ნანა ტოხვაძე: „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბავშვების ინტერესებს ემსახურება“
თამუნა მჭედლიშვილი
„ქრონიკა+“-ის მკითხველსა და საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ პედაგოგები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ და იქვე ღია ცის ქვეშ ღამეს ათენებენ. ისინი საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში გამოვლენილი დარღვევების შესახებ პასუხისთვის შეხვედრას ითხოვდნენ განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან.
დირექტორობის კონკურსში მონაწილე გაფიცული ორი პედაგოგი, დავით ფერაძე და მაია ეკალაძე, მინისტრსა და მის მოადგილეებს 4 დეკემბერს შეხვდნენ, მაგრამ დარღვევების შესახებ ინფორმირების შემდეგ პედაგოგებმა მინისტრისგან კონკრეტული, რაციონალური და კომპრომისული გეგმა ვერ მოისმინეს. დღეს მათ ორი მთავარი მოთხოვნის დაყენება უწევთ შიმშილობის ფონზე. 1. გაიმართოს ღია, საჯარო, გამჭვირვალე კონკურსი მაღალი საზოგადოებრივი სანდოობის მქონე კომისიასთან და არა განათლების სამინისტროს ხელდასხმულ წევრებთან; 2. დისკრეციული წესით გადანაწილდნენ პოლიტიკური ნიშნით დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები უდირექტოროდ დარჩენილ საჯარო სკოლებში.
როგორ განვითარდა მოვლენები მოშიმშილე მასწავლებლების მიერ დაყენებული დარღვევების საპასუხოდ განათლების სამინისტროს მხრიდან? აქვს თუ არა პერსპექტივა საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის განხორციელებას და რას ნიშნავს დამრიგებლის პოზიციისა და სასკოლო-საშინაო დავალებების გაუქმება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში? მოემატება თუ არა პედაგოგების ხელფასს მინისტრ ამილახვრისგან და პრემიერ ღარიბაშვილისგან დაპირებული 500 ლარი 2024 წლის პირველი იანვრიდან? _ „ქრონიკა+“-თან ამ აქტუალურ კითხვებს პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე:
_ ქალბატონო ნანა, რა მასშტაბის ცვლილებებს გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმა?
_ ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება ცვლილებებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რატომ?! _ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა პარტიას ჰქონდა ვალდებულება, სხვადასხვა სფეროში წარმოეჩინა სამოქმედო გეგმა. თუ როგორ ვხედავდით განათლების სისტემას ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, წარვადგინეთ ვრცელი დოკუმენტი, რომელიც იყო საჯარო. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე, რაც ახლა გატარდა, მივადევნე თვალი და შევადარე _ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან კარგია, ოპოზიციური პარტიის საარჩევნო პროგრამას ასე კარგად რომ გაეცნო „ქართული ოცნება“, მართალია, დაგვიანებით და არა იმ მეთოდოლოგიით, რაც საჭირო იყო, მაგრამ განახორციელა. ამ მხრივ ამ ცვლილებების წინააღმდეგი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის, ასე ვთქვათ, რეფორმები, დასახული მიზნები, ნამდვილად შესაბამისობაშია, რასაც ესენი ახლა აპირებენ და ნაწილობრივ გააკეთეს. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვსურდა ეს ცვლილებები: სკოლისთვის მეტი ავტონომიურობის მიცემა, მასწავლებლისთვის მეტი ნდობის გამოცხადება შეფასებისა თუ შემაჯამებლების ნაწილში, სკოლას უნდა ჰყოლოდა დემოკრატიულად არჩეული დირექტორი და საგანმანათლებლო ლიდერი. რა გვაქვს დღეს? _ ოთხწლიანი ჩავარდნის შემდეგ უდირექტოროდ დარჩენილი სკოლები, არჩევის ნაცვლად ისევ დანიშნული დირექტორები.
_ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებს თქვენ ეჭვის თვალით უყურებთ…
_ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჰქონდა შემუშავებული, მოიცავდა 3 კომპონენტს. სკოლის გამართული მუშაობისთვის სავალდებულოა კვალიფიფციური სტატუსის მქონე დირექტორი; მასწავლებლები, რომლებიც ასევე თავისი კვალიფიციურობის ნიშნით გაუძღვებიან თავისუფალ ავტონომიურ სასწავლო პროცესს, თუმცა დღევანდელ დღეს, რა პირობებშიც მოაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სკოლები (ნახეთ დირექტორების არჩევის მთელი გადაცდომები და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნები), ეჭვი მეპარება, რომ სკოლას ჰქონდეს დამოუკიდებლობა, სკოლა იყოს ავტონომიური ორგანო და თვითმმართველი ორგანო სასწავლო პროცესში, მასწავლებელი იყოს სანდო, რომელიც განმავითარებელი შეფასების სისტემაზე პასუხისმგებლობას აიღებს. დღევანდელ ვითარებაში იდეის განხორციელება ძალიან გაჭირდება, სკოლებს საამისო არც რესურსი და არც დამოუკიდებლობის ამგვარი ხარისხის აღების სურვილი არ გააჩნიათ.
_ მშობლებში დაბნეულობა გამოიწვია სეგ-ში დაგეგმილმა ცვლილებებმა, კერძოდ: დამრიგებლის ფუნქციის, მეთოდოლოგიური რეკომენდაციების, განმსაზღვრელი შეფასებების _ სასკოლო, საშინაო, შემაჯამებელი დავალებების, გაუქმებამ და ასევე რემედიაციის პროგრამამ…
_ რაც შეეხება რემედიაციის პროგრამას, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი და ხისტი მოთხოვნა განათლების სამინისტროს მიმართ გახლდათ პანდემიის შემდეგომი რეაბილიტაცია. ჩვენ ყველამ ვიცით, კოვიდპანდემიის დროს რამხელა აკადემიური ჩამორჩენა და დანაკარგები გვქონდა სააწავლო პრპოცესში. რემედიაციის პროგრამების გაძღოლასაც სჭირდება სათანადო რესურსი, _ კმაყოფილი მასწავლებელი, უზრუნველყოფილი თავისი შესაბამისი ხელფასით. რაც შეეხება დამრიგებლის ფუნქციას, სადამრიგებლო მასწავლებლის ხელფასების მატება უკვე ბოლო 2 წელია, რაც მუსირებს. ამასთან დაკავშირებით მასწავლებლების პეტიციაც კი შევიდა განათლების სამინისტროში. იყო ძალიან დიდი პროტესტის ტალღა. მივიღეთ დაპირება, რომ მასწავლებლებს სადამრიგებლო ხელფასი (102 ლარი დარიცხული და ხელზე ასაღები 80), უზარმაზარი პასუხისმგებლობის სანაცვლოდ, გაეზრდებოდათ. მაგრამ დაპირების მიუხედავად, ჯამაგირი მათ მაინც არ გაუზარდეს. მასწავლებელს აკისრებენ დამატებით ტვირთს დამოუკიდებელი და თავისუფალი შეფასების მიცემით და ამის საპირწონედ, ამ კოლოსალური შრომის ასანაზღაურებლად, არ ჰპირდებიან შესაბამის ღირსეულ ხელფასს. პირიქით, მათ უსინდისოდ ატყუებს როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარიც. იმ სკოლებმა, რომლებმაც ავტორიზაცია უკვე გაიარეს, მეტ-ნაკლებად წელში გამართულები არიან, როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ასევე საგანამანათლებლო პროცესის მხრივ, უფრო დიდი შანსი აქვთ, რესურსების სწორად გადანაწილებისა. მაგრამ საყოველთაოდ სკოლებს რამდენად ექნება ამ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა, ეჭვი მეპარება.
_ ქალბატონო ნანა, თქვენ მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილ და გამოქვეყნებულ პეტიციას პოსტით გამოეხმაურეთ: „მეგობრებო, შეუერთდით პეტიციას! მხოლოდ მასწავლებლების პრობლემა ნამდვილად არ არის შექმნილი უსამართლობა! ყველას გვეხება და ვიმსახურებთ უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრებას! მოვითხოვ, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გაიზარდოს 2024 წლის იანვრიდანვე და არა წინასაარჩევნოდ!!!“
მინისტრმა ამილახვარმა კი ბრიფინგით უპასუხა მასწავლებლების პეტიციას და ყველას ხელფასის პროპორციულ ზრდას დასპირდა, თუმცა, არც იანვრიდან და არც სექტემბრიდან _ კომპრომისულ თარიღად ივლისი დაასახელა… კატასტროფულად გაზრდილი ფასები და სიღარიბე თანაბრად აწუხებს სრულ და არასრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებლებს…
_ მთავრობის სხდომის შემდეგ პრემირისა და განათლების მინისტრის მიერ გაკეთებული განაცხადი იმის შესახებ, რომ 500 ლარი და მეტი მოემატებათ მასწავლებლებს ხელფასები სრული დატვირთვის შემთხვევაში, იყო ოფიციალური. ამან მართლა გააჩინა მოლოდინი, რომ მასწავლებლები მიიღებდნენ დანამატს. რატომღაც, მაშინ მასწავლებელთა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია ფრაზას _ სრული დატვირთვის შემთხვევაში. მაგრამ მხოლოდ სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლების ხელფასის მატება არ იქნება დადებითი ნაბიჯი, ყველა მასწავლებელს საბაზისო ხელფასი თანაბრად უნდა მოემატოს. სრული საათობრივი დატვირთვა გულისხმობს 18 საათს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის დანამატების აღება დაახლოებით მასწავლებელთა ნახევარს არ მოუწევდა. პირველი ტყუილი იყო ეს და ასეთი ჩამკეტი მექანიზმი წამოვიდა მთავრობისგან. როგორც კი 2024 წელი იყო ნახსენები, ძალიან სამართლიანად, მასწავლებელს გაუჩნდა მოლოდინი, რომ 2024 წელი იწყება იანვრიდან, კალენდრულ პირველ იანვარს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ქოცების“ კალენდრის მიხედვით, სექტემბრიდან იწყება 2024 წელი _ არჩევნებთან მიახლოებულ თარიღებში! მეორე ტყუილი გახლდათ ეს. ცხადია, გავაპროტესტე. მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა შეადგინა პეტიცია, ისინი მეთანხმებიან, რომ ჩვენი მიზანი _ მხოლოდ სრული დატვირთვის მასწავლებლებს შევუწყოთ ხელი ღირსეული ანაზღაურების მიმართულებით, არ არის სწორი. ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს ყველა მასწავლებელს და, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ საბაზო ხელფასი 2013 წელს იყო 305 ლარი, 2017 წელს _ 405 ლარი, ამის შემდეგ საბაზო ხელფასი აღარც შეცვლილა. წამოიდგინეთ, მცირე კონტინგენტიანი სკოლები საქართველოში 65% გვაქვს _ რეგიონებში, სოფლებში, პატარა ქალაქებში… ე. ი. სკოლების 65%-ს საერთოდ არ ითვალისწინებს ცვლილებებისთვის ხელისუფლება და, უბრალოდ, ყურს რომ კარგად ხვდება ეს ტყუილი და მესიჯი, იყენებს _ თითქოს ძალიან მზრუნველები არიან და მასწავლებელთა შრომის დაფასებას აპირებენ.
_ „მზრუნველობას“ წინასაარჩევნო მოსყიდვის ელფერი დაჰკრავს…
_ დიახ, ეს არის მოსყიდვის ერთი სახეობა. ვინაიდან კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებამდე 3 თვით ადრე რაიმე ტიპის დამატებითი ბენეფიტების გაცემას ხელისუფლების მხრიდან, მოერიდნენ ამას, ანუ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მასწავლებლები მოატყუეს, _ მომავალი წლიდან თქვენი ანაზღაურება გაიზრდებაო. მოლოდინი გააჩინეს, რომ ეს გაზრდილი ხელფასი მათ უნდა მიეღოთ 2024 წლის იანვრიდან. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში შეიტანეს 2024 წლის სექტემბრისთვის გასაცემელი ფინანსები, თანაც მასწავლებელთა არასრული კორპუსისთვის.
_ როგორც ამბობენ, წლის ბოლომდე დამტკიცდება ახალი ბრძანება იმის შესახებ, რომ სკოლების სასადილოებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ „დედამიწის ზურგზე ვერსად ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა“. მე რამდენადაც ვიცი, ესტონეთს აქვს არაჩვეულებრივი უფასო სასკოლო კვების პროგრამა…
_ ბატონ მინისტრს ამ ბოლო დროს ტყუილების გუდა აქვს და ნელ-ნელა ხსნის თავს. მინისტრმა ისიც იკადრა, დირექტორობის მსურველები არ გვყავდა, თორემ აუცილებლად წარვადგენდითო, როგორც მერე აღმოჩნდა, 383 სკოლაში 2-ზე მეტი კანდიდატი და ზოგიერთში 16-ც იყო მსურველი, რომლებიც სამინისტრომ არ წარადგინა კანდიდატებად! ამ ტიპის ტყუილებს უკვე შევეჩვიეთ ბატონი ამილახვრისგან. ის ან ინფორმაციულ ვაკუუმშია, ან შეგნებულად, როგორც სჩვევია ხოლმე „ქართულ ოცნებას“, ჯერ დაპირებას იძლევა, შემდეგ მოგვატყუებს…
რაც შეეხება სასკოლო კვებას, იგი, პრაქტიკულად, მსოფლიოს 143-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს დღესაც და ამ ქვეყნების რიგში შედის სომხეთიც, არაფერი რომ ვთქვათ ევროპის ქვეყნებზე. ამ თემებზე სიღრმისეული კვლევები გაკეთდა იუნისეფის, „განათლების კოალიციისა“ და მოძრაობა „ხმის“ დახმარებით, რომლებიც დიდი ხანია ლობირებენ სასკოლო კვებას საქართველოში. ამ მოთხოვნების პარალელურად, ჯერ კიდევ ჩხენკელი გახლდათ მინისტრი, როდესაც მან პარლამენტში 2019 წელს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მუშაობდნენ ახალ სასკოლო პროგრამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით და ძალიან მალე ექნებოდათ შეთავაზება, თუ როგორ მოდელს აირჩევდნენ. გავიდა ამდენი წელი და არათუ მოდელის შერჩევაზე ან რაიმე ქმედით ნაბიჯებზეა საუბარი დღეს, არამედ ამბობენ, რომ თურმე სახელმწიფო დაფინანსებაზე არ არსებობს არცერთი სკოლა. ასეთი მტკნარი ტყუილი, პირველ რიგში, მინისტრმა არ უნდა აკადროს საკუთარ თავს და შემდგომ უკვე მოსახლეობას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც დოკუმენტური სიზუსტით წარუდგინეს მათ, თუ რა მოდელებით, როგორ ხდება უფასო კვების უზრუნველყოფა სკოლებში.
_ გვაძლევს საქართველოს ბიუჯეტი უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საშუალებას სკოლებში?
_ რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, რომელზედაც, რატომღაც, არასდროს საუბრობენ, იგი დამოკიდებულია მათზე, რამდენს გაიმეტებენ იმისთვის, რომ მშიერი ბავშვები არ გვესხდნენ სკოლებში. ამას პოლიტიკური ნება სჭირდება! სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხისა და ბავშვების ინტერესებს ემსახურება, თორემ ცხადია, არსებობს ათასნაირი მოდელი. ამის დიფერენცირება ძალიან მარტივია. მიზეზი იმისა, რომ 10-დან 7 ბავშვი მშიერი ესწრება გაკვეთილებს, აღმოსაფხვრელია. 2024 წლის განათლების ბიუჯეტში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი პროგრამა პირდაპირ არის მიბმული კორუფციულ სქემებზე. ამ პროგრამების გამოცხრილვით და თანხების მიზნობრივად გამოყენებით ჩვენ დღესაც შეგვიძლია, რომ ავამოქმედოთ უფასო სასკოლო კვება, რომელიც ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დათვლებით, დაახლოებით, ერთ წელიწადში მხოლოდ 200 მლნ. დაგვიჯდება. აბსურდული განათლების პოლიტიკაში 60 მლნ. ლარი იხარჯება _ 59 მლნ. ლარია გამოყოფილი „ბუკებისთვის“, რომელსაც მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ იყენებს, იმიტომ რომ უხარისხოა, ნელია, არ არის მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიების სტანდარტებზე; ასევე უფასო სახელმძღვანელოები. ყოველწლიურად უფასო სახელმძღვანელოების პროგრამაში ვიხდით 36 მლნ. ლარს, მაშინ, როცა ბავშვებს ურიგდებათ წინა წელს გამოყენებული დაფხრეწილი სახელმძღვანელოები. ამიტომ თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგებოდა და მათი ინტერესი დაემთხვეოდა მოსახლეობის, ბავშვების, მშობლების ინტერესებს, ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა _ წელსვე რომ აგვემოქმედებინა უფასო კვების პროგრამა სკოლებში.
მინდა, რომ მივმართო აუდიტის სამსახურს, რათა ჩემ მიერ ჩამოთვლილი პროგრამების ეფექტიანობა შეამოწმოს. ცხადად ჩანს კონკრეტული ადამიანების გამდიდრება და მათ ჯიბეში წასული მილიონების კვალი. რეალურად, იმ სერვისების სანაცვლოდ, რასაც მოსახლეობა იღებს, გაბერილი ბიუჯეტი გვაქვს. ამიტომ სახელმწიფო ინსტიტუციებიდან შედარებით დამოუკიდებელი მგონია აუდიტის სამსახური. დაიდოს დასკვნა, ვერ ვიგებთ, სად რა იხარჯება ქვეროგრამების დონეზე, რა ხარჯებს წევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ აბსურდული პროგრამებისთვის? ფინანსთა მინისტრის მოადგილე კაკაურიძეს, რომელიც ბრძანდებოდა პარლამენტში, შეკითხვა დავუსვი ამ საკითხის შესახებ, პასუხი ვერ გამცა. განათლების სამინისტროს მივმართეთ და არც მათ აქვთ პასუხი! ამიტომ ერთადერთი ბერკეტიღა დაგვრჩა _ მივმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და გამოვარკვიოთ, სად მიდის ამდენი მილიონი ლარი?! იმედია, პასუხს მივიღებთ.
დირექტორობის კონკურსში დაბლოკილი მასწავლებლები, დავით ფერაძე და მაია ეკალაძე, უკვე მეექვსე დღეა, რაც განათლების სამინისტროსთან მართავენ სადღეღამისო საპროტესტო აქციას. გაფიცულები ელოდებიან პასუხს განათლების მინისტრისგან. რამდენიმე დღის წინ შედგა შეხვედრა, მაგრამ არაპროდუქტიული. პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადასული მოშიმშილე მაია ეკალაძე ამბობს: „კომისიის ყოფილი წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ჰქონდათ სია და ამ სიის მიხედვით ამბობდნენ კის ან არას“.
რაც შეეხება აქციის მონაწილე დავით ფერაძეს, იგი უკვე 6 თვეა, მინისტრთან შეხვედრას ითხოვს და ამბობს: „გრძელდება დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დატოვება სკოლებში. 23-ე სკოლის დირექტორად დანიშვნაზე უარი მითხრეს იმიტომ, რომ განათლების სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის თავჯდომარის მეუღლე დანიშნეს ამ თანამდებობაზე“…
„ქრონიკა+“ ადგილზე გაესაუბრა განათლების სამინისტროსთან გამართულ სადღეღამისო საპროტესტო აქციის მონაწილეს, მოშიმშილე პედაგოგ მაია ეკალაძეს:
_ ქალბატონო მაია, მეექვსე დღეა, შიმშილობთ და ითხოვთ მინისტრთან შეხვედრას. ვხედავთ, რომ პროტესტის ასეთმა მწვავე ფორმამაც კი არანაირი შედეგი არ გამოიღო სამინისტროს მხრიდან. აპირებთ თუ არა ბრძოლის გაგრძელებას?
_ თქვენც ხედავთ, რომ ეს ორი მასწავლებლის აქცია არ არის, როგორც მინისტრმა ამილახვარმა შეგვაფასა. დღეს რეგიონებიდანაც შემოგვიერთდნენ პედაგოგები. უამრავი მასწავლებელი გვწერს სოციალურ ქსელში და უერთდება ჩვენს საპროტესტო აქციას. მინისტრი ამილახვარი უპასუხოდ ტოვებს მასწავლებელს. ამ საქციელით იგი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ოგადად პედაგოგების მიმართ. არ ვაპირებთ დანებებას და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. ორშაბათიდან პროტესტის უფრო მწვავე ფორმაზე გადავალთ, _ ვგეგმავთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რის შესახებაც გუნდში ამ წუთში ვმსჯელობთ და აუცილებლად გავახმოვანებთ. გეტყვით იმასაც, რომ გვაქვს ასევე თქვენი, ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერის იმედი.