ნატა ტალიკაშვილი: „ჩემთვის „ტაბურეტკა“ ასოცირდება რელიგიურ ჯგუფთან, რომელიც ქადაგებს სიკვდილს“

17 მაისი მსოფლიო მასშტაბით ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღედ არის მიჩნეული. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, როდესაც ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მრევლის თანხლებით ქუჩაში გამოდის და ნაკურთხი წყლით ქუჩებს რწყავს.

17 მაისის აღნიშვნა LGBTQ თემის წარმომადგენლებმა მასშტაბური სახით პირველად 2013 წელს სცადეს. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ მათთვის მიცემული გარანტიებისა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავი ჰოლივუდურ ბლოკბასტერში უფრო გეგონებოდათ, ვიდრე ქვეყანაში, რომლის მესვეურებიც ვროპული ღირებულებებისა და ფასეულობების სადარაჯოზე დგომით იწონებენ თავს.
2013 წლის 17 მაისის სიმბოლოდ ჩვენს ქვეყანაში ოჯახში კარგად ნაცნობი (განსაკუთრებით სოფლებში) ტაბურეტი იქცა. ერთი შეხედვით, შეიძლება არც არაფერი, მაგრამ ღმერთის სახელით, მღვდლის ხელში საბრძოლო მზადყოფნაში მომართული ტაბურტი სულ სხვაგვარი სანახავია.
მოკლედ, წარსულით თავს არ შეგაწყენთ, რადგანაც ის, რაც ყოველ წელს კიდევ უფრო მძაფრდება, რთულია დაძველდეს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, გარდასულ დღეთა კადრებიდან გამოვიდეთ და რეალურად მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ LGBTQ თემის წარმომადგენლები საქართველოში, როგორია მათი თვალით დანახული რეალობა და პრობლემები, რომელთან გამკლავებაც უხდებათ.
ყოველივე ამაზე სასაუბროდ „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა ტრანსგენდერ ქალთან, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება და დღეს ის თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს ეხმარება.

ნატა ტალიკაშვილი _ LGBTQ თემის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრობის“ თანამშრომელი:
_ რა სირთულეების დაძლევა უწევთ LGBTQ თემის წარმომადგენლებს საქართველოში, რათა საზოგადოებაში ინტეგრირდნენ?
_ მათ უწევთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე დამალონ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია და მოირგონ ჰეტეროსექსუალის ნიღაბი. იმ შემთხვევაში, თუ ქამინგაუთს (ჰოომოსექსუალი ან ბისექსუალი ადამიანის მიერ საკუთარი სექსუალობის გამხელა, სექსუალური იდენტობის აღიარება, _ რედ.) გააკეთებენ, ერთ-ერთი გზა მათთვის სექსსამუშაოა, რათა საკუთარი თავი რაღაც კუთხით დაიმკვიდრონ. თემის წარმომადგენელს თუ ქამინგაუთი ბავშვობაშივე აქვს გაკეთებული, ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო რთულია გზა საზოგაოდებაში ინტეგრაციისა, რადგანაც მას მუდმივად უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. ძალიან რთულია ატარო მოწყვლადი ჯგუფის სტატუსი. ყოველდღე ხვდები, რომ არ ხარ „პრივილეგირებული“ ჰეტეროსექსუალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოჯახში და გვერდით უდგანან მშობლები. ორჯერ უფრო მეტი წვალება გიწევს, რათა მიაღწიო იმას, რისი მიღწევაც სხვა შემთხვევაში უფრო მარტივად გიხდება. ძალიან რთულია LGBTQ ადამიანის ცხოვრება ისეთ პატრიარქალურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
_ მოგვიყევი შენი ცხოვრებიდან ერთი კონკრეტული ფრაგმენტი, რომელიც კარგად ასახავს რეალობას. რამდენად არიან ტოლერანტულები თემის მიმართ ქვეყანაში?
_ რაც შეეხება ტოლერანტულობას, ალბათ 50/50-ზეა. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც არც ვიცნობ და ქუჩაში შეიძლება თბილად გაგიღიმოს და გაგიაროს. არავისგან ვითხოვ, რომ ჩემი მეგობარი იყოს. ერთადერთი მინდა ადამიანური მოპყრობა და დამოკიდებულება. არ შეიძლება, სიძულვილის ენით რამე მომაძახო, როდესაც ქუჩაში გავდივარ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, სადაც გადასვლიდან პირველი რამდენიმე დღე ისე მესალმებოდნენ, როგორც ჩვეულებრივ ჰეტეროს, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ტარნსგენდერი ქალი ვიყავი. მას შემდეგ, რაც გამიცნეს, რამდენიმე მეზობელმა საერთოდ აიკრძალა ჩემთან ურთიერთობა. ერთი მეზობელი მყავს, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და მეც მისდამი ანალოგიური განწყობით ვარ. როდესაც მისი მეუღლე ციხიდან გამოვიდა (არ დავაკონკრეტებ, რა სახის დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს), თითქმის ყველამ ძალიან კარგად მიიღო, რომ იტყვიან, სულში ჩაიძვრინა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტრანსი ქალი, რომელსაც არავისთვის დამიშავებია რამე, მიუღებელი ვარ და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანს ამ ქვეყანაში ძალიან დიდ პატივს სცემენ. ასეთი მიდგომები ყველაფერზე აისახება ადამიანის ცხოვრებაში, როგორც კარიერულ წინსვლაზე, ასევე ცხოვრების ხარისხზეც.
_ ვიცი, რომ წარმატებული ადამიანი ხარ, მუშაობ და შენი ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით უკვე ძალიან ბევრს დაეხმარე…
_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ LGBTQ თემში ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი ვარ, თუმცა ამ საფეხურზე მისვლამდე ბევრი დამჭირდა. ჩემი პირველი სამსახურის დროს ძალიან დამაბულინგა თავად თემმა, ყველას მიაჩნდა, რომ თუ ხარ ტარნსგენდერი ქალი, აუცილებლად უნდა იყო სექსმუშაკი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და არის მშვიდი ცხოვრება, თანასწორობა საზოგადოებაში, რასაც, მეტ-ნაკლებად, მივაღწიე. მაქვს სამსახური, მყავს საყვარელი ძაღლი და მშვიდი ცხოვრება. რაც შეეხება ჩემს მზრუნველობას სხვების მისამართით, ეს ბავშვობიდანვე იყო ჩემში. მახსოვს, თუ სადმე უპატრონო ძაღლს და კატას ვნახავდი, სულ სახლში მომყავდა და მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი ვალი იყო. ქუჩაში შეჭირვებული ადამიანი რომ ვიპოვო, შემიძლია, შევთავაზო ღამის გასათევი, ჩასაცმელი, კვება სრულიად უანგაროდ, შევაწუხო ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ მას ცხოვრება მოუგვარდეს ელემენტარულად მაინც. წასვლაც მიფიქრია, მაგრამ საბოლოოდ მეც მივხვდი და მეგობრებმაც მირჩიეს, რომ სჯობს, ჩემი საქმე ვაკეთო აქ და განვაგრძო ადამიანების დახმარება.
_ თემატურად დაემთხვა, რომ 17 მაისია და სულ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ კვირეულის ფარგლებში, რომელიც LGBTQ ხილვადობასთან არის დაკავშირებული, ნებისმიერი სახის ღონისძიებაზე, რომელსაც გამართავთ თემის წარმომადგენლები, თქვენი უსაფრთხოება დაცული იქნება. ჩვენ გვახსოვს 2013 წლის 17 მაისი და ანალოგიური დაპირება ხელისუფლების მხრიდან, როგორ ფიქრობ, სად იჩენს მთავრობა სისუსტეს?
_ ყოველი ფეხის ნაბიჯზე იჩენს ხელისუფლება სისუსტეს, რადგან ძალიან მცირეს აკეთებენ თემისთვის. ამაზე ღიად საუბარი უჭირთ იმის შიშით, რომ ამომრჩეველს დაკარგავენ, შესაბამისად, ვერც ახორციელებენ იმ რეგულაციებსა და კანონქვემდებარე აქტებს, რომელიც მათ მიღებული აქვთ თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონის სახით. უკვე იმდენად არიან პირად ანგარიშსწორებაზე გადასული, რომ მარტო ტრანსსაზოგადოება კი არა, ზოგადად ყველა თემი მივიწყებული აქვთ. არ ვსაუბრობ ერთეულებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებიც ძალიან ხშირად ურთიერთობენ ჩვენთან. საჭიროა, უფრო მეტი მუშაობა საკანონმდებლო აქტების კუთხით.
_ თემის წევრების უმეტესობა უმუშევარია, რადგანაც ძალიან მცირეა მიმღებლობის საკითხი. რით ახერხებენ ისინი თავის რჩენას?
_ ასე ვერ ვიტყვი, რომ უმუშევრები არიან, თემის წევრები მუშაობენ, თუმცა ამის საფასურს ისინი იხდიან მუდმივი ნიღბის ტარების ხარჯზე, რათა თავიანთი სამსახურები შეინარჩუნონ, რაც შეეხება უმუშევარ ნაწილს, ესენი ის მოწყვლადი ჯგუფები არიან, რომლებმაც გაბედეს და თავიანთ პრობლემებსა თუ ცხოვრებაზე ხმა ამოიღეს. სწორედ ამ ადამიანებს ვხედავთ აქციებსა და სხვადასხვა სახის პერფორმანსებზე, რადგან მათ სჭირდებათ დახმარება, სამსახური. თქვენ ვერასოდეს ნახავთ აქციაზე ადამიანს, რომელსაც სამსახური აქვს და შენიღბული დადის. ამის ნახვაც ერთგვარად ძალიან რთულია, რადგანაც ასეთ დროს აცნობიერებ, რომ თემის ერთიანობა არ არსებობს.
_ წარსულში რომ არ გადავინაცვლო და აქვე ძალიან ახლო დღეების ქრონიკა მოვიშველიო, 2021 წლის 15 და 16 მაისს გავიხსენებ, როდესაც ლევან ვასაძემ და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელმა აქციები გამართეს LGBTQ თემის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, 17 მაისის წინააღმდეგ, თუმცა, ხელისუფლება მათ რამე სახის დისკომფორტს სულაც არ უქმნის, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც პატრიოტული სულისკვეთებით დგანან ქუჩაში. როგორ ფიქრობ, იყენებს თუ არა ხელისუფლება ვასაძეს, „უცნობსა“ და მსგავსს პირებს თავიანთი სახის შესანიღბად?
_ აქვე დავძენ, რომ მე პირადად ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ იმ ადამიანთა გამოსვლებს ან ქმედებებს, რომლებიც ჩამოვთვალე, თუმცა ჩემი აზრი მაქვს მათთან მიმართებით და გეტყვი, რომ ვასაძეც და მასთან დაკავშირებული ჯგუფებიც ხელისუფლებისა და საპატრიარქოს არაოფიციალური ჯარია, რომელსაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ რაიმეზე მიმართავს და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს. ამას ორი წლის ბავშვიც კი მიხვდება.
_ შევეხეთ 17 მაისს და, ალბათ, ეს დღე ცნობილი „ტაბურეტკის“ გახსენების გარეშე წარმოუდგენელია _ რა ასოციაციას იწვევს შენში „ტაბურეტკა“?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩემთვის „ტაბურეტკა“ ასოცირდება რელიგიურ ჯგუფთან, რომელიც ქადაგებს სიკვდილს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება და პატივისცემა აქვთ იმ ძალებს, რომლებიც ღმერთის სახელით კლავენ ადამიანებს.

გიგა გელხვიიძე