ნესტან კირთაძე: „ქართულ პოლიტიკაში კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან!“

„მგლობაა ჩვენი დროის ბეჭედი ახლა. ვხედავთ, განვიცდით და მგლობას გავდივართ ისეთს, ვაჟამ რომ ღმერთს შეჰღაღადა, მგლობას ამაცილეო.
თითქოს აღარ გვიკვირს, თითქოს მივეჩვიეთ მგლობას, მაგრამ ყოველ ჯერზე გვთრგუნავს, გვაპატარავებს, გვაცოტავებს და გვანადგურებს…
კარგა ხანია, კალამი არ მომიმართავს და არაფერი მითქვამს თქვენთვის, მაგრამ გეტყვით, ბევრს გეტყვით, გპირდებით.
მომინდა, ჩვენი დღეებისა და ქრისტიანობის ერთ-ერთი გამორჩეული და ქრესტომათიული დღე გაგახსენოთ.
ამ დიდ დღეს _ მირქმას _ ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრის დღეს, ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის დღეს, სამების ტაძარში რომ მიბრძანდა წლებით დამძიმებული, ათას ჭირნახული, რკალივით მოხრილი, შეურაცხყოფილი, დანერწყვილი, შეგინებული, მაგრამ სიყვარულით სავსე სრულიად საქართველოს დიდი პატრიარქი და სულ ერთ წინადადებაში კვლავ გვასწავლა ქრისტიანობა _ შენდობა და სიყვარული.
ერთი ღმერთმა იცის, როგორ იკრებს ფიზიკურ ძალებს ყოველ ჯერზე ლოცვისთვის, ჩვენთან შესახვედრად, გასამხნევებლად და სიყვარულის გასამრავლებლად.
ამ დიდ დღესაც ასე მოხდა, ალბათ. მობრძანდა და სულ ორ სიტყვაში დაატია ქრისტიანობის მისტერია _ შენდობა და სიყვარული.
საქართველოს გრძელი ღამე გრძელდება…
ისევ ყმუიან მგლები მოხუცი წინამძღოლის გასაგლეჯად.
ღამე და სიბნელეა მათი მოკავშირე, ღამე და სიბნელე აძლიერებს მათ მგლობას, ღამეში უნდა მოასწრონ, თორემ განათდება და სამარცხვინოდ გაიძურწებიან, იცოდეთ.
ამ დროს ცრემლი მახრჩობს, ამ დროს იოანე ოქროპირის ისტორიული ამბავი მახსენდება, რომელიც, რაღაცნაირად, ერთ დღეს საქართველოშიც განმეორდება, მგონია.
დღეგრძელი იყავით, თქვენო უწმინდესობავ, ყველა დროის გამორჩეულო და დიდო პატრიარქო. გვიყვარხართ და იცოდეთ, _ დედამიწაზე ჩვენი სტუმრობის დროს რომ მოვნიშნავთ ჩვენთვის, სხვისთვის, ისტორიისთვის, ერთ მთავარ დროზე მივანიშნებთ მხოლოდ და თავაწეული ვიტყვით, რომ ჩვენ თქვენი თანამედროვენი ვართ.
ხომ გახსოვთ, ფილიპემ რომ უთხრა მაკედონელებს, ისე.
ღმერთმა მგლობა აგაცილოთ, სიყვარული გაგვიმრავლოს ღმერთმა“, _ ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა და ისტორიკოსმა ნესტან კირთაძემ დაწერა.
ის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია
(Homo homini lupus est, _ ლათ.), ახალი არ გახლავთ. ახალი არც ისაა, პოლიტიკური კლასი ერთგვარად რომ გაირყვნა და სწორედ ამიტომაც ამბობს ჩემი რესპონდენტი, რომ დროა, მათ, ვინც რამდენიმე ათეული წელია, პოლიტიკაში ტრიალებენ, თავი დაგვანებონ და თავიანთ პროფესიებს მიხედონ.
სხვათა შორის, ნესტან კირთაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვა ალგორითმით ხსნის და პრეტენზიები მხოლოდ ხელისუფლებასთან კი არა, ოპოზიციასთანაც აქვს.
მოკლედ, როგორ დაიწერა ქართული პოლიტკრიზისის სცენარი და როდის დამთავრდება პოლიტმასკარადი? – „ქრონიკა+“ ნესტან კირთაძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ნესტან, დიდი ხანია, არ შეგხმიანებივართ. როგორ ხართ?
_ საქართველოს შესაფერად.
_ და საქართველო როგორაა?
_ მძიმე ვითარებაში _ ვგულისხმობ იმ დიდ საფრთხეებს, რომელიც ჩვენი რეგიონის ურთულესს ხვედრზე მიანიშნებს.
_ „ურთულესს ხვედრში“ ერდოღანის ინიციატივას გულისხმობთ, რომელიც ე. წ. ექვსთაკავშირის შექმნას ითვალისწინებს?
_ ეს ფორმულა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ყარაბაღის ომის შედეგები არ უნდა დავივიწყოთ.
_ ანუ?
_ ამ შემთხვევაში, ყურადღებას ვამახვილებ სამხრეთ კავკასიაში ორი დიდი აქტორის, შეიძლება ითქვას, იმპერიის შემოსვლაზე. ამასთან, ჩემი აზრით, ყოველდღე ვუახლოვდებით იმ დროს, როცა საქართველოზე რუსეთის ფედერაციის ახლანდელი გავლენები კიდევ მეტად გაიზარდოს!
_ დამისაბუთეთ, ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ შიდა პოლიტიკური ვითარება, ხელისუფლება და, საერთოდ, მთელი პოლიტიკური სპექტრი ძალიან არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეა, ანუ 21-ე საუკუნის საქართველოს ხელისუფლებაში მოსასვლელად მოუმზადებელი აღმოჩნდა და ქვეყნის საზიანოდ შესაძლოა, ტრაგიკული ნაბიჯებიც გადადგას!
ასეთი ურთულესი ვითარების დროს ხელისუფლება და ოპოზიცია უმწიფარი არ უნდა იყოს! არადა, ეს ვითარება საქართველოს ფარგლებს გასცდა და ყველაფერ იმას, რაც ჩვენთან ხდება, დასავლეთის დიდი სახელმწიფოები განიხილავენ და აფასებენ. დიახ, ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ამ ეტაპზე სახელმწიფოებრივად, მორალურად, ზნეობრივად, პოლიტიკურად და ეროვნულად როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაშიც მსგავსი უმწიფარი განფენილობა აქვს!
_ ქალბატონო ნესტან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის უმწიფრობა რაში გამოიხატება?
_ ამის შესახებ მხოლოდ თქვენთან კი არა, უცხოელ კოლეგებთან ადრეც ძალიან ხშირად მისაუბრია. სიმართლე გითხრათ, შეთქმულების თეორიებში შესვლა არ მინდა, მაგრამ რუსეთი უკრაინასთან, პრაქტიკულად, ომის ზღვარზე იმყოფება, რაც აღმოსავლეთ რეგიონისთვის ურთულესი დროა. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ჰიბრიდული, ტექნოლოგიური, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ აგენტურული მუშაობისთვის დროს არ კარგავს, ანუ რუსეთს საქართველოში, როგორც იტყვიან, თავი ქუდში აქვს და ყოველი პოლიტიკური დღე რუსეთის გავლენების გაძლიერებისკენაა მიმართული.
_ ყველაფერ ამაში რუსეთს მხოლოდ ხელისუფლება უწყობს ხელს თუ _ ოპოზიციაც?
_ ამ კუთხით ხელისუფლება გაცილებით მარტივ ვითარებაშია.
_ რატომ?
_ დასავლური ინსტიტუციური, დიპლომატიური და სხვა არხები, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს და ყველაფერს ზედამხედველობის კი არა, იმ ხელშეკრულებების პრინციპით აკონტროლებენ, რომლებზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი. ამით მან საკუთარი უფლებების დელეგირება მოახდინა.
_ რომელ ხელშეკრულებებზე საუბრობთ, ქალბატონო ნესტან?
_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და აშშ-სთან _ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
მოკლედ, ხელისუფლება, რომელი პოლიტიკური ძალაც უნდა იყოს, დასავლეთს და აშშ-საც მუდმივი ყურადღების ცენტრში ჰყავს და სხვანაირი ტიპის ერთ ნაბიჯსაც კი არ აპატიებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ის ყოველდღე, პრაქტიკულად, საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს!
_ ეს სკანდალური განცხადებაა!
_ ერთი მოსყიდული ექსპერტიც კი, რომელსაც კონვერტებით დოლარებს უგზავნიან, რომ მათთვის სასარგებლო რაღაცები თქვას, ვერ დამარწმუნებს…
_ უკაცრავად, კონვერტებით ფულს ვინ და რომელ ექსპერტს უგზავნის?
_ ვერც რომელიმე პარტიის მომხრე დამარწმუნებს, რომ იმ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების მერე დაიწყო, ვინმე ემხრობა.
_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ?..
_ ხელისუფლება ცალკეა, ხალხი კი _ ცალკე და იგივეს თქმა ოპოზიციასა და ხალხზეც შემიძლია, ანუ ოპოზიციამ ხალხი და მისი ნდობა დაკარგა!
_ წეღან თქვით, დასავლეთს ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმი აქვსო, თუმცა ფაქტია: „ოცნებამ“ ევროპელი მედიატორების გეგმა არ გაიზიარა, ესე იგი, თქვენი ნათქვამი, ქალბატონო ნესტან, ლოგიკაში არ ჯდება…
_ ჩემი ნათქვამი ლოგიკაში ყოველთვის ჯდება, თუკი ჟურნალისტს აინტერესებს, რომ ეს აზრი თანმიმდევრულად განავითაროს. იმ დეტალებში, ხელს ვინ რაზე აწერს და რაზე _ არა, არ შევალ.
_ რატომ არ შეხვალთ?
_ ის პოლიტიკური მასკარადები და მთელი სერიალი, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოაწყვეს, ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა!
რაც შეეხება ევროპელების მედიაციას, რომელიც ფასილიტაციით დაიწყო, თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ყველაფერი ეს მისი ბრჭყვიალა თვალების გამო კეთდება, ძალიან ცდება, მეტიც: მხოლოდ პოლიტიკა კი არა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და ის დიდი ინტერესიც არ იციან, რომელიც ამ ეტაპზე დასავლეთს, მსოფლიო გადანაწილების ჭრილში, სამხრეთ კავკასიის თავისუფლების ამ კუნძულის მიმართ აქვს!
დასავლეთის განცხადებები შეიძლება, ზომიერი, მკაცრი ან უფრო მკაცრი იყოს, მაგრამ ყველაფერი ეს იმ უდიდეს ინტერესებს ემსახურება, რომელიც ევროგაერთიანებასა და აშშ-ს მსოფლიო გეოპოლიტიკური ინტერესებისთვს სჭირდება!
დიახ, სწორდ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვშველის, რომ დღეს დასავლეთს საქართველო ისე სჭირდება, როგორც არასდროს. საქართველოსაც დასავლეთის მხარდაჭერა დღეს ისე სჭირდება, როგორც არასდროს!
_ ამაში გეთანხმებით, მაგრამ ამიხსენით, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც წეღან მასკარადი უწოდეთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას რისთვის სჭირდებათ?
_ ხელისუფლება გავლენებს ინარჩუნებს, ოპოზიცია კი თავისი გავლენების დაბრუნებას ცდილობს, თორემ სახელმწიფოსკენ მიმართული ნაბიჯი არც ერთ მხარეს გადაუდგამს და არც _ მეორეს!
_ თქვენი ვარაუდით, ეს მასკარადი როდის და რით დასრულდება?
_ მას შემდეგ, რაც ჩვენს მეზობელ სომხეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ უმრავლესობაში პრორუსული ძალები მოვლენ.
_ შეიძლება, მაგრამ ჩემს კითხვასთან ეს რა კავშირშია?
_ ჩვენს ქვეყანაში იმდენი წინააღმდეგობაა, რომ უკვე ხალხი გამოდის, ხალხი, რომელსაც არც ერთი მხარე იმჩნევს და არც _ მეორე. მოკლედ, ხალხი იმას კი არ ითხოვს, აი, ერთი ან ორი ლარი მოგვიმატეო. არა, ხალხი სამშობლოს მცველი გახდა!
სხვათა შორის, ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, რიონის ხეობას იცავენ, ახალგაზრდები არიან. ეს ახალგაზრდები მალე ყველა რეგიონს მოიცავენ. მე და თქვენ, ვანო, პოლიტიკაში დავბერდით, მაგრამ ასეთი რამ აქამდე არ გვინახავს, თუ იმ პროცესებს არ ჩავთვლით, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინარე პერიოდში იყო.
_ რაკი რიონის ხეობის მცველები ახსენეთ, აქვე გკითხავთ: ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში ოპოზიცია, როგორც იტყვიან, დიდი დოზით არაა ჩართული. იზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ კუთხით „გასვრილი“ მხოლოდ ხელისუფლება კი არა, ოპოზიციაც, ანუ მთელი პოლიტიკური სპექტრია?
_ ჩემი საუბრის სფერო ის არ გახლავთ, ვინ გასვრილია და ვინ _ არა. ეს მან გამოიკვლიოს, ვინც ამ თემითაა დაინტერესებული.
ჩემი ინტერესის ერთადერთი საგანი სამშობლო და მისი მომავალია!
შემიძლია, პირდაპირ ვთქვა: ეს ხელისუფლება და ოპოზიცია როგორც საკუთარ ყურებს ვერ დაინახავენ, ასევე ვერ დაინახავენ საკუთარ თავს მომავალ ხელისუფლებაში!
არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ ვინმე დღეს რევოლუციასა და რამე ტიპის ქარტეხილებზე ლაპარაკს გაბედავს, მე, როგორც ისტორიკოსი, ყველაფერ ამას ჩემს მომავალ წიგნში ერთი სიტყვით ჩავწერ: ესენი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან!
_ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც?
_ ყველა, ვინც საქართველოში რევოლუციურ ქარტეხილებს გაბედავს!
_ დღეს რევოლუცია „ოცნებას“ უფრო აწყობს თუ ხელისუფლებას?
_ ეს რა კითხვაა? ხომ ვიცით, რევოლუციისკენ ვინც ილტვის?!
_ პირადად მე, არ ვიცი.
_ ხელისუფლება თავისი გავლენების შესანარჩუნებლად იბრძვის! ოპოზიცია კი აბსოლუტურად რუსული ბანაკია!
_ უიმე, რას ამბობთ, ქალბატონო ნესტან!
_ რას ვამბობ და პირდაპირ გელაპარაკებით. თუ საქართველოში პუტინის ვასალები გაბედავენ, რომ რამე ტიპის ქარტეხილების პროცესი წავიდეს და ქვეყანა ისევ რუსულ წიაღს დაუბრუნონ, ნახავთ, საქართველოში რა პროცესებიც დაიწყება!
_ როგორ შეიძლება, რუსული ბანაკი იყოს, როცა ოპოზიცია გავრილოვისა და პოზნერის ვიზიტებს ხმაურიანად აპროტესტებდა და აპროტესტებს?
_ ვანო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახალგაზრდა პოლიტიკოსს არ ესაუბრებით! რა პოზნერის ჩამოსვლის გაპროტესტებაზეა საუბარი, როცა იგი საქართველოში სამ თვეში ერთხელ ჩამოდის და მაგ ოპოზიციური ბანაკის ზოგიერთი წარმომადგენელი პოზნერთან ინტერვიუებზე ყელმოღერებული კეკლუცობს?!
_ ბურჯანაძეს გულისხმობთ?
_ რა მნიშვნელობა აქვს, ვის ვგულისხმობ. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის!
რაც შეეხება გავრილოვს, ვინც იგი მოიწვია, აბსოლუტურად პროვოკაციული ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ის, რაც მის ჩამოსვლას მოჰყვა, პოლიტიკოსების კი არა, ახალგაზრდების გამარჯვება გახლდათ!
სხვათა შორის, თბილისის წყალდიდობის დროსაც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში…
_ პოზნერის ვიზიტიც სწორედ ახალგაზრდებმა გააპროტესტეს…
_ ეს დადგმული პროვოკაცია იყო, რომელიც მოსკოველმა რეჟისორებმა და თბილისელმა შემსრულებლებმა აბსოლუტურად ორკესტრირებულად განახორციელეს!
_ რა ამის პასუხია და იმ შემთხვევაში, თუკი მედიაციაში აშშ ჩაერთვება და აპრილის ბოლოს თბილისში სახელმწიფო მდივანი ჩამოვა, ამით პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება?
_ აშშ შიდა პოლიტიკურ პროცესებს კი არ გადაწყვეტს, არამედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, უსაფრთხოებაზე, ნატო-სა და სხვა თემებზე უმნიშვნელოვანესი გზავნილები კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, გაკეთდება!
ყველა ეს საკითხი საქართველოს სახელმწიფოსთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული, ვინაიდან თავად აშშ ჩვენს ქვეყანასთან სისხლხორცეულადაა დაკავშირებული.
ამიტომ მისთვის სულერთი არ არის, საქართველოში როგორი პოლიტიკური სისტემა იქნება!
ერთი სიტყვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აქ საქართველოს „გასაროზგად“ არ ჩამოვა!
_ უკაცრავად, „გაროზგვა“ რა შუაშია? ისე, ქალბატონო ნესტან, არ გეწყინოთ და, მეჩვენება, რომ არ გინდათ, ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.
_ არ ვიცი, რა გეჩვენებათ, მაგრამ იმას ვამბობ, რაც ვიცი.
_ რა იცით?
_ თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამენ, ორივეს ცალი ფეხი უკვე პოლიტიკურ წარსულში აქვს!
წარმოუდგენელია და უკვე აღარ შეიძლება, რომ ფეოდალური აზროვნების 30-წლიანი სიფათები პოზიციებიდან არ მიდიოდნენ!
ნახეთ, რა ხდება და ანალიზი გააკეთეთ!
_ რა ხდება ან რისი ანალიზი გავაკეთო, ქალბატონო ნესტან?
_ პარტიები იშლება და ცნობილი სახეები მიდიან, მაგრამ ეს შეუთავსებლობის კი არა, იმის გამოა, რომ საკუთარი რესურსი ამოწურეს. ვისაც რა შეეძლო, გააფუჭა და საქართველოში ქვა ქვაზე არ დატოვა.
ერთი სიტყვით, ეს ხალხი უნდა წავიდეს, აუცილებლად უნდა წავიდეს! არ შეიძლება, რომ ტელევიზიაში ისევ ეს სახეები ისხდნენ და დანარჩენ საქართველოს ჭკუას ასწავლიდნენ!
პარლამენტში რომ მოვედი და პოლიტიკური კარიერა დავიწყე, სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ახლა კი 20 წლის შვილიშვილი მყავს. აზრზე ხართ, რამდენი დრო გავიდა? კიდევ ეს ადამიანები, ეს სიფათები და კიდევ ეს უნიჭო ხალხი! რა ამბავია, ბოლოს და ბოლოს! ნუთუ, პროფესია არ აქვთ, რომ ამ ხალხს თავი დაანებონ და თავიანთ საქმეს მიხედონ?!
_ ბოლოს, ქალბატონო ნესტან, ყველაფერ ზემოთქმულის მიუხედავად, ვადამდელ არჩევნებს თუ ელოდებით და პოლიტიკური კრიზისი ამით განიმუხტება?
_ არ მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისია.
_ აბა, რა არის?
_ პირდაპირ გეტყვით: ეს აბსოლუტურად ხელოვნური კრიზისია.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ ვანო, თქვენც, როგორც ჟურნალისტმა და მეც, როგორც ამომრჩეველმა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საარჩევნო მარათონი დაიწყო, ზუსტად ვიცოდით, რომ ამ ტიპის სცენარი მზადდებოდა!
_ სიმართლე გითხრათ, მე არაფერი ვიცოდი…
_ პირადად მე ვიცოდი, რომ „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი ხელისუფლება, ახალ პარლამენტში რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩებოდა. დღეს ყველაფერი სწორედ ამ გაწერილი სცენარით ხდება.
მოკლედ, ყოველდღე ჩანს, რომ პოლიტიკური კრიზისები საკუთარ პარტიებში აქვთ _ იშლებიან. ბოლოს და ბოლოს, პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და იცით, ეს რისი ნიშანია?
_ რისი?
_ როგორც გითხარით, კრიზისი თავად პარტიებშია და სახელმწიფო კრიზისზე არ უნდა ილაპარაკონ, რადგან ორივე ფლანგმა სახელმწიფო უკიდურესს კრიზისამდე მიიყვანა, მაგრამ ხალხი იღვიძებს და ორივე ფლანგს ისტორიის სანაგვეზე გაუშვებს!

ვანო პავლიაშვილი