ორფეოსი ვაკეში ეშვება
ტენესი უილიამსს აქვს ჩინებული პიესა: „ორფეოსი ჯოჯოხეთში ეშვება“. თანამედროვე თბილისურ მითოსსა და კალაძის დრამატურგიაში კი ზედ ასფალტზე დაიწერა „ორფეოსი ვაკეში ეშვება“. ისე, არა მგონია, არანაკლებ გაწამებულიყო გინდა მითიური ორფეოსი და გინდა მის თარგზე შეკერილი უილიამსის გმირი, თუკი ჯოჯოხეთის ნაცვლად ვაკეში შეუშვებდი, ოღონდ, რა თქმა უნდა, მანქანით და არა _ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თორემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ვაკეში, მინდა გითხრათ, სულაც არ აქვს ის ჯოჯოხეთური მგზნებარება, რაც _ ასიათასიანი ჯიპით თაკარაში უმოწყალოდ დგომას.
პირადად რამდენჯერმე ვიმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვაკეში, შიგ მდუღარე კუპრში _ ჭავჭავაძეზე და ეგრე „გრეჩიხას“ ვაგონიც არ მიჰქროდა, როგორც კალაძის ავტობუსი მიაჭენებდა. ზუსტად იმ დროს, როცა მანქანიანთა ფეისბუკი დუღდა ჭავჭავაძეზე საცობებზე გოდებით, მე ვიდექი და ტრავოლტას გიფივით ვიყავი, _ ვერ გამეგო, რაზე წუხდნენ? ალბათ, იმიტომ, რომ თავად დაუბრკოლებლად მივქროდი და ნაკლებად მაღელვებდა ჯიპიანთა ღიპიანი სევდა. ალბათ, ეს იყო. თუ არა, უნდა მეფიქრა, რომ ვაკემ მაღიარა და გზას მითავისუფლებდნენ, აი, ისე, როგორც დიდებულ საუკუნეებში ქალფები და საჭურისები უთავისუფლებდნენ გზას სულთნებსა და შეხზადეებს შეძახილით: გზა! შეხზადე ესა და ეს ხაზრეთ ლირი მობრძანდება.
ტრავოლტას გიფივით პირველად მანამდეც ვიყავი, აი, მაშინ წაღმა-უკუღმა ამოძრავებულ ვაკეს რომ ვავლე თუალი ესე პირველად. კინაღამ ჯამანაკები ამერია, მაგრამ მალევე დალაგდა და პრინციპიც სულ იოლი აღმოჩნდა. სწორედ ამ პრინციპშია მთელი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. დღეს არის პრინციპი _ პროსპექტის შუაგულში, კუნძულებად ჩასკუპებულ გაჩერებების იქით-აქეთ მოძრაობის უფლება აქვს მხოლოდ ავტობუსს, სამარშრუტო ტაქსის, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციას. გზის ნაპირებისკენ მიმწყვდეულ ხაზებში კი _ კერძო ტრანსპორტს. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პატრულ-სახანძრო-სასწრაფო იმდენი არაა, გადაადგილება არის უსწრაფესი, კერძო მანქანების ხაზში კი სრული ჯოჯოხეთია, მაგრამ ეს არც კალაძის ბრალია, არც მანამდე ნარმანიასი, არც უგულავასი, არც ნიკო ლეკიშვილის, არც კოტე გაბაშვილის და არც თბილისის ამირასი! ეს იმის ბრალია, რომ ოჯახში ხუთ-ხუთი მანქანაა, ყველა საჭესაა მომხტარი და დააგელვებს, _ ისინიც, ვინც ვაკეში ცხოვრობენ და ისინიც, ვინც ვაკეში მუშაობენ. ამ ყველაფერში დღევანდელი და წინა მერების ბრალი იმაშია, რომ უპრაგონოდ გასცემდნენ ნებართვებს მშენებლობაზე, არავინ ფიქრობდა იმაზე, ამდენ ცათამბჯენს რომ ატაკებდი ვაკის მიწას, იმ ცათამბჯენებში ხალხი იცხოვრებდა, იმუშავებდა, იმ ხალხს ეყოლებოდა მანქანა და ივლიდა მანქანით. შესაბამისად, კატასტროფულად გაიზრდებოდა ნაკადი და ამას ვერ აიტანდა ჭავჭავაძე. ქუჩას ვერ გააფართოვებდნენ, გაფართოება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ასწლოვან ხეებს მთლიანად აკაფავდნენ, რადგან ისინი ვაკეში შენობებიდან შორს, ტროტუარის ნაპირას დგას. ამიტომ ლოგიკურად იყო ეგ ვარიანტი _ აეკაფათ ხეთა რიგი ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც და ახლები დაერგოთ უფრო სახლებისკენ. და რა დაერგოთ? ის 3-4-მეტრიანი ნერგები, რაც ყველაგან დარგეს? ასწლოვნების ადგილას იმ ნერგების დარგვას ვერ გაუძლებდა ვეიკელთა სუსტი გული და არც იქნებოდა გამართლებული. სასურველი იქნებოდა ასაკოვანი ხეების გადმორგვა, ეს კი იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ კალაძეც ბიძინას კვალს დაადგებოდა და ბიძინას უკანა ეზოს (დენდროლოგიურ პარკად სახელდებულს) მიადგებოდა და რაც ბიძინამ მთელ საქართველოში მოთხარა და იქ გადარგო, თუ ახლა ეს (კალა) მოთხრიდა და ვაკეში გადმორგავდა. აი, იქ დამთავრდებოდა კალაძის არათუ კარიერა, ამ სოფლად ყოფნაც და სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებდა იმ ხეთა ჩეროში.
ჰოდა, რა ექნა კალაძეს? სამტრედიის მაგალითის გადმოტანა უნდოდა, მაგრამ მოერიდა, ადგა და მილანში ნანახი გადმოიტანა, ოღონდ სამტრედიული მოკრძალებითა და დილეტანტური უგუნურებით. ეს უგუნურება კი ის გახლავთ, რომ პროსპექტის შუაგულში გაჩერებების ჩასკუპებამ ხაზების რაოდენობა შეამცირა და ნაკადი უფრო გაუმტარი გახადა. მოკლედ, ცალკე ერთი ხაზი საერთოდ აორთქლდა და ცალკე მეორე _ მხოლოდ ავტობუს-სამარშრუტოებისა და სასწრაფო-სახანძრო-პატრულის საკუთრება გახდა და კერძო მანქანებს დარჩათ თითო-თითო ხაზი. საკომპენსაციოდ მიიღეს ბაღ-ბოსტნით დამშვენებული გაზონები.
მართალი გითხრათ, თუკი ეს პრინციპი (ერთ ხაზში საზოგადოებრივი, მეორეში _ კერძო) შენარჩუნდება, შვებით ამოისუნთქავენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშტრები. მაგრამ ჯოჯოხეთი იქნება მანქანიანებისთვის, ვიდრე ნელ-ნელა არ მოერიდებიან ვაკეში მანქანით გადაადგილებას და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ გადაინაცვლებენ. აი, იქ დაიწყება ახალი ქვესკნელი. კომფორტულ, მრავალათასდოლარიან ჯიპებში მედიჩ-ბურბონ-ტიუდორებივით გამოტყლარჭული არსებები რომ ჩვენს, ანუ მოკვდავთა ავტობუსებში, „მარშრუტკებში“ ამოვლენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დრამა და ტრაგედია იქნება მათთვის. მიმიქარავს ესქილე და სოფოკლე. ამიტომ დიდი შანსია, ნელ-ნელა ის პრინციპი აიგლისოს და გაჩნდეს სპეცსაშვები, რომლითაც ვიღაც-ვიღაცები სწორედ იმ ხაზში ივლიან, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. თუ გავითვალისწინებთ ამ ელიტური უბნების სწრაფვას პრივილეგიებისკენ, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მერე ყველამ იმ ავტობუსების ხაზში იაროს და ახლა კერძო ტრანსპორტის ხაზი დარჩეს ხალვათად.
მავანის საშვებით საზტრანსპორტის ხაზში გადმონაცვლება სწორედაც რომ რეალური საფრთხეა, ეს აქცევს საბოლოდ ვაკეს ყველასთვის ჯოჯოხეთად. თორემ ვაკის გაჯოჯოხეთება კარგა ხნის დაწყებულია: ჯერ იყო და გმირთა მოედანს გაუყარეს სამკუთხედი და არიეს ყველაფერი, მერე გაურკვეველი გახდა საზტრანსპორტის მოძრაობაც, არადა, მანამდე სწორედ ვაკე იყო ყველაზე იოლი მისადგომი, არ იყო წერტილი თბილისში, რომელიც ვაკეს არ უკავშირდებოდა. დღეს ამბობენ, რომ სამკუთხედმა გაამართლა. სამკუთხედმა კი არ გაამართლა, იმ ესტაკადებმა გაამართლა, რაც იქ მოგვიანებით აშენდა.
ამ ყველაფერს დაემატა ყველაფერი, რაც მთელ თბილისში ხდება _ ტრანსპორტის მატება _ საჭეზე დაჯდა ყველა: ზოგი ათასდოლარიან ჯართს მოახტა, ზოგი _ ასი ათასიანს. კაცებმა მანქანები უყიდეს ცოლებს, საყვარლებს, თვითონ რომ აღარ ეტარებინათ. იმატა მოსახლეობამ დედაქალაში, იმატა ტრანსპორტმა და გადაივსო ქუჩები. სიარულს ვერავის აუკრძალავ, ვერც საყვარლის ყოლას და ვერც მანქანის ყოლას. ჰოდა, კალამაც განტვირთვის ასეთი ფორმა მოიფიქრა _ ჯოჯოხეთის მოწყობა. მავანთა ვარაუდით, ბევრი ხელს აიღებს ვაკეში მანქანით გადაადგილებაზე, ვინც იქ ცხოვრობს გაყიდის ან „საპრაზდნიკოდ“ ეყოლება, ვინც ვაკეში მუშაობს, სამსახურში მანქანით აღარ ივლის და ნაკადი ამ გზით შემცირდება.
პრობლემა ერთ უბანში რომ იყოს, იქნებ, ეს წამალიც კი ყოფილიყო, მაგრამ თბილისის უმეტეს უბნებში ანალოგიური პრობლემაა. თუმცა ისიც ითქვა, რომ ვაკის ამგვარი მოწყობა პილოტია და მალე სწორედ ასე შუაგულ ქუჩაში მოეწყობა გაჩერებები უმრავლეს გამზირზე. იდეალურ შემთხვევაში, თუ ეს მართლაც ასე მოხდა და ყველაფერი ნორმალურად გაკეთდა და არა ტრადიციულად _ ქოცურად, იქნებ, ერთგვარი გამოსავალიც იყოს სწორედ ეს მოდელი _ სწრაფად გადაადგილებადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საცობებით გადატენილი კერძო ტრანსპორტის ხაზები. ერთგვარი დემოკრატია ამ მიდგომაში არის. გინდა სწრაფად გადაადგილება? _ იმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გინდა მანქანით გადაადგილება? _ ჩაიხოხბე საცობში. აბა, ის იყო, ვიღაც კონდიცირებულ ჯიპში იჯდა და ისე უმკლავდებოდა საათიან საცობს, აქეთ კი ხალხი მაიმუნივით ცალ ხელზე დაკიდებული იყო „მარშრუტკაში“ და ასე უმკლავდებოდა საცობს.
მოკლედ, ის პონტია, თუ აქამდე ვარდი არ მოუკრეფია ვინმეს უეკლოდ, ახლა ჯიპით ვერ იმგზავრებს ეკლად გარჭობილი საცობის გარეშე. ეგრეა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, _ ვაკეში ცხოვრებაც. რამეთუ ვაკეში ცხოვრებაა სილამაზეც და თვით უკდავებაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობით. ისევე ხუმრობით, დავით ჯანდიერმა რომ დაწერა: „აბა, ვის გავუცვალო ჭავჭავაძის ბინა“ და მე რომ მივწერე: „მაიტა“. დიახსთ! ვისაც არ გინდათ ვაკის ჯოჯოხეთში ცხოვრება, გიცვლით ბინას კეთილ ვაკეში (ვარკეთილში), იცხოვრეთ კეთილად და მშვიდად ვაკეში, გინდა წაღმა იშლიგინეთ, გინდა უკუღმა. ეს ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ იმ ხუმრობით, რომელ ხუმრობაშიც სიმართლეცაა. ამ ქალაქში „თან-თან“ არ გამოდის, ანუ არ გამოდის თან ქალაქის ყველაზე ფეშენ უბანში, ცათამბჯენებით, უნივერსიტეტებით, სავაჭრო ცენტრებითა და ბარ-რესტორნებით გადატენილ უბანში იცხოვრო და თან მანქანით ინავარდო ღიღინ-ღიღინით და მაყვლის ჭამით. თან როცა მარტო შენი ოჯახის ფარეხებში მანქანების რიცხვი, მინიმუმ, ხუთია და ასეა უმეტეს ოჯახში. ეგრე არაა, თან კომფორტული მანქანა არ გეთმობოდეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა ჭირივით გეზიზღებოდეს და თან იმ კომფორტული მანქანით საცობში დგომაც აღარ გინდოდეს.
მე ამ ყველაფერში იცით, რა მიკვირს? აი, ამ ყველაფერზე ახლა რომ ატყდა აგანგალა-განგალა. წელიწადზე მეტია, ეგ ჭავჭავაძე კეთდება, არავისთვის დაუმალავთ, რომ გაჩერებები შუაში იქნებოდა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა იმას, რომ ეს ხაზების ამოყრას გამოიწვევდა და არც იმის წარმოდგენას, რომ ასეთი წაღმა-უკუღმა მოძრაობა იქნებოდა და კერძო ტრასნპორტის ხაზი _ გადაძეძგილი. ჰოდა, სანამ ეს ყველაფერი არ ამუშავდა, მანამ ვერ მიხვდით? და თუ ახლა აყვირდით, მაშინ რას იყავით ჭაჭანაჭამი გოჭებივით გატრუნულები? ახლა ვინღა გადააკეთებს ასე უცებ? მოკლედ, კიდევ ერთი პიესის არ იყოს, _ რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ.
და კიდევ, პიესის სათაურით დაწყებულს კიდევ ერთი ქართული პიესის რეპლიკით დავამთავრებ. ლაშა თაბუკაშვილის პიესაში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ არის ასეთი რეპლიკა, _ ვაკეში ყავამ ამოხეთქა. ახლა ვაკეში სევდამ ამოხეთქა… ჯიპიანთა ღიპიანმა სევდამ.
რეზო შატაკიშვილი