ნინო გოგუაძე: „ივანიშვილმა არჩევნებს საერთოდ გამოაცალა შინაარსი!“
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვალა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ ფორმით გამოხატავენ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პროტესტს და არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ქუჩის აქციებს აანონსებენ.
ამის პარალელურად კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა თინი კოქსმა განაცხადა: „არჩევნების შედეგებში დღესვე ეჭვის შეტანა არ არის განვითარებული დემოკრატიის ნიშანი“.
როგორია ოპოზიციის სამოქმედო ტაქტიკა? რა კონკრეტულ შედეგს მოუტანს მათ ქუჩის აქციები? როგორ გაიგეს ოპოზიციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებები?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრ ნინო გოგუაძეს ესაუბრა:
_ ქალბატონო ნინო, დავიწყოთ არჩევნების დღის შეფასებით, როგორ ჩაიარა 31-მა ოქტომბერმა?
_ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ბიძინა ივანიშვილს სპეცოპერაცია, სადაც მან მოსყიდვით, დაშინებით, კრიმინალების მობილიზაციით, უბნებზე ხმების მანიპულაციით დაიწერა ის შედეგი, რაც მას უნდოდა და რასაც თავიდანვე აცხადებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. ეს იყო წარმოუდგენელი არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელსაც ბიძინა ივანიშვილმა რაღაც ფოკუსი ჩაატარა და ის არჩევნებიც, განსაკუთრებით ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ და კიდევ რამდენიმე პარტიისთვის, ნამდვილად იყო გაყალბებული არჩევნები. ივანიშვილმა ჩვენ, უბრალოდ, არ გაგვიშვა პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ გადალახული გვქონდა ბარიერი. დღევანდელი არჩევნები ათმაგად უფრო არათავისუფალი და არასამართლიანი იყო. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები არ ასახავს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ ნებას. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, _ ამ დაშინების, პანდემიისა და უიმედობის პირობებშიც კი ამდენი ადამიანი გამოვიდა და ჩვენ ვხედავდით, რამხელა რიგები იდგა საარჩევნო ყუთებთან, ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში და იყვნენ თავისუფალი მოქალაქეები, რომელთაც აქვთ არჩევანის უფლება. ბიძინა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს ამ მოქალაქეებს უთხრა, რომ: თქვენ არჩევანის უფლება არ გაქვთ, ეს ქვეყანა და სახელმწიფო ჩემია. ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა არჩევნებს საერთოდ გამოაცალა თავისი შინაარსი. ეს არის ყველაზე საშიში, რადგან დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ არჩევნები და მოქალაქეები სწორედ არჩევნების საშუალებით აყალიბებენ თავის ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ მე იმდენი ხნით ვიქნები ხელისუფლებაში, რამდენიც მინდაო, _ დარწმუნებული ვარ, ამას არც ერთი პოლიტიკური პარტია და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან.
_ წინასაარჩევნო პერიოდში, მათ შორის, ყველა კვლევაში ჩანდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ცვლილებები სურდა. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ სათანადოდ ვერ გამოიყენეთ ის განწყობა, რაც საზოგადოებაში იყო?
_ 31-მა ოქტომბერმა აჩვენა: საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ნიჰილისტური განწყობისა, მაინც მოვიდნენ საარჩევნო ყუთებთან. ბევრს ჰქონდა განწყობა, რომ ივანიშვილის ხელში არჩევნებით არაფერი იცვლება, მაგრამ მაინც გამოცხადდნენ უბნებზე. რაც მთავარია, ამ გაყალბებული არჩევნებითაც კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ დაიწერა 50%, მან დაიწერა 48%, ანუ ამომრჩევლის 52%-მა ბიძინა ივანიშვილს უთხრა უარი, მათი გაყალბებული არჩევნებითაც კი. ასე რომ, აბსოლუტურად ნათელია ქართველი ხალხის ნება და ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არჩევნები, უბრალოდ, მიიტაცა.
_ ოპოზიციურმა სპექტრმა უკვე დააანონსეთ აქციები, არჩევნებიდან მეორე დღესვე ჩვენ ვნახეთ პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რა კონკრეტულ შედეგს მოგიტანთ ქუჩის პროტესტი და როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?
_ ძალიან ბევრი რამ არის შესათანხმებელი. უბრალოდ ჩვენ თვითონვე ოპოზიციური პარტიები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად ვაცხადებთ. ცოტა უხერხული მგონია, ოპოზიციური პარტიებიდან როგორ უნდა შევიდეს ვინმე არალეგიტიმურ პარლამენტში? სიმართლე გითხრათ, სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. „ევროპული საქართველოს“ შედეგით ვერ ვხვდები პარლამენტში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მე რომ ვყოფილიყავი გამსვლელ ექვსეულში, ამ პარლამენტში პირადად ნამდვილად არ შევიდოდი. აუცილებელია გაიმართოს კონსულტაცია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პარლამენტში ხვდებიან, რადგან ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეორეა ამ ადამიანების პიროვნული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს რამე ვუბრძანოთ, ყველამ უნდა გადადგას თავისი ნაბიჯი. ამიტომ ოპოზიცია უნდა იყოს სრულ კოორდინაციაში ერთმანეთთან, ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა იყოს მზად. მათ შორის, როცა ვაცხადებთ, რომ არალეგტიმურია _ ესეც ქმედებაში უნდა აისახოს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია იქნება ერთიანი და ყველა გადაწყვეტილებას ერთად, შეჯერებულად მივიღებთ. როდესაც ხალხს არჩევანს ჰპარავენ, მაშინ უკვე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზეც არ არის არაფერი დამოკიდებული. ხალხის ნებაა, რომ მას ჰქონდეს არჩევანის უფლება _ მათი ნება მიიტაცა ხელისუფლებამ. არ მგონია, რომ ამ სრულიად არაკომპეტენტურმა, სუსზე, პროკურატურაზე, ძალოვნებსა და ფულზე მდგარმა ხელისუფლებამ ამ რყევებს გაუძლოს, მით უმეტეს, როდესაც თითქმის ყველასთვის ნათელია, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.
_ ამ ნაწილში საგულისხმოა ის, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მანდატებზე უარის თქმას არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება ამ ნაბიჯს. აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს მანდატებზე უარის თქმას?
_ სწორედ ამიტომ არის საჭირო კონსულტაციები, ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. მართლა მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია. სამართლებრივად შეიძლება არაფერს ცვლიდეს ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვება, სამაგიეროდ აბსოლუტურად იცვლება პოლიტიკური კონტექსტი ქვეყანაში, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავისი ერთსახოვანი გუნდით იქნება პარლამენტში ვითომ წარმოდგენილი და მთელი დანარჩენი ოპოზიცია და ხალხი იქნება პარლამენტს გარეთ. ამ ეტაპზე ვერ ვსაუბრობ პოლიტიკური პარტიების სახელით, რადგან კონსულტაციები ახლა დაიწყება და საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ნების დაცვის გათვალისწინებით და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. როცა ყველა აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, უბრალოდ, არალოგიკურად მიმაჩნია, როგორ შეიძლება შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში?
_ არჩევნებზე, რომელსაც არალეგიტიმურს უწოდებს ოპოზიცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა თინი კოქსმა განაცხადა: „საბოლოო ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა“. რას იტყვით ამაზე?
_ ვუსმინე კოქსის განცხადებას. მან თქვა, რომ ამომრჩევლის უფლება რეალიზდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ძალადობრივი გარემო იყო. ეს გახლდათ პირველი შეფასება, რომელიც არის ყოველთვის ძალიან ფრთხილი, რადგან ჯერ ფაქტები უნდა მივაწოდოთ და თავადაც უნდა გაეცნონ მას. კოქსი ამბობდა, რომ ეს იყო ძალადობრივი არჩევნები, ხშირ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული რესურსისა და ხელისუფლების ისეთი გადაჯაჭვულობა აღინიშნებოდა, რაც გავლენას ახდენდა ადამიანების თავისუფლების ნებაზეო. ასევე აღნიშნა ისიც, რომ კონკურენტული გარემო იყო. თუმცა თუ ძალადობრივი იყო და ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, რომელიც გავლენას ახდენდა ადამიანის ნებაზე, ასეთ შემთხვევაში კონკურენტული როგორ იყო, არ მესმის. დაველოდოთ მათ შემდგომ შეფასებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი შემდეგი შეფასება იქნება გაცილებით უფრო კრიტიკული, ვიდრე დღევანდელი შეფასება, რომელიც, ვიმეორებ, საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი იყო. იგი ცალსახად არ აღიარებდა არც ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ისევე როგორც არ სვამდა ეჭვის ქვეშ, ანუ ორაზროვანი განცხადებები იყო.
_ კოქსმა ისიც განაცხადა, რომ: „არჩევნების დღესვე შედეგებში ეჭვის შეტანა არ არის განვითარებული დემოკრატიის ნიშანი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის პროტესტი მაინცდამაინც გამართლებული არ არის მათი გადმოსახედიდან. თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადება?
_ გასაგებია მათი სურვილი, რომ ყველაფერი მიდიოდეს არა ქუჩის აქციების გზით, არამედ _ პარლამენტში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მოვლენები ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ ხიფათი მაქსიმალურად ავარიდოთ ქვეყანას, მაგრამ როდესაც ხალხის ნებას უხეშად ითვისებენ, რაც ჩვენ ყველამ ერთად 31 ოქტომბერს ვიხილეთ, ასეთ შემთხვევაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა კონსტიტუციური, გამართლებული და ლეგიტიმურია. ასე რომ, მათი სურვილები მესმის, მაგრამ ქართველი ხალხის რეაქცია არის ის, რაც უნდა ყოფილიყო გაყალბებული და მითვისებული არჩევნების შემთხვევაში.
_ ინტერვიუს დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარა მოსყიდვით, დაშინებით, კრიმინალების მობილიზაციით, უბნებზე ხმების მანიპულაციით დაიწერა ის შედეგი, რაც მას უნდოდა. რატომ გაბედა მან ამ ფორმით და ასეთი მასშტაბით ხალხის არჩევანის მითვისება?
_ ხშირად მითქვამს, მათ შორის, თქვენთანაც, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს ძალაუფლების დათმობას, თუმცა რაც არჩევნების დღეს ვიხილეთ, ეს ჩემს წარმოდგენასაც კი აღემატებოდა, რადგან მეგონა, მაინც უფრო ფრთხილად იმოქმედებდა, მაგრამ მან გაბედა და ყველაფერი სასწორზე დადო, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ის, ვინც ასე ებღაუჭება ძალაუფლებას, რასაკვირველია, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად დაკარგავს მას.
_ ოპოზიციის სისუსტემ გააბედინა ივანიშვილს არჩევნების მიტაცება?
_ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს ვერ შევაფასებ, მაგრამ ალბათ ოპოზიციამაც დაუშვა ტაქტიკური შეცდომები. ივანიშვილი ამას ბედავს იმიტომ, რომ მას აქვს აბსოლუტური ძალაუფლება და შეუზღუდავი ფინანსური რესურსი. მას აქვს ასეთი წარმოდგენა ადამიანებზე, რომ ყველა და ყველაფერი იყიდება, ამიტომაც ბედავს იმდენს, რამდენსაც ქართველი ხალხი მას აბედინებს. ახლა ქართველი ხალხი საკუთარი ნების წართმევასა და საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ნამდვილად არ აპატიებს. ამაში დარწმუნებული ვარ, _ საქართველოს ადგილი თავისუფალ სამყაროშია. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კი საქართველო ხდება პუტინის რუსეთის ტიპის სახელმწიფო, საიდანაც ამდენი ხანია თავს ვაღწევთ, ამდენი მსხვერპლის ფასად და უკან არაფრის დიდებით არ დავბრუნდებით.
ნენე ინჯგია