ოთარ კვირიკაშვილი: „კომპრომატები მამაცაშვილზე მედიას სუსის მაღალჩინოსანმა მიაწოდა“

ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მარჯვენა ხელი, ოდიოზური პერსონა უჩა მამაცაშვილი, მორიგ სკანდალში გაეხვია. გასულ კვირას „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა დოკუმენტები, საიდანაც ვიგებთ, რომ ოლიგარქის ნათესავი მოსკოვში ძალიან ხშირად დაფრინავს და კაცმა არ იცის, იქ რა მისიას ასრულებს(!!!).

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს სკანდალური ინფორმაცია მედიას სუსის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს. ის დარწმუნებულია, რომ სპეცსამსახურებმა მედიას აღნიშნული ინფორმაცია არჩევნების წინ სპეციალურად გადასცეს.

რისთვის დასჭირდათ სუსის მაღალჩინოსნებს ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის გაშავება? თანამშრომლობენ თუ არა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ოპოზიციასთან? რატომ მალავს „ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი, რომ „ნაციონალების“ დროს სასჯელაღსრულების სამინისტროში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა? როგორ უნდა გამოიყვანოს ოპოზიციამ ხალხი ნიჰილიზმიდან? _ ამის შესახებ ოთარ კვირიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ დიდი ამბები მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვში ხშირად დაფრინავდა. თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ მედიას ეს ინფორმაცია სუსმა მიაწოდა. რატომ გგონიათ, რომ სუსი დგას ამის უკან?
_ ოპოზიციას რომ მსგავსი დოკუმენტები ჰქონოდა, აქამდე ათასჯერ გამოაქვეყნებდა, თუმცა ფაქტია, არავის არაფერი გამოუქვეყნებია. აბა, საიდან გაჩნდა ამდენი ოფიციალური დოკუმენტი, ფრენების განრიგი, რუსულ სპეცსამსახურებში დაცული დოსიე და ა. შ.? ასეთ ინფორმაციებზე წვდომა მხოლოდ სუსისა და შსს-ს მაღალჩინოსნებს ან პრემიერ-მინისტრს თუ ექნება. დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაციაც მათ მიერ არის გაცემული.
ასეთი რამეები კი მაშინ ხდება, როდესაც გემი იძირება და ყველაზე გავლენიანი პირები თავის გადარჩენას ცდილობენ. ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე მოხდა 2012-შიც და ასე ხდება ახლაც _ „ქართული ოცნება“ იძირება, ამას მაღალ ეშელონებში დროულად ამჩნევენ, დაბალ ეშელონებში კი სამაგისო არც ინფორმაცია აქვთ და არც გონება უჭრით, რომ მაგდენს მიხვდნენ. ზოგიერთი კი ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე და ამის გამო სამაგალითოდაც ისჯება.
აქ საინტერესო ის ამბავია, რომ ინფორმაციამ სუსიდან გამოჟონა, თორემ მამაცაშვილი რუსეთში ივანიშვილის შუამავალი რომ არის და მოსკოვში რაღაცებს ულაგებს, ეს ყველასთვის ცნობილია. ბიძინასაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მამაცაშვილი მისი საყვარელი დეიდაშვილია და მას ძალიან ენდობა. როდესაც ოლიგარქი საქართველოში დაბრუნდა, რუსებმა ყველა ბიზნესი არ გამოატანეს. მისი რაღაც ბიზნესები იქ დარჩა. ამ ბიზნესებსაც მიხედვა სჭირდება. მამაცაშვილი ამ საქმეებსაც აგვარებს. მოსკოვში ოლიგარქის დეიდაშვილი პოლიტიკური სახის შეხვედრებსაც მართავს.
_ რატომ ხართ ისე დარწმუნებული, რომ მამაცაშვილის მოსკოვური ვოიაჟების შესახებ მედიას ინფორმაცია სუსმა მიაწოდა? იქნებ, რომელიმე ავიაკომპანია დგას ამის უკან?
_ შესაძლებელია, რომ ვიღაც მგზავრზე მართლაც მოგაწოდოს ავიაკომპანიამ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ტიპის დოსიე ვიხილეთ. საუბარია რუსეთის უშიშროების დოსიეზე. როდესაც ასეთი დოსიე ხვდება ჟურნალისტის ხელში, ძალიან მარტივი გასაშიფრია, რომ მსგავსს დოკუმენტებთან წვდომა ქართული სპეცსამსახურების გარდა არავის ექნებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დოსიეზე წვდომა მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ. სუსის რიგით თანამშრომლებს, როგორც უკვე გითხარით, ასეთ დოკუმენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.
ასეთი ინფორმაციები, როგორც წესი, ძირითადად, მაშინ ჟონავს, როცა ესა თუ ის ხელისუფლება უნდა წავიდეს. სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები ხელისუფლების ცვლილებების გარდაუვალობას ყველაზე წინ გრძნობენ, რადგანაც მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. მათ ხელშია შიდა კვლევები, დასავლეთიდან მოსული ინფორმაციები და ა. შ. ამ ყველაფერს აანალიზებენ და ცდილობენ, რომ მომავალი მთავრობისგანაც მიიღონ გარანტიები. ასე მოიქცნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც. როცა დაინახეს, რომ სააკაშვილის გემი იძირებოდა, „ოცნებასთან“ დაიწყეს თანამშრომლობა. ბევრი მათგანი დღეს მაღალ თანამდებობაზეა. ერთ-ერთი ამათგანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, „ქართულმა ოცნებამ“ გორში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ივანიშვილის პარტიამ მეორე ძმასაც დაუფასა ღვაწლი. ის ახლა სუს-ის უფროსის მოადგილეა.
სააკაშვილის მმართველობის დროს გიორგი ხოჯევანიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი იყო. ის იმ პერიოდში გახლდათ ამ უწყების მაღალჩინოსანი, როცა ჩვენ აქციებს აქციებზე ვაწყობდით ციხეებში პატიმრების წამების გამო. გიორგის ძმა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსი და ვანო მერაბიშვილის თანაშემწე იყო. ყველას გახსოვთ ის ცნობილი კადრები მუხროვანის ამბოხებიდან, სადაც ვანო ორ გვამს ითხოვს. ხოჯევანიშვილი იქ მის გვერდით დგას.
გიორგი ხოჯევანიშვილი გორში აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს: ხვდება ამომრჩეველს, იძლევა დაპირებებს. არიგებენ ბუკლეტებს, სადაც მისი ბიოგრაფია წერია, მაგრამ არსად არაა აღნიშნული, რომ ციხეში მუშაობდა. არადა, მას იქ საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა _ განყოფილების უფროსი იყო. მას საერთაშორისო ურთიერთობები ებარა. მისი მოვალეობა გახლდათ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მოეხსენებინა, თუ რა ვითარება იყო ქართულ ციხეებში. რამე დაუწერია, თუ რა საშინელება ხდებოდა მაშინ საპატიმროებში? ხმა არ ამოუღია. არსად მსმენია, რომ ხოჯევანიშვილს პატიმრების წამება დაეგმო.
_ არც გაქოცების შემდეგ ულაპარაკია ამ თემაზე.
_ ისეთი პოზა დაიკავა, თითქოს არ იცოდა, ციხეში პატიმრებს რომ აწამებდნენ.
_ შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ ყოფილიყო?
_ გამორიცხულია, რომ ამის შესახებ არ სცოდნოდა. მაგან თუ არ იცოდა, აბა, ვინ იცოდა?! ციხეებში პატიმრებს არაადამიანურად რომ ეპყრობოდნენ, ეს რიგითმა მოქალაქეებმაც კი იცოდნენ. ამაზე ბევრი იწერებოდა მედიაში. პატიმრების წამების შესახებ ინფორმაცია ლადო ბედუკაძესაც კი ჰქონდა, რომელიც ციხის რიგითი თანამშრომელი იყო. ხოჯევანიშვილი კი განყოფილებას ხელმძღვანელობდა. წარმოუდგენელია, მას არ სცოდნოდა, თუ რა ხდებოდა ციხეებში. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ძმისთვისაც იქნებოდა ცნობილი, რომელიც ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა.
„ნაციონალების“ დროს ხოჯევანიშვილები ძალიან მაღალ პოსტებზე მუშაობდნენ, მაგრამ ამას ძმებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაელაგებინათ _ ერთი სუს-ის უფროსის მოადგილეა, მეორე ჯერ გუბერნატორი იყო, ახლა კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
არ გამოვრიცხავ რომ უჩა მამაცაშვილის დოსიე ხოჯევანიშვილების მსგავსი ტიპების მიერ იყოს გამოტანილი. ასეთი კადრები მრავლად გვყავს სპეცსამსახურებში. საჭირო დროს გამოაქვთ ხოლმე საჭირო ინფორმაციები გარეთ და გადადიან ერთი მთავრობიდან მეორე მთავრობაში. ასეთ პორტირებულებზე დგას დღეს „ქართული ოცნება“ და გასაკვირი არაა, რომ იქიდან ინფორმაციები ჟონავს.
_ ისევ მამაცაშვილის დოსიეს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რისთვის დასჭირდა სუს-ის რომელიღაც მაღალჩინოსანს მასზე ინფორმაციის გავრცელება?
_ იმიტომ, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი. თქვენ რა გგონიათ, მამაცაშვილზე მარტო ეს ინფორმაცია ექნებათ? სხვა დოსიეებიც ედებათ თაროებზე. ამ დოსიეებს მხოლოდ მედიას არ მიაწვდიან. დიდი ალბათობით მამაცაშვილზე დოსიეს ოპოზიციასაც მიუტანენ, თუ უკვე მიტანილი არ აქვთ. შესაძლოა, რაღაც დოკუმენტები შეინახონ და მერე მიიტანონ, როცა ხელისუფლება შეიცვლება. ბევრი სკანდალური ინფორმაციაა მათ ხელში. შეეცდებიან, რომ მათი დახმარებით გარანტიები მიიღონ. გარანტიების მისაღებად უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. იმდენი გაბედეს, რომ ივანიშვილის მარჯვენა ხელს მიადგნენ. აქამდე ძალიან დაბალი დონის მოხელეებზე აძლევდნენ მედიას ინფორმაციებს. მაგალითად, ირაკლი სესიაშვილის სახლსა და აუზზე.
სესიაშვილებისა და თალაკვაძეების მხილება ბიძინა ივანიშვილს ვერანაირად ვერ დააზარალებდა. სხვა საქმეა მოსკოვში მამაცაშვილის სირბილი. ცხადია, რომ ის იქ ოლიგარქის დავალებით დადიოდა და მის საქმეებს აგვარებდა. ეს „ქართული ოცნების“ ლიდერის წინააღმდეგ უკვე ძალიან სერიოზული კომპრომატია. რადგანაც უკვე ივანიშვილის იმიჯი დადგა დარტყმის ქვეშ, ეს ნიშნავს, რომ ძალოვნების რაღაც ჯგუფი არსებულ ხელისუფლებას წყალს უყენებს.
_ შევარდნაძის მმართველობის ბოლო ჟამსაც ასე იყო _ შსს და უშიშროება, ფაქტობრივად, დაუფარავად მუშაობდა ოპოზიციაზე.
_ იმ დროიდან ბევრი დარჩა სუსში, ისინი გამოცდილი ხალხია და ახალ ხელისუფლებასთან შეგუება არ გაუჭირდებათ. მაგალითისთვის კიდევ ერთხელ მოვიყვან ხოჯევანიშვილებს. მიშას დროსაც მაღალჩინოსნები იყვნენ და ახლაც მაღალჩინოსნები არიან. ისეთი ჟრიამული აქვთ ხოლმე გიორგი ხოჯევანიშვილის დანახვაზე გორში „ოცნების“ მომხრეებს, თითქოს დეპუტატობის კანდიდატი აქტიურად ებრძოდა რეჟიმს.
_ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გორელები აქტიურად იბრძოდნენ და დავიჯერო, არ იციან, რომ ხოჯევანიშვილი ციხეში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა? რას ჟრიამულობენ ხოჯევანიშვილის დანახვაზე?
_ გორელებს ეს როგორ არ ახსოვთ, მაგრამ ის ხალხი, ვინც მართლა ებრძოდა რეჟიმს, „ქართულმა ოცნებამ“ გვერდზე გასწია. ის ხალხი დაიყენა გვერდით, ვინც 2012 წლამდე ოპოზიციისა და, მათ შორის, თავად „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე იყო. ავიღოთ თუნდაც გორის ახლანდელი მერი კოტე თავზარაშვილი. თავის დროზე ის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგი იყო. 2012 წელს გორში „ოცნებას“ ოფისის მიქირავებაზეც კი უარი უთხრა.
_ სამაგიეროდ ახლა ბოდავს „ოცნებაზე“.
_ მარტივად მოახერხა ამათთან საერთო ენის გამონახვა და დღეს ქალაქის მერია. ბევრი ისეთი გორელია „ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც „ნაციონალების“ დროს სკამზე ადიოდა და ისე სვამდა ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს.
_ ისევ მამაცაშვილის თემას დავუბრუნდეთ და ეს დოსიე თუ მართლა სუსიდან არის გამოტანილი, მაშინ საარჩევნოდაც უნდა ველოდოთ სკანდალური ინფორმაციების გავრცელებას. დაახლოებით იმ ეფექტის, როგორიც 2012 წელს ციხის კადრები იყო.
_ გამორიცხული არ არის. რაღაც ინფორმაცია აუცილებლად გამოვარდება. არაერთხელ მიფიქრია, რომ ოპოზიციას დასჭირდება რაღაც მსგავსი სკანდალი, რათა სიტუაცია შემოატრიალოს. ხელისუფლება ცდილობს, რომ ოპოზიციის ყველა აქტიურობა კოვიდ-რეგულაციებით შეზღუდოს. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის საარჩევნო კამპანიამ დრაივი არ აკრიფოს. ესენი არც ქალაქების ჩაკეტვაზე იტყვიან უარს, მაგრამ არაფერი გამოვა.
ხალხთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას თვალს ვადევნებ და ერთი რამე ძალიან აშკარაა, ეს მაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია. ხელისუფლებისა და მოსახლეობის შეხვედრებზე ბედნიერი სახე არავის აქვს. უღიმღამო და დამწუხრებული სახეებით ხვდება ხალხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ისეთი სახეები აქვთ ამ ადამიანებს, რომ დარწმუნებული ვარ, ისინი არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემენ ხმას. შესაძლოა, ოპოზიციური პარტიებიც გადახაზონ, არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილის პარტიას ხმას რომ არ მისცემენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი ნიჰილიზმში ჩავარდნილიყო. ოპოზიციის ვალდებულებაა, ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
_ ხალხზე არანაკლებ მჭმუნვარე სახეებით დადიან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები. საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილსაც საკმაოდ დამწუხრებული სახე ჰქონდა.
_ დიახ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით მაქსიმალურად თავს იკავებს და ხალხში არ ჩნდება.
_ სიის ოცეულის წარდგენაზე ხომ გამოჩნდა?
_ მანდაც რომ არ გამოჩენილიყო, ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა. ერთხელ გამოჩენა არაფერს ნიშნავს. 2016 წელს ლამის ყველა სოფელი მოიარა და პირადად ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას. წინა კვირას, საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე, ძალიან აჭრილი სახე ჰქონდა. ასეთი ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მახსოვს, როცა ტელევიზიით გამოვიდა და გვეხვეწებოდა, სალომეს მიეცით ხმა და ყველაფერს გამოვასწორებო.
ვუყურებ ამ მწუხარე სახეებს და იმედიანად ვარ განწყობილი. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება. იმაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხალხს აშინებენ, შეხვედრებზე მისვლას აძალებენ. ზეწოლაში ჩართულია სუსი, შსს და კრიმინალური სამყარო, მაგრამ ხალხს იმდენად ყელში აქვს ამოსული „ოცნება“, რომ ეს სახეზეც კი ეტყობა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ხალხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარებად წარადგინა და საარჩევნო სიაში ჩაწერა. ვინ არიან? საიდან მოიყვანეს? რა უნდათ? _ ვერ გაიგებ. ივანიშვილის პარტიის მაჟორიტარების კანდიდატების ნახევარზე მეტი ყოფილი „ნაციონალია“, სიის პირველი ოცეულის წევრები კი პოლიტიკოსები საერთოდ არ არიან.
ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის წინაშე ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მისი ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ისაა, რომ პოლიტიკიდან პოლიტიკოსები განდევნა. როგორც ფეხბურთელების გარეშე ვერ ითამაშებ ფეხბურთს და იქნება ქაოსი, ისეთი არეულობა შემოიტანა ქვეყანაში. ვიღაცა შეიძლება კარგი მენეჯერი იყო, ვიღაცამ შეიძლება ძალიან კარგი უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ ისინი პოლიტიკოსები არ არიან. პოლიტიკოსი რომ იყო, სხვა ცოდნა და გამოცდილება უნდა გქონდეს. არაპოლიტიკოსები პოლიტიკაში ვერაფერს გააკეთებენ. ეს იგივეა, ფეხბურთი რომ ათამაშო მოკრივეებს. საშინელება იქნება მოედანზე. ფეხბურთი ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, პოლიტიკა კი პოლიტიკოსებმა აკეთონ.
_ კალაძე თუ იყო პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგიტომ ითამაშა კარგად. 10 წუთში ორი ავტოგოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების კარში.
_ კალაძე ცალკე ამბავია. „ქართული ოცნების“ სიის პირველ ოცეულში რაგბისტი კაჭარავა და კალათბურთელი სანიკიძე ჩაწერეს. როგორც სპორტსმენებს ორივეს დიდ პატივს ვცემ. მათ ძალიან ბევრი სიხარული მოუტანეს გულშემატკივარს, მაგრამ რა უნდათ სპორტსმენებს საკანონმდებლო ორგანოში? რა უნდა გააკეთონ მათ, როცა ქვეყანა ასეთ მძიმე დღეშია ჩავარდნილი? სასწაული ეკონომიკური გეგმა გვჭირდება, რათა საქართველო იმ რელსებს მაინც დაუბრუნდეს, რაც აქამდე იყოს. ჯერ აქამდე რა იყო, მაგრამ მანდ დაბრუნებასაც საოცარი ტვინის პატრონი ეკონომისტები სჭირდება. ასეთ სიტუაციაში არ მესმის, სანიკიძემ და კაჭარავამ პარლამენტში რა უნდა გააკეთონ?
_ დიდი ალბათობით, უნდა იჩხუბონ.
_ სავარაუდოდ, იჩხუბებენ, სხვას ვერაფერს გააკეთებენ. მეეჭვება, კანონები დაწერონ.
_ ზემოთ მითხარით, ხალხი ნიჰილიზმშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთო. ეს რომ გააკეთოთ, თავად ოპოზიცია უნდა იყოთ აქტიური. დღეს არც ოპოზიციაა აქტიური. იგივე ითქმის თქვენს პარტიაზე. „გამარჯვებულმა საქართველომ“ ხეირიანად ჩამოყალიბებაც ვერ მოასწარით. დაფუძნებიდან მალევე დაიჭირეს პარტიის ლიდერი ოქრუაშვილი. მერე ბევრმა დატოვა პარტია.
_ ჩვენი პარტიაც მალე ამოიქოქება. პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი უკვე დასახელდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ამ კვირაში კიდევ რამდენიმე რეგიონში წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს. სამწუხაროდ, ყველა ოლქში ვერ დავასახელებთ მაჟორიტარებს. გასაგები მიზეზების გამო ჩვენ არც პარტიის შენების დრო გვქონია და არც _ რესურსი. იცით, რომ ირაკლიმ ათი თვე ციხეში გაატარა. მისი არყოფნის პერიოდში ზოგი აქეთ წავიდა, ზოგი _ იქით. კიდევ კარგი, გადაწყობა მაინც მოვახერხეთ. გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კარგია, რომ ვისაც წასვლა უნდოდა, დროზე წავიდა.
_ მათმა წასვლამ ხომ დაგაზარალათ? კარგი როგორ იყო?
_ ვფიქრობ, რომ მათი წასვლით პარტია არ დაზარალებულა. ისინი მაინც წავიდოდნენ და ჯობია, ეს ახლა რომ გააკეთეს, თორემ იგივე მოხდებოდა, რაც დოლიძეებმა და აბაშიძეებმა ირაკლი ალასანიას გაუკეთეს. რაღაც კუთხით მაინც დავზარალდით, მაგრამ მათი წასვლის გამო _ არა. რთულია, როცა ახალშექმნილი პარტიის თავმჯდომარე ციხეშია. ვერ მოვასწარით ბოლომდე პარტიის აშენება, სირთულეების მიუხედავად რაღაცის გაკეთება მაინც მოხერხდა და ძალიან მალე დავიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. დარწმუნებული ვარ, რაღაც დოზით შევალთ პარლამენტში. ჩვენი ხმები შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მთელი საქართველოს მასშტაბით ვერ ვასახელებთ კანდიდატებს, მაგრამ სადაც დავასახელებთ, იქ ძალიან აქტიურები ვიქნებით.
_ ყველა ოლქში მაჟორიტარის დასახელების ფუფუნება მხოლოდ ორ ძალას ჰქონდა: მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას. და „ლელომაც“ მოახერხა ეს.
_ ჩვენგან განსხვავებით მათ დიდი რესურსი აქვთ. რაც არ უნდა რესურსები ჰქონდეს ამა თუ იმ ძალას, ვერც ერთი პარტია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. კოალიციური მთავრობა უალტერნატივოა. არჩევნების შემდეგ ყველა პარტიას მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და კოალიციაზე დალაპარაკება.

შორენა მარსაგიშვილი