ნანა ტოხვაძე: „ხელისუფლების გამყიდველი ნაბიჯების გამო ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია“
თამუნა მჭედლიშვილი
„ქართულმა ოცნებამ“ ხელმძღვანელი პირების მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება დაიწყო. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ მუქარებისა და რეპრესების დაანონსებამ ჯავშნიანი ტრიბუნიდან არჩვენებამდე ორი თვით ადრე განხორციელება დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორი, მინდია გველებიანი და სოფელ ნოქალაქევის სკოლის დირექტორი, შორენა შამათავა, დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
სამწუხარო ფაქტია თავისთავად, მაგრამ როდესაც მოქმედი დირექტორის განთავისუფლებას ერთპიროვნულად სამინისტრო „წყვეტს“ და ახორციელებს რესურსცენტრის ჩართვის გარეშე, როდესაც ახლად დანიშნული დირექტორისგან იგებს განთავისუფლების ბრძანების მოსვლას უკვე ყოფილი დირექტორი, როდესაც მოხსნის მიზეზი დაუსახელებელია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პოლიტიკური სურნელი ასდის, მით უმეტეს, „ახალი დირექტორი“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, სოფლის რწმუნებულის მეუღლე თუ არის… მეორე შემთხვევაში კი _ პოლიციის უფროსის მოადგილის მეუღლე! „რატომღაც“, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სიტყვა გატეხა ან „დაავიწყდა“ თავისივე ნათქვამი, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს უარის შემთხვევაში ის არ გამოიყენებდა თავის დისკრეციულ უფლებას…
როდესაც რესურსცენტრი სკოლის დირექტორების სოციალურ ქსელებს მუდმივად აკვირდება, აფრთხილებს და მითითებას აძლევს სკოლის ხელმძღვანელ პირს _ რომელი პოსტი მოიწონოს ან არ მოიწონოს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 1937 წელია და რეპრესიები დაწყებულია!
წინასაარჩევნოდ დაწყებული რეპრესიების, პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული სკოლის დირექტორებისა და „ქართული ოცნების“ მეცადინეობით განათლების სისტემაში ევროპული ფანჯრის მიხურვით გამოწვეული შედეგების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე:
_ ქალბატონო ნანა, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერეთ პოსტი, სადაც აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სისტემაში „მართვადი ქაოსი“ შექმნა. რატომ და რისთვის სჭირდება ხელისუფლებას განათლების სისტემაში თავისივე შექმნილი ეს „მართვადი ქაოსი“?
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 12 წელია, განათლებას იყენებს საკუთარ საარჩევნო ინსტრუმენტად და ყველა იმ ჩართულ მხარეს _ ეს იქნებიან სკოლის დირექტორები თუ მასწავლებლები, მოიაზრებს, პრაქტიკულად, პარტიული შტაბის ნაწილად. შესაბამისად, მოახლოებულ არჩევნებზე ის, რომ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით ნიშნავენ საკუთარ კადრებს და ის, რომ განათლების ხარისხი ან მოსწავლეთა მიღწევები მათთვის უმნიშვნელოა, ეს უკვე 12 წელია, ვნახეთ. ამ პრაქტიკას ხელისუფლების ცვლილებისთანავე უნდა მოეღოს ბოლო. ზოგადად, მავნე ტრადიციაა, რომ განათლება დაუქვემდებარონ პარტიულ ამოცანებს. ეს ტრადიცია საქართველოში, სამწუხაროდ, დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ჩვენ აქვე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის თაობების მიმართ ჩადენილი უდიდესი ზიანი. დანაშაული, რომელიც ხელისუფლების ცვლილებისთანავე უნდა აღმოიფხვრას. ჩვენ გვჭირდება ევროპული სტანდარტის განათლება, რომელიც გულისხმობს არა მართვად ქაოსს, რომელსაც პარტიები აკონტროლებენ და ხელისუფლებას საკუთარ დამორჩილებაზე ჰყავს გადაყვანილი, არამედ გვჭირდება სკოლის დემოკრატიული მართვა. მუდმივად ყველა სტატუსში, ყველა სტატიაში ჩემი მოწოდება არის ის, რომ საჯარო სკოლებს განსაკუთრებით სჭირდებათ შველა. ხელისუფლების გასტუმრების შემდეგ, 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს განათლების სისტემის გაჯანსაღება, რეფორმირება და რაც მთავარია, დემოკრატიულად მართვით სისტემაზე გადაყვანა.
_ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, ხონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, დაფიქსირდა სკოლის დირექტორების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლების ფაქტები… რეპრესიები დაიწყო?
_ „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის მიუღებელია კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, ეს იქნება სკოლის დირექტორები თუ მასწავლებლები. ამიტომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლეში ისინი ცდილობენ ჩამოიშორონ და მაქსიმალურად დისტანცირებული ჰყავდეთ კრიტიკულად და ჯანსაღად მოაზროვნე თავისუფალი მოქალაქეები. ამ დირექტორების შემთხვევაშიც სცენარი იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი. მარტივად რომ გითხრათ, მაგალითად, ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მუდმივად აკონტროლებდნენ და უკრაინის მხარდამჭერი პოსტების გამო რამდენჯერმე შენიშვნა მისცეს სწორედ პოლიტიკური ეშელონებიდან. ფინალი იყო ლოგიკური, რომ ადამიანი ჩამოაშორეს საქმიანობას, მიუხედავად მისი პროფესიონალიზმისა. იგი სერტიფიცირებული კანდიდატია და არათუ დანიშნეს ან აარჩევინეს სამეურვეო საბჭოს საჯარო სკოლის დირექტორად, არამედ პირიქით, მისი დისტანცირება და ჩამოშორება გადაწყვიტეს. ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ბოროტი საცეცები მისწვდა და მისწვდება, აუცილებლად საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე დანიშნავენ შტაბის ხელმძღვანელებს, პრაქტიკულად, საარჩევნო ყულაბის შემავსებელ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებს და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც აბარიათ მომავალი თაობის აღზრდა და არიან საგანმანათლებლო ლიდერები.
_ არის თუ არა პრიორიტეტი განათლება თქვენს საარჩევნო პროგრამაში და როგორი რეფორმები გაქვთ დაგეგმილი განათლების სისტემაში განსახორციელებლად?
_ განათლების სისტემის სამი მთავარი ამოცანა დგას ჩვენს დღის წესრიგში. ეს გახლავთ პოლიტიკური წნეხისგან განათლების განთავისუფლება, დეპოლიტიზება, დეცენტრალიზებული მართვა, რომელიც გულისხმობს საჯარო სკოლის დირექტორების პირდაპირი წესით არჩევას თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, რომელსაც უნდა მიჰყვეს ასევე ფინანსური დეცენტრალიზება და სკოლამ განკარგოს საკუთარი ფინანსები სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე და მესამე _ მოდერნიზება, ანუ სასწავლო პროგრამების ევროპული სტანდარტით მოწყობა და, შესაბამისად, ხარისხიანი განათლების მიცემა ჩვენი მოსწავლეებისთვის.
_ ეთანხმებით თუ არა რამდენიმე წელიწადში დაგეგმილ რეფორმას განათლების სისტემაში, რაც გულისხმობს ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებას?
_ ერთიანი ეროვნული გამოცდები არის ყველაზე დიდი მიღწევა, განათლებაში რაც გვქონია უმაღლესი განათლების რეფორმირების მხრივ, თუმცა ცხადია, უკვე ოცწლეულის შემდეგ მოდიფიცირება და გარკვეული ცვლილებების შეტანა ამ მიმართულებითაც არის პრიორიტეტული. პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის მართვის სისტემა პირდაპირ აისახება ხოლმე განათლებაზე. თუ ჩვენ დავუბრუნდებით ევროპული განვითარების რელსებს და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიცია მოიგებს არჩევნებს, თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, იქნება სწორედ სტუდენტების, ჩვენი აბიტურიენტების ინტერესებისა და მათი განვითარების შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ცხადია, ამ გეგმაზე მუშაობა გრძელდება, დეტალურად მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, რომ კოალიციურ მთავრობაში, მათ შორის, ჩვენი გეგმები ეროვნული გამოცდების რეფორმირებასთან დაკავშირებული, გაზიარებული იქნება.
_ ევროპისკენ გაღებული ფანჯარა საქართველოსთვის ნახევრად მიიხურა, _ განაცხადეს ევროპარლამენტში. რამდენად იმოქმედებს და დააზიანებს ევროპისკენ ნახევრად მიხურული, ან საერთოდ დაკეტილი ფანჯარა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს და მასში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს?
_ „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ნაბიჯების გამო ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ეს პირდაპირი დარტყმა იქნება განათლების სექტორისთვის, გნებავთ, უმაღლესში, გნებავთ, სასკოლო საფეხურზე. თუ რამე ამ წლების განმავლობაში გაკეთებულა განათლების სისტემაში, იყო სწორედ ევროპული და ამერიკული გრანტების დამსახურება. თითოეული სკოლა რეგიონებში, რომელიც მოწესრიგდა და ინფრასტრუქტურა გაიმართა, თითოეული ბაღი, რომელიც აშენდა და გაიხსნა, სწორედ დასავლური გრანტების დამსახურებითაა. ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის ხელისუფლება, რომელიც უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს და შესაბამისად საფრთხე ჩამოვაშოროთ ჩვენს მომავალ თაობებს, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება, რომ მათი მომავალი იყოს გარანტირებული და რაც მთავარია, იყოს ევროპული.
_ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების საფრთხეზე ალაპარაკდა…
_ თუ ვინმესგან ემუქრება საფრთხე ოპოზიას და ზოგადად პროევროპელ მოქალაქეს საქართველოში, და ასეთი 80 პროცენტი ვართ, ემუქრება სწორედ რუსული რეჟიმისგან, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები. ამიტომ მთავარი ამოცანა დღეს საქარველოს მოქალაქეებისთვის არის საკუთარი პროევროპული არჩევანის დაცვა, რასაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ლიდერები შევძლებთ და განვახორციელებთ. ქართველი ხალხის ნება არის ცხადზე ცხადი _ ჩვენ ვირჩევთ ევროპას და მივაღწევთ ევროპულ მომავალს. ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელიც მუქარებით, შანტაჟითა და დაშინებით არის დაკავებული, მოუწევს გადაინაცვლოს ოპოზიციაში და შეეგუოს ამ ხვედრს. სულ რაღაც 50 დღე დარჩა ამ რეალობამდე.
_ სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძისა და მისი ვაჟის სკოლაში მიყვანის ამსახველი კადრები გავრცელდა… რატომ არ შეჰყავთ საჯარო სკოლებში შვილები ჩინოვნიკებს?
_ რთულია, არ დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია და აქედანაც ცხადად ჩანს, რამდენად ენდობიან საკუთარ სისტემას ეს ადამიანები. თუ საჯარო მოხელეს, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, არ აქვს იმდენი ნდობა საკუთარი საჯარო სკოლის მიმართ, რომ შვილი მიაბაროს, გასაგებია მათი ზერელე, უგულისყურო და რაც მთავარია, უინტერესო დამოკიდებულება განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის. მე ჩემი შვილები დამყავდა და დამყავს საჯარო სკოლაში იმიტომ, რომ თუ რამე უშველის ამ ქვეყანას, ეს არის განათლებული თაობა, ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებისგან მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ისინი ოდესმე საჯარო სკოლებსა და მათი განათლების ხარისხს აწევენ იქამდე, რომ საკუთარი შვილები მიაბარონ ამ სკოლებს. ვფიქრობ, საკანონმდელო დონეზეც კი უნდა იყოს რეგულირებული, _ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვალდებულება ჰქონდეს, რომ საკუთარი შვილებისთვის ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით და საჯარო სკოლებით, თუმცა გაქსუებული „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები მხოლოდ ძვირადღირებული კერძო სკოლებით სარგებლობენ და გასაგებია მათი დამოკიდებულება ჩვენი შვილების განათლებისადმი. საკუთარი შვილებისთვის მათ ევროპული მაღალი ხარისხის განათლება უნდათ, ამას ხალხისგან მოპარული ფულით კარგად ახერხებენ…
_ აქვე აღვნიშნავ, რომ კერძო სკოლებში სწავლის საფასური წლიდან წლამდე ძვირდება… რატომ არ რეგულირდება სწავლის გადასახადი კერძო სკოლებში, სადაც ხშირად უცხოურ ვალუტაში იხდის მშობელი სწავლის საფასურს?..
_ აქ არის ერთადერთი გამოსავალი, პირველ რიგში, კონკურენცია, იმისთვის, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხი და მეორე, ფინანსური დეცენტრალიზაცია, რომელიც ვთქვით, რომ საჯარო სკოლების შემთხვევაშიც იქნება ვაუჩერი, რომელიც ეძლევა თითოეულ მოსწავლეს. ჩვენ ვართ ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე გადასული, შესაბამისად, მშობელი, რომელსაც მოსწავლისთვის გადაეცემა კონკრეტული თანხა, იქნება თავისუფლი არჩევანის წინაშე _ მან ეს ვაუჩერი გამოიყენოს კერძო, თუ საჯარო სკოლაში. შესაბამისად, ეს გააჩენს კიდევ მეტ კონკურენციას კერძო სკოლების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს ფასის დარეგულირებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ განათლების ხელმისაწვდომობას თითოეული მოსწავლისთვის. ამიტომ ვაუჩერული სისტემა, რომელიც გვაქვს, უნდა მიჰყვებოდეს ბავშვს, მოსწავლეს როგორც სკოლის შემთხვევაში, ისე საბავშვო ბაღის შემთხვევაშიც. ეს მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი არჩევანი ჰქონდეს მშობელს, სად გამოიყენოს სახელმწიფოსგან გამოყოფილი დაფინანსება ვაუჩერის სახით. რაც შეეხება კერძო სკოლას, მისი არსებობა სავალდებულოა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ფინანსური უზრუნველყოფა აქვთ საიმისოდ, რომ საკუთარ შვილებს საუკეთესო განათლება მისცენ. ჩვენ პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება მეტი კერძო სკოლა გვქონდეს, მეტად გაიზარდოს კონკურენცია და მეტად მაღალი ხარისხი მივიღოთ განათლებაში.