მურმან დუმბაძე: „ბიძინა ივანიშვილი შეგუებულია არჩევნებში დამარცხებას“

შორენა მარსაგიშვილი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ზონდერი, მუხრან ვახტანგაძე, თავის ზონდერებთან ერთად თავს დაესხა ოპოზიციონერ მურმან დუმბაძეს. „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ მას ასეთი თავდასხმებით ხელისუფლება ვერ გააჩერებს.

რამ გააღიზიანა მოჭიდავე ვახტანგაძე? რატომ არ აქვს ბიძინა ივანიშვილის პარტიას გამარჯვების შანსი? რამდენია რეალურად „ოცნების“ რეიტინგი? როდის ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე:

_ ბატონო მურმან, ცოტა ხნის წინათ თქვენ განაცხადეთ, რომ თავს დაგესხათ ყოფილი მოჭიდავე, მუხრან ვახტანგაძე. რა გახდა ამ თავდასხმის მიზეზი?

_ იმისთვის, რომ ვახტანგაძე თავს დაგესხას, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი საჭირო არ არის. ის ცნობილი მარბიელი და ზონდერია. ვახტანგაძე აჭარის რეგიონში მოჭიდავეების გუნდს ხელმძღვანელობს. მისი გამოზრდილი ხალხი ყველა ხელისუფლებას ემსახურებოდა. ისინი ყველა ხელისუფლების დროს არბევდნენ და აწიოკებდნენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს. ეს არის დაფიქსირებული ინდივიდუალური და სატელევიზიო ჩანაწერებით, საგაზეთო ინტერვიუებით. მუხრან ვახტანგაძის ზონდერობა ცნობილი ამბავია და ამას არ უნდა რაიმე იურიდიული გარჩევა. ის თავს დამესხა მე და მანამდე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი სცემა.

_ ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი რატომ სცემა? ეს ნამდვილი ამბავია თუ ჭორია?

_ ნამდვილი ამბავია. ამის შესახებ მედიამაც დაწერა. გარდა იმისა, რომ ის ოპონენტებს სცემს, მან უკვე პოლიციის უფროსების ცემაც დაიწყო. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მას ბევრის უფლება აქვს.

_ მუხრან ვახტანგაძეს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის ცემისთვის პასუხი არ მოსთხოვეს?

_ არა მოუთხოვიათ. რომ მოეთხოვათ, ჩემზე არ განახორციელებდა თავდასხმას. არანაირი ილუზია არ მაქვს იმისა, რომ მას ვინმე დასჯის. მას პოლიციის უფროსზე თავდასხმისთვის არ მოსთხოვეს პასუხი და ჩემ გამო ვინ უსაყვედურებს? მთელი უბედურება ის არის, რომ ზონდერი ვახტანგაძე არის საჯარო პირი და ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებს ხელფასს.

_ სად არის დასაქმებული?

_ აჭარის მთავრობის მეთაურის მრჩეველია და ხელფასს იღებს. პარალელურად მოჭიდავე მარბიელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ყველა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. „აღორძინების“ დროს „აღორძინება“ იყო; მიშას დროს „ნაციონალი“ იყო. ის საპარლამენტო სიაშიც კი შეიყვანეს „ნაციონალებმა“; იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი „ნაციონალებიდან“; 2012 წლის 2 ოქტომბერს მან გადმოინაცვლა „ქართულ ოცნებაში“.  „ქართულმა ოცნებამაც“ სიამოვნებით მიიღო თავის რიგებში. ვახტანგაძე ჩემთანაც იყო კაბინეტში მოსული, დიდი თანამდებობა მომთხოვა.

_ რა თანამდებობა მოგთხოვათ?

_ აჭარის სპორტის უფროსობა უნდოდა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რადგან მარბიელი იყო. ძალიან უხეშად ველაპარაკე და ასე გავუშვი კაბინეტიდან. სპორტის უფროსად სხვა დავნიშნე.  მე მაშინ ბათუმის მაჟორიტარი ვიყავი და დიდი გავლენები მქონდა. ვინც ვახტანგაძის ნაცვლად დავნიშნე, ის კაცი წესიერი იყო ახლა უკვე უწესოდ იქცევა. ამ ამბებიდან ძალიან მალე ოპოზიციაში წავედი. ჩემი წასვლის შემდეგ ის კაცი სამსახურიდან გააგდეს და ვახტანგაძე დანიშნეს ამ თანამდებობაზე. მოკლედ, ვახტანგაძე არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა.

_ ხელისუფლებასაც უნდა, რომ ასეთი ადამიანი ჰყავდეს გვერდით, თორემ მარტო ვახტანგაძის ინიციატივით საერთო ენა ვერ გამოინახებოდა.

_ რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდანაც მოდიოდა ასეთი სურვილი. ასეთი მარბიელები ყველა ხელისუფლებას აწყობს. მუხრან ვახტანგაძე ამას კარგად გრძნობს და თავს ესხმის იმ ადამიანებს, რომლებიც არ მოსწონს. მე თავს იმიტომ დამესხა, რომ მის მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი. ღიად ვამბობ, რომ ვახტანგაძე მარბიელი და ზონდერია. სანამ ბოდიშს არ მოიხდის, მას ყოველთვის ამ სიტყვებით მოვიხსენიებ. ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ დაამტკიცე, ვახტანგაძე თუ ზონდერიაო. თავად დაამტკიცა ეს. აგვისტოს ბოლოს 15 კაცთან ერთად ქუჩაში წამომეწია, ალყაში მომაქციეს. დიდი ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, არ მოგატყუებთ, ერთი ხელი მოიქნიეს და გაიქცნენ. მაგრამ ჩვენ რომ გვეპასუხა, იქ დიდი ჩუბი ატყდებოდა. იმდენი კი შეიგნო, რომ ჩემთან ცემა-ტყეპა არ გაუვიდოდა. ძმა მახლდა თან და 77 წლის კაცსაც კი მოუქნიეს ხელი. ვახტანგაძემ მე დამარტყა. ამის გარდა, მაგინა და რა სიტყვებიც მის ტვინში არის, მთელი მარაგი გამოიყენა. გინების გარდა ამ კაცმა არაფერი იცის. დარწმუნებული ვარ, რაღაც ნივთიერებასაც მოიხმარს.

იმას აღარ ვჩივი, რომ საქართველოში ზონდერები არიან. ახლა უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ზონდერების უფროსი ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია და გადასახადის გადამხდელების ფული მიაქვს სახლში. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს სერიოზული პრობლემა. მედეა ვასაძემ ჩემთან შეუთანხმებლად გააკეთა ბრიფინგი, სთხოვა შსს-ს ვიდეოკამერების ამოღება და მოითხოვა საქმის გამოძიება.

_ თქვენთან რომ შეეთანხმებინა, არ მისცემდით ამის თქმის უფლებას?

_ რა აზრი აქვს გამოძიებას? მაგას არავინ დასჯის. ზონდერ ვახტანგაძეს პოლიციის უფროსის ცემა აპატიეს და ჩემს ცემაზე ვინ მოჰკითხავდა პასუხს? ეს საქმე მომავალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს. მაგრამ გულწრფელად გეტყვით, არ მაქვს იმის 100%-იანი იმედი, რომ მომავალი ხელისუფლება ამ მიდგომას შეცვლის.  ზონდერებთან ყველა ხელისუფლება თანამშრომლობს.

_ სამწუხაროა, მაგრამ ზონდერები ყველა ხელისუფლებას სჭირდება.

_ სამწუხაროდ ასეა. თანამშრომლობის ხელშეკრულებებს ყველა ხელისუფლება უფორმებს ასეთ ადამიანებს. ვეჭვობ, მომავალშიც ასე იქნება. ვახტანგაძე და მისნაირი ზონდერები მომავალ ხელისუფლებასთანაც ითანამშრომლებენ. ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და ამიტომ ვამბობ ამას.

_ დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკაშიო და როგორც დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, რას ელოდებით 26 ოქტომბრის არჩევნებისგან? როგორია თქვენი პროგნოზი? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ეს ხელისუფლება თითქოს არავის უნდა, მაგრამ არც ოპოზიციის არჩევა უნდა ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს. როგორ იქნება საქმე?

_ ოპოზიციაც შეიძლება მართლა არავის აღარ უნდა, მაგრამ დროს ვერავინ უგებს და პირდაპირ გეტყვით, რომ ახლა ოპოზიციას გვეხმარება დრო. ახლა რომ იყოს 2016 წელი, ამ სიტყვებს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ახლა 2024 წელია და ამის თქმა თამამად შემიძლია. ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, დრომ დაამარცხა. 12 წლის მერე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ იხეირა საქართველოში. შევარდნაძემაც დააპირა მესამე ვადით დარჩენა ხელისუფლებაში, მაგრამ პანღურით გავაგდეთ. ასე იყო „ნაციონალების“ შემთხვევაშიც, _ შევარდნაძისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გზით გავუშვით.

_ „ქართულმა ოცნებამ“ სახიფათო მესამე ვადა გადალახა და ახლა მეოთხე წრეზე აპირებს წასვლას. 

_ მეოთხე წრეზე მიდიან, მაგრამ დიდი გაჭირვებით. ამაზე ნათლად მეტყველებს ბოლო არჩევნების შედეგები. ვგულისხმობ 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. ქაღალდზე გადატანილ შედეგებს თუ გადავხედავთ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია. მაგალითისთვის: ქალაქ ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 38% მიიღო. 61% მიიღო ჯამურად ოპოზიციამ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების რესურსი ამოწურულია. მას აღარ შეუძლია მეტი ხმის აქაჩვა, რომ ქაღალდზე გადაიტანოს. უზარმაზარი ფული, უზარმაზარი ზეწოლა და საჯარო რესურსი იკრიბება, მაგრამ 39 პროცენტზე ზევით არ ავიდა.

_ ამაზე შეიძლება თქვან, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნები დიდად არ აინტერესებდა.

_ არ დაიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს თვითმმართველობის არჩევნები არ აინტერესებდა. მას ძალიანაც კარგად აინტერესებდა, მაგრამ მეტი ხმა, უბრალოდ, ვერ შეგროვდა. ახლა  სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ივანიშვილის პარტიას დიდ ქალაქებში კატასტროფული შედეგები აქვს. დედაქალაქში „ქართულ ოცნებას“ 25%-ზე ნაკლები აქვს. დედაქალაქში რომ 25%-ზე ნაკლები გაქვს და მეტის დაწერას ვერ შეძლებ ქაღალდზე, ეს უკვე წაგებას ნიშნავს. რაც არ უნდა აყალბო, რეგიონებში ბევრს ვეღარაფერს იზამ. ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და ნდობა უკვე ამოწურულია დროის გამო და ამას „ქართული ოცნება“ უნდა შეეგუოს. ამოწურულ ნდობას ემატება საერთაშორისო ზეწოლა. ისეთი შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა ამ ადამიანმა, რომ მას დასავლეთმა, პრაქტიკულად, ზურგი შეაქცია. ევროკავშირის ყველა სახელწმიფო ეუბნება, რომ უნდა წახვიდე. პირდაპირ ამას, ბუნებრივია, არავინ იტყვის. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს და ის აუცილებლად წავა.

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მოიგებს ამ არჩევნებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულზე ხელები უნდა დავიწყოთ და არჩევნებს მშვიდად დაველოდოთ. დარჩენილ დროში დღე და ღამე მუშაობაა საჭირო. მოსახლეობასთან სიარულია საჭირო. ისევ დიდი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ მოგვიწევს საარჩევნო ყუთებთან ბრძოლა და ბიულეტენების დაცვა. გამარჯვება მარტივი არ იქნება,  მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ საარჩევნოდ ყოველდღე უამრავ ადამიანს ვხვდები და ვესაუბრები. მათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. ისინი „ქართულ ოცნებას“ არ აძლევენ ხმას. ის ხალხი კი, ვინც ივანიშვილის მომხრეა, ისევ მას მისცემს ხმას. დარჩენილ დროში ადამიანების ცნობიერების შეცვლა შეუძლებელია. არჩევნებზე დიდი რაოდენობით თუ მოვა ხალხი, მაშინ მოგება გარანტირებულია. განსაკუთრებით დიდი იმედი მაქვს ემიგრანტებისა და ახალგაზრდების. ახალგაზრდები აქამდე არჩევნებზე დიდად არ აქტიურობდნენ. ახლა მათი მხრიდან ძალიან დიდი აქტიურობა იქნება. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს წააგებს. ეს არის ჩემი პროგნოზი დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ძალიან ენერგიულად აღარ უნდა იმუშაოს. წინ ძალიან დიდი და სერიოზული ბრძოლა გველოდება. ამისთვის ყველა უნდა მოემზადოს.

ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ოპოზიცია ერთიანი სიით გამოსულიყო. არ ახდა. ერთიანობა რომ ყოფილიყო, მაშინ კიდევ უფრო თამამად ვიტყოდი, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციაა გამარჯვებული. რადგან დიდი ერთობა ვერ შედგა, თამამად ვერ ვამბობ ამას, მაგრამ გამარჯვება მაინც ოპოზიციას დარჩება. ოღონდ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. გამარჯვება მარტივად არ მოვა.

_ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს. 2012 წელს მასთან ერთად ატარებდით საარჩევნო კამპანიას, მთელი საქართველო შემოიარეთ და გემახსოვრებათ მისი რიხიანი გამოსვლები. ახლა ის რიხი თითქოს აღარ არის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

_ არც ძველებური რიხი აქვს და არც ძველებური შემართება. ფიზიოლოგიურადაც კი შეცვლილია ეს კაცი. ძალიან დაბერებულა, ძალიან შეცვალა ბოლო წლებმა, აშკარაა, რომ ის ბორგავს. დღეს საქართველოში ყველაზე შეშინებული კაცი ბიძინა ივანიშვილია. ეს კაცი ისედაც ციხეში იყო გამოკეტილი, ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდა და ახლა ორმაგ ციხეში ცხოვრობს. საარჩევნო კამპანიას კოლბაში ჩამდგარი ატარებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩაწერილი ტაშით დადის. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე. შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ ხვდებოდეს. ის მოახლოებულ კრახს ძალიან კარგად გრძნობს. ის დამარცხებას უკვე შეეგუა. ამიტომაც დაპირებებიც ნაკლებია ან საერთოდ არ არის.

_ ერთადერთი დაპირება წინა ხელისუფლების გასამართლებაა. 12 წლის წინათ ოპოზიციაში გადასული ძალის გასამართლებას ახლა აპირებს.

_ ეს დაპირება ამომრჩევლის კონკრეტულ ნაწილზეა გათვლილი _ იმ ხალხზე, ვისაც „ნაციონალების“ დაბრუნებისა და რევანშის ეშინია. საქართველოში ბევრი ფიქრობს ასე, რომ თუ „ოცნება“ დამარცხდება, აქ იქნება რევანში. ვისაც ამის ეშინია, მინდა დავამშვიდო, რომ არავითარი რევანში არ იქნება.

_ დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არ იქნება რევანში?

_ რევანში გამორიცხულია. საქართველოში, საბედნიეროდ,  ის პოლიტიკური ძალები ვართ, რომლებიც რევანშს არ დავუშვებთ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და ყველა საჯარო მოხელე გავყაროთ სამსახურებიდან. არც იმის მომხრე ვარ, რომ ყველა გუბერნატორი და მერი ციხეში გავუშვათ. ვინმეს თუ ამის იმედი აქვს, მინდა ვუთხრა, რომ ეს ასე ნამდვილად არ იქნება. ჩვენ კორუფცია უნდა დავამარცხოთ, რაც ყველას დაჭერას სულაც არ ნიშნავს. პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ კორუმპირებულები, ეს არის და ეს.

პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც ქვეყანა რუსულ ორბიტაზე მოაქციეს და ეს ევროპისა და ამერიკის გინების ხარჯზე გააკეთეს, ბუნებრივია, პასუხს აგებენ. მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც იქნება საუბარი. ამას ვერ გავექცევით. გახსოვთ, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგილავა, რატომ ჩასვეს ციხეში? იმიტომ, რომ მისი მერობის პერიოდში უყაირათოდ იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები. ახლა მე ვერ გეტყვით იმას, რომ გიგი ძალიან უსამართლოდ იჯდა. უსამართლობა ის იყო, სამჯერ რომ იჯდა ერთი და იგივე დანაშაულის გამო. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. ისიც უნდა ითქვას, რომ უგულავას ვერ დააბრალეს, ეს თანხები სახლში წაიღოო. იმას ედავებოდნენ, უყაირათოდ გამოიყენეო.

ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ამ მუხლებს უნდა შევხედოთ და ძალიან ბევრ თანამდებობის პირს მოუწევს პასუხისგება. ამისთვის დაისჯება მუხრან ვახტანგაძეც. კაცი მუშაობს მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად, იღებს ხელფასს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არცერთი დღე სამსახურში არ იქნება მისული და არცერთი ოქმი არ იქნება გაფორმებული, სადაც ეწერება, რომ რაიმე რჩევა მისცა მთავრობის მეთაურს ან მის აპარატს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, რევანში არ იქნება. ადამიანებს, რადგან ისინი „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ, არავინ ეტყვის, საქართველოდან უნდა გაქრეთო. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სამართლებრივი და დემოკრატიული ქვეყნის აშენება. რუსული მთავრობა უნდა ჩამოვიცილოთ და ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ კანონი, რომ ოლიგარქატი ხელისუფლებაში ვეღარასდროს მოვიდეს. დღეს საქართველოს ოლიგარქატი და ფული მართავს. ძალიან ბევრი კანონი გვექნება მისაღები. ისიც ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ არც კოალიციური მთავრობის ფორმირება იქნება ადვილი.

_ რატომ იქნება ამის გაკეთება ძნელი? ხომ თანხმდება ოპოზიცია, რომ მთავრობა უნდა იყოს კოალიციური?

_ ჩვენ ამის გამოცდილება არ გაგვაჩნია და გაგვიჭირდება. სადღაც ერთ წელიწადში მგონია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება. ბევრს ეშინია ამის თქმა, ზოგს ერიდება, ზოგი არ ამბობს, მაგრამ მე არ მეშინია და ვიტყვი სათქმელს: მთავარი პოლიტიკური ფაქტორი არის პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სანამ მიხეილ სააკაშვილს თავისუფალ კონკურენციაში არ შემოვუშვებთ, საქართველოში სამართლიანი არჩევნები ვერ იქნება.

_ ამ განცხადების გამო ბევრი გაგკიცხავთ.

_ ამიტომაც ერიდებიან პოლიტიკოსები ამაზე საუბარს, არადა, ბევრი მათგანი ჩემსავით ფიქრობს. არ მოვერიდები და გავიმეორებ, რომ სააკაშვილი უნდა იყოს პოლიტიკაში, სამართლიანი არჩევნები თუ გვინდა. გამოვიდეს ეს კაცი გარეთ, აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, ისიც შევიდეს თავისუფალ კონკურენციაში. პარტიებმა ჩაატარონ საარჩევნო კამპანიები და ასე დაკომპლექტდეს ხელისუფლება. ჩემი ამოცანაა, საქართველოში ისეთი ვითარება იყოს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი წყვეტდეს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. არჩევნები, რომელიც ჩატარდება 26 ოქტომბერს, იქნება რევოლუციური. რევოლუციური არჩევნები კი დიდხანს ვერ ძლებს. ასე არჩეული პარლამენტი რეფორმებს ვერ გაატარებს, არადა დღეს საქართველოს რეფორმები სჭირდება. პირველ რიგში სასამართლოსა და პოლიციაში უნდა გატარდეს რეფორმა. საარჩევნო სისტემაშიც ბევრი რამეა შესაცვლელი. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს. ჩვენ პროპორციული არჩევნები გვაქვს, მაგრამ ეს საქართველოსთვის ბოლომდე მისაღები არ არის.

_ რატომ არ არის მისაღები? მაჟორიტარული წესის გაუქმების მოთხოვნით რამდენი აქცია გაიმართა?

_ რატომ არ არის ეს წესი მთლად მისაღები, ამას ყველანი ძალიან მალე ნახავთ. სულ მალე გამოქვეყნდება პარტიების საარჩევნო სიები, წავიკითხავთ მათ და  დავინახავთ, რომ ეს იქნება ძირითადად თბილისის საარჩევნო სიები. ყველა პარტიის სია იქნება თბილისის სია.

_ რა ნიშნავს, მხოლოდ თბილისის სია იქნება?

_ იმას ნიშნავს, რომ ამ საარჩევნო სიაში ძირითადად  იქნებიან პოლიტიკოსები დედაქალაქიდან. სიაში არ იქნებიან ადიგენელები და თელაველები, რომლებიც 30 წელია იბრძვიან. არ იქნებიან ზუგდიდლები. არ იქნებიან ოზურგეთლები, ბათუმლები. მოკლედ, დაიწერება მხოლოდ დედაქალაქის სია. რეგიონული პროპორციული სიები უფრო წაადგებოდა საქართველოს. უნდა გადავიდეთ ასეთ სიებზე. ყველა რეგიონს საკუთარი წარმომადგენლები ეყოლება საქართველოს პარლამენტში. ორპალატიანი უნდა იყოს პარლამენტი. ბევრი რეფორმაა საჭირო და ამისთვის მაღალი ლეგიტიმაციის პარლამენტი უნდა გვყავდეს. ჯერჯერობით ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას არ აქვს. არჩევნები მიმდინარეობს რევოლუციურ რეჟიმში. მოქალაქეს ეშინია საკუთარი ნების ღიად გამოხატვა და ეს რანაირი თავისუფალი არჩევნებია? შიშით მიცემული ხმით დაკომპლექტებული ხელისუფლება ვერ იქნება ნორმალური. ჩვენ გარანტირებულად ვიგებთ ამ არჩევნებს, ბიძინა ივანიშვილს ვამარცხებთ. შემდეგ კოალიციური მთავრობა დგება, მაგრამ კოალიციური მთავრობა შეძლებს თუ არა შეხმატკბილებიულ მუშაობას, ვერ გეტყვით. მთავარი ისაა, რომ ამ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს. ამას ბიძინა ივანიშვილიც შეგუებულია.