ოქროს ხანა ამერიკისთვის?
მიხეილ ხაჩიძე
ოთხი წლის შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება. ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია. მოქმედ ვიცე-პრეზიდენტსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის არჩევანი ექსპრეზიდენტზე გაკეთდა. ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელთა“ საპრეზიდენტო კანდიდატს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა აქვს.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ე. წ. შვიდი მერყევი შტატი, სადაც ტრამპმა გაიმარჯვა. მათ შორის იმ შტატებშიც, სადაც წინა არჩევნებზე დემოკრატ კანდიდატს დაუჭირეს მხარი. ტრამპისთვის სასარგებლო შედეგი მნიშვნელოვნად განსაზღვრა პენსილვანიამ, რომელსაც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ელექტორალურ კოლეგიაში.
დემოკრატების გაცრუებული იმედები
ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები დასრულდა. როგორც ბევრი ვარაუდობდა _ მათ შორის, ორი მხარის ოფიციალურ კონვენციებამდეც _ დონალდ ტრამპი გახდება შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი. მან გაიმარჯვა პოპულიზმის, ამომრჩევლების იმედგაცრუებისა და დასავლეთის ქვეყნებში დემოკრატიისა და ინსტიტუტებისადმი ნდობის სისტემური დაკარგვის ხარჯზე. შეერთებულ შტატებში ამ ეფექტს განსაკუთრებით დიდი გავლენა ჰქონდა. დემოკრატებმა, რომლებიც ზაფხულის შუა რიცხვებამდე საარჩევნო კრიზისში იმყოფებოდნენ, დიდი ძვრა მისცეს პროცესებს მას შემდეგ, რაც ბაიდენმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ნომინაციისგან და კენჭისყრაში ადგილი დაუთმო კამალა ჰარისს. თუმცა დონორებისა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების ძალისხმევის მიუხედავად, ეს ეფექტი ხანმოკლე აღმოჩნდა. ვერაფერმა გადაარჩინა კამალა ჰარისი. ვერც პოპულისტებისა და ამერიკული საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ლიდერების მხარდაჭერამ უშველა. ამდენად, ბოლო კვირებში გამოკითხვებმა აჩვენა ტრამპის შანსების თანდათანობითი ზრდა.
დემოკრატების საკვანძო „კოზირმაც“ _ ფარული ამომრჩევლის იმედმაც კი არ იმუშავა. ბაიდენისა და ჰარისის პარტიაში ისინი ელოდნენ, რომ ქალები მივიდოდნენ არჩევნებზე, რათა შეეჩერებინათ აბორტის უფლების შეზღუდვა (ამერიკელი კონსერვატორები არ მალავენ ასეთ ზრახვებს). და მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები ორივე კანდიდატს დაახლოებით თანაბარ შანსებს აძლევდა, დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი რეიტინგი არ იყო სათანადოდ შეფასებული. თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. არჩევნების ღამეს ყველაზე მეტი ყურადღება გამახვილდა ოთხ „სვინგის“ შტატზე, რომლებიც ყველაზე მეტ წონას ატარებენ და 15-დან 19 ამომრჩეველთა ხმას იძლევიან: პენსილვანია, ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა და მიჩიგანი. თითოეულ ამ შტატში ხმების დათვლამ კამალა ჰარისის მომხრეებს ოპტიმიზმის საფუძველი ჩაუკლა.
არჩევნების ბედი, როგორც მოსალოდნელი იყო, ე. წ. მერყევ შტატებში გადაწყდა. არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი – ეს ის შტატებია, სადაც ლურჯი, ანუ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი და წითელი, ანუ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი შტატებისგან განსხვავებით, გამარჯვების შანსი ორივე პარტიის კანდიდატს ჰქონდა.
სწორედ ამ შტატებისკენ მიმართეს მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა მთელი ენერგია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, თუმცა თითქმის ყველა მათგანი დონალდ ტრამპს მიემხრო.
ამ შვიდი შტატიდან ხუთის ხმებია დათვლილი. ხუთივე შტატმა უპირატესობა მიანიჭა რესპუბლიკელ კანდიდატს. ჯერ კიდევ დასათვლელია ხმები არიზონასა და ნევადაში, თუმცა, ბუნებრივია, მათი შედეგები ვეღარაფერს შეცვლის.
„ამერიკის ოქროს ხანა“
„ეს იქნება ამერიკის ოქროს ხანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ წინასწარი შედეგებით იგი გამარჯვებულია.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმა საარჩევნო კოლეგიისგან ოპონენტის, დემოკრატ კამალა ჰარისის ვისკონსინის შტატში დამარცხების შემდეგ მოაგროვა. 78 წლის ტრამპი კიდევ ერთხელ დაიკავებს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე მეორედ ჩაუდგება სათავეში.
არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯაროებიდან მალევე დონალდ ტრამპმა საკუთარ ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა და რესპუბლიკელების მიერ სენატში უმრავლესობის დაბრუნების შესახებ ფლორიდის შტატიდან გამოუცხადა. მან ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და დადო პირობა, რომ იბრძოლებს თითოეული მოქალაქისა და ოჯახისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს ქვეყნის 47-ე და ასევე 45-ე პრეზიდენტად არჩევის უდიდესი პატივისთვის. მოქალაქეებო, მე ყოველდღე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი მომავლისთვის. ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე და არ გავჩერდები, ვიდრე არ გვექნება ძლიერი, უსაფრთხო და აყვავებული ამერიკა, რომელსაც ჩვენი შვილები და თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა. ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ.
გულწრფელად მჯერა, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა. მისი მსგავსი ამ ქვეყანაში, და შეიძლება მის მიღმაც, არასდროს არაფერი ყოფილა. ახლა ის მნიშვნელობის თვალსაზრისით ახალ დონეს მიაღწევს, რადგან ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმარებით. ქვეყანას დახმარება სჭირდება, თანაც ძალიან. ჩვენ მოვაწესრიგებთ საზღვარს, მოვაწესრიგებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას ეხება. დღეს ისტორია დავწერეთ. ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომელთა დაძლევაც ვერავის წარმოედგინა. ცალსახაა, რომ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას.
მე მარტივი დევიზით ვმართავ: პირობის მიცემა პირობის დაცვაა. ვაპირებთ, შევასრულოთ ჩვენი დაპირება. ვერაფერი შემიშლის ხელს თქვენთვის, ხალისთვის მიცემული პირობის შესრულებაში. ჩვენ კვლავ ვაქცევთ ამერიკას უსაფრთხო, ძლიერ, აყვავებულ და თავისუფალ ქვეყნად. ვთხოვ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, შემომიერთდეს ამ კეთილშობილურ და სამართლიან საქმეში. დროა ბოლო ოთხი წლის განშორება უკან მოვიტოვოთ. დროა, გავერთიანდეთ და ვცადოთ. ჩვენ ვცდით და ეს მოხდება. წარმატება გაგვაერთიანებს. მე ეს მინახავს“, – თქვა ტრამპმა.
როგორი იქნება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ?
ბევრი პოლიტოლოგი ახმოვანებს სრულიად განსხვავებულ პროგნოზებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან გარკვეული სპეციფიკა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც არჩევნებში გამარჯვებული თავის კანდიდატებს დაასახელებს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პოზიციებზე. ჩვეულებრივ, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტები მათ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში აცხადებენ. თუმცა დონალდ ტრამპა ეს ასე არ გააკეთა. მიუხედავად ამისა, მისი გუნდის გარკვეული კონტურები უკვე ნათელია. მაშ, ვის შეუძლია დაიკავოს საკვანძო პოზიციები პრეზიდენტ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში?
***
ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ აშშ-ის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობაა სახელმწიფო მდივანი. მას აქვს უფლება, წარმოადგინოს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები საზღვარგარეთ და, შესაბამისად, უნდა სარგებლობდეს პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი ნდობით. იმ სახელებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად ტრიალებს ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კანდიდატებს შორის, მოხსენიებულია რიჩარდ გრენელი _ მისი ერთ-ერთი უახლოესი საგარეო პოლიტიკის მრჩეველი. გაეროში აშშ-ის მისიის სპიკერის პირველ დიპლომატიურ სამუშაომდე, გრენელი მუშაობდა სხვადასხვა რესპუბლიკელების პრესსამსახურში, ასევე ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე გრენელი პოლიტიკური კონსულტაციებით იყო დაკავებული. მეტიც, მის კლიენტებს შორის იყვნენ ირანელები, ჩინელები, ასევე ვიქტორ ორბანის მთავრობა. ტრამპმა 2017 წლის სექტემბერში აირჩია რიჩარდ გრენელი გერმანიაში აშშ-ის ელჩად, მაგრამ სენატის დამტკიცების დაგვიანების გამო ის ბერლინში 2018 წლის მაისამდე არ გაემგზავრა. იქ მას იხსენებენ დიპლომატიური და პირდაპირი მუშაობის სტილით: მაგალითად, რწმუნებათა სიგელების წარდგენიდან პირველ საათებში მან მოითხოვა გერმანული კომპანიების გაყვანა ირანიდან, შემდეგ კი დაემუქრა ამერიკული ჯარების გაყვანით გერმანიიდან იმის გამო, რომ ეს ქვეყანა დაადანაშაულა „ნორდ სტრიმ 2-ის“ მშენებლობის შეყოვნებასა და არასაკმარისი თავდაცვის ხარჯებში. 2019 წლის ოქტომბრიდან ტრამპმა გრენელი დანიშნა სერბეთსა და კოსოვოში სპეციალურ წარმომადგენლად. მან მოახერხა მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების დადება, ამავდროულად, ზეწოლა განახორციელა კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტიზე, რის შედეგადაც იგი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.
გერმანიაში დიპლომატიური სამსახურის დასრულების შემდეგ, 2020 წელს, გრენელი რამდენიმე თვით ა მსახურობდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად _ სხვათა შორის, იგი გახდა პირველი ღია გეიკაბინეტის მინისტრი ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
***
მედია მაიკ პომპეოს „პენტაგონის“ ყველაზე სავარაუდო ხელმძღვანელად მოიხსენიებს. მაიკ პომპეო, აშშ-ის არმიის ოფიცერი, იურისტი და ყოფილი კონგრესმენი, ტრამპის გუნდს შეუერთდა 2017 წელს, როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი. ამ თანამდებობაზე ის პასუხისმგებელი იყო ტრამპის კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების მომზადებაზე. 2018 წელს მან შეცვალა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, სადაც ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოღვაწეობის დასრულებამდე იყო. ტრამპის ადმინისტრაციის მრავალი ოფიციალური პირისგან განსხვავებით, მაიკ პომპეომ მოახერხა ყოფილ პრეზიდენტთან კონტაქტის შენარჩუნება 2020 წლის არჩევნებში მისი დამარცხების შემდეგ. ამიტომაც რესპუბლიკელებში გავრცელდა აზრი, რომ მას შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობის დაკავება. პომპეოს შეხედულებები, ალბათ, ყველაზე პროუკრაინულია ტრამპის გარემოცვაში. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ის არის თითქმის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გუნდიდან, რომელიც ეწვია უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
გარდა ამისა, პომპეო ამჟამად არის „კიევსტარის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და, შესაბამისად, უკრაინულ კონტექსტში მაინც ჩართულია. პომპეო ასევე გახდა ტრამპის ერთ-ერთი „სამშვიდობო გეგმის“ თანაავტორი, რომელიც მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სანქციებს, 500 მილიარდი დოლარის სესხის აღებას უკრაინისთვის, ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას და კიევის წევრობას.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა?!
როგორ პოლიტიკას გაატარებს ტრამპის ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპასთან, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით? ამ საკითხის შესახებ უკვე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები. მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმებიან კონსერვატორი პოლიტიკოსის პრეზიდენტობას შეერთებულ შტატებში. „ქართული ოცნების“ ლიდერები იმედოვნებენ, რომ შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ბოლო დროს არსებული დაძაბული ურთიერთობა გამოსწორდება.
„ვფიქრობ, ტრამპი მაინც კონსერვატორია შეხედულებებით და პოლიტიკით. არ იზიარებს ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად, მსოფლიოშია გაბატონებული და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. რასაც საქართველოში ვხედავთ ფსევდოლიბერალიზმს, ჩვეულებრივი ფაშიზმია. სხვათა შორის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ძალიან ხშირი იყო იმ ტიპის განცხადებები, რომ თუ რაიმე არასწორად არ კეთდებოდა, რუსულ კვალს ხედავდნენ. თუ ვინმე მათთვის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებდა, საუბრობდნენ, რომ რუსეთუმეა. ის ურთიერთობები, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, გადატვირთვას საჭიროებს, თუმცა ქართველმა ხალხმა თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს“, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ამერიკის ზოგადი საგარეო კურსი (ის, რაც ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებშია), არ შეიცვლება. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ფიქრობენ, რომ ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საქართველოს მთვარობაში მითვისებული არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებას არ მიიღებს.
„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება, განსაკუთრებით, მათ შორის, იმ ფონზე, რომ არა მხოლოდ პრორუსულია ივანიშვილი, არამედ მან საქართველოს სტრატეგიული მეგობრები ჩაანაცვლა, მათ შორის, ამერიკა, ისეთი სახელმწიფოებით, როგორებიც არიან ჩინეთი, ირანი და თანამშრომლობს ტერორისტულ ჯგუფებთან, სადაც სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას“ ირაკლი კობახიძის თანდასწრებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს რუსული პროპაგანდისთვის იყენებს“, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალ საკითხში სტრატეგიული პარტნიორობის არაერთი მყარი ხელშეკრულება და თანამშრომლობა აკავშირებს. ორივე ქვეყნისთვის ეს გარემოება თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის ქმნის ორმხრივ ვალდებულებებსაც.
რა ფორმით გაგრძელდება დედამიწის წამყვანი და აღმოსავლეთ ევროპის ძირძველი სახელმწიფოს ურთიერთობა, ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც 2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპი თეთრი სახლის საპრეზიდენტო ოფისს 47-ე პრეზიდენტის რანგში დაუბრუნდება. და როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, – ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებას გაუძლებს.