ოთარ კვირიკაშვილი: „პეტრე ცაავა ოპოზიციის გამარგინალებას უწყობს ხელს“
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულმა წარუმატებელმა მოლაპარაკებებმა ბევრს იმედები გაუცრუა. სამოქალაქო აქტივისტი ოთარ კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე უნდა დამთავრებულიყო, როგორც დამთავრდა. მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე ხელი არ უნდა მოეწერა. მას არ ესმის, რატომ აკისრებს მოლაპარაკებების ჩაშლაზე დასავლეთი ოპოზიციას ისეთივე პასუხისმგებლობას, როგორსაც უმრავლესობას? კვირიკაშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლას მხოლოდ ხალხი აიძულებს. ამბობს, რომ ხალხს უმრავლესობაც მოსწყინდა და ოპოზიციაც. მისი თქმით, შექმნილი ვითარება ძალიან ხელსაყრელია გიორგი გახარიასთვის.
რატომ გახდა გახარია მისაღები ფიგურა? რა შეცდომას უშვებს ოპოზიცია და რას ითხოვს ხალხი მათგან? რატომ არის აუცილებელი ვადამდელი არჩევნები და ვინ ეწინააღმდეგება ამას? აფასებს თუ არა ევროპა საქართველოში არსებულ ვითარებას რეალურად? _ ამის შესახებ ოთარ კვირიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ოთარ, მოლაპარაკებების ჩაშლაზე დასავლეთი თანაბრად აკისრებს პასუხისმგებლობას უმრავლესობა-ოპოზიციას. თქვენი აზრით, ეს ვისი ბრალია?
_ ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებით დიდ შეცდომას უშვებს, როცა ერთ სიბრტყეში განიხილავს უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც. არ შეიძლება, ორივეს თანაბრად გადაუნაწილო პასუხისმგებლობა. ოპოზიციას აღმატებულ ჭრილში არ ვუყურებ, მაგრამ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ რეალურად დგას ავტომატით, ოპოზიცია _ შიშველი ხელებით. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენს ოპოზიციას დასწამო ეს არის უნიათობა. მათ მოლაპარაკებების ჩაშლა არ უნდა დაბრალდეს. ყველაფრის მიუხედავად, ამ ოპოზიციამ სახის შენარჩუნება შეძლო.
_ რაში გამოიხატება სახის შენარჩუნება?
_ ოპოზიცია ისევ არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ასეც უნდა იყოს. არჩევნები არის გაყალბებული. მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან „გირჩები“ და ალეკო ელისაშვილი. არსებული საარჩევნო სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმაზე საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცაზე აპირებდა ხელის მოწერას, არ მჯერა. ეგრე მაგათ 2019 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობაც დადეს და გადაგვაგდეს. ეს ოპოზიციასაც კარგად ახსოვს. ამიტომაც აღარ ჩაჰყვა ახლა ხელისუფლებას მის თამაშში.
_ არც იმ შემთხვევაში უნდა ჩაჰყოლოდა, თუკი მოლაპარაკებები დასავლეთის ჩართულობით გაიმართებოდა?
_ მნიშვნელობა არ აქვს, ამ მოლაპარაკებაში მიშელი ჩაერეოდა თუ დანიელსონი. ოპოზიცია სწორად მოიქცა, „ოცნებას“ რომ არ ჩაჰყვა.
_ თუ არაფერი უნდა დაეთმოთ, რატომ დაჯდა ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან?
_ ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მოლაპარაკებების მაგიდასთან რომ დაჯდა. უარი რომ ეთქვათ, ამას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებდა. მოლაპარაკებაზე დაჯდომა სწორი გადაწყვეტილება იყო, ისევე როგორც შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა.
რა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი, როცა ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში არიან?! ამ შეთანხმებით ივანიშვილი არც არაფერს კარგავდა. მოვლენებს 31 ოქტომბრის გადმოსახედიდან შევხედოთ. ივანიშვილი ჯერ ხომ რაღაცაზე გევაჭრება, მერე ტყვედ აიყვანს ვიღაცებს და უკვე იმათით გვევაჭრება. ბოლოს რაც ჰქონდა, ისიც რჩება. პლუს ამ ვაჭრობით კიდევ დამატებით დივიდენდებს ღებულობს. ოპოზიცია ამ შეთანხმებით ვერაფერს იგებდა. ერთადერთი გამარჯვება შეიძლებოდა, მელიას გამოშვება ყოფილიყო. ან მაგაზე რატომ მიდის საუბარი? ეს ადამიანი ისედაც უნდა გამოუშვან. ან საერთოდ რატომ არის ციხეში? მაგრამ ხომ გითხარით, ივანიშვილს ტყვეებით ვაჭრობა სჩვევია. ოპოზიცია რომ პარლამენტში შესულიყო, ნიკას არავინ დაიჭერდა.
ოპოზიციას შეთანხმებისთვის რომ მოეწერა ხელი, ბიძინა ივანიშვილს მოპარული არჩევნები ხახვივით შერჩებოდა. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია სწორად მოიქცა, რომ ივანიშვილის თამაშს არ აჰყვა. პოლიტპატიმრების გამოშვებით არაფერი შეიცვლებოდა. თანაც ეგენი პოლიტპატიმრები კი არა, ივანიშვილის ტყვეები არიან, რომლებიც უნდა გამოუშვან. ვადამდელი არჩევნებიც უნდა დაინიშნოს და დაინიშნება კიდევაც.
_ რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები? ამის აუცილებლობას ზოგიერთი ევროპარლამენტარიც ვერ ხედავს.
_ იმიტომ უნდა დაინიშნოს, რომ არჩევნები გაყალბდა. გაყალბება რომ არც ყოფილიყო და „ოცნებას“ 1000%-ით მოეგო ეს არჩევნები, მაინც ვადამდელი უნდა დაინიშნოს და ავხსნი, რატომაც: მოდით, ვთქვათ, ვისი წყალობით და რეიტინგით აიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმები ბოლო არჩევნებზე. ეს ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას დამსახურებაა. დღეს არც გახარიაა „ქართულ ოცნებაში“ და არც _ ბიძინა ივანიშვილი.
_ გახარია კი წავიდა „ოცნებიდან“, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წასვლა საეჭვოა. ამის არავის სჯერა.
_ ოფიციალურად ხომ წავიდა ივანიშვილი? ის ოფიციალურად აღარ ერევა პარტიის საქმეებში. ამ ორი ადამიანის წასვლით „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა. მმართველ პარტიას ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ქვეყანაში გაქანებული ეკონომიკური კრიზისია: ჩამოიშალა ლარი, ქვეყანა დეფოლტის წინაშე დგას. პროდუქტებზე ყოველდღიურად კატასტროფულად იზრდება ფასები. კოვიდის გარშემო კორუფცია ყვავის. ჩავარდა ვაქცინაცია. ყველა მიმართულებით ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას. არ მესმის, ამ კრიზისის ფონზე როგორ შეიძლება, ნორმალური ადამიანი ვადამდელის დანიშვნაზე არ ფიქრობდეს?
_ მოარული ხმებით, მმართველ პარტიაში ფიქრობენ ვადამდელის დანიშვნაზე და ამიტომაც წავიდა გახარია გუნდიდან.
_ ვიღაცები შეიძლება მართლა ფიქრობენ ვადამდელ არჩევნებზე. „ოცნებაში“ იციან, რომ ჩვენი ეკონომიკა ამ კრიზისს ვეღარ გაუძლებს და ჩამოიშლება. პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი დააწვება „ოცნებას“. მათ ეს არ უნდათ და ცდილობენ, ოპოზიციასაც აჰკიდონ პასუხისმგებლობა. ვადამდელ არჩევნებს არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი. ეს მარგინალები არა მგონია, იმაზე ფიქრობდნენ, რომ ვინმეს გადაუნაწილონ ძალაუფლება.
_ რისი გადამნაწილებლები არიან, ძლივს ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება.
_ ნორმალურ ქვეყანაში ამათ სოფლის საკრებულოს არ ჩააბარებდა კაცი. ახლა ქვეყანას მართავენ. ძალაუფლება დღეს მარგინალების ხელშია. ძლივს მოესწრნენ რაღაცას და დათმობაზე არ წავლენ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქმე ხელახალ არჩევნებამდე არ მივიდეს. მოსახლეობისგან წნეხი სანამ არ იქნება, არაფერი გამოვა. ევროპის წნეხის იმედი დიდად არ მაქვს.
_ ევროპის წნეხის იმედი რატომ არ გაქვთ?
_ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი აქ არსებულ ვითარებას კარგად არ იცნობს. ვინც იცნობს, ისინიც თავს იკავებს რეალობაზე საუბრისგან. თავს იკავებენ იმიტომ, რომ ხვდებიან, რა შეცდომაც დაუშვეს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით.
_ რა შეცდომა დაუშვეს?
_ ესენი ასე თავის ნებაზე რომ მიუშვეს, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.
_ ზემოთ გახარია და ივანიშვილის „ოცნებიდან“ წასვლა გაიხსენეთ. თქვენი აზრით, ეს ორი რამე ფოკუსს ხომ არ ამზადებს? 2013 წელს ივანიშვილმა თქვა, რომ თუ „ოცნების“ გეზი არ მოეწონებოდა, თავად შექმნიდა ოპოზიციას.
_ ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუშიც საინტერესო რამე თქვა. აღნიშნა, ბედნიერი ვიქნები, თუ „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა და ხელისუფლების სათავეში პროფესიონალები მოვლენო. არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ რატომღაც, მგონია, რომ გახარია უფრო დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, ის ივანიშვილის პროექტი არ უნდა იყოს.
_ რატომ ფიქრობთ, რომ დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს?
_ გახარია იყო რუსეთის მოქალქე, ის საქმიანობდა რუსეთში. იქ აქვს სერიოზული კავშირები. მაგის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კარიერულად ძალიან სწრაფად დაწინაურდა. რუსეთში ასეთი რაღაცები ასე მარტივად და შემთხვევით არ ხდება. ეს მაფიქრებინებს, რომ მას რუსეთში რაღაც სხვა კავშირები აქვს. შესაძლოა, მოსკოვი მას ივანიშვილის ალტერნატივად ამზადებდეს. რა აქვს ამ ადამიანს ჩაფიქრებული, ეს იქედან გამოჩნდება, თუ რა კატეგორიის ხალხს დაიყენებს გვერდით.
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია, რომ დღეს ოპოზიცია გამარგინალებულია. ბევრ მათგანს მხრებზე აწევს იმ ცხრა წლის სიმძიმე. ზოგს ცხრაწლიანი ცოდვა არ აწევს, მაგრამ მაინც არაა გულწრფელი. ჩვენს საზოგადოებას შესაძლოა, პოლიტიკური განათლება აკლია, მაგრამ ხალხი კარგად ხვდება, როდის ატყუებ. მოსახლეობას სიახლე უნდა. გახარიას ამ ვითარებაში შანსები აქვს.
_ რატომ უნდა ჰქონდეს გახარიას შანსები? არც ახალი სახეა და თან რუსეთუმეს იარლიყი აკერია.
_ რუსეთუმეს რომ ეძახიან, ამან შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი მოიტანოს და გახარიას წისქვილზე დაასხას წყალი.
_ რანაირად?
_ ახლა საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა. მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს. ადამიანების დიდი ნაწილი აღარ ფიქრობს იმაზე, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს. ხალხი ფიქრობს საკუთარ კუჭზე. ამით შეურაცხყოფას არავის ვიყენებ, მაგრამ რეალობა ასეთია. ვიღაცები ხალხს ეუბნებიან, რომ მალე ევროატლანტიკურ ალიანსში გავწევრიანდებით. ხალხს აინტერესებს, დღეს რა უნდა ჭამოს.
ჩვენი საზოგადოების ნაწილს ახსოვს საბჭოთა კავშირი. ახსოვს ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროს კარგად ცხოვრობდნენ, მაშინ არავის შიოდა. ახლა არიან მშივრები. გახარიაზე თუ დაიწყება საუბარი, რომ რუსების კაცია, ხელისუფლებაში მის მოსვლას რაღაც ჯგუფები გააპროტესტებენ, მოსახლეობა კი ყოფილ პრემიერს დაუჭერს მხარს. ზუსტად არ ვიცი, რა და როგორ იქნება, მაგრამ გახარია შედეგს რომ დადებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
_ გახარია რაღაც შედეგს რომ დადებს ამის ოპოზიციასაც ეშინია და „ოცნებასაც“.
_ „ოცნებაში“ გახარიასთან მიმართებით გაურკვევლობის მომენტიც აქვთ. რეალურად არ იციან, რუსეთის კაცია, დასავლეთის თუ ივანიშვილის. მასთან თანამშრომლობის სურვილი ისეთმა ადამიანებმაც გამოთქვეს, რომ აშკარაა, ხელწამოსაკრავი გუნდი არ ეყოლება. ეს ადამიანი იყო ჯერ ეკონომიკისა და შს მინისტრი, შემდეგ პრემიერი. მთავრობაში მისი მუშაობა წარმატებასთან არ ასოცირდება, არანაირი გარღვევით არ დაგვამახსოვრა თავი.
_ მან თვალების დათხრით და თვალის ჩაპაჭუნებით დაგვამახსოვრა თავი.
_ ამ ადამიანს კარგად აქვს შესწავლილი ხალხის განწყობები. ფლობს ორატორულ ხელოვნებას და ამით გადის ფონს, თორემ მისი მოღვაწეობა ხელისუფლებაში წარმატებასთან არ ასოცირდება. კობახიძეებისა და მდინარაძეების ფონზე ძალიან კარგად გამოიყურება.
_ კობახიძის ფონზე გიგა ბოკერიაც კი სიმპათიურად გამოიყურება და გახარია კარგად რომ ჩანდეს, რა გასაკვირია.
_ ასეა. იმდენი ქნეს, ხალხს გიგა ბოკერია შეაყვარეს. მთავრობაში წარუმატებელი მოღვაწეობის მიუხედავად, გახარიას პერსპექტივა აქვს. „ოცნების“ ამომრჩეველსაც აღარ უნდა „ოცნება“. „ოცნება“ აღარ უნდათ, მაგრამ „ნაცებს“ ვერ მისცემენ ხმას, ამიტომ ადგებიან და გახარიასკენ წავლენ. ყოფილ პრემიერზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მან რაღაც განმარტებებიც უნდა გააკეთოს.
_ რა უნდა განმარტოს?
_ პირველ რიგში, 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე აქციის მონაწილეებს ტყვიებს არ დაუშენდნენ. ფაქტია, რომ სროლის დაწყებაზე ბრძანების გაცემა გახარიამ აიღო საკუთარ თავზე. თუ მართლა თავის თავზე აიღო, უნდა გვითხრას, რატომ მოიქცა ასე? 20 ივნისზე გაკეთებული განცხადებიდან გამოჩნდება, დაუპირისპირდა თუ არა რეალურად ივანიშვილს და რამდენად დამოუკიდებელი ფიგურაა იგი.
_ მარტო ეს განმარტებები არ იქნება საკმარისი. ისიც მნიშვნელოვანია, თუ ვის დაიყენებს ეს ადამიანი გვერდით.
_ ეს მთავარია. 21-ე საუკუნეა და ტექნოლოგიების ეპოქაა. ინვესტიციებია მოსაზიდი. ახლა ხალხს რეალურად სჭირდება საქმის გამკეთებელი ადამიანები და არა არასერიოზულები და გიჟები. გიგა ბოკერია საქართველოში ბევრს არ უყვარს, მაგრამ ის რეალურად საქმის მკეთებელი პერსონაა. დღეს საქართველოს პროფესიონალი კადრების საჭიროება უდგას. იმ კატეგორიის ხალხის ხელში, რა ხალხიც „ოცნებას“ პარლამენტში ჰყავს, ჩვენი ეკონომიკა სრულად ჩამოიშლება. გახარიამაც თუ ისეთივე მონების ძებნა დაიწყო, როგორებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, ქვეყანა დაინგრევა. ლიდერზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ ვის დაიყენებს ლიდერი გვერდით.
ზემოთაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ოპოზიცია გამარგინალდა. ეს კვლევებიდანაც კარგად ჩანს. ხალხს ყველა მობეზრდა. „ოცნება“ ხომ თვალით არ დაენახვებათ, მაგრამ ოპოზიციის ყოველდღიური დღის წესრიგიც ყელში ამოუვიდათ. ოპოზიციის მიმართ ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვარ, მინდა, რომ გაიმარჯვონ, მაგრამ არ იქცევიან სწორად. ველოდები, აი, დღეს შემოიტანენ რამე მნიშვნელოვან თემას, აი ხვალ, მაგრამ სიახლე არ ჩანს. ერთსა და იმავეს საუბრობენ. არ ვიცი, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით, ვერ ხვდებიან თუ არ სურთ სიახლეები.
ამ დროს ხალხის დაკვეთა არის სულ სხვა. ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ დღის წესრიგი უნდა შეცვალონ. არავისთვის დამალული არაა, რომ ოპოზიცია და ოპოზიციური არხები ერთად გეგმავენ საინფორმაციო პოლიტიკას. ამ ფონზე ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ სხედან ეთერებში სულ იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი? ამ ადამიანების გაპიარება ოპოზიციის მიმართ უფრო მეტ უნდობლობას აჩენს. ოპოზიციის მიმართ უნდობლობას აძლიერებს პეტრე ცაავას ფაქტორიც.
_ პეტრე ცაავას ფაქტორი როგორ აზიანებს ოპოზიციას?
_ პეტრე ცაავა და მის გარემოცვა გამუდმებით ლანძღავენ საქართველოს პატრიარქს. მედიამაც და ოპოზიციამაც ძალიან კარგად იციან, რომ ამომრჩეველში ილია მეორე უდიდესი რეიტინგით სარგებლობს. იმ ხალხში, ვისაც პატრიარქი უყვარს, ძალიან ბევრია ე. წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ოპოზიცია უნდა ცდილობდეს, რომ შუალედური ამომრჩეველი წამოიყვანოს თავისკენ. ღმერთიც რომ არ სწამდეს და პატრიარქს ვერ იტანდეს, მათ ხმებზე ნადირობა და მათი გულის მოგება წმინდა წყლის პრაგმატული გათვლაა. ამ დროს პეტრესა და ვიგინდარებს უთმობენ ეთერს. დღე არ გავა ისე, ცაავა რომელიმე ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში არ იჯდეს.
_ ოპოზიციური არხები რახან არიან, პეტრე ცაავას ეთერი არ უნდა დაუთმონ?
_ დაუთმონ, მაგრამ არ შეიძლება, გამუდმებით ის ლაპარაკობდეს. როდემდე უნდა გვასმენინონ პატრიარქის ლანძღვა? ეს ადამიანებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. პეტრე ცაავასთვის ეთერის დათმობა იმიტომაც მიკვირს, რომ იგი ყოველთვის სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდა. ასე იყო „ნაციონალების“ დროს, ასე არის ახლაც. ადრე თუ მიშას მითითებებს ასრულებდა, დღეს იმას აკეთებს, რაც ივანიშვილს უნდა. ოპოზიციურმა მედიამაც კარგად იცის, თუ ვის დაკვეთას ასრულებს პეტრე ცაავა. ამიტომ მიკვირს მისი ასეთი დოზით გაშუქება. ამ დროს ამ ადამიანს ყველაზე ნაკლებად ხელისუფლების მეხოტბე „ტელეიმედი“ აშუქებს.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პეტრე ცაავა ოპოზიციის დაკვეთით ლანძღავს პატრიარქს. ოპოზიციის რეიტინგს ესეც სერიოზულად ურტყამს. მრევლი იცით, რას ფიქრობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, პატრიარქს დაუწყებს დევნას. არადა, რეალურად, ივანიშვილის დაკვეთით ლანძღავს პეტრე ილია მეორეს.
_ ამ ფონზე კობახიძე, ღარიბაშვილი და წულუკიანი სულ პატრიარქსა და ეკლესიას გაიძახიან.
_ მარტო არ გაიძახიან, ცდილობენ, სულ პატრიარქის გვერდით იტრიალონ. არადა, მათაც მშვენივრად იციან, რომ პატრიარქს ბიძინა ებრძვის. ხალხში ისეთი გაწყობა იქმნება, რომ ეკლესიას ებრძვის ოპოზიცია. არადა, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეიძლება, პეტრესთან ურთიერთობაც კი არ აქვს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ არ აქვთ?
_ ასე მგონია. გიგი უგულავამ რამდენჯერმე გალანძღა პეტრე ცაავა და თქვა, რომ დიდ უნამუსობას აკეთებსო. მაგრამ ხალხი ამას უკვე აღარ უყურებს. ხალხი ხედავს, რომ პეტრე ოპოზიციურ არხებზე ზის და იქედან ლანძღავს პატრიარქს. ოპოზიცია ბევრ შეცდომას უშვებს და ამიტომაც მოხდა მისი გამარგინალება. ამის მიუხედავად, ვერაფრით დავეთანხმები ევროპელებს, რომ ოპოზიციამ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ხელისუფლებასთან ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება მალე უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. მათ ისეთ ჭაობში ჩაძირეს ქვეყანა, შევარდნაძეს რომ არ გაუკეთებია.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ამღვრეულ წყალში ყველაზე კარგად თევზის დაჭერა გახარიას შეუძლია.
_ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, დროში რამდენად ჩაეტევა. სწრაფ ნაბიჯებს თუ გადადგამს, თევზს ნამდვილად დაიჭერს. ნათქვამია, პური მანამდე უნდა ჩააკრა, სანამ თონე ცხელიაო.
_ ისიც ხომ ნათქვამია, მოჩქარეს მოუგვიანდესო.
_ გასაგებია, მაგრამ დროში უნდა ჩაეტიოს. ახლა გახარიასთვის მართლა ხელსაყრელი დროა. რაღაც შედეგის მისაღწევად მარტო მისი ფაქტორი საკმარისი არ იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მის გვერდით. გახარია მთელ „ოცნებაში“ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ისიც გამაღიზიანებელია, საზოგადოების ნაწილმა ის ლამის მესიად რომ გამოაცხადა. წლების განმავლობაში მთავრობაში უმაღლესი პოსტები ეკავა, მაგრამ წარმატებისთვის არ მიუღწევია. ამის მიუხედავად, მე რომ ვიყო პრემიერი, მას აუცილებლად შევიყვანდი მთავრობაში, ისევე როგორც ირაკლი ალასანიას.
შორენა მარსაგიშვილი