ნიკა ფუტკარაძე: „ლექსების წერა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიამ დამაწყებინა“

8 წლის ასაკიდან დაიწყო ლექსების წერა. ჯერ ახალგაზრდაა და უკვე არაერთი პროექტის გამარჯვებულია.
ვინ არის ნიკა ფუტკარაძე? როდის და რატომ დაიწყო მან პოეტობა? რა გეგმები აქვს სამომავლოდ?
„ქრონიკა+-მა“ გადაწყვიტა, ახალგაზრდა პოეტი ნიკა ფუტკარაძე ახლოდან გააცნოს მკითხველს:

_ გამარჯობა, ნიკა, ასაკით, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ პატარა ხართ და უკვე არაერთ პროექტში გაიმარჯვეთ. რას მიაღწიეთ ამ დროის განმავლობაში?
_ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ჩემთვის უამრავი მეგობრის შეძენაა, გავიცანი არაერთი პროფესიონალი, ბევრი გულანთებული ადამიანი და მათი წყალობით მივაღწიე წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკში ბევრი კონკურსის გამარჯვებული გავხდი, ეს მიღწევები ვაქციე მოტივაციად და არც ერთ შემთხვევაში არ მიფიქრია, რომ ეს იყო ჩემი მაქსიმუმი. ხედვამ მომავლისკენ დამანახა, რომ არაერთ ასპექტში უნდა განვვითარებულიყავი. ვფიქრობ, კრიტიკული აზროვნება ადამიანურ ფაქტორში გადამწყვეტ როლს თამაშობს. შრომისმოყვარეობა და უამრავი მეგობარი გახდა ჩემი წარმატებების მიზეზი. შეუძლებელია არ ვახსენო, რომ დღეს, ფაქტობრივად, დაუფასებელია მწერლობის სფერო, თუმცა მაინც მოვახერხე და შევინარჩუნე ბალანსი, დღეს კი არა მარტო ამ მწვერვალს ვეჭიდები, ვცდილობ, შევეჭიდო სხვა სიმაღლეებსაც.
_ რომელი ასაკიდან დაიწყეთ წერა და ვისი დამსახურებაა ეს?
_ რვა წლის ასაკში დავიწყე წერა. არავის დამსახურება არაა ჩემი პირველი ლექსი, რადგან 2008 წლის ტრაგედიამ დამაწყებინა წერა. პატრიოტიზმი გახდა ჩემი მთვარი მოტივაცია. შემდეგ კი კლუბმა „ზღვაურმა“ და ლიტკლუბმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. გამოვყოფ პოეტ ბელა ქებურიას, მან გააღრმავა ჩემი ხედვა, გახსნა სხვა ფანჯრები და დამანახა სიტყვის ამოუწურავი სამყარო. დღეს კი ის რეალობაა, როცა ვცდილობ ვიპოვო საკუთარი სტილი და შევძლო გავლენებისგან განთავისუფლებულმა, ჩემი სამყარო გადმოვცე ინდივიდუალურად.
_ რატომ გადაწყვიტეთ პოეტობა?
_ როცა წერ და თან შეგიძლია, წერის დროს იყო გულწრფელი, ნიშნავს, რომ კარგად გამოგდის წერა. ვფიქრობ, სიტყვას ჯადოსნურ ელფერს სძენს გულწრფელობა, სხვა შემთხვევაში, მკითხველამდე ვერ მივა შემოქმედება და იქცევა ფორმის, რითმისა და შინაარსობრივი კონტექსტების ტყვედ… ბავშვობიდან წერის დაწყებამ მაჩვენა ძალიან დიდი განვითარების გზა, რაც დამეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ პროგრესი უნდა იყოს მთავარი წყურვილი ადამიანისა.
_ როდის და რომელი წიგნი გამოეცით პირველად?
_ პირველი წიგნი ცხრა წლის ასაკში გამოვეცი, იქ მხოლოდ ჩემი ლექსები და ჩანახატები იყო. როცა პირველ წიგნსა და მეოთხეს ვადარებ ერთმანეთს, ვფიქრობ, რომ გარდაუვალია უარყო შრომისმოყვარეობის ძალა. პირველ წიგნში დედამ და პოეტმა ბელა ქებურიამ შეიტანეს ლომის წილი. ისინი იყვნენ იდეის ავტორებიც და განმხორციელებლებიც, ხედავდნენ ჩემში რაღაც მნიშვნელოვანს და შეძლეს, სიტყვების წყობა გადაექციათ პატარა ბროშურად. ასეთი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები.
_ კონკურს „ზღვაურის“ გამარჯვებული იყავით. რომელმა ნაწარმოებმა მოგიტანათ ამ კონკურსში გამარჯვება?
_ ამ კონკურსში გამარჯვება არაერთხელ შევძელი. ვფიქრობ, რომ მთავარი სწორედ პროცესია. ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობა დიდ გამოცდილებას ნიშნავს, მით უმეტეს, ისეთში, როგორიც „ზღვაურია“. ძალიან კარგად მახსოვს, რომ გამარჯვებული ლექსი ეძღვნებოდა ერეკლე მეფეს, თუმცა არა მხოლოდ ეს ლექსი… ზოგადად, რთულია საკუთარ შემოქმედებაში გამოარჩიო რომელიმე…
_ ფართო აუდიტორიამ როგორ და როდის გაიცნო ნიკა ფუტკარაძე?
_ ფართო აუდიტორიამ გამიცნო მეოთხე წიგნის გამოცემის მერე, რადგან ჩემი ლექსები ითარგმნა და პრეზენტაცია მქონდა არაერთ ქალაქში, მათ შორის, საზღვარგარეთ ათენში. რთულია არ გამოვყო კიდევ ერთხელ, რომ ფართო მასაზე გასვლამ მომიტანა დიდი გამოცდილება. ამ გზაზე ხშირად გხვდება წინააღმდეგობა და ცდილობ, მას თავი დააღწიო, მაგრამ ადამიანს, რომელიც დიდ აუდიტორიაში გადის, არ უნდა დაავიწყდეს, რომ არ მოერგოს აუდიტორიას, პირიქით, საკუთარი თავი აჩვენოს მას. თუ კომპლექსები იმძლავრებს, მაშინ ინდივიდი დაკარგავს ხიბლს და იქცევა სხვა ადამიანების ასლად… მრავალფეროვნება ყველას აქვს, უბრალოდ, ამის საჩვენებლად საკუთარი თავია საპოვნელი… მეც საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი და ახლაც ვარ. ვფიქრობ, მხოლოდ იმისთვის არ უნდა ეძებო რაღაც, რომ შემდეგ იპოვო, ეს პროცესი თავად ნიშნავს უწყვეტ მოქმედებას…
_ რომელია თქვენი საყვარელი ლექსი?
_ გავიმეორებ, რომ რთულია იპოვო და გამოარჩიო რომელიმე ლექსი. უკეთესი იქნება, თუ იმ ლექსს გავუსვამ ხაზს, რომელიც ახლა მიქმნის განწყობას…


შენამდე შარები შორია,
შიში შლის შრიალა შროშანებს,
მოვწყვიტო? „მემენტო მორია“…
მარწყვებმა მინდორი მოშალეს.

სისხლძარღვებს სისხლისფრად სერავენ,
სტუმრობენ საფლავებს სულები.
ვერასდროს, ვერაფრით, ვერავინ…
ვიწყებით და ვეღარ ვსრულდებით.

ცვლის ცვარზე ცა ციცინათელებს,
ვითვლიდი… ვუყვარვარ… ვერ ვწყვეტდი…
გვირილა გულგრილად გავთელე,
გვირილა ბუნების დეფექტით.

მოვწყვიტო?! „მემენტო მორია“!
მარწყვებმა მინდორი მოშალეს,
შენამდე შარები შორია,
შიში შლის შრიალა შროშანებს.

_ თქვენი საყვარელი პოეტი?
_ ჩემი საყვარელი პოეტები არიან ზურაბ გორგილაძე, ოთარ ჭილაძე და ა. შ. რთულია, აქაც ერთის დასახელება იმიტომ, რომ პოეზია ხშირად აურასა და ხასიათს ქმნის ისე, რომ ყოველთვის ერთ ავტორს ვერ წაიკითხავ, ყველა ლექსს თავისი განწყობა და მშვენიერება აქვს, ყველა ავტორს თავისი განუმეორებელი სტილი, ამიტომაც კონკრეტულად ერთის გამოყოფა შეუძლებელია ჩემთვის. ლექსის წერა რაღაცით ჰგავს თევზაობას, დრო და გამოცდილება სჭირდება. მე ავტორები მხოლოდ შემოქმედებით კი არა, ბიოგრაფიითაც მიზიდავენ, ხელოვან ხალხს ყოველთვის საინტერესო ცხოვრებისეული გზა აქვთ. ამიტომ რთულია, არ შეამჩნიო ეს… ხშირად მათი შემოქმედება ანარეკლია განვლილი გზისა.
_ რას გეგმავთ სამომავლოდ?
_ ვგეგმავ უამრავ რამეს, საიდან დავიწყო, არ ვიცი… პირველ რიგში, მაქვს უკვე ახალი წიგნი და ველოდები, როდის დამთავრდება პანდემია, რომ გამოვცე და მკითხველს წარვუდგინო… ვცდილობ, ახალი ფორმები და ახალი დინებები მოვძებნო, ასევე ძალიან მინდა შევძლო და შევეჭიდო პროზასაც. ძალიან ბევრს ვფიქრობ კინოზე, ვსწავლობ თეატრალურში ხელოვნებათმცოდნეობას კინოკრიტიკის განხრით… ეს არის ჩემი უკანა ფონი. უამრავი გეგმა მაქვს, რომელსაც ახლა ვერ ვახსენებ, რადგან დამუშავების პროცესშია. რთულია, არ შევეხო იმას, რომ უკვე წლებია, ცოცხლად მარხავენ ლიტერატურას… ახალგაზრდებს არ აქვთ განვითარების შანსი. ის კონკურსები, ბანაკები და ფესტივალები, რამაც გამზარდა და გაზარდა მთელი თაობები, დღეს აღარ არსებობს, ამიტომ ახალგაზრდას, რომელსაც სურს განვითარება, რჩევების მიღება, ურთულეს გზაზე გასვლა უწევს… მინდა, გავაუმჯობესო სიტუცია და ამ მხრივაც ბევრს ვფიქრობ. დროა, კულტურა იქცეს ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ჩვენს ქვეყანაში. მაშინ როცა ასეთი ნიჭიერი არტისტები გვყავს, არ უნდა ამცირებდე პროექტებს. მახსოვს, რა ცოდნა მომცა იმ კონკურსებმა, რაშიც მივიღე მონაწილეობა, ასევე ბანაკებმა და ლიტერატურულმა კლუბებმა. ახლა კი მეცოდება ის ბავშვები, რომლებიც იწყებენ და არ აქვთ ის სივრცე, სადაც დაეხმარებიან. მე როგორც ავტორს, ვფიქრობ, დიდი გზა მაქვს წინ დასახვეწი… მინდა შევდგე კარგ კინომცოდნედ და შემდეგ რეჟისორად… ამიტომ წუთიც არ მაქვს დასაკარგავი. კარგი დევიზია: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“…

ხვიჩა მამულაძე