ნუგზარ კვანტალიანი: „ჩოხას ვერავინ შეეხება! ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც გადმოგვცეს წინაპრებმა“
გიორგი საკარული
ჩოხა ქართველთა ეროვნული სამოსია, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით გარკვეული სახესხვაობებიც აქვს. ცნობილია, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს _ ჩოხა-ახალუხს, ქართველთა გარდა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. ის სამეცნიერო ლიტერატურაში „ჩერქეზკის“ სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციას იწვევს, რომ ჩოხა თითქოს ადიღეელებმა შექმნეს და მათი მატერიალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში და, მათ შორის, ქართველებშიც ადიღეელებისგან გავრცელდა.
საუკუნეებისა და წლიბის წინათ ჩოხა თუ მხოლოდ მეფეებისთვის, დიდგვაროვნებისთვის და ანსამბლებისთვის იქმნებოდა, დღეს უკვე მასობრივად იკერება მათთვის, რომელთაც სურთ, რომ ატარონ ქართული ტრადიციული სამოსი და გამოიყურებოდნენ განსხვავებულად.
ჩოხოსანი და ჩჰოკჰა.გე-ს დამფუძნებელი, ნუგზარ კვანტალიანი, ჩოხის სამკერვალო ინდუსტრიაში ბავშვობიდან არის და ამბობს, რომ ოჯახის ტრადიციას აგრძელებს, დღემდე არ დაურღვევია ის თარგი, რაც მისმა წინაპრებმა ქართული ჩოხის სახით დატოვეს. წლებთან ერთად ქართული ჩოხის პოპულარიზაცია იმდენად გაიზარდა, რომ იგი ევროპულ ბაზარზეც კი გავიდა და არაერთი ფესტივალიდან თუ კონკურსიდან საპატიო ადგილით თუ ნომინაციით დაბრუნდა სამშობლოში.
რა არის ქართული ჩოხის ჯადოსნობა და განსაკუთრებულობა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ჩოხოსანი და ჩჰოკჰა.გე-ს დამფუძნებელი, ნუგზარ კვანტალიანი:
_ ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში დედა კერავდა ქართულ სამოსს. იყო ასეთი ცნობილი მეჩოხე, არსენ მათიაშვილი, რომელთანაც დედა მუშაობდა. დაახლოებით 1988 წელი გალდათ, როდესაც დავიწყეთ ეს საქმიანობა. ამ ყველაფერში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული, მეც ვეხმარებოდი დედას და ჩემი დაც _ ასე გაგვიჯდა სისხლშიც და ხორცშიც ქართული სამოსი. იმ პერიოდში დიდ ანსამბლებს ვუკერავდით კოსტიუმებს. მაშინ ბავშვები იყავით, მაგრამ აქტიურად ვეხმარებოდით დედას.
_ რომელ ანსამბლებზე მუშაობდით?
_ მაშინ ძირითადად იყო სახელმწიფო ანსამბლები: „სუხიშვილები“, „ერისიონი“, იყო ასევე „ფოცხიშვილების“ სტუდია, ანსამბლი „რუსთავი“, „მეტეხი“ და ა. შ. იმ პერიოდში კულტურის სამინისტროსთან იყო დაქვემდებარებული ყველა ატელიე, სადაც ანსამბლებისთვის იკერებოდა ქართული სამოსი. ერთ-ერთი ასეთი ატელიე იყო ჭავჭავაძის გამზირზე „ალბატროსი“. მაშინ კერძო დაკვეთებს ნაკლებად ნახავდით.
_ იმ პერიოდიდან დღემდე რა შეიცვალა ქრთულ ტრადიციულ სამოსში? რა მოთხოვნები იყო მაშინ და რა მოთხოვნებია დღეს?
_ ვინც ქართულ სამოსს ქმნის, ყველას რომ შეეტანა ცვლილებები, ჩვენამდე ჩოხა არ მოვიდოდა ისეთი სახით, როგორითაც დღეს ვხედავთ. ამიტომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ რაღაცები შეიცვალოს ჩოხაში. ჩოხებს ვკერავთ ზუსტად ისეთი თარგით, როგორითაც ჩვენი მამა-პაპა ქმნიდა. ეს თარგები გადმომეცა ბატონ არსენ მათიაშვილისგან და ამ ტრადიციას ვაგრძელებ დღემდე.
_ უკვე რამდენი წელია, რაც დამოუკიდებლად ქმნით ქართულ ტრადიციულ სამოსს?
_ დაახლოებით 2000 წლიდან 2006 წლამდე საქართველოში არ ვცხოვრობდი და ეს წყვეტა მქონდა, ეს პერიოდი ბიზნესით დავკავდი უცხოეთში და როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მუშაობა დავიწყე ოპერის სამკერვალო კომბინატში ჩოხების გამომჭრელად. იქიდან კვლავ აღდგა ის საქმე, რომელსაც ბავშვობიდან ვემსახურებოდი. მოგვიანებით, როცა ოპერის სამკერვალო კომბინატი დაიშალა და შენობა დაანგრიეს, თანამშრომლები დავიფანტეთ და ყველა შეეცადა, დამოუკიდებლად დაეწყო მუშაობა. 2011 წლიდან დავიწყე უკვე დამოუკიდებლად მუშაობა, ხოლო 2012 წელს ბრენდის სახე მივეცი ამ ყველაფერს, გავაკეთე საიტი. საქართველოში ქართული სამოსის საიტი პირველი ჩემია. მსგავსი საიტი მანამდე არ არსებობდა და დავარქვი ჩჰოკჰა.გე. შემომთავაზეს, რომ საიტი ყოფილიყო ქომზე, ნეტზე და ა. შ., მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩოხა ქართული სამოსია, ჩჰოკჰა.ცომ არ ივარგებდა, რადგან დაბოლოება უნდა ყოფილიყო საქართველოს აღმნიშვნელი _ გე.
_ თქვენ თქვით, რომ წლების წინათ ქართული ტრადიციული სამოსი ჩოხა ძირითადად იკერებოდა ანსამბლებისთვის. დღეს შეიცვალა და გაიზარდა მოთხოვნა? ბევრ ქორწილში ვხედავთ, რომ სიძეს ჩოხა აცვია.
_ ადრე არა მარტო მოცეკვავეებისთვის, არამედ ფოლკლორული გუნდებისთვისაც იქმნებოდა ჩოხა, მაგრამ ახლა უკვე პოპულარული გახდა, გაიზირდა მოთხოვნა, გაჩნდა ჩოხოსანთა საზოგადოებები. მე რაც ვიცი, არის ჩოხოსანთა სამი საზოგადოება. ეს გახლავთ საპატრიარქოს ჩოხოსნები, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსნები და ასევე მეფე გიორგი VII-ის სახელობის საქართველოს ჩოხოსნები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ჩოხას. მეც ერთ-ერთი წევრი გახლავართ ჩოხოსანთა საზოგადოების და ქუჩაში გავდივართ ქართული სამოსით. დაახლოებით ერთი საათი ვუნდებით რუსთაველის გამზირის გავლას, რადგან ყველა მოდის, ფოტოებს იღებს. აღფრთოვანებას გამოხატავენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები. ქორწილებშიც გახდა პოპულარული ქართული ჩოხის ჩაცმა და ამას, ჩემი აზრით, ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ ქორწილი ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი გამოდის ქართული კოსტიუმებით და სამოქალაქო კოსტიუმისგან განსხვავებით, ჩოხა ძალიან მდიდრული სამოსია, რაც, დამეთანხმებით, რომ ქორწილს ძალიან უხდება; მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩოხით შემოსვა, როცა ქირაობენ, ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი კოსტიუმის ყიდვა.
_ დროთა განმავლობაში იცვლება ყველაფერი, მათ შორის, ჩაცმის სტილი, თუნდაც ტრადიციულის. ამ შემთხვევაში რა ცვლილებები შევიდა ქართულ ტრადიციულ სამოსში, ვგულისხმობ ჩოხას?
_ პირადად მე ქართულ სამოსს არ შევხებივარ, ჩოხას ვერავინ შეეხება, რადგან ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც გადმოგვცეს წინაპარებმა. მხოლოდ არის თანამედროვე სამოსები, კოსტიუმები. მაგალითისთვის ავიღოთ მანტო ან პერანგი, სადაც დატანილია რაიმე ქართული ელემენტი. ქალის სამოსი გახდა პოპულარული, დამატებულია ტყვიების ჩასამატებელი ქილები, ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება, მაგრამ რასაც ჰქვია ქართული სამოსი, იმას არ ვეხები და არ ვცვლი, თუმცა მისი ელემენტები შემიძლია გამოვიყენო სხვა რომელიმე თანამედროვე სამოსზე.
_ თქვენ თანამშრომლობთ ასევე სხვადასხვა სამოდელო სააგენტოსთან. საიდან გაჩნდა იდეა, რომ ქართული ჩოხა, ტრადიციული სამოსი ან გათანამედროვებული სამოსი გაგეტანათ ევროპის ბაზარზე?
_ დიახ, სამოდელო სააგენტოებთან ვთანამშრომლობ. ერთ-ერთი პირველი იყო ეკა მგალობლიშვილი და „კატრინი“, რომელიც თავად მოვიდა და შემომთავაზა თანამშრომლობა. მას შემდეგ ვასპონსორებ მოდელებს, მათ უსასყიდლოდ ვაცმევ კოსტიუმს. აქ ერთ და ორ მოდელზე არაა საუბარი, დაახლოებით 15 მოდელს ვგულისხმობ, რომლებსაც ვმოსავ ქართული სამოსით და მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე გამაქვს ჩვენი სამოსი. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართულ სამოსს რაიმე ნომინაცია არ აეღო ან პირველ ადგილზე არ გასულიყო.
_ როგორ ფიქრობთ, რა აქვს ქართულ სამოსს ისეთი დამახასიათებელი ნიშა, რითაც სრულიად მსოფლიოს გაოცებას იწვევს?
_ პირველ რიგში, დახვეწილობა, სილუეტი. ამასთან, ჩოხას აქვს ძალიან ბევრი დეტალი, დაახლოებით 13 და არცერთი სხვა სამოსი ამდენი დეტალისგან არ შედგება. სწორედ ასეთი სიმრავლე განაპირობებს ჩოხის სილამაზეს. ის არის წელში გამოყვანილი და მჭიდროდ მომდგარი წელს ზემოთ ტანზე გაშლილი კალთებით, ასევე არ დაგვავიწყდეს ის ორნამენტები, რომლებიც ჩოხაზე იქარგებოდა ძველად თავადებისთვის და მეფეებისთვის, ახლაც ვქარგავთ ანალოგიურს. ჩოხას რაც გამოყოფს, ეს არის საქილეები, მათში ჩალაგებული ტყვიები სამოსს ორიგინალურს ხდის. ჩოხა ხომ სამოსიც იყო, ტყვიები რომლებიც გულ-მკერდზე იყო განლაგებული, ეს სწორედ იმ მოტივით შეიქმნა, რომ მეომარს ახლოს ჰქონოდა, რომ დრო არ დაეკარგა ბრძოლის დროს. ასეთი ნიუანსები სხვა ქვეყნის სამოსზე, რა თქმა უნდა, არ გვხვდება.
_ გქონიათ შემთხვევები, როდესაც ადამიანი მოსულა თქვენთან, უნდოდა ქართული ჩოხისა თუ ტრადიციული სამოსის ჩაცმა და თქვენ უარი გითქვამთ?
_ კი, ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა.
_ კესარია აბრამიძეს ხომ არ გულისხმობთ, რომელსაც ტრანსგენდერების კონკურსზე უნდოდა ქართული სამოსით გამოსვლა?
_ კი, ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსი ტარდებოდა, სადაც ერთ-ერთი ტური იყო ტრადიციული სამოსით გამოსვლა და უარი ვუთხარი.
_ რა მოტივით უთხარით უარი?
_ იმიტომ, რომ მამაკაცს ქალის სამოსს ვერ ჩავაცმევდი. ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
_ გასაგებია და არ გვინდა ძველი ამბების გახსენება, უბრალოდ, ესეც საუბარმა მოიტანა. რაც შეეხება თვითონ ჩოხის შექმნას, რამდენად შრმატევადია იგი, რა პერიოდი გიწევთ თითო კოსტიუმზე მუშაობა?
_ საკამოდ ბევრი დრო სჭირდება. რამდენიმე მოზომებაა საჭირო, რათა ჩოხა ზუსტად დაასვა ტანზე ადამიანს. დაახლოებით 3 დღე ვმუშაობთ თითო ჩოხაზე.
_ თუ გაქვთ შექმნილი ჩოხა ნებისმიერი წონის ადამიანისთვის, შესაბამისად, ნებისმიერი მსურველისთვის?
_ რა თქმა უნდა. ადამიანს უარს ვერ ეტყვი იმის გამო, რომ მას დიდი გაბარიტები აქვს. მაგალითისთვის მოვიყვან ჩვენს საამაყო სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს. როდესაც ის ჩვენს სალონში მოვიდა, თავი დახარა და გვერდულად შემოვიდა. მისთვისაც შეკერილი გვაქვს ქართული ჩოხა და არა მარტო მისთვის, უამრავი სხვა ადამიანისთვის, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ხელოვანი ადამიანებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა წონას თუ სიმაღლეს.