მიხეილ ღონღაძე: „მთელი სახელმწიფო მანქანა მებრძვის“
თაღლითური გზით ქონების წართმევა ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირია. ისტორია, რომელსაც ამჯერად მოგიყვებით, არა მხოლოდ თაღლითური გზით საკუთრების წართმევას, არამედ ამ პროცესში მოსამართლისა და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის მონაწილეობას ეხება. მიხეილ ღონღაძე წლებია, ქონების დასაბრუნებლად იბრძვის, თუმცა უშედეგოდ.
უფრო კონკრეტულად „ქრონიკა+“ რეჟისორ მიხეილ ღონღაძეს ესაუბრა:
_ არა მგონია, მსგავსი რამ სამართლის ისტორიაში მომხდარიყოს. ორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ჩემმა ოჯახმა მოიგო. ამის შემდეგ, ჩაწყობილი სასამართლოთი, მაინც წამართვეს სახლი _ ამ ორ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაახტნენ.
სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ბაბუაჩემმა თბილისში სამსართულიანი სახლი ააშენა თავისი ეზოთი. ეს ხალხი პირველ სართულზე ცხოვრობდა ქირით. გარდა ამისა, ბაბუაჩემს კიდევ ორი ოთახი ჰქონდა დაგირავებული. 1973 წელს, არ ვიცი რა მექანიზმით, ამ ოჯახმა მოახერხა და ოცი ათას მანეთად თაღლითური გზით მოატყუა ბაბუაჩემი და ქვედა სართული მიაყიდინა. ბაბუაჩემი წერს, რომ არც კი ვიცი, როგორ გადაიფორმეს სახლი, მაგრამ რაღას ვიზამდიო? ორი წლის შემდეგ ამ ოჯახმა ბაბუაჩემს უთხრა, რომ მეორე სართულს და მთლიანად სახლს ასი ათას მანეთად ვიყიდით და თანხას ორ წელიწადში გადავიხდითო. ეს თანხა არა ორ, არამედ 11 წელიწადში ვერ გადაიხადეს. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში გადაიხადეს მხოლოდ 92 ათასი მანეთი, აქედან 10 ათასი იყო დაგვიანების, ანუ საბოლოოდ _ 82 ათასი. ბაბუაჩემმა მათ უთხრა, რომ ვინაიდან ეს თანხა ორ წელიწადში ვერ გადაიხადეს, ამ წლებთან ერთად სახლის ფასმაც მოიმატაო. ბაბუჩემი გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ ვალს ვერ ფარავდნენ და ამ ყველაფრის პარალელურად, წეროვანში სახლს აშენებდნენ. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ 100 ათასის მაგივრად 150 ათასს გადაიხდიდნენ. აქ უკვე ბაბუაჩემმა თქვა, რომ სახლს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუფორმებდა, თუ თანხას ექვს თვეში დაფარავდნენ.
სადღაც 6 თვის შემდეგ ეს ოჯახი მოვიდა და თქვა, რომ ფული აღარ გვაქვს, როგორც გვეგონა და სახლს ვეღარ ვყიდულობთ, ამიტომ ჩვენი თანხა უკან დაგვიბრუნეთო. მათ ბაბუაჩემს ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს. ბაბუაჩემმა დაწერა, რომ როგორც კი სახლს გაყიდიდა, მათ კუთვნილ თანხას დაუბრუნებდა. ეს ხელწერილი ბაბუაჩემმა 1986 წლის 28 აპრილს დაწერა. ხელწერილიდან ორი კვირის შემდეგ უკვე სასამართლო პროცესი იყო დანიშნული. ისინი წავიდნენ და იჩივლეს, თითქოს ეს სახლი მათ ეკუთვნოდათ. როგორც გითხარით, ბაბუაჩემმა მხოლოდ ერთი ხელწერილი დაწერა და მათ სასამართლოში ხუთი ყალბი ხელწერილი წარადგინეს, სასამართლომაც დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ დოლიძის მამა (რომელიც ამჟამად ცოცხალი აღარ არის) მონაწილეობდა თაღლითური გზით ქონების მისაკუთრებაში. ეს კაცი, ვინც ჩვენი ქონების მისაკუთრებას ცდილობდა, თავად თაღლითობასა და გაყალბებაზე სამი წელი ციხეში იჯდა.
_ რა გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ?
_ ამის შემდეგ ბაბუაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო მამაჩემთან გადავიდა საცხოვრებლად, რა დროსაც დოლიძეები ჩვენს სახლში შეიჭრნენ და მიზანმიმართულად დაანგრიეს იქაურობა, ხოლო რაც კი ავეჯი და ნივთები იყო, მოიპარეს. 1991 წელს უზენაესმა სასამართლომ დოლიძეების მოთხოვნა სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ცნობის შესახებ უარყო უსაფუძვლობის გამო. დოლიძეების ოჯახმა კატეგორიული უარი განაცხადა თანხის უკან დაბრუნებაზე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი დაჟინებით ითხოვდნენ სახლს. დედაჩემმა ეს თანხა, 92 ათასი მანეთი, 1994 წელს, ვაკის რაიონის აღსრულებაში გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი უკვე ფალავანდიშვილის სახელზე უნდა ყოფილიყო, თაღლითური გზით დოლიძეებმა სახლი გადაიფორმეს, რის შემდეგაც ისევ მოგვიწია სასამართლო დავა და 2004 წელს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 1991 წელს მიღებული გადაწყვეტილება. სახლის გადასაფორმებლად ტექბიუროში სახლის ღირებულების 10% მოგვთხოვეს, რაც, დაახლოებით, 30 ათასი დოლარი გამოდიოდა. იმ პერიოდში ამ თანხის გადახდის საშუალება არ გვქონდა, ამიტომ ვერ მოვახერხეთ სახლის გადაფორმება. წლების შემდეგ კანონი შეიცვალა და სახლის გადაფორმება უკვე 50 ლარი ღირდა და 2009 წელს ეს სახლი გადმოვიფორმეთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ 1995 წელს დოლიძეებს ქვედა სართული გაუყიდიათ. ამ წლების განმავლობაში ეს უცხო ხალხი ჩემს სახლში ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. საბოლოოდ, საცხოოვრებლად ჩემს კუთვნილ სახლში 2011 წელს შევედი, თუმცა დოლიძე და ის პირი, ვისზედაც დოლიძეებმა ჩემი სახლი გაყიდეს, ვერ გავასახლე, რადგან ისინი სასამართლოში მიჩიოდნენ. 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნა, _ ფული არ გადაგიხდიაო და დოლიძე მოსარგებლე პირად აღიარა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წელს გამომასახლეს. ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე, რაზედაც უზენაესმა განაცხადა, რომ ეს საკითხი სასამართლოსთვის განვითარების პერსპექტივას არ წარმოადგენს, რადგან ორი უზენაესის გადაწყვეტილება ძალაშიაო. ამის შემდეგ, 2015 წელს, სააღსრულებლო ფურცელი აღსრულებაში გადააგზავნეს და დოლიძეებზე მთლიანი სახლი გადააფორმეს. მე 5 თვე ვიცხოვრე ჩემს სახლში და ბოლოს პოლიციამ სახლიდან გამომასახლა.
_ რა მოიმოქმედეთ მას შემდეგ, რაც სახლიდან გამოგასახლეს?
_ იუსტიციის საბჭოში განცხადება შევიტანე, რომ დოლიძემ თაღლითური გზით წამართვა ქონება და რომ ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ორი გადაწყვეტილებაა მიღებული, თუმცა რეაგირება დღემდე არ ჰქონიათ. სასამართლოში ორჯერ შევიტანე სარჩელი, მაგრამ არ მიიღეს. პროკურატურაც ანალოგიურად იქცევა.
_ რით ხსნით იმ ფაქტს, რომ შესაბამის უწყებებს არანაირი რეაგირება არ აქვს?
_ ეს საქმე ისეთ დონეზეა ჩაწყობილი, რომ საგამოძიებო უწყებები არ რეაგირებენ. კონკრეტულად კი დოლიძეების ადვოკატი იყო თეა წულუკიანის მოადგილე და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-9 ნომერი, მიხეილ სარჯველაძე, რომლის ჩართულობითაც წამართვეს სახლი. საქმეში ასევე ჩართული იყო სააპელაციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების კოლეგიის თავმჯდომარე ალექსანდრე იოსელიანი, რომელმაც, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ყალბი დოკუმენტი წარადგინა, რადგან უზენაესი სასამართლოს ორი გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა, მას თავზე გადაახტა. მთელი სახელმწიფო მანქანა მებრძვის.
2003 წელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსხვავებული აზრი დაწერა მოსამართლე ხათუნა არევაძემ, რომ თითქოს ჩვენი გადასახდელი თანხა დეპოზიტზე უნდა შეგვეტენა. 1994 წელს ბანკი საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, თანხას დეპოზიტზე ვერ შევიტანდით. თავიდანვე ცხადი იყო, რომ არევაძე დოლიძეების ინტერესებს ემსახურებოდა. ვეჭვობ, სერიოზული კორუფცია იყო. მოსამართლე არევაძე ამ საქმეში 2012 წლამდე ფიგურირებდა.
უკვე 22 წელია, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სახლში ვიყო. ამ ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი წუთით არ გავრჩერებულვარ და ვიბრძვი ჩემი კერძო საკუთრების დასაბრუნებლად, რაც მემკვიდრეობით მეკუთვნის. კანონიერი მესაკუთრე ვხოვრობ ქუჩაში და ჩაწყობილი, გაყალბებული, კორუფციით ყაჩაღურად წართმეული ქონების დაბრუნებას ვცდილობ. იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში სამართალი იზეიმებს, ასე დიდხანს არ გაგრძელდება და მართალი, პატიოსანი ადამიანები, ასე თავხედურად რომ ართმევენ სახლ-კარს უსამართლოდ, გაიმარჯვებენ.
ნენე ინჯგია