმს, რომელიც საქართველოს უკარგავს მომავლის პერსპექტივას, არცერთი ხმა რეჟიმს, რომელიც ჩვენ და ჩვენს შვილებს უკარგავს უკეთესი ცხოვრების შანსს. რა თქმა უნდა, მათ ექნებათ სურვილი ჩვენი მოქალაქეების დაშინების, დათრგუნვის, მაგრამ… ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე, _ ქონება მათ იმიტომ არ დააგროვეს, რომ მერე არჩევნების დროს დანაშაულები ჩაიდინონ და ციხეში ამოყონ თავი. ამიტომ მგონია, რომ ყველაფერზე ვერ წავლენ, კი ექნებათ სურვილი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ქონება დააგროვეს, არავის მოუნდება, თავი და ქონება დაკარგოს. შესაბამისად, არ მგონია, რომ გადადონ თავი და შემოასკდნენ ქართველ ერს, ამას ვერ გაბედავენ.
_ რამდენად არის განსხვავებული ვითარება წინა არჩევნების, თუნდაც, 2020-21 წლების ვითარებასთან შედარებით, რა დროსაც ოპოზიციამ მაინც ვერ შეძლო გამარჯვების გაფორმება?
_ ღიად ანტიდემოკრატიულ კლუბში არიან ჩაწერილები, მათთვის დემოკრატია ღირებულება არ არის, საერთაშორისო პარტნიორებს არ უსმენენ. მაგრამ უნდა თქვათ, რომ კარგია სართაშორისო მხარდაჭერა, პარტნიორების თანადგომა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, რაც ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას „არა“ რეჟიმს. თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, სანქციები გაგრძელდება და ის გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზეც. არათუ ევროკავშირში ვერ შევალთ, უკვე არსებულ უვიზო რეჟიმსაც დავკარგავთ ევროპასთან და ყველანაირი დახმარება შეჩერდება. ეს არის ჩიხი, სადაც „ქართულ ოცნებას“ შეჰყავს ქვეყანა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს სიღარიბესა და უსამართლობაში საქართველოს მოქალაქის გამოკეტვას, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტი ქართველი შეეცდება ქვეყნიდან გაქცევას. ჩვენი მოქალაქეები ვერ შეძლებენ ლეგალურად სამუშაოს დაწყებას ევროპასა და აშშ-ში. არ მინდა აპოკალიფსის დახატვა, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, თუ დასავლური ფული არ შემოდის ქვეყანაში, სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, სხვას რას უნდა ველოდოთ? ამიტომ მარტივია არჩევანი, მაგრამ საჭიროა ერთიანი ძალისხმევით ამ შედეგის დადება. ქართველი ერის ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება.