„ოცნების“ საარჩევნო მათემატიკა
ჩვენ, როგორც ბედკრული პოსტსაბჭოთა ქვეყნის შვილებს, რა აღარ გვინახავს. ყბადაღებული მე-9 ბლოკიც გვახსოვს, პურ-ნავთის რიგები და სადარბაზოებთან ტყავის „კურტკების“ გახდაც. იმ შავ-ბნელ 90-იანებში ისიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, არჩევნები სულ ლიწინლიწინით რომ ყალბდებოდა. ეს კი არადა, ისიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, საარჩევნო უბნებიდან კუნთმაგარი დედაკაცები, აი, ისეთები, მარინა და ზოია რომ არიან „ვანოს შოუდან“, საარჩევნო ყუთებს რომ იპარავდნენ ან, სულაც, ბიულეტენებს „ლიფჩიკებსა“ და ტრუსებში რომ იტენიდნენ. მოკლედ, ყველაფერი ეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წარსულს ჩაბარდა და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული ვიყავით, რომ საარჩევნო მაქინაციებს ვეღარასოდეს ვნახავდით, მაგრამ არჩევნების დემონებმა, როგორც იტყვიან, ჩარხი უკუღმა დაატრიალეს და დღეს „ოცნების“ პოლიტკალენდრის მიხედვით, საქართველოში 2020 წლის გვიანი შემოდგომა კი არა, გასული საუკუნის 90-იანი წლებია.
ამას რატომ ვამბობთ? _ იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს ისეთი რაღაცების მომსწრენი გავხდით, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით. აი, მაგალითად, უბანზე მივიდა, ვთქვათ, 501 ამომრჩეველი, ე. ი., გაიცა 501 ბიულეტენი, მაგრამ… ურნიდან ამოვიდა 941.
ეს კიდევ არაფერი: ამ 941 ბიულეტენიდან „ნაცმოძრაობამ“, პირობითად, 305 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი _ 736. დიახ, არ მოგესმათ და არც მოგეჩვენათ _ 736. ჰოდა, ცესკომ ყველაფერ ამაზე თვალი დახუჭა და აზრადაც არ მოსვლია, ყასიდად მაინც ეკითხა, _ თუ უბანზე სულ 501 ამომრჩეველი მივიდა, ურნიდან 941 ბიულეტენი როგორ ამოვიდა ან ამ 941 ბიულეტენიდან 305 ხმა „ნაცებმა“ როგორ მიიღეს და „ქოცებმა“ _ 736?
მოკლედ, „ოცნებისა“ და ცეკოს არითმეტიკას, ალბათ, კიდევ ვერ ამოვხსნით და წესით, იმის გაშიფვრაც გაგვიჭირდება, იგივე „ქოცაგიტატორები“ საარჩევნო უბნებთან სიებითა და ფულით რატომ დარბოდნენ.
სხვათა შორის, გავრცელებული ინფორამციით, ხარაგაულის მეორე უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები.
ამავე დოკუმენტებში ასევეა წარწერა:
„50+“ ან „50ლ“.
ერთ-ერთ ფურცელზე კი წერია:
„10 კაცი ახალია მოსაძებნი, 30 კაცის პირადობა და ტელეფონი“.
ფაქტია, „ოცნებამ“ 30 კი არა, ბევრჯერ 30 კაცი (ქალიც) მოძებნა და არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა აქ ერთი, უფრო სწორად, ორი დეტალია ძალიან საინტერესო:
ჯერ ერთი, „იმედმა“ ეგზიტპოლები რომ გამოაცხადა, მთელმა „საქოცეთმა“ დაფა-ზურნა გამართა და გამარჯვება იზეიმა, თუმცა ეს ზეიმი სულ რაღაც 10 წუთს გაგრძელდა, თანაც ამ ათი წუთის განმავლობაში, „ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ „ქოც-ბოსებს“ სახეებზე ეტყობოდათ, რომ ნაძალადევად ზეიმობდნენ, ანუ კარგად იცოდნენ, რაც ჩაიდინეს და, ალბათ, იმასაც ხვდებოდნენ, რომ ყველაფერ ამის გამო, დღეს თუ არა ხვალ, პასუხს აუცილებლად აგებენ!
ისე, თუ დააკვირდებით, ეგზიტპოლებისგან განსხვავებით, „ოცნებას“ ცესკოს საბოლოო შედეგები არ უზეიმია და მხოლოდ მედიაკომენტარებით შემოიფარგლება, ანუ თალაკვაძე, კობახიძე და მათთან გათანაბრებული სხვა მართლმორწმუნე „ქოცები“ მხოლოდ იმას ამბობენ, აი, ჩვენს პარტიას ხალხი ნდობას ისევ უცხადებსო.
ახლა, რაც შეეხება მეორე, ასე ვთქვათ, ფაქტორს, რომელიც წეღან ვახსენეთ, _ ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა თუ არა, ლამის მთელი მთავრობა თვითიზოლაციაში გადავიდა. „კარანტინის სეზონი“ კი პრემიერმა გიორგი გახარიამ „გახსნა“, რომელმაც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა:
„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ კოვიდი გახარიას დაცვის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა. ყველაფერ ამის გამო კი თვითიზოლაციაში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და სახელმწიფო კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილიც გადავიდნენ. ჰოდა, საზოგადოებასაც მეტი ხომ აღარ უნდა და იგივე სოციალურ ქსელში გაჩნდა ვერსია, „ოცნება“ ხელისუფლების გადასაბარებლად ემზადება და ამას თვითიზოლაციაში გადასვლით აკეთებსო.
ეს, შესაძლოა, ძალიან არარეალური ვერსიაა, მაგრამ ჩვენ ყველამ ხომ ვიცით, რომ ცეცხლი უკვამლოდ არასოდეს ჩნდება.
ასე და ამგავარად, წლევანდელი ქართული არჩევნები მსოფლიო პოლიტიკისთვის იმის ქრესტომათიად იქცევა, თუ როგორ არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა 31 ოქტომბერს, პირადად ჩემთვის, ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. არა, არც ახალი ავტო შემიძენია, არც _ ბინა და არც ვინმეს ფული შემოუძლევია, გინდა თუ არა, ხმა ამ და ამ პარტიას მიეციო.
აბა, რაღა მნიშვნელოვან ამბავზე საუბრობო? _ იკითხავთ.
ახლავე მოგახსენებთ:
ტრადიციულად, 31-შიც, ალიონზე დავტოვე ქვეშაგები, საგულდაგულოდ, ანუ ისე მოვემზადე, თითქოს წვეულებაზე მივდიოდი. წესით, საზეიმო განწყობა თქვენც უნდა გქონოდათ, რადგან არჩევნები ახალთან, მაშასადამე, ძველის დასრულებასთან ასოცირდება. ყოველ შემთხვევაში, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ასეა…
ასე და ამგვარად: საზეიმოდ გამოწყობილი გავეშურე საარჩევნო უბნისკენ, რომელიც ჩემი სახლიდან, მინიმუმ, 200 მეტრში მდებარეობს. ახლა რომ გითხრათ, უბნის გარეთ რამე განსაკუთრებული ხდებოდა-მეთქი, მოგატყუებთ. ჩვეულებრივი, სტანდარტული ვითარება იყო _ „ქოცქალები“ და „ქოცკაცები“ ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ხელში ბღუჯა-ბღუჯა ფურცლები ეჭირათ. ერთმა „ქოცქალამ“, რომელსაც შორიდან ვიცნობ, თვალი მომკრა თუ არა, ციბრუტივით დატრიალდა და შეეცადა, სადმე დამალულიყო. აბა, თუ მიხვედბით, მე რა გავაკეთე? _ ამ „ქოცქალას“, რომელიც „ოცნებისტი“ ჯერ კიდევ „ოცნების“ შექმნამდე იყო, ცხვირწინ ჩავუარე და მრავალმნიშვნელოვნად მივესალმე:
_ გამარჯობა, ნარგიზა, ბედნიერ დღესა და მომავალს გისურვებ!
_ შენც ასევე, _ ჩაილუღლუღა ნარგიზამ და, რატომღაც, გაწითლდა.
გამეღიმა და იქაურობას გავეცალე…
სკოლის შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, შევედი თუ არა, იმის გარკვევა დავიწყე, დერეფნის რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი. ერთმა მითხრა, მარჯვნივ წადიო, მეორემ _ მარცხნივო, მესამემ _ პირდაპირო. რაღა დაგიმალოთ და, დავიბენი. ამიტომ, დაკვალიანებისამებრ, ჯერ მარჯვნივ წავედი, სადაც ჩემი ამომრჩევლის ბარათის ნომერი შემიმოწმეს და მარცხნივ გამაგზავნეს, მარცხივ წასული _ პირდაპირ გადამამისამართეს.
აი, იმ დროს, როცა მარცხნივ მივდიოდი, გზა ერთმა თურაშაული ვაშლივით ლოყებღაჟღაჟა დიაცმა გადამიღობა და კეკლუცად მკითხა:
_ ერთი წუთით, შეიძლება?
ერთი სული მქონდა, მეთქვა, შეიძლება, „ლამაზო“-მეთქი, მაგრამ მივხვდი, ჩემი ეს ხუმრობა შესაძლოა, საარჩევნო დებოშის საბაბი გამხდარიყო. ამიტომა, ენას კბილი დავაჭირე და ზრდილობიანად მივუგე:
_ დიახ, გისმენთ, გეთაყვა…
_ იცით?
_ რა უნდა ვიცოდე? _ მხრები ავიჩეჩე.
_ ჩვენ ეგზიტპოლებს ვატარებთ, _ ისე მომახალა ლოყებღაჟღაჟამ, რომ აშკარად ფიქრობდა, შენთან ახლოს, თან შენზე ზევით ვარო.
_ უკაცრავად, თქვენ სალომე ხომ არ გქვიათ? _ ჩემდაუნებურად ვკითხე.
_ არა, რა სალომე, ნათია ვარ, ნათია! _ წარბაწეულმა მომიგო.
_ კარგი, ნათია… გისმენთ, აბა, რა ხდება?
_ იცით? ჩვენ ეგზიტპოლებს ვატარებთ…
_ ვინ თქვენ? _ არ ვეშვები.
_ აი, ჩვენ…
_ ანუ, იპსოს-ის დაკვეთით?
_ ეგ რაღაა? _ დაიბნა ნათია.
_ „მთავარი არხის“ დაკვეთით, ეგზიტპოლებს იპსოს-საფრანგეთ ატარებს.
_ ააა, _ ნერწყვი გადაყლაპა ლოყებღაჟღაჟამ, – არა… იცით… აი… ჩვენ… ეგზიტპოლებს სახელმწიფოს დაკვეთით ვატარებთ!
_ ვისი დაკვეთით? _ აშკარად ყბა ჩამომივარდა.
_ სა-ხელმ-წი-ფოს, _ პედაგოგივით მიმარცვლის ნათია.
_ სახელმწიფოს რომ ეგზიტპოლის ჩატარების უფლება არ აქვს?
_ ვინ გითხრათ? _ შეტევაზე გადმოდის დიაცი.
_ მე გეუბნებით!
_ თქვენ ვინ ხართ?
_ მე ჟურნალისტი ვარ, ჩემო ნათია, ჟურ-ნა-ლის-ტი!
_ მართთთთ-ლლლლ-ა? _ ენა დაება ქალს.
_ დიახ(სთ), _ მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე და იქვე ჩავეკითხე, _ ეს ეგზიტპოლი რომელ ტელეარხზე უნდა გამოქვეყნდეს-მეთქი?
_ იცით…
_ არა, მითხარით!
_ ალბათ… არ ვიცი…
_ კარგი, ნათია, აბა, კარგად იყავი! ოცნებები ზოგჯერ არ ხდება! _ თავაზიანად ვემშვიდობები თანამოსაუბრეს და ამასობაში მესმის განწირული ხმა:
_ „ა“, „ბ“-ზე ვისი გვარიც იწყება, წინ წამოდით!
ადგილიდან არავინ იძვრება.
კომისიის წევრი ისევ გაჰყვრის:
_ არ გესმით?! „ა“, „ბ“-ები წინ წამოდით, წინ!
ისევ არავინ იძვრება.
_ ჯანდაბას, _ ჩემთვის ვამბობ და კარისკენ ერთი ნაბიჯით ვიწევ, _ მე რომ მოვიდე, შეიძლება?
_ უი, თქვენ ხართ?.. მე გიცნობთ… ტელევიზორში მინახიხართ, _ მეუბნება საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, მერე პირადობას მიმოწმებს, ხელებს ხსნარით მიმუშავებს, პირბადის ჩამოწევას არ მთხოვს და სარჩევნო ოთახში მიშვებს.
მივდივარ მითითებულ მაგიდასთან. 20 წლამდე ასაკის გოგონას პირბადე ნიკაპზე უკეთია და „კევს“ ისე მადიანად „აღლაჭუნებს“, ცოტაც და ვთხოვ, მომიციცქნე-მეთქი.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ხუთწუთიანი ძებნის შემდეგ „კევიღეჭიამ“ სიაში მიპოვა, ხელი მომაწერინა, მარკირება გამიკეთა, ორი ბიულეტენი მომცა და კაბინისკენ წავედი.
_ ერთი წუთით, ბიძია, _ მეძახის „კევიღეჭია“.
„ბიძიაზე“ მეცინება და ვეკითხები:
_ რა მოხდა?
_ აი, ეს თქვენ და გახსოვდეთ, ხმას რომ მისცემთ, ურნაში უნდა ჩააგდოთ!
_ ბიულეტენი ურნაში რომ უნდა ჩავაგდო, ვიცი…
_ არა, პასტაზე გეუბნებით…
_ კეთილი, _ ვეუბნები და კაბინისკენ მივდივარ…
ჩემს მოქალაქეობრივ ვალს ზუსტად ერთ წამში ვიხდი, რადგან ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომელი პარტიისა და მაჟორიტარობის კანდიდატისთვის უნდა მიმეცა ხმა…
…ე. წ. ხმის მიცემის ოთახიდან გამოსულს ორი გოგონა მაჩერებს:
_ იპსოს-ის ეგზიტპოლებს ვატარებთ და მონაწილეობას ხომ არ მიიღებთ?
_ დიდი სიამოვნებით, _ ვპასუხობ და ვიჯერებ, რომ კვლევები მართლა არსებობს, ანუ აქამდე მეც მეეჭვებოდა, რომ ეგზიტპოლები სადღაც, ვიღაცის „ბნელ ოთახში“ იწერებოდა, მაგრამ არა, ბატონებო, აგერ, ცოცხალი მოწმე ვარ, რომ ეგზიტპოლები მართლა არსებობს!
მოკლედ, ასეთი იყო ჩემი 31 ოქტომბერი, დღე, რომელმაც ამ ეტაპზე იმედი, ჩემს მსგავსად, ბევრ ამომრჩეველს გაუცრუა, ანუ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით და ვართ, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და დემოკრატიის ტესტს ღირსეულად ჩავაბარებდით, მაგრამ არ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი მოცემულობა ასეთია, თუმცა საარჩევნო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ საარჩევნო დარღვევები ჯერ ცესკო-ში უნდა გაასაჩივროს, შემდეგ _ სასამართლოში. ამასობაში, მეორე ტურიც ჩატარდება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დანიშნოს ცესკომ ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ცესკო-სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ ოპოზიციამ დოკუმენტები, ანუ იმის მტკიცებულებები, რომ არჩევნები გაყალბდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა წარუდგინოს. ჰოდა, სწორედ ამის მერე დაიწყება „ოცნების“ კრიტიკული დღეები!
ასე რომ, ჯერ არაფერი დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წინაა და „ოცნების“ მოკრძალებული ზეიმი შეიძლება, პოლიტიკურ რეკვიემად იქცეს!
ასე რომ, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ უკეთესსა და წარმატებულ საქართველოში!
გიორგი აბაშიძე