მურმან დუმბაძე: „როგორც 2012-ში მოსვლით გაგვახარა „ოცნების“ ლიდერმა, წელს წასვლით გაგვახარებს“
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და შეთავსებით გავრილოვის გიდი ირაკლი კობახიძე გვპირდებოდა, რომ მმართველი პარტიის სარჩევნო სია იქნებოდა რაღაც საოცრება. სია მართლაც გასაოცარი იყო. ისეთი გასაოცარი, რომ თვით მამალი ქოცებიც კი გაოგნდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სიაში ყოფილი „ნაცებიც“ იყვნენ. თვალში საცემი იყო ისიც, რომ ოცეულში არავინ მოხვედრილა იმ ხალხიდან, ვინც 2012 წლამდე ირიცხებოდა „ქართულ ოცნებაში“.
ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთ ლიდერ მურმან დუმბაძეს არ გაჰკვირვებია საარჩევნო სიის ასეთი შემადგენლობა. ის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი წელს წასვლით ისევე გაგვახარებს, როგორც 2012 წელს მოსვლით გაგვახარა. ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლი ამბობს, რომ მთავარ მეოცნებეზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს მის შვილ ბერას. მურმან დუმბაძე ბერას მოუწოდებს, მამასთან ერთად დაჯდეს და მას პოლიტიკიდან წასვლის წინ სათქმელი ტექსტი დაუწეროს.
რას უპირებს ოპოზიცია ივანიშვილს არჩევნების მოგების შემთხვევაში? რატომ აღარ არის „ოცნებაში“ ის ხალხი, რომელმაც 2012 წლის გამარჯვება მოიტანა? რატომ დაიყენეს გვერდით ოდიოზური კახა ოქრიაშვილი, რომელიც კბილებით იცავდა მაჟორიტარულ სისტემას? რატომ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილი? _ ამ თემების შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. ამ ოცეულმა „ოცნების“ მომხრეებიც კი გააოგნა. თქვენ რას გვეტყვით ამ შემადგენლობაზე?
_ სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.
_ რატომ არ გაინტერესებთ?
_ იმიტომ, რომ კარგად ვიცი _ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერიც ბიძინა ივანიშვილია და ყველა სხვა დანარჩენიც. ამ სიაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც არც პოლიტიკური წარსული გააჩნიათ და _ არც მომავლის პერსპექტივა. ისინი სიაში იმიტომ მოხვდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რასაც მათგან ივანიშვილი მოითხოვს. ამ ხალხს ქვეყნის აღმშენებლობაში არანაირი წვლილი არ შეუტანიათ და არც მომავალში გააკეთებენ რამეს საქართველოსთვის. იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს და ქვეყანა განვითარდეს, საკანონმდებლო ორგანოში სულ სხვანაირი აზროვნების ხალხი უნდა შევიდეს.
ბრძოლის შედეგად ოპოზიციამ იმას მივაღწიეთ, რომ თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება. ამ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს ოპოზიცია, რაც ქვეყანაში სერიოზული რეფორმების დაწყების საფუძველი გახდება. ის ხალხი, რომელიც „ქართულ ოცებაშია“, ამ რეფორმებს არ და ვერ გაატარებს. არც მათი ახალი სახეებს იმედი მაქვს და საერთოდ არ მესმის და ვემიჯნები ცნებას _ ახალი სახეები პოლიტიკაში.
_ რატომ ემიჯნებით? ბევრი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეებია საჭირო.
_ ახალი სახე პოლიტიკაში არ არსებობს. პოლიტიკაში რა უნდა ისეთ ადამიანს, რომელსაც არავინ იცნობს? როდესაც ცუდად ვართ და საავადმყოფოში მივდივართ, იქ ვკითხულობთ, თუ ვინ არის ყველაზე გამოცდილი ექიმი. პოლიტიკაშიც გამოცდილი კადრია საჭირო. მე ახალი სახეების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ახალი სახე ცოტა სხვანაირად მესმის.
_ სხვანაირად როგორ?
_ პოლიტიკაში ახალ სახედ შეიძლება ჩავთვალო ისეთი ადამიანი, რომელიც აქამდე პარლამენტის წევრი არ იყო, მაგრამ აქტიური მოქალაქე გახლდათ. საქართველოს პარლამენტი მხოლოდ აქტიური მოქალაქეებით უნდა კომპლექტდებოდეს. ამ თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი ღრმა შეცდომას უშვებს. მას პარლამენტში ისეთი ხალხის შეყვანა სურს, რომლებიც მისი ნების აღმსრულებლები იქნებიან. მისთვის მთავარი ამოცანა ახლა პირადი უსაფრთხოებისა და ქონების დაცვაა. გარანტიას გაძლევთ, რომ არც ერთსა და არც მეორეს საფრთხე არ ემუქრება, თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს.
_ ამით რისი თქმა გინდათ, რომ დღევანდელი ოპოზიცია ივანიშვილის ქონებისა და უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნებს?
_ დაცვას არ აპირებს, მაგრამ მისი უსაფრთხოებისა და ქონების ხელყოფას არავინ გეგმავს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოსა და მის მოსახლეობას ვუშველოთ. სასწრაფოდ უნდა დავაყენოთ ეკონომიკა ფეხზე. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი საერთაშორისო პარტნიორების დასაბრუნებლად. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვწყდეთ რუსულ ორბიტას. მომავალი პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს აქტიური მოქალაქეებით, კარგი ხალხით, იდეალისტებით. საკანონმდებლო ორგანოში ისეთი ხალხი უნდა შევიდეს, რომელსაც ქვეყნის ფეხზე დაყენების უნარი შესწევს.
_ ასეთი კარგი ხალხი და იდეალისტები არიან ოპოზიციაში?
_ ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში არის ასეთი ხალხი. სხვა შემთხვევაში, ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ.
_ მიღწევებში რას გულისხმობთ?
_ ძალიან ბევრი და ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პარტია დასხდა მოლაპარაკებების მაგიდასთთან.
_ მაგიდასთან ერთად დასხდომა ბევრს არაფერს ნიშნავს.
_ როგორ არ ნიშნავს. საქართველოში ძალიან ძნელია განსხვავებული აზროვნების ადამიანების ერთ მაგიდასთან დასმა. ჩვენ ეს შევძელით. ამის გარდა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომ ნაფიცი მსაჯულების სისტემას შემოვიღებთ. ვთქვით, რომ უცხოელ მოსამართლეებს უფრო ვენდობით და მეორე-მესამე ინსტანციის სასამართლოს მათ ჩავაბარებთ. ამით მართალია, სუვერენიტეტს კი ვკარგავთ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ამაში ბოლო 30 წელმაც დაგვარწმუნა. ხელს ვაწერთ უამრავი სხვა რეფორმის გატარებაზე, მათ შორის, პოლიტიკური სახის რეფორმების. მაგალითისთვის: გადავალთ სრულიად პროპორციულ არჩევნებზე. პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები ხომ ხელისუფლებას ოპოზიციამ, ახალგაზრდობამ და მაკო გომურის თვალმა დაანიშვნინა.
დღეს რომ საქართველოში პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები ტარდება, ეს აქტიური ადამიანების დამსახურებაა და არა იმათი, რომლებიც პოლიტიკაში რაგბიდან, კალათბურთიდან ან ფეხბურთიდან თუ ჭიდაობიდან მივიდნენ. ამ კატეგორიის ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, რა წესით ჩატარდება არჩევნები; არც ის აინტერესებს, რა ცვლილებები გატარდება სასამართლოში; არც ქვეყნის საგარეო კურსზე ფიქრობს, მათ მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა, საკუთარი ცხოვრების მოწყობა და ნათესავების დასაქმება სურთ. ჩვენი აზრით, საქართველოს პარლამენტში ისეთი ადამიანები უნდა შეუშვა, რომლებიც უხელფასოდაც კი იმუშავებენ.
_ უხელფასოდ ვინ შევა პარლამენტში?
_ ამის გარკვევა ძალიან მარტივად შეიძლება: ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ _ მივიღოთ კანონი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა უხელფასოდ იმუშაონ. ასეთ შემთხვევაში მედროვეები საარჩევნო სიაში აღარ ჩაეწერებიან. სამაგიეროდ, საარჩევნო სიაში ჩაეწერება დავით ბერძენიშვილი, რადგან მას აინტერესებს პოლიტიკა. ის პოლიტიკისთვის არის დაბადებული.
_ თქვენსა და რესპუბლიკელებს შორის ბოლო წლებში სერიოზული დაპირისპირება იყო. ახლა ცოტა მიკვირს, დავით ბერძენიშვილზე ასე რომ საუბრობთ.
_ ბოლო ათი წელია, რაც დავით ბერძენიშვილთან ოპონირების რეჟიმში ვარ. ამის მიუხედავად, ვერ უარვყოფ, რომ ის პოლიტიკოსია და პოლიტიკით ცხოვრობს. მას აინტერესებს, როგორ განაწილდება ხელისუფლება. 2004-2012 წლებში არც მიხეილ სააკაშვილი მომწონდა. რეგიონულ დონეზე ჩემზე თავგადაკლული ოპონენტი მიშას არ ჰყოლია.
_ სამაგიეროდ, ახლა ხართ მისი მომხრე.
_ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი. ივანიშვილს შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ საერთოდ უგულებელყო: ვერ მოაგვარა პროკურატურა და სასამართლო სისტემა. ბიძინას ამ მიმართულებით რომ გადაედგა ნაბიჯები, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების საჭიროებას ვერ დავინახავდი.
_ რაში სჭირდება ქართულ პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი?
_ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საჭირო კი არა, გადაუდებელი აუცილებლობაა. უამრავი შავი საქმეა გასაკეთებელი.
_ შავ საქმეებში რას გულისხმობთ?
_ ბევრი მძიმე სამუშაოა ჩასატარებელი, უამრავი საქმეა გამოსასწორებელი. დღეს რეპუტაციული რისკის გაწევაა საჭირო. ამის უნარი კი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აქვს. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. მას დღემდე მიიჩნევენ მსოფლიო კლასის პოლიტიკოსად.
ისიც ვაღიაროთ, რომ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებს. შევქმნათ მასთან ერთად კოალიცია, მივიდეთ არჩევნებამდე, დავსხდეთ პარლამენტში და საქართველოს მოქალაქეები ამოვიყვანოთ უმძიმესი გაჭირვებიდან. სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის ბევრი სოფელი მოვიარე. უკიდურესი გაჭირვება ვნახე იქ. ამ გაჭირვებასთან ერთად ისიც დავინახე, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, თუ რა არჩევანს გააკეთებს ოქტომბერში. ისინი აუცილებლად შეცვლიან ბიძინა ივანიშვილს. მას აღარაფერი ეშველება და 31 ოქტომბრის საღამოს იმ მარცხის აღიარება მოუწევს, რომელიც იწვნია სააკაშვილმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ივანიშვილმა როგორც 2012 წლის პირველ ოქტომბერს გაგვახარა მოსვლით, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს წასვლით უნდა გაგვახაროს. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ამით მართლა გავიხარებთ.
_ თქვენ თქვით, რომ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილს ვერ დავამარცხებთო. ეს შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორს „ქართული ოცნება“ ხალხის დასაშინებლად იყენებს _ მიშა ბრუნდება და ისევ საშინელებები დატრიალდება საქართველოშიო. ამასთან გამკლავებას როგორ აპირებთ?
_ ამასთან გამკლავება საჭირო აღარ არის. აქამდე მართლა ახერხებდნენ სააკაშვილით ხალხის შეშინებას, მაგრამ ახლა ეს მეთოდი ვერ გაჭრის. სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად მიშაზე კი არა, საქართველოს მოქალაქეზე უნდა ვისაუბროთ. ვინც ამბობს, რომ რაში გვჭირდება მიშას ჩამოსვლაო, ის უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების ნებას. სწორედ რომ საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, როგორ და რანაირად მოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებაში. მე არ მესმის იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც თავს იკლავენ, რომ არაფრით დაუჭერენ მხარს სააკაშვილის პრემიერობას.
_ რატომ არ გესმით? მათ ხომ აქვთ უფლება, რომ საკუთარი აზრი ჰქონდეთ და არ უნდოდეთ მიშა პრემიერად?
_ ამის უფლება როგორ არ აქვთ, მაგრამ აქ საუბარი არა კონკრეტულად მიშას დაბრუნებაზე, არამედ სხვა რამეზე უნდა იყოს. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ალგორითმი, თუ როოგორი წესით დასახელდება პრემიერის თანამდებობაზე ადამიანი. ყველა პარტიამ უნდა დაასახელოს თავისი პრემიერობის კანდიდატი და დაე, საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, თუ ვინ იქნება მომავალი მთავრობის მეთაური. საპარლამენტო არჩევნები თითქმის პროპორციული წესით ტარდება. რომელი პროპორციაც ყველაზე წარმატებული იქნება, ბუნებრივია, ის ძალა მოიპოვებს უპირატესობას პრემიერის წარდგენის დროს. ვთქვათ, ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ არჩევნებზე მიიღო 49%, 1% მიიღო ლეიბორისტულმა პარტიამ და ამდენივე _ „გირჩმა“. ჩვენ ჯამურად გვექნება უკვე 51%. ამ შემთხვევაში სამ პარტიას უკვე შეეძლება, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. ამ შემთხვევაშიც არ იქნება გამართლებული, რომ „გირჩის“ უფროსი დავნიშნოთ პრემიერად და მიხეილ სააკაშვილს ვუთხრათ უარი, რომლის კოალიციამაც 49% აიღო. ამიტომ ვამბობ, რომ არა მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ალგორითმზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რა წესით ვასახელებთ პრემიერის კანდიდატურას.
მიხეილ სააკაშვილი კოალიციური მმართველობისთვის მზად არის. „ძალა ერთობაშიაც“ ამის ერთ-ერთი დასტურია. ამ გაერთიანებას კიდევ შემოუერთდებიან სხვა პოლიტიკური პარტიები. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ კოალიციური წესით მოიგო პირველი ტური, პრაქტიკულად. „ნაციონალური“ მოძრაობის წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მას დავუჭირე მხარი. არც ნიკა მაჭუტაძე ყოფილა „ნაციონალების“ მომხრე, მაგრამ მანაც გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი. დღეს ჩვენ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ვართ მიზიდულობის ძალა. აქ მთავარი პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. ის ყველა პოლიტიკურ ძალას აჯობებს არჩევნებში და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
_ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
_ იმიტომ, რომ ვიცი ხალხის განწყობა. უამრავ ადამიანთან მქონდა შეხვედრა. ისინი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აპირებენ ხმის მიცემას. „ნაციონალებს“ განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა აქვთ რეგიონებში. არ ვამბობ, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს და ამას უნდა გავყვეთ. დღეს არჩევანი ორ ნომერს _ 5-სა და 41-ს შორის კეთდება. დედაქალაქში ცოტა სხვა ვითარებაა და აქ არჩევანი უფრო მრავალფეროვანი იქნება. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება კოალიციაში და ვინ გახდება ამ კოალიციის ლიდერი. კოალიციური მოდელი აუცილებლად გამოასწორებს იმ შეცდომებს, რომლებიც 2012 წლიდან დაუშვეს. სერიოზულად არის ფუნდამენტი იმისთვის ჩაყრილი, რომ ხელისუფლება განაწილდეს და დაბალანსდეს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლება დაბალანსდება?
_ ეჭვი არ მეპარება. ის მინუსები, რაც შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს იყო, იმ სისტემამ წარმოქმნა, რაშიც დღემდე ვცხოვრობთ. ამ სისტემის შეცვლა გადაწყვეტილია.
_ ზემოთ თქვით, რომ შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, რაზედაც ოპოზიცია შეთანხმებული ვართო. რა გარანტია გვაქვს, რომ მართლაც ასე იქნება? თქვენ, ოპოზიციამ ხომ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეთ კახა ოქრიაშვილთან, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა პროპორციულ სისტემას?
_ ჩვენს ბლოკში კახა ოქრიაშვილის შემოსვლას დიდი ამბები მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით ჩემი არგუმენტი მაქვს, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ მეორე ტურში თუ რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი „ოცნების“ წარმომადგენელს დაუპირისპირდება, მთელი ოპოზცია იმას ვუჭერთ მხარს. ოქრიაშვილის შემთხვევაში კი ცოტა სხვანაირად არის საქმე. სხვათა შორის, ეს კაცი არაა ხელწამოსაკრავი პირიოვნება. მასთან ერთად ოთხი წელი ვიჯექი პარლამენტში და ვიცნობ. ის რომ მაჟორიტარული სისტემის მომხრეა, ეს მისი პრინციპული არჩევანია. ის ასე ფიქრობს და მე მის არჩევანს პატივს ვცემ.
_ პატივს რატომ სცემთ, თქვენ ხომ მაჟორიტარული სისტემის მოწინააღმდეგე ხართ?
_ ოქრიაშვილს პატივს იმიტომ ვცემ, რომ ეს ამ ადამიანის პრინციპული არჩევანია. ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია და ის ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას, რაშიც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვუჭერთ მხარს ამ ადამიანს: ოქრიაშვილი დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრი წყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და შეიძლება, პირველივე ტურში მოიგოს. პირველ ტურში თუ ვერ მოიგო, გარანტიას გაძლევთ, რომ ის მეორე ტურის კანდიდატია. მისი კონკურენტი, სავარადუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება. ჩვენ, ოპოზიცია ხომ შეთანხმებული ვართ, რომ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ასე რომ, ოქრიაშვილისთვის მხარდაჭერა მაინც მოგვიწევს. და თუ მეორე ტურში ვუჭერთ მას მხარს, რატომ არ უნდა დავუდგეთ გვერდით პირველივე ტურში? თანაც მაშინ, როცა ვიცით, რომ მას თავის რეგიონში სერიოზული ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. ეს არის მთავარი არგუმენტი, რატომაც ღირდა გაერთიანება და „ძალა ერთობაშია”-ში მისი მოსვლა.
ჩვენ ნებისმიერი ადამიანი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა აღარ შეიძლება. მისი წყალობით საქართველო დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან სერიოზული ჩავარდნა გვაქვს საგარეო მიმართულებით. ლამის ყოველდღე ვკარგავთ დასავლელ პარტნიორებს. ამერიკიდან დასტა-დასტა მოდის წერილები იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატია სათანადო დონეზე არ არის. ამერიკელები უკვე ღიად მოგვიწოდებენ, რომ რუსულ ორბიტას მოვშორდეთ. როცა სენატი და კონგრესი ივანიშვილს რუსეთის მოკავშირეს ეძახის, ამით ძალიან ბევრია ნათქვამი. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ლიდერი რუსეთის ინტერესებს ატარებს და ამით საქართველოს აზიანებს. ეს ძალიან შემაშფოთებელი განცხადებებია. ჩვენ აუცილებლად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვწყდეთ რუსულ ორბიტას. ეს არ მოხდება, თუ ივანიშვილს ხელისუფლებას არ ჩამოვაშორებთ. დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბრის 20 საათსა და 05 წუთზე ივანიშვილი დამარცხებას აღიარებს.
დარწმუნებული კი ვარ, რომ მარცხს აღიარებს, მაგრამ მაინც მივმართავ მის შვილ ბერას, რომ მამას დაელაპარაკოს და დაარწმუნოს, რომ არჩევნების გაყალბება არც კი გაიფიქროს.
_ ბერას რატომ მიმართავთ?
_ იმიტომ, რომ ივანიშვილს ძალიან უყვარს ბერა. ყველა შვილი ძალიან უყვარს, მაგრამ ბერას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მას უსმენს და მის რჩევებს ითვალისწინებს. ამიტომ მივმართავ მას _ დაჯდეს მამასთან, დაელაპარაკოს და ერთი კარგი ტექსტიც დაუწეროს, რომელსაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის წინ წარმოთქვამს. როგორც 2012 წელს სააკაშვილმა აღიარა დამარცხება, წელს ასევე უნდა აღიაროს მარცხი ივანიშვილმა.
_ რამდენჯერმე ახსენეთ 2012 წელი და იმ ხალხზე მინდა გკითხოთ, ვინც ეს შედეგი მოიტანა. რატომ აღარ არიან ისინი ივანიშვილის გვერდით? საარჩევნო სიაშიც კი აღარ სვამს მათ, რა ხდება?
_ ივანიშვილმა თანამებრძოლების ჩამოცილება დიდი ხნის წინ დაიწყო. ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა. 2012 წლის 2 ოქტომბერს ის უკვე ფიქრობდა, რომ ის ხალხი მოეშორებინა, ვისთან ერთადაც „ნაციონალები“ დაამარცხა. ამ გუნდში პოლიტიკოსები იყვნენ. არჩევნებამდე ბიძინა მათ რჩევებს ითვალისწინებდა და ამიტომაც მოიგო არჩევნები. მისმა ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში, მაგრამ გუნდი რომ არ ჰყოლოდა, ვერაფერს გახდებოდა. დღეს ეს გუნდი მასთან აღარ არის, ყველა მოიშორა. მის გვერდით მხოლოდ ის ხალხია, ვინც ბელადის ნებას დაუყოვნებლივ აღასრულებს. ივანიშვილს პოლიტიკოსები აღარ ჰყავს გუნდში. მისი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იქნება.
შორენა მარსაგიშვილი