მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სიტუაცია ნელ-ნელა მწვავდება
შორენა მარსაგიშვილი
8 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობდა, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში განგაში გამოცხადდა. რუსულმა მედიამ, კერძოდ, კრემლის აღვირახსნილმა პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში 50-მდე ქართველი დივერსანტი შევიდა და ისინი სოხუმისკენ მიემართებიან. რუსული მედიის მტკიცებით, ქართველები სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ.
სოლოვიოვი იუწყებოდა, რომ ინფორმაცია ქართველი დივერსანტების შესახებ მას აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტროში მიაწოდეს, აფხაზმა ძალოვნებმა კი ქართველ დივერსანტებზე მონადირეებისგან შეიტყვეს. გულრიფშის მთებში მყოფმა აფხაზმა მონადირეებმა, თავის მხრივ, ქართველი დივერსანტები ამერიკული ავტომატებით ამოიცნეს და მაშინვე ძალოვნებს აუწყეს, რომლებმაც ეს ყველაფერი ჯერ სოლოვიოვს ჩაუკაკლეს და შემდეგ დაიწყეს მოქმედებები. პირველ რიგში, სოხუმისკენ მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ამ ინფორმაციაზე, ფაქტობრივად, არანაირი რეაგირება არ ჰქონია. აფხაზებს რუსების მიმართ უკვე ღია აუტანლობა აქვთ. თან მათ შესანიშნავად უწყიან, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალში არანაირი დივერსიის მომწყობი არ არის. ის კაცი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში დივერსიებს აწყობდა, „ქართულ ოცნებას“ ციხეში ჰყავს გამოკეტილი. საუბარია რომა შამათავაზე.
აფხაზებმა სოლოვიოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გაატარეს, სამაგიეროდ, ცხინვალელი ოსები გადაფსიხდნენ. მათ სოციალურ ქსელებში საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, რომ როგორც 1992-1993 წლებში ვიბრძოდით თქვენ მხარეს, ახლაც ჩამოვალთ და ვიომებთ ქართველი ფაშისტების წინააღმდეგო. აფხაზებმა ოსების გაწვდილი დახმარების ხელიც არ შეიმჩნიეს. ძალოვნებმა ქართველი დივერსანტების ძებნა დაიწყეს, ცაში შვეულმფრენებიც აწიეს, ვერავინ იპოვეს და განაცხადეს, რომ არანაირი დივერსანტები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შესულან. ამ სკანდალური ინფორმაციის გამავრცელებელმა მალევე წაშალა პოსტი ქართველი დივერსანტების შესახებ.
ახლა დროებით ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა იმას არკვევს, რატომ გაავრცელა პირველად ეს ინფორმაცია რუსულმა მედიამ? და თუ ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ იცოდა, რატომ არ დაიწყო თავიდანვე რეაგირება? სოხუმში არ გამორიცხავენ, რომ რუსები აფხაზი ძალოვნების დისკრედიტაციას შეეცადნენ. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს, როცა ეს ინფორმაცია გავრელდა, რესპუბლიკაში არც პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი და არც პრეზიდენტი ასლან ბჟანია არ იმყოფებოდნენ. ეს უკანასკნელი მოსკოვში რაშიდ ნურგალიევთან სასაუბროდ წავიდა.
აფხაზები აცხადებენ, რომ დივერსანტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო მათი დაშინების მცდელობა. მართალია, აფხაზები საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავენ, მაგრამ არც რუსეთის შემადგენლობაში სურთ შესვლა. აფხაზების ასეთი პროტესტი რომ არა, ცხინვალის რეგიონი და სოხუმი უკვე დიდი ხანია, რუსეთის ფედერაციის სუბიექტები იქნებოდნენ.
ცხინვალი ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირას ოკუპირებული რეგიონის ე. წ. ავტორიტეტებმა (არა კრიმინალურმა) მოსკოვს თხოვნით მიმართეს, _ რუსეთის ფედერაციის რიგებში მიგვიღეთო. რუსეთში შესვლასთან დაკავშირებით ოსებს რამდენიმე რეფერენდუმი აქვთ გამართული, მაგრამ რუსებს აფხაზეთის გარეშე მათი მიერთება არ სურთ. აფხაზებს კი რუსეთის ნაწილად ყოფნა არ უნდათ. ისინი იმითაც კმაყოფილები არიან, რომ მოსკოვისგან ფინანსდებიან და მათთან მდგარი რუსული საოკუპაციო ჯარი ქართველებისგან დაიცავს.
მართალია, აფხაზებს რუსები უსაფრთხოების გარანტად მიაჩნიათ, მაგრამ რუსების მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება სულ უფრო მძიმდება. აფხაზები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინონ. აქამდე რუსებს ამის უფლება არ ჰქონდათ. მხოლოდ რამდენიმე მაღალი რანგის რუსმა ჩინოსანმა იყიდა აფხაზეთში მიწა და სახლები.
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში აპირებენ რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას. მოსკოვი აქ აპირებს ანექსირებული ყირიმიდან გამოყვანილი გემების შემოყვანას. უკრაინელებს ყირიმი აკლებული აქვთ და იქ რუსული სამხედრო ხომალდების დატოვება დიდი რისკია. გამოსავალი მოსკოვმა საქართველოსთვის წართმეულ ტერიტორიაზე იპოვა. თუმცა, ალბათ, არც ოჩამჩირე გადაარჩენს შავი ზღვის სამხედრო ფლოტს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი რუსულ გემებს აფხაზეთშიც მისწვდებიან.
ზელენსკის განცხადებიდან ძალიან მალე ოკუპირებულ რეგიონში ახალი საპროტესტო თემა გაჩნდა. აფხაზური საზოგადოების ნაწილი ოჩამჩირეში რუსული გემების განთავსების წინააღმდეგ გამოვიდა. სოხუმში უკვე გამოჩნდა საპროტესტო წარწერები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ოჩამშირეში რუსული სამხედრო გემების ადგილი არ არის.
მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა უკრაინელების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ. ომში მყოფმა ქვეყანამ დაიწყო ირანული „შაჰიდების“ ანალოგი უკრაინული დრონების წარმოება. ამ დრონებს ფრენა 1000 კილომეტრზე შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები ოჩამჩირეს უპრობლემოდ მისწვდებიან. ოკუპირებული აფხაზეთის გვერდით, ანაპასა და ადლერში, უკრაინელებმა რამდენჯერმე უკვე „მოიკითხეს“ რუსები. აფხაზეთს ასეთი „მოკითხვის“ პერსპექტივა სულაც არ ახარებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში რესპუბლიკის ე. წ. პრეზიდენტი ბჟანია სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დაიბარეს. ისე, კრემლი ბჟანიას დიდად არ სწყალობს. მას პუტინი თითქმის არ ხვდება.
რუსები სხვა აფხაზებითაც უკმაყოფილონი არიან. მათ უკმაყოფილებას უკრაინაში აფხაზების პასიუობაც იწვევს. უკრაინაში საომრად აფხაზებიც არიან წასული და ისინი თითქმის არ იბრძვიან. დანაკარგები, ფაქტობრივად, არ აქვთ. მართალია, აფხაზები კარგ ადგილას არიან ოკუპირებულ დონეცკში, მაგრამ მათი იქ ყოფნა აფხაზებში მაინც იწვევს პროტესტს, რაც რუსებს აღიზიანებს და ამას არც მალავენ.
ამ ყველაფერს დაემატა აფხაზეთისთვის დაფინანსების შემცირება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს კრემლი აფინანსებს. რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება.
რუსული მედიის ცნობით, აქამდე რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი, 2023-2025 წლებში, 4.05 მილიარდი რუბლი იყო. ეს ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (დაახლოებით 4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.
დაფინანსების შემცირება რამდენიმე მიზეზს უკავშირდება. ერთია ის, რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია და ყველაფერი ფრონტზე მიდის. და მეორე, აფხაზები ძალიან ბევრ ფულს უტეხენ თავიანთ პატრონებს. აქამდე რუსები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ახლა მათ ძალიან მოუჭირა დასავლურმა სანქციებმა და აფხაზებს რაღაც თანხების უკან დაბრუნება მოსთხოვეს.
ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრებამ (ასე ეძახიან პარლამენტს) ცვლილებები მიიღო კანონში საპენსიო ფონდის ბიუჯეტის შესახებ, რომლის შესაბამისად, 25 მილიონი რუსული რუბლი, რაც დაახლოებით 267 ათასი აშშ დოლარია, დაუბრუნდება რუსეთის საპენსიო ფონდს. აფხაზი კანონმდებლობის განმარტებით, აღნიშნული თანხა უკანონოდ დაიხარჯა – სტატისტიკის დაგვიანების გამო გარდაცვლილი პენსიონერების ახლობლებზე დარიგდა.
მოკლედ, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სიტუაცია ნელ-ნელა მწვავდება. მედიაში უკვე გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კრემლი აფხაზეთში კადიროველების შეყვანას აპირებს. კადიროველებმა ხალხის უკმაყოფილება უნდა ჩაახშონ. ადგილობრივი ძალოვნები ხშირად ვერ მიდიან ხოლმე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
სოლავიოვის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ქართველ დივერსანტებზე აფხაზების შეშინების მცდელობა იყო. თუმცა ამ ფეიკმა აჩვენა, რომ აფხაზები დიდად არ შეუწუხებია ქართველების შეჭრას. მოსკოვი ამაზე არ გაჩერდება და ურჩი აფხაზებისთვის აუცილებლად მოიგონებს რამე პროვოკაციას.