ნანა ტოხვაძე: „ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს“
თამუნა მჭედლიშვილი
ვფიქრობთ, ტელეგრამარხის გამოყენებით რამდენიმე დღის წინ ტერორიზმის მუქარის ავტორების ჩანაფიქრის შესაძლო რეალური ვერსიები არის: 1. ცრუ შეტყობინება, რომელიც ძალოვანი უწყებების რეაგირების ეფექტიანობის შემოწმებას ისახავდა მიზნად; 2. ხელისუფლების მიერ საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა. ე. ი., ხელისუფლების მესიჯბოქსი რომ გავახმოვანოთ, ასე ჟღერს: თუ გარეთ გამოხვალ, ტერორიზმის მსხვერპლი გახდები, ამიტომ გარეთ არ გამოხვიდე!
მივყვეთ ფაქტებს ქრონოლოგიურად:
მუქარა ტელეგრამარხებზე გაისმა.
მიმდინარე წლის 21 აპრილს, 16:57 საათზე. არხმა „ტელეგრამი“, სახელწოდებით „საშინელება თბილისში“, მუქარის შემცველი ტექსტების გამოქვეყნება დაიწყო. ტექსტში წერდნენ, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა განხორციელდებოდა.
„პირდაპირ ვამბობთ, სად წავალთ… ამ სკოლებში ჩავცხრილავთ ბავშვებს. 20-ნი ვართ, პოლიციის არ გვეშინია. ვერ დაგვიჭერენ, საკუთარ სკოლებში გაგანადგურებთ…“, _ მუქარის ეს ტექსტები რუსულ ენაზე იყო დაწერილი. მოგვიანებით, არხზე ხმოვანი შეტყობინებები და ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოებიც დაიდო.
მუქარის შეტყობინებებში თბილისის საჯარო სკოლების ჩამონათვალი დაიდო, სადაც ტელეგრამარხის შემქმნელების მტკიცებით, ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა შემდეგ სკოლებზე: 132-ე, 79-ე, 149-ე, 142-ე, 116-ე, 64-ე, 37-ე, 98-ე, 105-ე, 117-ე, 72-ე, 96-ე და ორ სავაჭრო ცენტრისზე _ გალერია თბილისი და თბილისი მოლი. შეტყობინებების ავტორების მტკიცებით, ჩამოთვლილ ობიქტებზე ასაფეთქებელი ნივთირებები იყო დამონტაჟებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა 22 აპრილს, მუქარის გავრცელების მეორე დღეს: „სოციალურ ქსელებსა და აპლიკაცია ტელეგრამში წუხელ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. ინფორმაცია ტელეგრამარხებზე რუსულ ენაზე ვრცელდებოდა. ტელეგრამის არხი, რომელზედაც ინფორმაცია ვრცელდებოდა, ამჟამად აღარ იძებნება“.
პრეისტორია
ასეთი სახის მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევა საქართველოში სამი თვის წინ, ქალაქ ბათუმში გავრცელდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ცრუ შეტყობინებები, თბილისის შემთხვევის მსგავსად, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებს მოიცავდა.
2024 წლის 21 იანვარს აჭარის ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ სამართალდამცველები, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები კინოლოგების ჩართულობით, ამოწმებდნენ ბათუმის ყველა დიდ სავაჭრო ცენტრს: „ბათუმი პლაზა“, „ბათუმი მოლი, „გრანდ მოლი“, „მეტრო სითი“ და „აგროჰაბი“, ასევე ასევე ბათუმის ხუთ საჯარო სკოლას. მაშინ სოციალურ ქსელებში ბათუმელი მშობლები წერდნენ, რომ პანიკის გამო ისინი ბავშვებს 22 იანვარს სკოლებში აღარ გაუშვებდნენ.
მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ სულ ახლახან სომხეთსა (12 აპრილს) და ყაზახეთში (19 აპრილს) მსგავსი მუქარის შემცველი ფატები დაფიქსირდა.
განათლების სამინისტროს „ოქროს“ დუმილი
განათლების სამინისტროს ამ მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ არც წერილობითი და არც საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა განათლების სამინისტროს პრესსამსახური და მოსახლეობას ამცნო, რომ „მინისტრს არ მიუღია საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება, _ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც დუმილს მართლა არ ჰქონდა ოქროს ფასი, ბატონო მინისტრო!
საბჭოთა კავშირის რეანიმაციის მცდელობა თუ უბრალოდ „ფაქტების“ დამთხვევა? ტერორისტების მუქარა თუ ხელისუფლების ხელით შიშის თესვა საზოგადოებაში? სკოლისა და ბაღის დირექტორებისთვის გაცემული „ინსტრუქციები“, მასწავლებლების ძალა, ქართველი ჩინოვნიკები და მათი ანგარიშვალდებულებები, „ქალების მარში“ … და რას აკეთებს „ქართული ოცნება“ „რუსული კანონით“ რეალურად?
„ქრონიკა+“ ამ საინტერესო თემების შესახებ ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელ ნანა ტოხვაძეს:
_ ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, ვისი ხელი „ურევია“ რამდენიმე დღის წინ ტელეგრამარხზე თბილისის საჯარო სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების მიმართულებით დაწერილ ტერორისტული მუქარის შემცველი ტექსტების გავრცელებაში?
_ მოგეხსენებათ, პანიკისა და შიშის თესვა პროპაგანდის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია, რომელსაც აქტიურად იყენებენ ტოტალიტარული რეჟიმები. ჩვენდა სამწუხაროდ, თუ ვინ შეიძლება იყოს გავრცელებული მუქარების წყარო, ეჭვი თანაბრად ნაწილდება რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოსა და მათი პოლიტიკის გამტარ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე. ნაცადი ხერხია, რომ თავად ქმნი პრობლემას და მის მომგვარებელ, მაშველ რგოლადაც თავად იქცევი. განსაკუთრებით მგრძნობიარეა საკითხი, როდესაც ბავშვების უსაფრთხოებაზეა საუბარი. პასუხისმგებელი უწყებების რეაგირება, ოფიციალური განცხადებები იმდენად დაგვიანებული იყო, რომ, პრაქტიკულად, სკოლის დაცლილ შენობებში უწევდათ სასწავლო პროცესის წარმართვა.
_ დიახ, 22 აპრილს სასწავლო პროცესი ჩაიშალა თბილისის ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში… მშობლები პანიკამ მოიცვა, სოციალურ ქსელში, ასევე სკოლების დახურულ მშობელთა ჯგუფებში მუქარის შემცველი ტექსტები ელვისებური სისწრაფით გავრცელდა…
ასეა და ვერავის მოსთხოვ გმირობას, როცა საქმე შვილის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ეხება. როცა ჩვენი სამართალდამცვლეები საპროტესტო აქციებზე მდგომ ახალგაზრდებთან ანგარიშსწორებით და ძალის დემონსტრირებით არიან დაკავებულები, ცხადია, ნდობა მათ მიმართ ნაკლებია. ხელისუფლების უკანონო დავალებების შემსრულებლად აქციეს შსს-სა თუ უსაფრთხოების სამსახურები. ამ ვითარებაში მშობლების სიფრთხილე და თავშეკავება სრულიად ლოგიკურია. ამიტომაც სკოლის რამდენიმე დღით გაცდენა არჩიეს, ვიდრე შვილის საფრთხეში ჩაგდება.
_ სად იყო ამ დროს საქართველოს განათლების მინისტრი, ბატონი ამილახვარი? თქვენი აზრით, რატომ არ გააკეთა მან ოფიციალური განცხდება, _ არც მოუწოდა მშობლებს ბავშვების სკოლებში გაშვების შეახებ და არც სახლებში დარჩენაზე. მეტიც, არც კი დაამშვიდა საზოგადოება და შექმნილი კრიზისულ-პანიკური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, ფაქტობრივად, მოსახლეობას შეატოვა ხელთ…
_ სხვაგვარად როდის მოქცეულა ბატონი ამილახვარი?! ვერც კი ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც პასუხისმგებლობა ან ანგარიშვალდებულება გამოიჩინა მინისტრმა. მისი ლეგიტიმაციის წყარო ბიძინა ივანიშვილია და მხოლოდ მის წინაშე გრძნობს თავს პასუხისმგებლად და არა მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ. ყველა გამოწვევის პასუხად ის ან დუმილს არჩევს, ან პარტიული დირექტივებისა და მესიჯბოქსის გავრცელებითაა დაკავებული. ბატონი ამილახვრის მინისტრობა სრული ფორმალობა რომ არ იყოს, მინიმუმ, მისი მყისიერი განცხადება უნდა მოგვესმინა მშობლებს. და, ზოგადად, პასუხები უნდა ჰქონდეს ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის საკითხების შესახებ, როგორიცაა სკოლის დირექტორთა შერჩევის პროცესი, სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა, მასწავლებლებისთვის დაპირებული „ახალი სახელფასო“ ფორმულა და ა. შ.
_ სუს-მა დააკავა თუ არა ვინმე ან გამოავლინა თუ არა სავარაუდო დამნაშავე, აქამდე არ ვიცით… გვაძლევს ხელისუფლება იმის გარანტიას, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები უსაფრთხოდ და დაცულები ვიქნებით? რა კეთდება ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ვინმემ იცის?
_ გულუბრყვილობა იქნება უსაფრთხოების რაიმე ტიპის გარანტიებზე საუბარი და მოქალაქეზე ზრუნვის მოლოდინი ხელისუფლებისგან, რომლის ინტერესი ყველა მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება, კორუფციული სქემებით კიდევ მეტი სიმდიდრის მოხვეჭა და საქართველოს რუსიფიკაციაა.
_ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, სკოლის დირექტორებისთვის გაიცა თუ არა კონკრეტული სახის ინსტრუქცია 22 აპრილს ან რამდენად არიან, საერთოდ, სკოლის დირექტორები და საბავშვო ბაღის გამგეები მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვისთვის მომზადებულები?
_ არ მგონია, ზემდგომებს ეზრუნათ თუნდაც სკოლის თანამშრომლების უსაფრთხოებაზე. მაგალითის მისაცემად, შიშისა და პანიკის მიუხედავად, მასწავლებლებს სკოლებში გამოცხადება მოუწიათ.
_ საინტერესოა, საქართველოს განათლების სისტემაში მოსწავლეთა და პედაგოგთა ტრენინგი ან სწავლების როგორი სპეციფიკის კურსი არის გათვალისწინებული, მოულოდნელი საგანგებო მდგომარეობის შექმნიდან გამომდინარე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების, მოქმედებისა და თავდაცვის მიმართულებით?
_ ფორმალურად ტარდება ხოლმე მსგავსი აქტივობები სკოლებში, მაგრამ არა საჭირო ინტენსივობით და შედეგზე ორიენტაციით, არამედ საჩვენებელი ხასიათის, რათა შეივსოს დოკუმენტაცია, მოინიშნოს „აქტივობა“ და დაინტერესებული სკოლები.
_ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა იქცეოდეს ასეთი ექსცესების დროს წესით და კანონით სკოლა და განათლების მინისტრი?
_ პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საზოგადოებასთან მყისიერი კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულების გამოჩენა არის დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფოს სტანდარტი. ეს ფუფუნება კი არა ვალდებულებაა შესაბამისი სამინისტროსა თუ მინისტრის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვუხდით ხელფასებს ჩინოვნიკებს, რატომ ვქირაობთ მთავრობას, თუ კრიზისების დროს ჩირგვებში უნდა ისხდნენ?
_ ბოლო ერთი კვირაა, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და, განსაკუთრებით, სტუდენტი ახალგაზრდობა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მართავს ხელისუფლების მიერ „რუსული კანონის“ შემობრუნებისა და დღის წესრიგში დაყენების საწინააღმდეგოდ… თქვენი აზრით, ამ „კანონით“ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ სინამდვილეში?
_ ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს. „რუსული კანონის“ რეინიცირებით არღვევს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და გვაშორებს ევროკავშირს. თუმცა მე მჯერა ხალხის სიბრძნის! თავისუფლების სიყვარული და დემოკრატიული განვითარების სურვილი გადაწონის ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი! არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს საქართველოში! _ ეს გახლავთ ახალგაზრდების მთავარი სლოგანი, რომლითაც აუცილებლად შეცვლიან მოღალატე ხელისუფლებას.
_ სოციალურ ქსელში თქვენი სტატუსი „შემომხვდა“: „მასწავლებლებო, თქვენს ხელშია მთავრი ძალაუფლება „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“, _ ილია. გაიმარჯვებს საქართველო ამ ომში?
_ დიახ, ძალიან დიდი ძალაა მასწავლებლები. მათი დამსახურებაც დიდია, რომ ამდენი ნათელი, თავისუფალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდა დგას ქუჩაში და აპროტესტებს რუსულ კანონს. ამას მარტო მშობლები ვერ შევძლებდით…
_ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა მასშტაბური მსვლელობა „ქალთა მარში“, რეგიონებშიც გახვედით?
_ თბილისის პარალელურად „ქალთა მარში“ გაიმართა საქართველოს დიდ ქალაქებში სლოგანით: „ქალები ვირჩევთ ევროპას“. სწორედ ამ დღეს ჩანიშნული გვქონდა შეხვედრა ოზურგეთში, პროექტის „ქალები ევროპული მომავლისთვის“ ფარგლებში, სადაც ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის აქტიურ, პროდასავლური ღირებულებების მქონე ქალებთან ერთად შევუერთდით „ქალთა მარშს“.
_ „ენა, მამული, სარწმუნოება“, თუ „ენა, მამული, ერთობა“?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ილიაც თავისი დროის ჯენზი იყო, როცა საკუთარი ღირებულებების დასაცავად დაუპირისპირდა მამათა თაობას. „ენა, მამული, ერთობა“ _ ამ იდეის გარშემო შეფიცულები ილიას რომ ენახა, ძალიან იამაყებდა ამ გაბედული თაობით! თავადაც 24 წლის ჭაბუკის ევოლუციური და რევოლუციური თვალი ჰქონდაა! სახელმწიფოსა და გელათს რომ გამეტებით ანგრევენ, 83 ფარისევლი დეპუტატისგან ან პრორუსული ხელისუფლებისგან სარწმუნოების დაცვაც ძალიან „გაახალისებდა“ ილიას!
_ ხელისუფლებამ 29 აპრილს კონტრაქცია დაგეგმა, ამაზე რას იტყვით?
_ ორშაბათ დღეს საჯარო მოსამსახურეებისა და სკოლის, საბავშვო-ბაღების დირექტორებისა და პედაგოგების საყოველთაო მობილიზება აქვთ გამოცხადებული. აქცია საღამოს 6 საათზე სწორედ ამიტომაც დაიგეგმა…
მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს: უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას. არავის მისცენ მათ მიმართ უღირსად მოქცევის უფლება, რომ სასწავლო დღეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ცხვრებივით გამორეკონ სკოლებიდან კონტრაქციაზე. ახსოვდეთ, რომ ხელფასს, რომლითაც ასე აშინებენ, მათ უხდის სახელმწიფო, ჩვენ, ხალხი და არა რომელიმე მთავრობა ან მმართველი პარტია.
დიახ, რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება!