ნინო მეტრეველი: „ივანიშვილი ოპოზიციას კელი დეგნანის დახმარებით აშანტაჟებს“
ლეიბორისტული პარტია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უპირისპირდება. ქართველი მშრომელები კელი დეგნანს ბიძინა ივანიშვილის ე. წ. გათეთრებაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, კელი დეგნანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ოლიგარქი მსოფლიოს, როგორც დემოკრატი ისე დაენახა. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ნინო მეტრეველი, ამბობს, რომ ისინი დეგნანს მთელი მსოფლიოს წინაშე ამხელენ. მეტრეველი აცხადებს, რომ ხელისუფლება ახლა ლეიბორისტების დაშანტაჟებაზე გადავიდა და სწორედ ამიტომ გააცოცხლა ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებული კანონპროექტი, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს ეხება. მეტრეველი ამბობს, რომ დაფინანსების შეჩერებით ივანიშვილი მათ პარტიას ვერაფერს დააკლებს და ისინი მაინც გააგრძელებენ არსებობას. ის დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია 57%-ზე მეტს აიღებს, მაგრამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.
რატომ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები? რატომ არ გააგებინა ოპოზიციამ ლეიბორისტებს, რომ „ოცნება“ მათი საწინააღმდეგო კანონის კენჭისყრას აპირებდა? რა დააშავა კელი დეგნანმა და რატომ არ სჯერა გახარიას მოწყობილი გადატრიალების? ამის შეესახებ ნინო მეტრეველი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ ქალბატონო ნინო, პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებების თანახმად პარტია, რომელიც პარლამენტში არ შევა, დაფინანასებას ვერ მიიღებს. პარლამენტში ლეიბორისტების გარდა ყველა შევიდა. ე. ი. თქვენ გტოვებენ დაფინანსების გარეშე?
_ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ეს ცვლილება პირდაპირ ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული. ამ ცვლილების ინიციატივით „ოცნება“ პირველად მაშინ გამოვიდა, როცა მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. მიიღეს კიდევაც პირველი მოსმენით, თუმცა ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემდეგ ამ ცვლილებებზე საუბარი შეწყვიტეს. ეს ცვლილება უარყოფითად არის შეფასებული შარლ მიშელის დოკუმენტშიც. თითქოს ამაზე „ქართულ ოცნებას“ ხელი უნდა აეღო, მაგრამ 4 ივნისს პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებას მეორე მოსმენით უყარა კენჭი და როგორც მოსალოდნელი იყო, მხარი დაუჭირა.
ამ ცვლილებების მიღება სერიოზული კანონდარღვევაა. პარტიის დაფინანსება მის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ხალხი რადგან გაძლევს ხმას, ე. ი. მან გადაწყვიტა, რომ გქონდეს დაფინანსება და იყო პოლიტიკურ ველზე. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, შენ ქუჩიდან იაქტიურებ თუ საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებ.
ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებულ და მიძინებულ კანონპროექტს 4 ივნისის გვიან ღამით უყარეს კენჭი. ჩვენ არც კი ვიცოდით, ამ კანონის კენჭისყრა თუ იქნებოდა. ეს ცვლილება პირდაპირ ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ გარდა ყველა შევიდა პარლამენტში და, ფაქტობრივად, ლეიბორისტები ვრჩებით დაფინანსების გარეშე. ჯერ ისედაც მიზერულ დაფინანსებას გვაძლევდნენ და ახლა ამის შეწყვეტაც უნდათ. ჰგონიათ, რომ ამ თემით დაგვაშანტაჟებენ.
_ რა თანხით ფინანსდებოდით ბიუჯეტიდან?
_ თვეში გამოდიოდა 23.000 ლარამდე. პარტიას გვეძლეოდა თვეში 23.000-ლარიანი დაფინანსება მაშინ, როცა ერთ დავით საგანელიძეს აქვს 35.000 ლარი ხელფასი. ამ დაფინანსებით, უბრალოდ, ვსუნთქავთ და ვსულდგმულობთ. დაფინანსების გარდა ჩვენ ვკარგავთ წარმომადგენლებს კომისიებში და უფასო სარეკლამო დროს ტელევიზიებში. ეს ჩვენთვის სერიოზული დარტყმა იქნება. უკანონო ცვლილებების მიღებით თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეშფოთებულები არიან.
_ რაზე ატყობთ, რომ შეშფოთებულები არიან?
_ ეს მათი განცხადებებიდან ჩანს კარგად. ისინი ცდილობენ, როგორმე თავი გაიმართლონ. უამრავ კანონდარღვევას შეიცავს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი. ამბობენ, რომ ამის მიღება 2022 წლის თებერვლისთვის გადავიტანეთო. დროს გვაძლევენ მოსაფიქრებლად. ამ ვადებში უნდა შევიდეთ საკანონმდებლო ორგანოში. ფაქტობრივად, გვაშანტაჟებენ. მმართველ პარტიას ნებისმიერ დროს შეუძლია, მესამე მოსმენით უყაროს კენჭი. ეს კანონპროექტი ლეიბორისტული პარტიის გაუქმებას ისახავს მიზნად. ივანიშვილს ყოველთვის ვეზიზღებოდით და ბედნიერი იქნება, თუ ლეიბორისტული პარტია აღარ იარსებებს. რუსი ოლიგარქი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის.
_ რატომ ვერ გიტანთ ასე ძალიან ბიძინა ივანიშვილი? პოლიტიკაში როგორც კი შემოვიდა, თქვენი ლანძღვა დაიწყო.
_ რატომ უნდა ვუყვარდეთ? მას წლებია, ვუპირისპირდებოდით. დღევანდელი ოპოზიციის ნაწილი მას რომ გუნდრუკს უკმევდა და ნაწილი მის კოალიციაში იყო, ჩვენ ოლიგარქს ვამხელდით. მას ჯერ კიდევ მაშინ დავუპირისპირდით, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. პირველად განგაში ჩვენ ავტეხეთ, თავისი სასახლის მშენებლობა რომ დაიწყო და მთაწმინდა გადათხარა. ეს ამბავი ოლიგარქს გულში აქვს ჩადებული. არც ერთი შეხვედრა და პრესკონფერენცია ისე არ ჩაუტარებია, რომ ჩვენ არ ვეხსენებინეთ ან არ წაეკბინა ჩვენთვის. ერთადერთი პარტია ვართ, ვინც მის შანტაჟს არ დაექვემდებარა და ახლა რაღაცნაირად დანის პირზე გვატარებს. ამასაც გავუძლებთ. სულ ბრძოლაში ვართ და არ გაგვიჭირდება.
_ ივანიშვილის პოზიცია გასაგებია, მაგრამ პარლამენტში შესული ოპოზიცია რას აკეთებს? ამ ცვლილებების მიღება რატომ არ გააპროტესტა?
_ პარლამენტში შესული ოპოზიციის მოქმედებებიც გაუგებარია ჩვენთვის. დაიფიცეს და დაიგინეს, არ შევალთო და დღეს იქ არიან. ცვლილებების მიღება კი დაგმეს, მაგრამ შეეძლოთ, სხვანაირად მოქცეულიყვნენ. „ოცნებას“ უმრავლესობა ჰყავს და ამ ცვლილების მიღებას ხელს ვერ შეუშლიდნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ჩვენთვის მაინც გაეგებინებინათ, ხელისუფლება ამ ცვლილებების კენჭისყრას აპირებსო?!
_ თქვენ არ იცოდით, რომ პარლამენტი მეორე მოსმენით აპირებდა ამის მიღებას?
_ არა. ჩვენ პარლამენტში არ ვართ და საიდან უნდა გვცოდნოდა? ჩვენგან განსხვავებით ამის შესახებ ინფორმირებული იყო საპარლამენტო ოპოზიცია. მათ შეეძლოთ, ამის შესახებ ჩვენთვის ეცნობებინათ.
_ ნამდვილად უნდა ეცნობებინათ, სხვა თუ არაფერი, ლამის, ერთი წელი თქვენი პარტიის ოფისი იყო მათი თავშესაფარი.
_ შეკრებით ან ჩვენთან შეიკრიბებოდნენ ან სხვაგან, ამაზე არაფერს ვაბობ და არც არაფერს ვამადლით, ეს შეკრებები საერთო საქმეს სჭირდებოდა. გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენ არაფერი გვითხრეს. მათ ჩვენი ინფორმირებულობის ვალდებულება არ ჰქონდათ, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორი და ეს უნდა გაეთვალისწინებინათ.
_ რას შეცვლიდით, წინასწარ რომ გაგეგოთ?
_ ჩვენ ამის შესახებ წინასწარ რომ გვცოდნოდა, ამბავს ავტეხდით. გავაკეთებდით წინმსწრებ განცხადებებს და მთელ მსოფლიოს გავაგებინებდით „ქართული ოცნების“ უნამუსობის ამბავს.
ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, რაც ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ: ამ ყველაფერზე ლეიბორისტული პარტია პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა გააკეთა განცხადება და ყველანი ვეთანხმებით.
_ კელი დეგნანს რატომ აკისრებთ პასუხისმგებლობას?
_ კელი დეგნანი ყველანაირად ცდილობს ივანიშვილის ხელისუფლების გათეთრებას. ამისთვის მთელი ოპოზიცია აიძულა, საკანონმდებლო ორგანოში შესულიყო. ახლა კეთილი ინებოს ქალბატონმა კელიმ და აიძულოს ივანიშვილი, ეს კანონპროექტი, პარლამენტს გარე მყოფი პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე, უკან გაიწვიოს. ამის მიღება იქნება კატასტროფა. ლეიბორისტული პარტია ამას ასე არ დატოვებს. მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, თუ როგორ აშანტაჟებს რუსი ოლიგარქი ოპოზიციას. მსოფლიოს იმასაც ვეტყვით, რომ რუსი ოლიგარქის ნამუსის მოწმენდაში ამერიკის ელჩია ეჭვმიტანილი. ამას სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება.
_ მეორე მოსმენით ცვლილება მაშინ მიიღეს, როცა ამერიკელების სერიოზული დელეგაცია სტუმრობდა საქართველოს. რატომ არ დააყენა ოპოზიციამ მათთან შეხვედრაზე ეს საკითხი?
_ ამაზე მათ უნდა გიპასუხონ. თავად თუ არ შეეძლოთ ხმის ამოღება, ჩვენთვის ეთქვათ და ჩვენ ავტეხდით ხმაურს ამერიკელების გასაგონად. მათ ვეტყოდით, რომ კელი დეგნანი ივანიშვილის მთავარი გამთეთრებელია და მისი დახმარებით აშანტაჟებს რუსი ოლიგარქი ოპოზიციას.
თავად ამერიკელების ვიზიტს რაც შეეხება, ეს კარგა ხნით ადრე იყო დაგეგმილი. ოპოზიციას რომ გაეძლო და მათ ჩამოსვლამდე მაინც არ შესულიყო პარლამენტში, ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა. ვადამდელის თარიღი, ალბათ, უკვე ცნობილი იქნებოდა. ახლა რა მოხდა? _ ამერიკელებს საქართველოში დახვდათ მრავალპარტიული პარლამენტი. სწორედ ამიტომ დააჩქარა კელი დეგნანმა ოპოზიცია. უნდოდა, რომ ამერიკელების თვალში ოლიგარქი სუფთად წარმოჩენილიყო. მან ამის გაკეთება მოახერხა.
სირცხვილი, პარლამენტში შესულ ოპოზიციას! _ მათ ქართველ ხალხს გამარჯვება ხელიდან გამოაცალეს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სულსწრაფობით შევიდნენ იქ თუ _ შანტაჟით. მთავარი ისაა, კუთხეში მიმწყვდეული „ოცნება“ და ივანიშვილი შუაგულში გამოიყვანეს და პოლიტიკაში დააბრუნეს. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ, ჯერჯერობით, რუსი ოლიგარქის პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეინარჩუნა.
_ ამ ცვლილებებს მესამე მოსმენით, ალბათ, მიიღებენ და რას აპირებთ მერე? ფაქტობრივად, დაფინანსების გარეშე რჩებით.
_ წლების წინათაც შეგვიჩერდა ბიუჯეტიდან დაფინანსება, მაგრამ, რაღაცნაირად, ვარსებობდით. ალბათ ახლაც გავუძლებთ. „ქართული ოცნება“, ადრე თუ გვიან, ჩამოიშლება. მათთვის ძირის გამოთხრაში ჩვენ შევიტანეთ დიდი წვლილი და ამას ვერავინ უარყოფს. ტყუილად იბრალებენ ვიღაცები, რომ მაგარი მოთამაშეები არიან. მაგარი მოთამაშეები ვართ ჩვენ, ლეიბორისტები! _ წინა ხელისუფლების გასტუმრებაშიც დიდი როლი შევიტანეთ და ამათაც გავისტუმრებთ.
ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დიდ იმედებს ამყარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ არჩევნებს ჩვენ ასე არ შევყურებთ. ჯერ არ ვიცით, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას.
_ რატომ გაქვთ ამ არჩევნების მიმართ ასეთი განწყობა?
_ როგორც წესი, ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობის ძალიან დაბალი აქტიურობა არის ხოლმე. ამავე არჩევნებზე ხალხი პარტიული ნიშნით იშვიათად აკეთებს არჩევანს. უფრო კონკრეტულ ტიპებზე აკეთებენ აქცენტს. საქართველოში ყველა ყველას იცნობს და ურჩევნიათ, ნაცნობს მისცენ ხმა. ეს არჩევნები საპარლამენტოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ხელისუფლება შეეცდება, ეს არჩევნებიც სათავისოდ გამოიყენოს.
_ გინდათ თქვათ, რომ ხელისუფლება 43%-ზე მეტს აიღებს? რიგგარეშე არჩევნები ამ შემთხვევაში აღარ დაინიშნება.
_ ამდენის აღება გაუჭირდებათ. მე ის მაინტერესებს, საიდან მოიტანეს ეს 43%? 57% უნდა აიღოს ოპოზიციამ. ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელია. იქნებ, ოპოზიციამ 57%-ზე მეტი აიღოს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები აღარ დანიშნოს.
_ რანაირად არ დანიშნავს? ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თუ 43%-ზე ნაკლებს აიღებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებაო.
_ ამათ ნათქვამ სიტყვას ჩალის ფასი აქვს. სიტყვის გატეხისა და გადაგდების დიდოსტატები არიან. 2019 წელს მთელი მსოფლიოს გასაგონად დადეს პირობა, რომ აქ არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ტრიბუნიდანაც კი გააკეთა განცხადება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ეს ცვლილებები ჩააგდეს. ასე რომ, მაგათთვის პირობის დარღვევა არაფერია და ამ დაპირებასაც უკან წაიღებენ. თანაც, კანონი და კონსტიტუცია რიგგარეშეს დანიშვნას არ ავალდებულებს.
_ ოპოზიცია ამის რისკს ვერ ხედავს?
_ ვერ გეტყვით. ჩვენ ვხედავთ და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. დიდი შანსია, ოპოზიციამ 57%-ზე მეტი აიღოს, მაგრამ რიგგარეშე არ დაინიშნოს. „ოცნებას“ სიტყვის გატეხის არ შერცხვება.
_ ე. ი. ჩიხში ვართ და გამოსავალი არ არის.
_ ოპოზიცია არ არის ჩიხში, ჩიხში არის ხელისუფლება. ქვეყანაში გახლავთ უმძიმესი მდგომარეობა. მართალია, პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული, მაგრამ ამით რა შეიცვალა? უმუშევრობა მოისპო, თუ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა? ყველაფერი საშინლად არის.
_ ლარი ხომ გამყარდა?
_ ესეც „ოცნების“ აფერაა. ლარის გაუფასურებაც ხელოვნური იყო და _ გამყარებაც. პირველი ივნისიდან გაიხსნა საზღვრები და გვატყუებენ, რომ რამდენიმე კინკილა ტურისტის შემოსვლამ ლარი გაამყარა. ეს არის მათი ბინძური თამაშები. ლარის გამყარება-გაუფასურებით თავად ნახულობენ სარგებელს. თვითონ ყიდულობენ და თავად ყიდიან ვალუტას. ახლა რაღაცისთვის დასჭირდათ ეროვნული ვალუტის გამყარება და გაამყარეს. ლარი ნებისმიერ დროს შეიძლება, გაიქცეს.
ლარის გამყარებით ტყუილად იწონებს თავს ხელისუფლება. რა აზრი აქვს ლარის გამყარებას, როცა მომატებული ფასები არ იკლებს? ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ლარი თუ ამ ნიშნულზე დარჩა, სულ მცირე, ერთი წელი ფასების კლება არ დაფიქსირდება. ერთი წელი ლარი ამ ნიშნულზე არ დარჩება.
_ რატომ არ დარჩება?
_ არჩევნებამდე, ალბათ, რაღაცნაირად, დაიჭერენ ლარს, მაგრამ მერე ისევ აუშვებენ. ასეთი რაღაცები კარგად ეხერხებათ. დღეს „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე სიტუაციაშია. ადგილობრივზე იმაზე ბევრად მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე დახარჯეს. საპარლამენტო არჩევნები, სადღაც, 150 მილიონამდე დაუჯდათ.
ასეთი გაუთვლელი და ამორფული სიტუაცია საქართველოში კარგა ხანია, არ ყოფილა. იშლება პოლიტიკური პარტიები. დიდი გადასვლა-გადმოსვლებია ოპოზიციურ ველზე. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. მანამდე ყველაფერი, ასე თუ ისე, ნორმალურად მიდიოდა.
_ ოპოზიციის გარდა დიდი მიმოსვლაა „ქართულ ოცნებაშიც“, „ოცნებიდან“ მოდის ხალხი და გახარიას გუნდში მიდის. ასეთი რამე 2011-2012 წლებში ხდებოდა, როცა „ნაციონალები“ ივანიშვილთან გადადიოდნენ. „ოცნების“ დასასრულთან გვაქვს საქმე, თუ სხვა რამე ხდება?
_ როდესაც სახელისუფლებო გემი რყევას იწყებს, მაშინ ვითარდება ასეთი ამბები. ზოგჯერ ხელოვნურად გაედინება ხალხი, ზოგჯერ ეს პროცესი ბუნებრივია. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ხელისუფლება, რომელსაც საქმეები ცუდად მისდის ცდილობს, თავადვე, თავისი ხალხის ბაზაზე, შექმნას შინაური ოპოზიცია.
_ გახარიას შემთხვევაშც ასე მოხდა?
_ ნაკლებად მჯერა, რომ ის გადადგა და ოპოზიციონერობა დაიწყო. გადაჭრით რამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ გახარია, ისევევ როგორც ვასაძე რომ რუსული პროექტია, ამაში ეჭვიც კი არ მეპარება. გახარია გაიყოლებს „ოცნებაზე“ გულაცრუებულ ამომრჩეველს. მას გადაუწყვეტელი ამომრჩეველიც გაჰყვება. ლევან ვასაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ჩასაძირად არის გამოყვანილი.
_ „პატრიოტთა ალიანსთან“ გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. რატომ გადაწყვიტეს მათი ჩაძირვა?
_ ჰქონდათ, მაგრამ ახლა აღარ აქვთ. „პატრიოტები“ გვერდზე რომ გასწიეს, ამის აშკარა ნიშნებია. „ოცნების“ გარდა ალიანსი გვერდით გასწია რუსეთმაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვასაძეს არ შემოიყვანდნენ პოლიტიკურ ველზე. ფიქრობენ, რომ ახალი სახე მეტ ხმას აიღებს.
_ ვასაძე, თქვენი აზრით, ახალი სახეა?
_ ქართული პოლიტიკისთვის, მეტ-ნაკლებად, ახალი სახეა. ის აქამდე ცნობილი იყო თავისი ლექსებითა და ჩოხებით.
_ კომბლებითაც გამოიჩინა თავი.
_ კომბლებითაც დაგვამახსოვრა თავი. ძალიან ცდილობს, მაგრამ მეეჭვება, რომ მას ამ ქვეყანაში დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.
_ გახარიას თუ ექნება პერსპექტივა?
_ გახარია გადაუწყვეტელ ამიომრჩეველს თუ არ წაიყვანს, „ოცნებას“ რაღაც პროცენტებს წაართმევს.
_ არჩევნებამდე თუ მიაღწია, წაართმევს. მას ლამის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას უყენებენ. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ეს ბრალდებები რაც მოვისმინეთ, უცნაურია. ადამიანი თუ გადატრიალებას აწყობდა, აქამდე რატომ დუმდა ხელისუფლება? იცოდნენ, რომ პირველი პირი რაღაცას აპირებდა და ელოდნენ, რას გააფუჭებდა? ეს არის სასაცილო. გახარია რუსეთიდან ივანიშვილის ჩასანაცვლებლად არის გამოშვებული. მისგან „ოცნებამ“ რაღაც საშიშროება იგრძნო და ამიტომ დაიწყო ასეთი ჭორების გავრცელება.
_ თქვენ გადატრიალებას გამორიცხავთ?
_ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ „ოცნების“ წევრების განცხადებები ბევრ კითხვას ბადებს. ასეთი რამე თუ მზადდებოდა, აქამდე სად იყვნენ? ყველაფერი იმის ბრალია, რომ გახარიას სახით დაინახეს საფრთხე და ამიტომ გამოვარდნენ „ოცნების“ გაურკვეველი სახეები.
_ კობახიძეა გაურკვეველი სახე?
_ კობახიძეც გაურკვეველი სახეა და _ გია ვოლსკიც. მართალია, ორივე ნაცნობი სახეა, მაგრამ გაურკვევლები არიან. პარტიის თავმჯდომარე ასე რომ იქცევა, ეს მის არასერიოზულობაზე მეტყველებს. თუ რაღაც შეთქმულება იყო, აქამდე რატომ არ იმოქმედეს? არაფერიც არ ყოფილა! გახარიაში დაინახეს საფრთხე და ახლა ყველანაირად ცდილობენ მის განეიტრალებას. პრემიერი გადატრაილებას აწყობდა და სუსი და შსს რას მიკეთებდნენ ამ დროს? სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
შორენა მარსაგიშვილი