მოძალადე ოჯახი მოწმეებს აშინებს
„სირცვხილი ჩამოირეცხა“, „მამის გვერდით არ დამარხოთ“, „ეს რა გაუკეთა ოჯახს?!“ „თქვენ შვილების გაზრდა არ იცით!“ თუკი 9 თებერვალს ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში გაივლიდით, ამ ფრაზებს მოისმენდით 14 წლის ნინი ცეცხლაძის მისამართით, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
ქვეყანაში კანონი რომ ვერ კანონობს, ეს დიდი ხანია, ცნობილია. დიდი ხანია, ცნობილია ისიც, რომ ძალადობის მსხვერპლი ადამიანები მრავლად გვყავს. ხშირად, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ისინი ხმას არ იღებენ, რადგან ეშინიათ.
14 წლის მოზარდ ნინი ცეცხლაძის საქმე მეტად საინტერესოდ განვითარდა: დააკავეს ბაბუა, რომელსაც გამოძიება გარდაცვლილზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. ასევე დაკავებულია 23 წლის მამაკაცი ნ.ტ., რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანთან ძალადობრივად სექსუალური კავშირის დამყარება.
საქმე ოჯახის გაწერილი სპექტაკლით მიმდინარეობს. 14 წლის მოზარდ ნინი ცეცხლაძის თვითმკვლელობის საქმეზე, გარდაცვლილის დის გადაწყვეტილებით, 12 აპრილს, საქმეს ადვოკატი ჩამოაშორეს.
„ქრონიკა+“-ს წყარო ქობულეთიდან უყვება, რომ ეს ნინის დის გადაწყვეტილება იყო, რადგან საქმეში ახალი გარემოებები გამოვლინდა, დაიკითხა ნინის მეგობარი, მოწმე, რომელიც სასამართლოზე წარდგება.
„ნინის მეგობარი დაიბარეს გამოძიებაში და მან ოჯახი საფიქრალში ჩააგდო. ამ გოგომ თითქმის ყველაფერი იცის პირველი დღიდან დღემდე და გამოძიებას არაფერი დაუმალა. ოჯახში მოილაპარაკეს და ბიძების დავალებით, ადვოკატს უარი უთხრეს. ოჯახს ურჩევნია, ერთი დაკავებული ჰყავდეს, ვიდრე ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ამით ცდილობენ, ამბის მიჩქმალვას“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან წყარომ.
5 მაისს სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუა, სოლომონ ცეცხლაძე, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით, 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაცვის ქევშ მყოფის განთავისუფლება მოსთხოვა. მოსამართლემ მხოლოდ პატიმრობის თემა განიხილა, სასამართლო პროცესი კი ძირითადი მოსამართლის ავადმყოფობის გამო გადაიდო.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ოჯახმა შანტაჟი დაიწყო საქმის სხვადასხვა მნიშვნელოვან ფიგურანტზე. დაუსჯელი რჩებიან ოჯახის ის წევრები, რომლებიც ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით უნდა სამართლდებოდნენ, გამოძიება კი დღემდე ჩუმად აგრძელებს ორი დამნაშავით სასამართლო პროცესების გამართვას. ხოლო საინტერესო დეტალები ვითომ გამორჩათ ან კიდევ მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ და საქმის გართულებას ერიდებიან.
ნინის დედამ დედობის უფლების აღდგენის თხოვნით, ხოლო 14 წლის ნინი ცეცხლაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ორგანიზაცია „საფარმა“ დაზარალებულის უფლებამონაცვლის შეცვლის მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.
მას შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ოჯახი და როგორც კი შესაძლო პრობლემების მოახლოება იგრძნო, მაშინვე აამოქმედა შანტაჟისა და მუქარის გეგმა, რომლის მეშვეობითაც მოახერხა საქმეში მნიშვნელოვანი ადამიანების გაჩუმება.
ნინი ცეცხლაძის დამ ბიძების ზეწოლით უარი თქვა ადვოკატზე. ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ თამუნა ცეცხლაძეს ოჯახის დანგრევით და ქუჩაში დარჩენით ემუქრებიან ბიძები, რომლებიც, სავარაუდოდ, ნინი ცეცხლაძეს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
„თამუნას ბიძებმა უთხრეს, რომ ადვოკატზე უარი უნდა ეთქვა, რადგან ეს ყველაფერი საქმეს აზარალებდა და ართულებდა. თუ უარს არ იტყოდა, თამუნას ოჯახს დაუნგრევდნენ და ქუჩაში დატოვებდნენ. რაც შეეხება დედას, როცა დედობის უფლება მოითხოვა, თამუნას დაემუქრნენ, თუ უარს არ იტყოდა დედაზე, იგი ნინიზე უარეს დღეში ჩავარდებოდა“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს ოჯახის ახლობელმა.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ნინი ცეცხლაძის დედას, მერი რომანაძეს, მიმოწერა ჰქონდა შვილთან, თამუნა ცეცხლაძესთან. მიმოწერაში იკითხება, რომ შვილი დედას გაჩერებას სთხოვს:
„გთხოვ, გაჩერდი, ოჯახს ნუ დამინგრევ, შენ თუ გაჩერდები, ყველაფერი დამშვიდდება“.
ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მერი რომანაძეს მოელაპარაკოს. შვილები, რომლებიც დედას მოძალადეს უწოდებდნენ, დღეს ბიძების დავალებით დედასთან დაახლოებას ცდილობენ, რათა ამით საქმე მშვიდ კალაპოტში ჩააყენონ. თუ არავინ დაინტერესდება ამ ამბით, გამოძიება და ოჯახის ახლობელი „მფარველები“ წყნარად წარმართავენ პროცესს. შეიძლება, ბაბუაც და 23 წლის ბიჭიც, რომელიც ამ საქმეში დამნაშავეებად არიან მიჩნეულნი, გამართლდნენ კიდეც.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჰქონდათ თუ არა მიმოწერა მერი რომანაძესა და თამუნა ცეცხლაძეს, „ქრონიკა+“ თურქეთში გარდაცვლილის დედას, მერი რომანაძეს დაუკავშირდა:
„თამუნამ, ჩემმა ქალშვილმა, მხოლოდ ეს მომწერა: რა გინდა? ნინი მკვდარი არის უკვე და მეც უნდა მომკლაო? დედიკო, გთხოვ, გაჩერდიო“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან რომანაძემ.
მიმოწერას უარყოფს თამუნა ცეცხლაძე და ამბობს, რომ დედასთან კომუნიკაცია დიდი ხანია, არ ჰქონია:
„დედასთან კონტაქტი არ მაქვს. დედასთან არანაირი მიმოწერა არ მქონია, განსაკუთრებით ამ ბოლოს პერიოდში, მე მასთან ურთიერთობა არ მაქვს“.
რადგან გარდაცვლილის და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს და ჩვენდა გასაკვირად მან ტელეფონი არ გაგვითიშა, სხვა კითხვებიც დავუსვით:
_ თამუნა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადვოკატზე უარი ბიძების დავალებით თქვი. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ არავის არაფერი დაუვალებია და არავის არაფერი დაუძალებია, მე თვითონ გადავწყვიტე, რომ ადვოკატზე უარი მეთქვა, ვარ სრულწლოვანი და მე თვითონ დავიცავ ჩემს უფლებებს. არ მინდა ადვოკატი და მაგიტომ მოვხსენი. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ბიძებს არაფერი დაუძალებიათ.
_ ძალადობდენ ბიძები და ბაბუა ნინიზე?
_ ბიძები და ბაბუა არ ძალადობდნენ ნინიზე, მსგავსი არაფერი უთქვამს ნინის ჩემთან, არაფერი უხსენებია. მე 2 წელია, რაც გავთხოვდი, იქ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს იქ ყოფნაში არავინ ძალადობდა ჩვენზე და რაც შეეხება შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ნინის არაფერი უთქვამს. ხშირად სახლში სტუმრად არ დავდიოდი, ამიტომ დეტალურად არაფერი ვიცი.
_ გქონდა თუ არა ნინისთან კომუნიკაცია თვითმკვლელობამდე და ამჩნევდი თუ არა მას რამე განსხვავებულს?
_ ვერაფერს ვამჩნევდი. ნინი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, არც კი გვიფიქრია, რომ რამეს გააკეთებდა. რა დაემართა იმ ღამეს და რა მოხდა, რამ გადააწყვეტინა თვითმკვლელობა, ვერ ვხვდები და ვერ ვიაზრებ.
_ რატომ არ გქონდა რეაგირება, როცა გაიგე, რომ ნ.ტ.-ს მანქანაში ნინი დაინახეს და რატომ თქვი, რომ ეს თქვენი ნათესავი იყო?
_ ცრუ ინფორმაციაა, თითქოს მე იმ ღამეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ნინი ვიღაც ბიჭის მანქანაში ჩაჯდა, არ არის ეს მართალი. ეს არის ტყუილი. ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფერი ვიცოდი.
„ქრონიკა+“-მა მოიპოვა, ე. წ. ხმოვანი შეტყობინება ნინის ხმით, სადაც იგი ასეთ ფრაზას ამბობს: „თამუნას რატომ მისწერე? კაი რააა, არ დაგინახო და თამუნას არ მისწერო რამე. შარში მაყოფინებ თავს?“ და სხვ.
ნინის და კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ნ.ტ.-სა და ნინის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა და ინფორმაცია სიცრუეა _ საწინააღმდეგოს ამტკიცებს ჩვენს ხელთ არსებული ხმოვანი შეტყობინება ნინის ხმით.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა „ხმოვანი შეტყობინების“ შესაძლო ადრესატს, მან კი ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლო ადრესატი გამოძიებამ დაკითხვაზე უკვე დაიბარა.
მოზარდის დედა „ქრონიკა+“-სთან დუმილს არღვევს და აქამდე გაუხმაურებელ დეტალებს გვიყვება:
_ თავის მოკვლა რომ სდომოდა, მაშინ მოიკლავდა, ეგ ამბავი როცა გაიგეს და სცემეს. მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას, რომ დამირეკა და ბავშვი საშინლად იყო ნაცემი, ბაბუამ და ბიძებმა მცემესო. ბაბუამ ხელი გამარტყა სახეში და თმებით მითრია, ძლივს გამოართვეს ჩემი თავიო. ამას მამიდა ამტკიცებს, რომელმაც საჩივარი შეიტანა ბაბუის წინააღმდეგ: ამირან ცეცხლაძემ ზურგში ჩააარტყა ხელი და ბავშვი სცემა. იმ გიჟმა, მეორე ბიძამ, თავისი პირითაც კი თქვა, რომ ბავშვი შესძულდა. ეგ იყო ტარიელ ცეცხლაძე, მაგან უმოწყალოდ სცემა. საპირფარეშოში ჩაუკეტავს და იქ უცემია. ჩემმა მაზლიშვილმა კარი ძალით შეუღო და გამოგლიჯა ხელიდან ჩემი შვილი. მაზლიშვილი გამოძიებას დღემდე არ დაუკითხავს და არც ყვება ეს გოგო ამ ამბავს. იმ დღეს მაგან გადაარჩინა ნინი სიკვდილს.
_ რატომ არ ჰქონდა რეაგირება ან სკოლას ან სხვა შესაბამისს დაწესებულებას, არ იცოდნენ ეს ამბავი?
_ რომელ სკოლას არ ჰქონდა ამბავი? ნაია დალაქიშვილი, რომელიც სკოლის მასწავლებელია და მისი ქმარი რომ უმოწყალოდ სცემდა ჩემი შვილს, მაგ სკოლამ არ იცოდა არაფერი? მთელმა სოფელმა იცოდა, მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველა გააჩუმეს: არ ვიცი, ძალადობით არ ვიცი, _ რით.
წინა დღეს ჩემს შვილს ვესაუბრე, ბედნიერი იყო და იმ ღამით რა მოხდა? დაკითხვაზეც ჰყავდათ ბავშვი თურმე, რა მოხდა იმ ღამეს? ის ორი მეზობელი, ოქროპირიძის ბიჭები, იმ ღამით ჩემს მამამთილთან ერთად ამ სახლში ქეიფობდნენ. გამოძიებას ისინი დღემდე რატომ არ ჰყავს დაკითხული?
როგორც ვიცი, ნინი ბლის ხეზე მიყუდებული იყო. რანაირად მოიკლა თავი, როცა ფეხი ჰქონდა დადგმული მიწაზე?
_ რა გეგმა გაქვთ შვილის საქმეზე, რომ სამართალი აღსრულდეს?
_ ამ ყველაფერს აკეთებს ამირან ცეცხლაძის ოჯახი, მაგათ ჰყავთ ხალხი, რომელთა მეშვეობითაც ყველაფერს აგვარებენ, რომ არ დაისაჯონ. ასეთი უსამრთლოა ქვეყანა. ნუთუ, კანონი არ არის, რომ დასასჯელები დაისაჯონ?
მე ცოცხალი შვილებიც გამომგლიჯეს ხელიდან, არაფრის უფლება არ მაქვს, ვერაფერს ვაკეთებ.
14 წლის მოზარდის საქმე დღემდე აქტუალურია ნებისმიერი ადმიანისთვის. პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს და ეს დამნაშავეების დასჯაა. საინტერესოა, რას გააკეთებს გამოძიება ამისთვის და როდის დაარღვევს დუმილს სოფელი, რომელმაც ყველაფერი იცის?! როდემდე გააგრძელებს გარდაცვლილის ოჯახი დუმილს და დამნაშავეებზე ხელის დაფარებას იმ მიზეზით, რომ ისევ მათივე ოჯახის წევრები არიან?
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და დამატებითი დეტალების შემთხვევაში ვითარებას მომდევნო ნომრებში გაგაცნობთ.
ზუკა ნემსაძე