„მმართველმა ძალამ წამოიწყო პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის პროცესი“

ირინა მაკარიძე

3 დღის განმავლობაში ქვეყანა თვალს ადევნებდა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, მიმდინარე პროცესს, სადაც განიხილებოდა საკითხი _ დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის კონსტიტუცია? სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, რის შემდეგაც გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დარწმუნებით აცხადებს, რომ ორ კვირაში პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განსახილველად შევა, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მიიჩნევს თუ არა სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დამრღვევად ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნით ევროპულ ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე გამართულ ვიზიტების გამო.

რამდენად დასაბუთებული იყო „ქართული ოცნების“ სარჩელი? შეძლეს თუ არა თავიანთი არგუმენტების წარმოჩენა პრეზიდენტის წარმომადგენლებმა? რა მოლოდინი შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესუბრება კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი:

_ სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ამ განსაკუთრებული საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ ვნახეთ სახელმწიფოებრივი მიდგომით წარმართული პროცესი. აქ ჭარბად იყო ვიწრო პარტიული პოლიტიკა, სუბიექტური განმარტებები თუ დაპირისპირებები. ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო ჭარბად, გარდა სახელმწიფოებრივი მიდგომისა. შესაბამისად, მოლოდინი, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაქვს, რადგან განხილვის პროცესში გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მიკერძოებულობა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ წარდგინებას, იგი კრიტიკას ვერ უძლებს პროფესიული თვალსაზრისით. სხვათა შორის, აქ ორიგინალური არ ვარ, _ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და მოსამართლე მანანა კობახიძემ მიანიშნეს კიდეც სარჩელის წარმდგენებს, რომ კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტად დასაბუთებულ და უფრო სერიოზულ კონსტიტუციურ წარდგინებას ვიხილავდით იმპიჩმენტის თაობაზეო. ჩვენ ხომ იმპიჩმენტის გამოცდილება არ გვაქვს საქართველოს ისტორიაში, მით უმეტეს, საკონსტიტუციო სასამართლოში. იმპიჩმენტი არ არის, როგორც წარმოაჩენდნენ, პირველკურსელის დონის საკითხი იმიტომ, რომ თუკი ეს ასე ადვილია, ამდენი კითხვა თვითონ მოსამართლეებსაც არ ექნებოდათ. შესაბამისად, უკეთესი და მაქსიმალურად პარტიული ხედვებისგან დაცლილი პროცესი იყო ჩემი მოლოდინი. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამიმართლდა. ეს ყველაფერი უფრო ჰგავდა პოლიტიკურ რინგს.
_ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავად სდებდა ბრალს პოლიტიკურ განცხადებებში პრეზიდენტის წარმომადგენლებს. რომელი მხარის განცხადებებში აჭარბებდა სამართლებრივ არგუმენტებს პოლიტიკური შემადგენელი?
_ მე სულაც არ მიკვირს, ქართული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მისი ასეთი ქცევა. ის დღევანდელი მოცემულობით პოლიტიკოსია, იმ ძალის წარმომადგენელია, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვაა, რომლის ელექტორალური მხარდაჭერა დაღმავალია და ამოცანა აქვს, რომ ძალაუფლებაში დარჩეს, შესაბამისად, ბუნებრივია, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურზე პოლიტიკური თავდასხმა ყოფილიყო. სხვა საქმეა, რამდენად ჯდებოდა ეს ყველაფერი პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში. კარგია, რომ პრეზიდენტის მხარე წარმოდგენილი არ იყო პოლიტიკოსებით და შესაბამისად, ისინი ამ პოლიტიკურ დისკურსში არც შედიოდნენ. მაქსიმალურად ცდილობდნენ იურიდიული არგუმენტების წარმოდგენას, სანამ ვითარება პიროვნულ კინკლაობამდე არ დაიყვანა წარდგინების ავტორმა.
_ რამდენად შეძლო სარჩელის წარმდგენმა მხარემ თავისი პოზიციის დასაბუთება?
_ ერთ მხარეს იყვნენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური დღის წესრიგით პოპულისტურად წარმართული საკითხი. რეალურად, მანანა კობახიძის მიერ დასმულმა კითხვამ წამოწია მთავარი საკითხი წინ, _ დაასაბუთეთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნაო. ამ კითხვით მან კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს უთხრა, არგუმენტები არ გაქვთო. წარდგინების ავტორების პასუხი იყო, რომ „ერთი წელი აქვს დარჩენილი და ჩვენს ინტერესში არ შედის ესო“. შეიძლება ეს იყოს სამართლებრივი არგუმენტი ან მტკიცებულება? ბუნებრივია, არა. მაშინ რატომ წახვედი სასამართლოში? ე. ი., მნიშვნელოვანი ყოფილა. ეს კონსტიტუციური სამართალწარმოება არ არის, ეს პოლიტიკური პროცესია. ამით ირაკლი კობახიძემ თვითონვე გასცა პასუხი, რომ ეს არის სწორედ რომ პოლიტიკური დევნა პრეზიდენტისა, რაც წამოიწყო მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ და რაც აზიანებს ქვეყანას.
_ რაც შეეხება პრეზიდენტის მხარის წარმომადგენლობას, რამდენად იყო მათი არგუმენტები დამაჯერებელი და რამდენად შეძლეს მათ დადასტურება, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია?
_ პრეზიდენტის მხარე მაქსიმალურად შეეცადა აკადემიურ და სამართლებრივ სივრცეში დარჩენას, მოწინააღმდეგე მხარისგან არაერთი პროვოკაციული თუ სუბიექტური თავდასხმის მიუხედავად. შესაბამისად, წონიანი არგუმენტები გამყარებული პრაქტიკით, სამართლებრივი არგუმენტაციით იქნა წარდგენილი სასამართლოსთვის.
_ საუბარი იყო 52-ე, 49-ე, 78-ე მუხლებზე. თქვენი აზრით, რომელ მუხლზე დაყრდნობით უნდა განხილულიყო ეს საქმე?
_ მთავარი ამ საკითხში მუხლები და წინადადებაში მძიმეები კი არ არის, მთავარი არის, პრეზიდენტს აქვს თუ არა რაიმე უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობათა სფეროში. ამ კითხვაზე თვით წარდგინების ავტორებს საწინააღმდეგო არ უთქვამთ, ისინი ამბობდნენ, კი, აქვს, მაგრამ მთავრობის თანხმობა არ ჰქონდაო. აქ საკითხი სწორად რომ დავინახოთ, მმართველი პარტია სწორედ საკითხის ბუნდოვნად დატოვებას ცდილობს საზოგადოების თვალში. მთავარი სამსჯელო ხომ ესაა? რას ამბობს წარდგინების ავტორი, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება, თუ პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, რომ მიიღოს მთავრობის თანხმობა? წარდგინება სწორედ ამაზეა, რომ თანხმობა არ აქვსო, ის კი არა, რომ უფლებამოსილება არ გააჩნიაო. სხვათა შორის, მერაბ ტურავამ სწორედ ამაზე მიუთითა, კომპეტენციური დავა ხომ არ არისო? რასაც, რა თქმა უნდა, პასუხი არ გასცა წარდგინების ავტორმა.
_ ხომ არ იყო მართლაც კომპეტენციებს შორის დავა, რადგანაც 55-ე მუხლით იგივე უფლებამოსილება აქვს მთავრობას?
_ მიმაჩნია, რომ არც კომპეტენციური დავაა და არც იმპიჩმენტის საკითხი იყო წარმოებაში მიღებისა და განხილვის ღირსი. თუკი ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტს აქვს რაღაც უფლებამოსილება, და ის შეზღუდულია მხოლოდ ფორმალური თანხმობის არსებობა-არარსებობით, მაშინ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს შეზღუდვა, ანუ თანხმობის არგაცემა საჭირო იყო თუ არა? ამ შემთხვევაში გადავდივართ, თქვენ როგორც მიუთითეთ, 78-ე მუხლზე, საგარეო პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც თვითონ კონსტიტუციამ განსაზღვრა _ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუკი ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, თუკი ვთანხმდებით, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და განსხვავებით სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებისგან, საქართველოს კონსტიტუციამ თვითონვე განსაზღვრა საგარეო პოლიტიკის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელსაც ვერავინ შეცვლის, ვერც პარლამენტი, ვერც მთავრობა, აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე უფლებამოსილება არ ეკუთვნის არც მთავრობას და არც პარლამენტს, მაშინ თანხმობა ვისგან ან რატომ უნდა გამოითხოვოს? ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პრეზიდენტს არ სჭირდებოდა არავის თანხმობა, ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით.