ნატო ჩხეიძე: „გახარია ვერ გაამართლებს!“
საარჩევნო კოალიცია „ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრთან, პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ პოლიტიკურ ლიდერ ნატო ჩხეიძესთან ინტერვიუ მანამდე ჩავწერე, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იტყოდა, „ოცნება“ თანახმაა, დანიელსონის თავდაპირველად შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროსო. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელი იმიტომაა, რომ მასში ვადამდელ არჩევნებზე მკაფიოდ არაფერია ნათქვამი.
ამასობაში, ისიც ხდება ცნობილი, რომ აშშ-ში ვიზიტად მყოფი „ოცნების“ თავმჯდომარე მასპინძლებმა დატუქსეს და ყველაფერ ამაში ირაკლი კობახიძემ ქართველ დიპლომატებს დასდო ბრალი, _ საელჩომ კარგად ვერ იმუშავაო.
ერთი სიტყვით, „ოცნება“ თავადაც ხვდება, რომ ერთგვარ ჩიხშია. როგორ გამოვა ამ ჩიხიდან მმართველი პარტია და შეასრულებს თუ არა მაშველი რგოლის ფუნქციას ექსპრემიერი გიორგი გახარია? _ ყველაფერ ამაზე ჩემი რესპონდენტი მოგვითხრობს,
ნატო ჩხეიძე „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ მელია ფიზიკურადაა დაჭერილი, თორემ მორალურად გამარჯვებულია.
_ ქალბატონო ნატო, არჩევნებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა. ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ „ოცნება“ უკან დაიხევდა, თუმცა დღევანდელი მოცემულობა სხვანაირია. თქვენი აზრით, ხელისუფლება დათმობაზე რატომ არ მიდის?
_ უკან დახევის იმაზე მეტი იმედი, რაც თავის დროზე გვქონდა, არც ახლა გვაქვს.
_ რატომ?
_ ხელისუფლებამ უკან რომ დაიხიოს, ქვეყნის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს გრძნობა იმდენად არ აქვს, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებიც მოუწოდებენ, მეტი პასუხისმგებლობა გქონდესო. მოკლედ, ვნახოთ, რა მოხდება.
სხვათა შორის, „ოცნება“ პასუხისმგებლობას უკანდახევას უწოდებს, თუმცა ასე არაა. პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ სწორი დამოკიდებულებაა და მეტი არაფერი!
თუ ახლა „ოცნება“ ქვეყნის დემოკრატიული ყოფისთვის საჭირო ნაბიჯებს იმის გამო არ დგამს, რომ პასუხისმგებლობა არ გააჩნია, ამის გაკეთება მაინც მოუწევს, ოღონდ _ უპასუხისმგებლოდ!
_ „უპასუხისმგებლოდ გაკეთება“ რას ნიშნავს, რევოლუციას?
_ არა, რევოლუციას არ ნიშნავს!
_ აბა?
_ ევოლუციას ნიშნავს.
_ ანუ?
_ უპასუხისმგებლობის გამო შესაძლებელია, რომ ხელისუფლება ჩამოიშალოს, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს. არ უნდათ, რომ ეს მოხდეს და რაღაცებს ებღაუჭებიან, თუმცა თავადაც ხედავენ.
_ რას ხედავენ?
_ „ოცნების“ ხელისუფლება, პრაქტიკულად, „კარტის სახლივითაა“ _ აი, ისეთი სახლივით, ბავშვები „კარტისგან“ რომ აკეთებენ ხოლმე, მაგრამ ასეთი სახლი, როგორც წესი, ძალიან სწრაფად იშლება ხოლმე.
_ იმაზე რა მეტყველებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება „კარტის სახლივითაა“? დაშლის ნიშნად უმრავლესობიდან ე. წ. გახარიას გუნდის გასვლას მიიჩნევთ?
_ ეს ერთ-ერთი ნიშანია.
_ დანარჩენი ნიშანი რაღაა?
_ დაშლის ნიშანია, მაგალითად, ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურაა. ეს იმ ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზას ადგას, ძალიან კარგად დაინახეს. დიახ, მათ ნახეს, რომ დემოკრატიისგან საკმაოდ დაცილებულები ვართ!
მთავარი სწორედ ესაა და უმრავლესობიდან გახარიას გუნდის გამოყოფაც სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთი მთლიანი გუნდი აღარაა.
ისე, მათ რიტორიკაში განსხვავება არაა, თუმცა რაღაცნაირად გვერდზე მიდიან და ამბობენ, ის, რაც მოსახლეობას უნდა, ჩვენ უკეთესად ვიცითო. „ქართული ოცნებაც“ ამას ამბობს.
კი ბატონო, ერთმანეთს მოსახლეობის სიყვარულში შეეჯიბრონ, თუმცა ქმედითად არაფერს აკეთებენ…
_ გამორიცხავთ, რომ გახარია ივანიშვილის ახალი პროექტია და მისგან „ოცნება 2-ს“ ქმნიდეს, მით უმეტეს, რომ გახარიას საზოგადოებაში გარკვეული რეიტინგი აქვს. ჩვენში დარჩეს და ზოგი იმასაც ამბობს, გახარია წმინდა რუსული პროექტია და მისი სახით კრემლს საქართველოში ახალი, უფრო მყარი დასაყრდენი ეყოლებაო…
_ სწორად თქვით, რომ გახარიას გარკვეული რეიტინგი აქვს, თუმცა ეს ისეთი რეიტინგი არაა, რომ ხალხი გაჰყვეს, მით უმეტეს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ცვლილებები უნდა.
გახარია ცვლილებებზე არ საუბრობს და ამბობს, ყველაფერი ის, რაც აქამდე ხდებოდა, კარგი იყო და ამის მერეც იგივეს გააკეთებს. ამდენად, გახარია ცვლილება არაა. საზოგადოებას კი ცვლილება უნდა.
მოკლედ, თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ საზოგადოების უმრავლესობა გახარიას გაჰყვება, ეს იმედი აუცილებლად გაუცრუვდება!
ისე, მნიშვნელობა სულ არ აქვს, ივანიშვილის პროექტია თუ რუსეთის, რადგან გახარია არც პოლიტიკური ფიგურაა და არც _ დამოუკიდებელი. ამიტომ ვისი პროექტიც უნდა იყოს, ვერ გაამართლებს.
_ გახარიას რუსულ კავშირებზე რას იტყვით?
_ არ ვიცი, წინასწარმეტყველებას ვერ დავიწყებ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გარკვეული ძაფები რუსეთში ჰქონდა, ეს ძაფები შესაძლოა, გამწყდარი არც იყოს.
სხვათა შორის, როცა პრემიერი გახლდათ, ლონდონიდან რუსეთში ისე ჩავიდა, რომ ამის შესახებ არ დაუანონსებია და მას შემდეგ, რაც ეს მედიამ გაიგო, განაცხადა, პირად საქმეზე ვიყავიო, მაგრამ ასეთი პირადი საქმეები სახელმწიფოსგან დამალულად არ კეთდება.
ერთი სიტყვით, ყველაფერ აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ზემოხსენებული რუსული ძაფები შესაძლოა, ისევ არსებობდეს. ისე, „ძაფებს“ ტყუილად არ ვამბობ, ანუ ეს ძაფები, რითიც გახარია რუსეთთან თუ ნებისმიერ სხვასთანაა დაკავშირებული, მყიფეა.
_ რატომ?
_ რაც უნდა გაბერონ, გახარიას რეიტინგი სინამდვილეში ისეთი არაა, როგორც მისი პროექტის ავტორებს ეიმედებათ!
_ ქალბატონო ნატო, პირადად თქვენ გახარიას ბუნებას, მგონია, რომ სხვებზე უკეთ იცნობთ, რადგან „ომეგას“ პრობლემები როცა დაიწყო, ის ბიზნესომბუდსმენი იყო და ამის შესახებაც იცოდა. ჰოდა, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, პოლიტიკოსი კი არა, მოქალაქე ამომრჩეველი ნატო ჩხეიძე გახარიაში იმ ქარიზმას თუ ხედავს, რომელიც ქვეყნის გადამრჩენელი ლიდერისთვის აუცილებელია?
_ აბა, გახარიაში რა ქარიზმაა? რაც თავისი მოქმედებებით თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით აჩვენა, ქარიზმა სად იყო? ამ ეპიზოდში მხოლოდ მორჩილება ჩანს.
_ ვისი?
_ თავის დროზე, ივანიშვილის, მაგრამ თუ სხვა პატრონი ეყოლება, მაშინაც ასეთივე მორჩილი იქნება, რადგან ეს მისი ბუნება და ცხოვრების გზაა! ქარიზმას რეალური რეიტინგი მოჰყვება, მაგრამ გახარიას რეალური რეიტინგი არ ჩანს, თორემ აგერ, მისი გუნდი…
_ გუნდი რა შუაშია?
_ თუკი ქარიზმა გაქვს, მაშინ ისეთები წამოგყვებიან, რომელთაც საკუთარი ბეგრაუნდი აქვთ…
_ ქალბატონო ნატო, ოპოზიციაზეც ვისაუბროთ, თუმცა არ გკითხავთ, 15 მაისის აქციისთვის როგორ ემზადებით-მეთქი. სამაგიეროდ, რამდენიმე კვირის წინ, ევროპარლამენტარებისგან, როგორც იტყვიან, გაჟღერებულ იდეას გავიხსენებ, რომლის თანახმადაც, კარგი იქნება, თუ მოლაპარაკებებში ივანიშვილი და სააკაშვილი ჩაერთვებიან. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ეს იდეა გახმოვანებისთანავე დაივიწყეს.
_ თქვენი აზრით, ამ იდეას რატომ არ შეესხა ხორცი?
_ მართალია, არც ერთსა და არც _ მეორეს საკუთარ გუნდზე დიდი გავლენა არ გააჩნია, მაგრამ ორივე მაინც არაფორმალური ლიდერია და ამდენად, ეს საკითხი ვერ განვითარდებოდა, თორემ ისე, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია, მმართველი გუნდის კი _ ივანიშვილი და ეს ადამიანები, კი ბატონო, გადაწყვეტილებებს ღებულობენ, მაგრამ ამ წამოწყებას, მოლაპარაკებებში მათი ერთად ჩართვის შესახებ, განვითარება ვერ ექნებოდა, რადგან ამ ეტაპზე ორივე არაფორმალურ სქემაში ჯდება.
_ რა ამის პასუხია და, ქალბატონო ნატო, თქვენი ერთი ნათქვამი უნდა გაგახსენოთ _ თავის დროზე, როცა ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდეს, ენმ-ს ოფისი გრაალს შეადარეთ, თუმცა მხარდამჭერებმა მელია ვერ დაიცავით. რატომ?
_ კი, უნდა დაგვეცვა.
_ მერე, პოლიციას რატომ გაატანეთ?
_ ღმერთო ჩემო, სამი ათასი შეიარაღებული სპეცრაზმელი რომ მოვა, რა უნდა გააკეთო?
_ მოსალოდნელი იყო, რომ ძალოვნები, სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, ენმ-ს ოფისში აუცილებლად მოვიდოდნენ. ჰოდა, მხარდამჭერების ღამეების თენებას რაღა აზრი ჰქონდა, თუ მელიას დასაცავად ხელსაც არავინ გაანძრევდა?
_ ერთია, ფიზიკურად რა ხდება და მეორეა _ სიმბოლურად რა ხდება.
_ ანუ?
_ ნიკა მელია, კი ბატონო, ფიზიკურად დაიჭირეს, მაგრამ სიმბოლურად ვერ დაიჭირეს.
_ ეს როგორ?
_ მელიას დაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ თავის ტკივილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ძალიან გააქტიურდნენ!
მოკლედ, „ოცნება“ კი ფიქრობს, რომ მელია დაიჭირა, მაგრამ ეს დაჭერა არაა, როცა მთელი თუ არა, ნახევარი მსოფლიო კითხულობს, რატომ დაიჭირეთო?!
რაც შეეხება იმას, მელია რატომ გავატანეთ, იმიტომ გავატანეთ, რომ იქ ნებელობის ბრძოლა იყო და არა _ ფიზიკური.
ერთი სიტყვით, მორალური გამარჯვება ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების მხარესაა.
_ სხვათა შორის, ახლა გამახსენდა, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ნიკა მელია გესიზმრათ. ენმ-ს ლიდერი რეალურად დაგესიზმრათ თუ ეს პოლიტიკური ალეგორია იყო?
_ გამოხმაურება ისეთი ჰქონდა, რომ ყველას ჩემი გამოგონილი ეგონა, მაგრამ ნამდვილად სიზმარი იყო.
_ გასაგებია… კიდევ ერთი სქემა განვიხილოთ, რომელზედაც ბოლო დროს პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, ანუ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთვება, ხელისუფლება იძულებული გახდება, პლებისციტზე დასთანხმდეს, ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლა მოუწევს. ეს სცენარი რეალური გგონიათ?
_ თუ პოლიტპატიმრები განთავისუფლდებიან და თუნდაც პლებისციტი, რომლის მომხრეც პირადად მე, დიდად არ ვარ, დაინიშნება, ასევე საარჩევნო სისტემის რეფორმირებაც მოხდება, მაშინ ყველაფერი ეს, ალბათ, შესაძლებელია.
_ „ოცნებამ“, ამას წინათ, თქვა, მზად ვარ, ევროპელების პირველად დოკუმენტს მოვაწერო ხელიო. არადა, ამ პირველად დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არაფერია ნათქვამი.
_ იმაზე, სადაც ვადამდელი არჩევნები არაა ნახსენები, ოპოზიცია არ დასთანხმდება! საერთოდ, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება აუცილებელი პირობაა!
ასე რომ, თუ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი რაღაც გზა იქნება ნაპოვნი და პოლიტპატიმრებიც განთავისუფლდებიან, მერე იმაზე ფიქრიც შეიძლება, რომ პარლამენტში შეხვიდე და იგივე სარჩევნო რეფორმა და სხვა საკითხები იქიდან გადაჭრა.
_ ვთქვათ, „ოცნებამ“ თქვა, კი ბატონო, ვადამდელზე თანახმა ვარო და 2023 წელს დანიშნა. ამას აზრი ექნება?
_ არა, აზრი ნამდვილად არ ექნება და ამას ვერც იტყვის. ვადამდელი არჩევნები, მაქსიმუმ, 2022 წლის ზაფხულამდე უნდა ჩატარდეს.
ისე, თუ პლებისციტი ივნისში იქნება, მაშინ შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები წელსვე დაინიშნოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პლებისციტში მონაწილე ამომრჩევლების უმრავლესობა ცვლილებების მომხრე იქნება.
თუ პლებისციტზე რამე გადაწყვეტილება და, შესაბამისად, დოკუმენტიც იქნება მიღებული, მასში აუცილებლად ისიც უნდა ჩაიწეროს, პლებისციტიდან ვადამდელი არჩევნები რამდენ ხანში უნდა ჩატარდეს.
მოკლედ, საქმე ის კი არაა, „ქართულ ოცნებას“ რა უნდა, არამედ საქმე ისაა, ხალხს რა უნდა. IRI-ის ბოლო კვლევები თუ ნახეთ, ხალხს ყველაზე მეტად ეკონომიკური ცვლილებები და დასაქმება უნდა.
ახალი მთავრობა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ეკონომიკური მიმართულებები შეიცვალოს და ხალხი დასაქმდეს. ახალი მთავრობა კი მაშინ იქნება, როცა კოალიციური ხელისუფლება შეიქმნება. კოალიციური ხელისუფლება კი ვერ მოვა, თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.
ყველაფერი ეს კრიალოსანივითაა აწყობილი. ამიტომ ვადამდელი არჩევნებით, თუნდაც პლებისციტით, რაც შეიძლება, მალე უნდა ჩატარდეს!
_ ვადამდელი არჩევნები, ცხადია, ახალი საარჩევნო კოდექსით უნდა ჩატარდეს. ახალი საარჩევნო კოდექსის მისაღებად კი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. შესაბამისად, ოპოზიცია იძულებული გახდება, რომ პარლამენტში შევიდეს, მაგრამ ხალხს ამ ნაბიჯს როგორ აუხსნით?
_ ეს ძალიან მარტივია.
_ მაინც?
_ ოპოზიცია აქამდეც ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და, პარალელურად, ახალი საარჩევნო კანონი უნდა მომზადდეს, რისთვისაც პარლამენტში შედიხარ.
როცა მოსახლეობამ იცის, რომ გარკვეულ შუალედში ვადამდელი არჩევნები ინიშნება, მაშინ ყველაფერი სრულიად გასაგები იქნება.
_ რა ყველაფერი?
_ მოსახლეობამ და ოპოზიციამ დასახულ მიზანს მიაღწია.
დასახული მიზანი კი გარკვეული თარიღია, როცა პლებისციტით თუ უპლებისციტოდ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ასეთ დროს მოსახლეობასაც არ გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ შედის ოპოზიცია პარლამენტში.
ვანო პავლიაშვილი