ნანა ჩარკვიანი: „სახელმწიფომ ერთი კრიმინალის პირისპირ ჩაისვარა“
ბობოქარ წინასაარჩევნო ვნებათაღელვასთან ერთად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა ზუგდიდელი ბანკის მძარცველის, ბადრი ესებუას საქმე გახლდათ, რომელსაც, ტერორიზმის ბრალდებით, აგერ უკვე მესამე კვირაა, უშედეგოდ ეძებს ძალოვანი უწყება.
მედიაში ვრცლად განიხილავენ ესებუას მიერ განხორციელებული თავდასხმის თითოეულ დეტალს ყველა ასპექტში, მისი ე. წ. აყვანის სპეცოპერაციას, რადგან ის უკვე ოთხჯერ გაექცა სამართალდამცველებს და, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის საქართველოს ლეგენდარულ დამნაშავედ იქცა.
„ქრონიკა+“ ესაუბრა ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტ ნანა ჩარკვიანს და შევეცადეთ, მასთან ერთად შეგვედგინა ბადრი ესებუას ფსიქოპორტრეტი, რამდენადაც ეს შესაძლებელი გახლდათ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით:
_ ნანა, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალთან დაკავშირებული ისტორია არის თუ არა იმის დასტური, რომ ჩვენი ძალოვანი უწყებები უსუსურია კრიმინალის პირისპირ?
_ თუ მხედველობაში გაქვს მხოლოდ კონკრეტული მაგალითი, მაშინ სურათი მართლაც ასე გამოიყურება, თუმცა როდესაც რაიმე ფაქტი ფასდება, აუცილებელია ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია ცალსახა დასკვნის გასაკეთებლად. მე კი მგონია, რომ ინფორმაცია საკმარისი არ არის, ამიტომ იძულებული ვართ ვილაპარაკოთ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ხელთ გვიჭირავს. აღნიშნულ დანაშაულს ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველი ასპექტები აქვს, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, ერთი თავდამსხმელის დაკავება-არდაკავება.
_ კერძოდ, რა ასპექტებია?
_ უპირველესად ის გარემოება, რომ ნახევარი თუ ოთხი მილიონის წამღები ესებუას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ არის ცალსახა! მთელი ამ ხნის განმავლობაში სოცქსელებში მკაფიოდ გამოიკვეთა საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიტიური დამოკიდებულება დამნაშავის მიმართ. ეს ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აღიქვამს პრიზმაში: „შეერგოს!“ ძალიანაც კარგი!“ „ღირსი არიან!“ და ა. შ. ამავე ნაწილს უხარია ის გარემოება, რომ სამართალდამცველებმა აქამდე ვერ შეძლეს ბრალდებულის დაკავება.
მედიაში ვნახეთ, რომ ზუგდიდელი ტერორისტი (როგორც მას უწოდებენ) ოთხჯერ გაექცა ძალოვნებს დიდი ძალისხმევის გარეშე!
ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ:
- ესებუამ შეძლო საზოგადოების ნაწილის სიმპათიის მოპოვება;
- ესებუამ შეძლო, „თამაშის“ საკუთარი წესები ეკარნახა სახელმწიფოსთვის;
- ესებუამ შეძლო, მარტო დაპირისპირებოდა და გამკლავებოდა მთელ სისტემას;
- ესებუამ შეძლო, მიეცა მაგალითი სხვა კრიმინალებისთვის და დაენახვებინა მათთვის, რომ სავალდებულო სულაც არაა, ჩაიდინო დანაშაული და ამისთვის დაისაჯო!
აი, ნახე, რეალურად, რა მოიმოქმედა მან: შეიჭრა ბანკში; აიყვანა 43 მძევალი; არ დაუღვრია წვეთი სისხლი; აიძულა პოლიცია, ციმციმ გადაეცათ მისთვის ნახევარი მილიონი; გამოეყოთ ტრანსპორტი; გაეყოლებინათ „ექსკორტი“ და გაეკეთებინათ მისთვის დერეფანი უსაფრთხო ადგილზე გადასასვლელად.
_ ხელისუფლების განცხადებით, ისინი უფრთხილდებოდნენ უმთავრესს: ადამიანების სიცოცხლეს. არ ეთანხმები?
_ ამის უგულებელყოფა არ შეიძლება – ადამიანების სიცოცხლე მართლაც უმთავრესია. ოღონდ, დიდი ალბათობით: 1. ზუგდიდელ ტერორისტს არ ჰქონია განზრახული სისხლის დაღვრა; 2. მას გაცნობიერებული ჰქონდა სიკვდილი; 3. ის წავიდა ვა-ბანკზე მისთვის ზემნიშვნელოვანი მოტივაციით; 4. ამ მიზნისთვის მზად იყო, დაეთმო საკუთარი სიცოცხლე. მან ხომ თავად განუცხადა მძევლებს, რომ ცოცხალი არ ჩაბარდებოდა სამართალდამცველებს? და ეს სრული სიმართლე გახლდათ; 5. მან ზუსტად იცოდა, რომ იმ პირობებში, როცა მედია ლამის ბანკის შენობიდან „ლაივში“ გადმოსცემდა მიმდინარე მოვლენებს, ხელისუფლება ვერ გაბედავდა დამნაშავე დაეკავებინა მსხვერპლის ფონზე და დამსგავსებოდა, ვთქვათ, პუტინს, რომელმაც 2002 წლის 22-დან 26 ოქტომბრის პერიოდში, მოსკოვში, დუბროვკაზე, თეატრალური ცენტრის შენობაში გამაგრებულ ჩეჩენ „ბოევიკებს“, მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი მიუზიკლ „ნორდ-ოსტის“ მსახიობები, მაყურებელი და თეატრის თანამშრომლები, რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო ორგანოებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რათა ჩეჩნეთის ტერიტორიიდან მათ ჯარები გაეყვანათ, უჩვენა „ვინ არის აქ უფროსი“ და მსხვერპლის ფასად (დაიღუპა 130 მძევალი) ტერორისტებისგან გაწმინდა „ნორდ-ოსტის“ შენობა.
ამიტომაა, რომ ჩვენი სამართალდამცველების მტკიცების მიუხედავად, _ გვაღელვებდა მხოლოდ მძევლების სიცოცხლე, განა სუსტი ვართო, _ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფომ ერთი კრიმინალის პირისპირ, ბოდიშს მოვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ ჩაისვარა.
_ რა ზემნიშვნელოვანი მოტივაცია უნდა ჰქონოდა ბანკის მძარცველს?
_ ახლა ამას თავად ესებუას გარდა ვინ იტყვის? მაგრამ ზემნიშვნელოვანი რომ იყო მისთვის, ამაზე მკაფიოდ მეტყველებს მის მიერ დანაშაულის ზედმიწევნით კარგად დაგეგმვა, მომზადება და განზრახვის სისრულეში მოყვანაც. მან ზუსტად იცოდა, რაზე მიდიოდა და შედეგებზეც ჰქონდა პასუხისმგებლობა გაცნობიერებული. მეტიც: ამ მიზნის მისაღწევად იგი მზად იყო გაეღო სიცოცხლე, რადგან არ სურდა ამის გაკეთება სხვისი სიცოცხლის ხარჯზე. შეგიძლია შემედავო, მაგრამ მას არ უნდოდა არც ნახევარი და არც ისეთი ოთხი მილიონი, რომლის გამოც შეიძლებოდა, მკვლელად ქცეულიყო. ამ შემთხვევაში მის მიზანს – გაეტანა ფული უვნებლად და იქაურობას მშვიდობით გაცლოდა _ აზრი ეკარგებოდა. როგორ უნდა დამტკბარიყო დიდძალი ფულის ფლობის განცდით, თუ ეს მიზანი სიკვდილზე, თანაც – სხვისაზე, გაცვალა?
_ რას ნიშნავს, გაცნობიერებული ჰქონდა სიკვდილი? ანდა როგორ შეგიძლია თქვა დაბეჯითებით, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანისას სხვის სიცოცხლეს არ შეიწირავდა?
_ დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ხვალ აუცილებლად გათენდება და ისიც – არა ყველასთვის… რა თქმა უნდა, არავინ იცის, კრიტიკულ მომენტში ან ესებუა ან მძევლები რას მოიმოქმედებდნენ. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზუსტად იცის, თავად რაზე „მოაწერს“ ან არ „მოაწერს“ ხელს აფექტში, ეს „ვინმე“ იტყუება. მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც მეტ-ნაკლებად თვალსაჩინოა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და რა შთაბეჭდილებას ტოვებს დამნაშავე. რაც შეეხება სიკვდილის გაცნობიერებას, უფრო მარტივად რომ ვთქვა, ესაა სიკვდილის გარდაუვლობის იმწამიერი აღქმა, როცა ადამიანმა იცის, რომ მის მიერ გაწეული რისკი არ შემოიფარგლება მხოლოდ სასურველი მიზნის მიღწევა-არმიღწევით. მძარცველს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამ აქტისას შესაძლოა დაღუპულიყო, ვთქვათ, სნაიპერის ტყვიით და ამისთვის მზად იყო.
ყველამ ვიცით, რომ ერთ დღესაც მოვკვდებით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიკვდილის გაცნობიერებას. ეს, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა, რომელიც ოდესმე კი დადგება, მაგრამ გგონია, რომ – არა ამ წუთში. დასასრული გაცნობიერებული გაქვს, როცა რაღაცას, ამ შემთხვევაში – მიზანს ცვლი რაღაცაში – ამ შემთხვევაში საკუთარ სიცოცხლეში.
ზემოთქმულზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ მძარცველს აქვს კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, მყარი ფსიქიკა, შიშისა და აგრესიის მართვის უნარი და ძალიან უყვარს სიცოცხლე! არის მანიპულატორიც, ცხადია.
_ როგორც მძევლები თავად აცხადებენ, ესებუა საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო მათ მიმართ.
_ აბა, რა, გიყვარდეს სიცოცხლე, ნიშნავს გიყვარდეს სხვისი სიცოცხლეც. არა მგონია, მძარცველს წინდაწინ ეფიქრა იმაზე, მძევლებს ხაჭაპურით გაუმასპინძლდებოდა თუ ლუდით, მაგრამ მათი კეთილგანწყობის მოპოვებაზე რომ იფიქრა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ზოგიერთმა მძევალმა მას გულიც გადაუშალა! ასეთი რამე ხდება ტრანსპორტშიც, შორ გზაზე მიმავალი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ხშირად გულახდილობენ და თავთავიანთ ცხოვრებაზე უყვებიან ერთმანეთს. ჯერ ერთი, რომ გზა მალე დაილევა, მეორეც – ეს მათ არაფერს ავალდებულებს და მესამე – მსმენელს პირველად და, ალბათ, უკანასკნელად ხედავენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
_ როგორ გგონია, მართლა გაწირავდა თავს ნახევარი მილიონის გამო?
_ მართლა. ოღონდ არა ნახევარი მილიონის გამო. მან მშვენივრად იცოდა, რომ მის მიერ დაგეგმილი აქტის წარუმატებლობის შემთხვევაში, თუ მას ცოცხალს აიყვანდნენ, არასგზით და არასოდეს აპატიებდნენ განა ნახევარი მილიონის წაღებას ანდა მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორებას, არამედ იმის დემონსტრირებას, რომ სახელმწიფოს მკლავი გადაუწია.
_ ფიქრობ, რომ მას ვერ აიყვანენ?
_ თუკი ესებუამ ასე კარგად დაგეგმა ის, რაც განახორციელა, დარწმუნებული ვარ, დაგეგმილი და კარგად გათვლილი ექნებოდა შემდეგი ნაბიჯებიც: ანუ სად, როდის, როგორ და რანაირად შეძლებდა მიმალვას, თავის შეფარებას, ადგილ-სამყოფლის გასაიდუმლოებას და უკვე შემდგომ – ცხოვრების გაგრძელებას.
_ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. შესაძლებელია, რომ მისი მოტივაცია შურისძიებაც ყოფილიყო?
_ თუ არ ვცდები, იმ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო“… დათხოვნილ იქნას სამხედრო სამსახურიდანო. ვფიქრობ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ის არ იყო ზემდგომთა ბრძანებების უპირობო შემსრულებელი, არადა, სამხედრო სამსახურში დისციპლინა პირველ ადგილზე უნდა იდგეს! რაკიღა მას შეეძლო კონტრაქტის პირობების დარღვევა და ურჩობა, თანაც იყო პირველი კლასის რიგითი, ანუ სპეციალური მომზადების მქონე და თანაც, ასეთი წინდახედული, არა მგონია, რომ შურისძიება მთავარი მამოძრავებელი მოტივი ყოფილიყო მისთვის. აქ მიზანი უფრო კონკრეტული და კარგად გაცნობიერებულია. ოღონდ, რა – ამას თავად თუ იტყვის.
_ თუ იპოვეს და დააკავეს, შესაძლოა, თქვას კიდეც.
_ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც ქართველმა ძალოვნებმა მავანი და მავანი პირები „ვერ იპოვეს“. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც დღემდე მოსვენებას არ აძლევენ მოქმედ ხელისუფლებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის მიმართ დადებითად არის განწყობილი და ამის დასტურს სოცქსელებშიც ვნახავთ. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ მას უცნობი ადამიანებიც კი დაეხმარონ სხვადასხვა მოტივაციით, არ შეიძლება გამოირიცხოს.
_ უნდა გაეშუქებინა თუ არა მედიას ესებუას მიერ ჯერ მძევლების აყვანისა და შემდგომ მიმდინარე სპეცოპერაციების ფაქტები ისე, როგორც ვიხილეთ?
_ მედიის საქმე ისაა, რომ მოვლენები გააშუქოს, თუმცა მსგავსს შემთხვევებში არსებობს სტანდარტები, რომელთა დაცვაც უპრიანია. და კიდევ მგონია, რომ ტერორისტთან მოლაპარაკების წარმოება უნდა ეკისრებოდეს სპეციალისტს და არა უბრალოდ რომელიმე განყოფილების ხელმძღვანელს, თუნდაც ის ძალიან გაბედულად მოქცეულიყო, რადგან აქ მთავარია არა მსხვერპლშეწირვა, არამედ სახელმწიფოსთვის მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგის მიღება.
_ როგორ გგონია, რატომ მოითხოვა ესებუამ ნახევარი და არა, ვთქვათ, ერთი ან ორი მილიონი? მოკლედ, იმდენი დაასახელა, რამდენის ტარებასაც იოლად შეძლებდა?
_ თუ ესებუამ მართლაც ნახევარი მილიონი მოითხოვა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მისი მიზნის მნიშვნელოვნებაზე, რადგან აქ კილოგრამების თრევაზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ტერორისტს ესმის – ფული არაა მიზანი, ის მხოლოდ რესურსია მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
_ გინდათ თქვათ, რომ ტერორისტი მიზანსწრაფულია?
_ გინდა თქვა, რომ – არა?!
_ როგორ გგონია, რას იღონებს სახელმწიფო შელახული იმიჯის აღსადგენად?
_ არ ვიცი, რას იღონებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა უნდა იღონოს!
_ მერე, გვითხარი.
_ ეს აღარ ეხება ფსიქოპორტრეტს, ეს უკვე პოლიტიკური ჭრილია, ამიტომ მოსაზრებებს ჩემთვის შევინახავ.
გიორგი საკარული