ნატო ჩხეიძე: „მოსახლეობას „ოცნების“ მართული ქვეყანა აღარ უნდა!“
„გამარჯვების გზაზე ვდგავართ“, _ დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ნატო ჩხეიძემ, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებში ხაშურისა და ქარელის ოლქში ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და ასევე ამ ოპოზიციური ბლოკის პროპორციული სიის წევრიც იყო, თუმცა, დანარჩენი ოპოზიციონერების მსგავსად, ქალბატონი ნატოც არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
„მეორე ტური დანიშნეს 21 ნოემბერს. მე არ ვმონაწილეობ მეორე ტურში,
არც _ სხვები, როგორც ვიცი. ბიულეტენებში მაინც იქნება ჩვენი გვარ-სახელები. არ გამიკვირდება, დაშინება რომ გააგრძელონ, ემანდ, ვინმემ არ შემოხაზოს ოპოზიციაო… ისე, კულუარული ინფორმაციით, არჩევნების დღეს ევროპული ორგანიზაციის დათვლით ჩხეიძეს 53% ჰქონდა, ამერიკული ორგანიზაციის დათვლით _ 54%, „იფსოსმა“ _ 46%-იო, ჩვენმა ცესკომ კი _ 30%-იც ვერ გაიმეტა.
უმატეს და უმატეს ივანიშვილის ფავორიტს პროცენტები: მიწერებით, კარუსელით, ჩაგდებით, დაშინებით, კრიმინალებისა თუ სპორტსმენების მობილიზებით, მოსყიდვით, ბიულეტენების გაბათილებით, ოქმებში რიცხვების გადასწორებით… რაღა დარჩა? _ და 50%-მდე მაინც ვერ აქაჩეს. არადა, საარჩევნო კამპანიის შუაგულში ამბავი მოვიდა, დუგლაძეებს უთხრეს, რომ თუ პირველ ტურში არ გაიმარჯვებთ, სამივე ძმას თავებს დაგაჭრითო. ჰოდა, რა ექნათ? ერთი თბილისიდან ჩამოქანდა, ორი ადგილზე დახვდა და სურამში დახლი გამართა… არიგეს და არიგეს… აშინეს და აშინეს… მერე საოლქო და ცენტრალური კომისია წაეხმარა და წაეხმარა და წაეხმარა და… 50% მაინც ვერ გამოიყვანეს.
სამაგიეროდ, მეორე ტურში ექნება ოი, რა მაღალი პროცენტი, იქნებ, ასიც კი, ვინმეს ხელი თუ არ წაუცდა, შემთხვევით…
და თავების ძირში დაჭრასაც გადარჩებიან!.. პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩებიან, თორემ სიმბოლურით _ სულ პირიქით.
ეგ მაინც რა იყო, რომ ჩემს სოფელში თანხაც არ გაიმეტეს, თითო ცხვარს შეჰპირდნენ თითო ოჯახს და მერე… ეჰ, ყველა ერთად საერთო ხაშზე გადაატარეს.
ეჰ, ჩემო ყელქცეულელებო, ასოცდახუთო კარგო ადამიანო და ორასორმოცდასამო ისე რა! რა ვქნა და მგონია, თავი თქვენ უფრო მოიხერხეთ, ვიდრე მე, ზარზეიმით რომ დაიწერა გორის გაზეთში შემდეგ სათაურიანი სტატია: „ჩხეიძეს თავისმა სოფელმაც არ დაუჭირა მხარი!“
რას ვიზამთ? კარგი იყო, პირიქით ყოფილიყო…
მამაჩემი რამეს ისეთს რომ წააწყდებოდა, მაინცდამაინც სასახელოდ რომ ვერ გამოიყურებოდა, ღიმილით იტყოდა ხოლმე: „რას იზამ, კაცნი არიანო“.
რას ვიზამთ, ჩემო ყელქცეულელებო, რას ვიზამთ…
ბატონი გახარია ოპოზიციას თან დესტრუქციულს უწოდებს და თან ჩვეული დიდაქტიკური ტონით იხვეწება და გვპირდება, შემოდით პარლამენტში და ერთად ვმართოთ ქვეყანაო.
დიდი დათმობაა მათი მხრიდან. ერთადო! ერთად ვმართოთო.
მერედა, „ოცნების“ მართული ქვეყანა მოსახლეობას კიდევ უნდა? _ აღარ უნდა!!!
ესენი ხომ ყველაფერში იგვიანებენ. დღევანდელ გასაკეთებელს მაზეგის ზეგ აკეთებენ.
ახლაც ასეა: ნელ-ნელა შეცვლიან რიტორიკას! ნელ-ნელა დათმობენ პოზიციებს! არ ეთმობათ, ოი, როგორ არ ეთმობათ, მაგრამ დათმობენ!
სხვა გზა, სხვა ხსნა არ ექნებათ და …დათმობენ“, _ აცხადებს ნატო ჩხეიძე.
_ ქალბატონო ნატო, არჩევნების გაყალბება-მოპარვაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. აკი, კალაძემაც განაცხადა, არც ხმების გადათვლა იქნება და არც ახალი არჩევნები დაინიშნებაო. ე. ი., „ოცნებას“ ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად?
_ 8 წელია, „ოცნებას“ ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად და ფიქრობს, რომ ასე გააგრძელოს. იმასაც შევეჩვიეთ, რომ „ოცნება“ ყველაფერში ძალიან იგვიანებს.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რაც ძალიან იოლი, მარტივია და რაც ვითარებას გამოასწორებს. დღეს კი არა, „ოცნება“ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა ყვლაფერში ქართული საზოგადოება, ასევე უცხოეთი ერევა და სხვა უკვე აღარ არსებობს. კაცმა არ იცის, „ოცნება“ ასე რატომ იქცევა, თუმცა ეს ნაკლები გამჭრიახობის შედეგია.
_ ოპოზიცია რატომ არ უშვებს, რომ „ოცნებამ“, ამ შემთხვევში, არც საქართველოს მოქალაქეების პროტესტს გაუწიოს ანგარიში და არც _ საერთაშორისო თანამეგობრობას?
_ „ოცნება“ ანგარიშის გაწევას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ცხოვრება ასეც შეუძლია, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ ნელ-ნელა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და შეთანხმებაზე წასვლაც მოუწია. ყველაფერი ეს ადრე რომ გაეკეთებინა, ქვეყანა სირთულეებს გადარჩებოდა.
_ 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობთ?
_ დიახ, თუმცა ახლაც ასე მოხდება.
_ ანუ როგორ?
_ „ოცნებამ“ თქვა, ხმებს არ გადავითვლიო და ეს ჟვანიას მოქმედებიდანაც გამოჩნდა _ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და ოქმები ისე შეაჯამა. შესაბამისად, „ოცნებას“ ძალიანაც რომ უნდოდეს, ხმებს ვეღარ გადაითვლის, რადგან ამით კანონს კიდევ ერთხელ დაარღვევს. მართალია, ამ მთავრობისთვის კანონის დარღვევა არაფერს ნიშნავს და სულ ასე იქცევა, მაგრამ პროცედურებს მისთვის თუ არა, ვითარებისთვის მნიშვნელობა აქვს.
მოკლედ, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია და მოლაპარაკებაც მხოლოდ იმაზე იქნება, ეს ახალი არჩევნები როდის და რომელი კოდექსით უნდა ჩატარდეს _ ძველით თუ ახალი უნდა შემუშავდეს?
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ თუ „ოცნება“ ახალ არჩევნებს დანიშნავს, ამით 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აღიარებს. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიცია ყველა გამყალბებლის, მათ შორის, თამარ ჟვანიას დასჯას ითხოვს. ე. ი., ივანიშვილის გუნდი მხოლოდ თამარ ჟვანიას გაწირავს თუ საკუთარი გუნდის რომელიმე წევრის ციხეში გაშვებასაც მოაწერს ხელს?
_ არ მგონია, იმ პირობებში, როცა „ოცნებას“ რაღაცის თქმის უფლება კიდევ აქვს, საქმე იქამდე მივიდეს, რომ ყველა ის პირი, ვინც ეს გაყალბება დაუკვეთა ან უშუალოდ გააყალბა, დაისაჯოს. მარტო თამარ ჟვანია არაა _ ისიც შემსრულებელია. დამკვეთი კი ერთადერთია _ ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ამათ ხელში ყველაფერი ეს არ მოხდება. შესაბამისად, ახლა ლაპარაკი იმაზე კი არ იქნება, არიქა და, ყველა დავსაჯოთო.
_ აბა, ლაპარაკი რაზე იქნება?
_ იმაზე, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და შეფასება, რაღა თქმა უნდა, ძალიან რბილი იქნება, ანუ ამ შემთხვევაში საქმე შეფასებაში კი არა, პროცესშია. ამ პროცესის მერე კი, ასე ვთქვათ, ზუსტ მისამართზე გასვლა უფრო შესაძლებელი იქნება.
_ ქალბატონო ნატო, თქვენი აზრით, ივანიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბების გადაწყვეტილება რატომ მიიღო?
_ არჩევნების გაყალბების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო!
ალბათ, გახსოვთ, რომ ამბობდნენ, „ოცნებას“ 65 პროცენტი აქვსო.
_ დიახ, კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე და სხვები დარწმუნებული იყვნენ, რომ „ოცნება“ 100 მანდატს მოიპოვებდა…
_ ასე უნდოდათ, ანუ დაკვეთა და გადაწყვეტილება 65 პროცენტი იყო… პირველი გამოსვლისას ჟვანიამ 56 პროცენტი თქვა, მაგრამ 56 პროცენტს ვერანაირად დაიწერდნენ.
_ რატომ?
_ თავიდან გაყალბება იმ მეთოდებით დაიწყეს, რომელსაც სხვა დროსაც იყენებდნენ _ დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა, მაგრამ დაინახეს, რომ 56-მდე ვერ ადიოდნენ და იმ საშინელი გაყალბებით, რაც ოქმებს დამართეს, მხოლოდ 48 პროცენტამდე მივიდნენ. ამის შემდეგ ივანიშვილმა იფიქრა, ჯანდაბას, ოღონდ ახლა ხელისუფლებაში დავრჩე და მერე ყველაფერს ეშველებაო.
საერთოდ, მისი აზროვნების მანერა ასეთია _ ახლა ამას გავაკეთებ და მერე რამეს ვუშველიო, მაგრამ ხომ იცით, ნათქვამია, კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანსო. ახლაც სწორედ ეს შემთხვევაა, ანუ ქვეყანა ძალიან აიკლო და ასეთ აკლებას თავისი შედეგიც მოსდევს ხოლმე…
_ ისე, ქალბატონო ნატო, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის იმ რამდენიმე კანდიდატში ხართ, რომელმაც, გაყალბების მიუხედავად, ხმების დიდი რაოდენობა მიიღო. გაქვთ არგუმენტი „ოცნებამ“, პირადად თქვენ, ასეთი ბრძოლა რატომ გამოგიცხადათ?
_ დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს შემთხვევაში ძალიან დიდი გაყალბებაა. როგორც ვიცი, არჩევნების დღეს პარალელური დათვლა, ასე ვთქვათ, ჩატარდა.
_ ვინ ჩაატარა?
_ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც ეს პარალელური დათვლა ჩაატარეს, შედეგები არ გამოუქვეყნებიათ და ამიტომ ვერ დავასახელებ, თუმცა თავიანთი დასკვნები დაწერეს და იქ გააგზავნეს, სადაც უნდა გაეგზავნათ.
ამ ორგანიზაციებიდან ერთი ევროპულია, რომლის მონაცემებითაც, 31 ოქტომბერს, შუადღეს, 53 პროცენტი მქონდა, მეორე, ამერიკული ორგანიზაციის მონაცემებით კი, _ 54 პროცენტი. „იფსოსის“ დათვლით, როგორც ცნობილია, 46 პროცენტი მქონდა. თუნდაც ეს 46 პროცენტი ავიღოთ, გამოდის, რომ ხმების, დაახლოებით, 17 პროცენტი გამიყალბეს და საბოლოოდ, 29 პროცენტი დამიწერეს.
_ უშუალოდ ივანიშვილმა გასცა ბრძანება, რომ თქვენთვის შედეგები გაეყალბებინათ?
_ ერთი რამ ვიცი.
_ რა?
_ სოფლებსა და პატარა ქალაქებში ყველამ ყველაფერი იცის.
_ დიახ, ასეა…
_ ჰოდა, საარჩევნო კამპანია დავიწყე თუ არა, მითხრეს, ასეა ნათქვამი, თუ პირველივე ტურში არ მოიგებთ, სამივეს თავებს დაგაჭრითო.
_ ვის „სამივეს“, ქალბატონო ნატო?
_ ერთი „ქართული ოცნების“ კანდიდატია და მისი ორი ძმა. ისე, კანდიდატს არც ვამბობ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მინდა, რამე უხერხულობა განვაცდევინო.
_ აბა?
_ ის ივანიშვილის ფავორიტი იყო და, შესაბამისად, ბრძოლა ივანიშვილთან მიწევდა! სხვათა შორის, თავიდანვე, როცა მკითხეს, თქვენი კონკურენტი ვინ არისო, ვუპასუხე, ივანიშვილი-მეთქი.
ის, რომ ნატო ჩხეიძეს ძალიან მწარედ უნდა წაეგო, ბიძინა ივანიშვილისთვის აუცილებლობა იყო.
_ რატომ?
_ ეს მისი ეგოს დაკმაყოფილება იქნებოდა _ რადგან ზაზა ოქუაშვილს ვერ მოუგო, მისი მეუღლისთვის, ნატო ჩხეიძისთვის უნდა მოეგო!
_ ე. ი., ქარელსა და ხაშურში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატსა და მის ძმებს თავების წაცლით უშუალოდ ივანიშვილი დაემუქრა?
_ ვერ გეტყვით, ეს პირადად ივანიშვილმა უთხრა თუ მისგან გაგზავნილმა კაცმა, მაგრამ ზუსტად იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა _ სიმბოლურად, მაგრამ ცხოვრებას დაკარგავდნენ. ამიტომ ყველაფერი ჩაიდინეს, რომ 50 პროცენტი როგორღაც გადაელახათ, მაგრამ ვნახეთ, რომ ამხელა გაყალბებითაც ვერაფერი მოახერხეს და 49,3 პროცენტზე შეჩერდნენ _ ეს მაქსიმალური იყო, რაც შეძლეს.
სხვათა შორის, სწორედ ამას შეეწირა ხაშურის მერი. ასეთივე პრობლემები ქარელის მერსაც აქვს. ორივეს ძმებისგან ჰქონდათ დავალება, რომ არჩევნებზე იმდენი და ისეთი ადამიანები მიეყვანთ, რომლებიც მათთვის სასურველ ნომერს შემოხაზავდნენ.
_ ქალბატონო ნატო, რა ამის პასუხია და, 14 ნოემბერს ოპოზიციამ სამი აქცია დააანონსა. ერთი აქცია პომპეოს ვიზიტის პარალელურად გაიმართება, მეორე _ მეორე ტურების დღეს, მესამე კი მაშინ, როცა მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. ყველაფერი ეს დროშია გაწელილი. ჰოდა, ისე ხომ არ მოხდება, რომ ხალხი დაიღლება და პროტესტის მუხტი ჩაქრება?
_ ჯერ ერთი, პომპეოს ვიზიტის დროს აქცია კი არაა დაგეგმილი, არამედ ეს შეხვედრა იქნება.
_ კერძოდ?
_ მივაწვდით ინფორმაციას, საქართველოში არჩევნები როგორ გაყალბდა. მართალია, ამის შესახებ მან მშვენივრად იცის, მაგრამ ეს საზოგადოების თვალსაჩინო გამოხატულება იქნება.
ამასთან, მეორე ტურების წინ ძლიერი პროტესტია საჭიროა. ამ მეორე ტურებში ოპოზიცია იმიტომ არ მონაწილეობს, რომ არ შეიძლება, „ოცნებას“ გაყალბებაში შევყვეთ.
მოკლედ, თუ „ოცნება“ მოლაპარაკებას, რომელიც ამ თვის ბოლომდე არ დამთავრდება, არ დაექვემდებარება და მაინც მოინდომებს, როგორც ეძახის, მეათე მოწვევის პარლამენტი გახსნას, იმ დღესაც საკმაოდ დიდი აქცია იქნება.
რაც შეეხება დაღლას, ადამიანები არ დაიღლებიან.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ახლა რომ დავიღალოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოთხი ან კიდევ მეტი წელი თავი ლომის ხახაში შევყოთ!
ერთი სიტყვით, დაღლა შეუძლებელია! ეს მხოლოდ ხმებისთვის კი არა, ღირსებისა და ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაა!
ასეთი მიზნების მისაღწევად ადამიანებს დაღლა არ ეტყობათ ხოლმე!
და კიდევ ერთი: ცხადია, იმის გზებიცაა მონახული, ახალ არჩევნებამდე როგორ უნდა მივიდეთ.
_ და როგორ უნდა მივიდეთ?
_ მეცხრე მოწვევის პარლამენტს ვადა იქამდე უნდა გაუგრძელდეს, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
ასე რომ, მოლაპარაკებები სწორედ ამ მიმართულებით გაგრძელდება და შეთანხმებამდე, დიდი ალბათობით, მივალთ. დიდი ალბათობით იმიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ გაიგებს, სხვა გზა არ აქვს.
სხვათა შორის, 8 მარტის შეთანხმების დროსაც ასე მოხდა და თუ ვერ გაიგებს, რომ სხვა გზა არ აქვს, „ოცნება“ თავს არაფერზე დახრის.
_ ე. ი., დარწმუნებული ხართ, რომ ივანიშვილის გუნდი უკან აუცილებლად დაიხევს?
_ დიახ, რადგან ოპოზიციის არგუმენტებით შეიარაღებული ჩვენი პარტნიორების პოზიცია უფრო მკვეთრი და ზუსტი გახდება.
ცხადია, უცხოელები თავს უფლებას არ მისცემენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ჩაერიონ, მაგრამ ისინი გვეხმარებიან, რომ დემოკრატიული წეს-წყობილება შევინარჩუნოთ, ანუ გვასწავლიან, ქვეყანაში დემოკრატია როგორ შევქმნათ. დემოკრატია კი სწორედ ისაა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ ახალი არჩევნები დაინიშნოს!
_ ვნახოთ, რა მოხდება?.. თუმცა, ამასობაში, გარკვეული ბზარები ოპოზიციაშიც ჩნდება, ანუ 14 ნოემბრის აქციაზე პლაკატების გამოჩენას, რომელზედაც ეწერა: „მიშა, ჩამოდი“, ანტიოცნებელებში სხვადასხვანაირი შეფასება მოყვა. იმავე დღეს, ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, გიორგი ბარამიძემ, გიგა ბოკერიამ, ალეკო ელისაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ, ასე ვთქვათ, იჩხუბეს. მართალია, სააკაშვილმა თქვა, ჩემზე დებატებს თავი გაანებეთო, მაგრამ მიშას ფაქტორი ოპოზიციის ერთიანობაში დისონანსს ხომ არ შეიტანს?
_ ყველამ ვიცით, სააკაშვილმა რა და როგორ თქვა, მაგრამ საზოგადოებაში გარკვეული მოთხოვნაა.
_ რისი?
_ გარკვეული პარტიები, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც მიაჩნდათ, რომ თუ ბევრი რამ იმ 9 წელსა და, კონკრეტულად, სააკაშვილს დაბრალდებოდა, უკეთესს შედეგს დადებდნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გარკვეული შეთანხმება ყველა საკითხზეა შესაძლებელი.
საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ყველა ამბობს _ ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და უცხოელი პარტნიორებიც, რომ ყველაზე დიდი ძალა ხალხია. ამიტომ ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. შესაბამისად, დაველოდოთ, ხალხი რას იტყვის იმასთან დაკავშირებით, რაც იგივე 14 ნოემბრის აქციაზე გარკვეული ხარისხით იყო.
_ ქალბატონო ნატო, პირადად თქვენ მომხრე ხართ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს?
_ პროცესებს გააჩნია.
_ ანუ?
_ შესაძლოა, პროცესები ისე წავიდეს, რომ სააკაშვილმა ისევ ის გაიმეოროს, რაც თქვა, ჩემს კანდიდატურას მოვხსნიო.
მოკლედ, ყველაფერი პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული და ოპოზიცია, საზოგადოებაც და თავად სააკაშვილიც ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.
_ თქვენი გათვლით, პოლიტიკური კრიზისი რამდენ ხანს შესაძლოა, გაგრძელდეს?
_ დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. კარგად ვხედავთ, კოვიდკრიზისი რა მდგომარეობაშია. ამიტომ ეს პოლიტიკური კრიზისი უნდა დამთავრდეს. დამთავრების ერთადერთი საშუალება კი შეთანხმებაა, რის აუცილებლობასაც „ოცნება“, მათ შორის, ივანიშვილიც დაინახავს.
_ ახალ არჩევნებში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, მონაწილეობას ისევ მიიღებთ?
_ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ რატომაც არა?!
_ იმედია, არჩევნები მაშინაც არ გაყალბდება.
_ დიახ, ამის დიდი იმედია!
გიორგი აბაშიძე